0:55 vs 1:0
ივნისი 8, 2016 დატოვე კომენტარი
ბედად რაგბის ოცწლამდელების და საქართველოს საფუხბურთო ნაკრების თამაში ერთ დროს იწყებოდა და პირველ-მეორე არხზე არჩევანიც იყო, თუ რომელი გადმოცემისთვის გვეყურებინა..
რაგბის მატჩს ზურგს მსოფლიოს ჩემპიონატის სტატუსი უმაგრებდა და შეხვედრასაც უძლიერეს ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ ვმართავდით.
საფეხბურთო კი, მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, მაგრამ ევროპის მოქმედ ჩემპიონთან – ესპანეთთან გვიწევდა ჭიდილი.
სულ ახლახანს ჯერ სლოვაკეთს დავეჩაგვრინეთ 3:1 და შემდეგ რუმინელებთან საერთოდ 5:1 გავცამტვერდით. მოლოდინიც შესაბამისად ნეგატიური იყო – წესით მორიგ სამარცხვინო მარცხს ვერ ავცდებოდით.
ხოდა რა გასაკვირია, არჩევანი რაგბის სასარგებლოდ გავაკეთე, თუნდაც იმის ფონზე, რომ მოლოდინისამებრ კუნძლელებმა გვარიანად დაგვჩაგრეს.
ზელანდიელები, როგორც კი ბურთს ხაზზე გაშლიდნენ, ჩვენი დაცვა ირეოდა და ლელოებიც ბლომად მივიღეთ.. ანგარიშიც ერთობ მსუყე – 55:0 დაფიქსირდა..
პოზიტივი კონკრეტულად ამ შეხვედრის ის იყო, შერკინებაში ხშირად დავჩაგრეთ მეტოქის რვაეული და ამით ჯარიმებიც გამოვიმუშავეთ, რაც პატარა საქმე სულაც არ არის.
თავისუფლად შეგვეძლო 9 ქულამდე მოგროვებაც, კარში რომ გვერტყა, მაგრამ ყველა კარგად იაზრებდა, ამ კონკრეტულ შეხვედრაში ქულებზე გამოკიდებას აზრი არ ქონდა – შეხვედრას მაინც წავაგებდით და ვცადეთ აუტში ბურთის გადატანით უკვე ხელსაყრელი პოზიციიდან სალელოედ შეგვეტია.
არ გამოგვივიდა.. აუტიდან მოწოდებულ ბურთს მოლში ზელანდილები ისე გვიჭედავდნენ, გამოტანას ვეღარც ვახერხებდით და იქით ვჯარიმდებოდით..
და იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ხაზზე მაინც მოვახერხეთ ბურთის ჩათამაშება, ჩვენი ბექები ვერ ახერხებდნენ რაიმე გააზრებული კომბინაციის გათამაშებას – მეტოქე სწრაფად ამოდიოდა და ეფექტურად გვხურავდა..
პაუზების დროს შიგადაშიგ ფეხბურთზე ვრთავდი და 40-ე წუთზე ოქრიაშვილმა ესპანელებს გამარჯვების გოლი რომ შეუგდო, ისტერიული ხარხარი ძლივს შევიკავე.. როგორია?! ბოლო წლებში გასვლაზე გიბრალტარის უსუსტეს ნაკრებისთვის თუ გვქონდა მოგებული და აწი ვამარცხებდით ნაკრებს, რომელიც გასულ დეკადაში ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და ერთხელაც მსოფლიოზე იბატონა..
თამამად შეიძლება ითქვას, მიუხედავად შეხვედრის ამხანაგურის სტატუსისა, ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც კი ეროვნულ ნაკრებს მოუპოვებია და ინტერნეტი გადაჭრელდა მხიარული, ცოტა ირონიით აღსავსე სტატუსებით.. მიდი და დაიძვრინე თავი ირონიისგან, როცა უყურებ, როგორ ცამტვერდება ნაკრები ხან ვისთან ხან ვისთან, და ამ დროს ევროპის ჩემპიონები საკუთარ მოედანზევე მივაყუდეთ..
და ფინალისკენ, რაგბის 55:0 წაგება და ეს საფეხბურთო წარმატება რომ შევადარო – ვის ახსოვს არა ოცწლამდელები? როცა 1:0 ესპანეთს მოვუგეთ? მაგრამ ფეხბურთელთა ეს გამარჯვება იყო სრულიად ამოვარდნილი ლოგიკიდან, ბურთი რომ მრგვალია და მართლაც რომ საოცრებების მოსახდენად იდეალურია სპორტის ეს სახეობა.. აქ არ იყო რაიმე მეთოდური მუშაობის შედეგად მიღებული შედეგი..
ნეტავ ვცდებოდე შეფასებაში, მაგრამ ზოგადად ბევრი რამე თუ არ შევცვალეთ ფეხბურთის სფეროში, საქმისადმი მიდგომა, დაწყებული უმცირესი დეტალებიდან, მომავალშიც რუმინეთთან წაგებულ 5:1-ებს უფრო ხშირად მოვიმკით, ვიდრე (ვიდრე კიარადა, საკითხავია, როდესმე კიდევ თუ გავისვრით ასეთ რეზულტატს?!) თუნდაც ნახევარ ესპანეთის დარ გუნდებთან გამარჯვებას..
და ამ დროს გებევრათ რაგბისტთა ასეთი ანგარიშით წაგება?! როგორ ფიქრობთ, სადაც ახლა ჩვენი ოცწლამდელები თამაშობენ, ეს შემთხვევითია და ადვილად მოვიდა ყოველივე ეს? – მსოფლიოს თასზე თამაშის მოპოვებული უფლება?
მე გეტყვით რომ 10 წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდით – მრავალი თაობის შრომამ და საქმის მეთოდურმა კეთებამ მიგვიყვანა აქამდე და ზელანდიელებთან თამაშის უფლების მოპოვებაც ამ საქმის კეთების შედეგია.. და მართალია კიდევ მრავალი წელი თამაშის ხარისხით მსგავს გუნდებს ვერც გავუტოლდებით, მაგრამ მთავარია განვითარების ეს ტემპი არ შევანელოთ და შედეგი მერე ნახეთ..
ხოდა იმის თქმა მინდა, ამ ბევრით ნოლის წაგების იქით სინამდვილეში მეტი პერსპექტივა მოჩანს რაგბში, ვიდრე ფეხბურთში, თუნდაც ესპანეთის წამოქცევის ფონზე…
თუ არ დამიჯერებთ, აგერ ბატონო ეს წერილი და წლების შემდეგ ამოვქექოთ :))
კომენტები