ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ…

ზაზა ალექსიძე – „ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ ჩვენამდე მოაღწია ორმა ვერსიამ. ორივე დაცულია წერილობით. ქართული ვერსიის მიხედვით (რომელსაც მხარს უჭერს ზოგი სომხური, ან სომხურ ენაზე არსებული წყარო), ქართული ანბანი III საუკუნეში ძ.წ. შექმნა პირველმა ქართველმა მეფემ ფარნავაზმა. სომხური ვერსია იმავე ანბანის (სომხურთან და ალბანურთან ერთად) შექმნას მიაწერს სომეხ საეკლესიო მოღვაწეს მაშტოცს და ათარიღებს V ს–ის I ნახევრით“

    ზ. ალექსიძე ქართველი ისტორიკოსი, ფილოლოგი, არმენოლოგია. აქვე შემოგთავაზებთ მის მსჯელობას ისტორიული წყაროების შესახებ (“ეპისტოლეთა წიგნი”), სადაც მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ფრაზა მოგვეპოვება ანბანის შექმნის ვერსიაზე.
    ორიგინალი ტექსტი ბევრად ვრცელია და მე მხოლოდ მცირე მონაკვეთები ამოვკრიფე, რომ მკითხველს შედარებით მარტივად შეექმნას აზრი საკითხის შესახებ და ვინც დაინტერესდება, უფრო დეტალურად გაეცნოს მეცნიერის აზრებს, თავად მოიძიებს კიდეც ზ. ალექსიძის ნაშრომებს.
    შესაბამისად ტექსტის ასე “დაჩეხვის” გამო აზრთა წყება ცოტა დარღვეული იქნება, რის დასაძლევადაც მაშინ სრული ტექსტი უნდა გადმომეცა, რაც ისევ ვიმეორებ შეგნებულად არ გავაკეთე, მარტივად რომ იკითხებოდეს.
    თავად “ეპისტოლეთა წიგნი” წარმოადგენს კირონ ქართლის კათალიკოსის და აბრაამ სომეხთა კათალიკოსის მიმოწერის ისტორიულ კრებულს სომხურ და ქართულ ეკლესიის განხეთქილების თემაზე (VII ს–ის I ნახევარი).
    უხტანესი, სომეხი ისტორიკოსი, აღნიშნულ ეკლესიათა განხეთქილებას უძღვნის ნაშრომს “ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან”, რომლზეც მუშაობისას, თავად ავტორი აღნიშნავს, რომ ძირითად წყაროდ “ეპისტოლეთა წიგნს” იყენებს.
    უხტანესის მოღვაწეობის პერიოდი ბუნდოვანია და გვიანდელ ცნობებზე დაყრდნობით X ს–ით განისაზღვრება.
    ერთ ერთი წყარო, სადაც მაშტოცის “როლი” ქართული დამწერლობის წინაშე იკვეთება, სწორედ “ეპისტოლეთა წიგნის” ზოგიერთ რედაქციაში არსებული ფრაზაა ( “… და შემდეგ მაშტოცმა, და წიგნის ცოდნა სარწმუნოების განსამტკიცებლად” )
    სხვა წყარო, აღნიშნულ ვერსიის დასამტკიცებლად, კორიუნის “მაშტოცის ცხოვრებაში” არსებული ცნობებია. აქვე ი. ჯავახიშვილის აზრი კორიუნის ნაშრომზე:

„მაშტოცის ბიოგრაფის კორიუნის ცნობები იმდენად ბუნდოვანი, დაუჯერებელი და ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგოა, რომ უკრიტიკოდ და პარალელურ მასალასთან შეუდარებლად მათი ნდობა შეუძლებელია.“

    მივუბრუნდეთ ზ. ალექსიძის ნაწერს:

“V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ლაზარე ფარპელის თხზულებაში, რომელიც ერთადერთ წყაროდ იყენებს კორიუნის ნაშრომს, ვრცლად არის საუბარი მაშტოცის ცხოვრების შესახებ და არაფერია ნათქვამი ქართული და ალბანური ანბანების შესახებ. ცხადია, არაფერი წერებულა ამის შესახებ მის წყაროშიც.

არმენოლოგთა მიერ V საუკუნის ავტორად მიჩნეული მოსე ხორენელი ლაპარაკობს მაშტოცის მიერ როგორც სომხური, ისე ქართული და ალბანური ანბანების გამოგონების შესახებ, მაგრამ მას ნახმარი აქვს ანბანთა შემოქმედის სახელის ის ფორმა (მესროპი), რომელიც გვიანი ხანის წყაროზე მიუთითებს და VII საკუნეშიც კი არ გამოიყენებოდა.

„ეპისტოლეთა წიგნის“ ანტონიანთა ძმობის ნუსხაში ვკითხულობთ:

„ნუ დავიზარებთ, რომ გავაახლოთ სულიერი სიყვარული, რომელიც ორივე ხალხს შორის იყო; ის მოძღვრება, რომელიც ერთი წყაროდან მიგვიღია; ჯერ თვითონ მიიღეს ცხოვრების ნათელი, როგორც გვასწავლეს წინასწარმეტყველებმა და მციქულებმა, და შემდეგ ჩვენცა და თქვენც საერთო ღმრთისმსახურება დაგვითესეს ჯერ ნეტარმა წმინდა გრიგორმა და შემდეგ მაშტოცმა, და წიგნის ცოდნა სარწმუნოების განსამტკიცებლად“.

თუ მოტანილ ციტატას გულდასმით წავიკითხავთ, შევამჩნევთ, რომ მისი ბოლო ნაწილი –„და წიგნის ცოდნა სარწმუნოების განსამტკიცებლად“ – მთელი წინადადებისათვის ორგანული არ არის. რასაკვირველია, მის გარეშე ტექსტი უფრო გამართული და დასრულებული იქნებოდა. თუ აღნიშნულ ნაწილს გრიგოლისა და მაშტოცის წინ გადავიტანთ, ტექსტი უკეთ გაიმართება, მაგრამ აზრი დაირღვევა, გამოვა, რომ სომხური და ქართული დამწერლობა ჯერ გრიგოლს შეუქმნია და მერე მაშტოცს: …“ და შემდეგ ჩვენცა და თქვენც დაგვითესეს საერთო ღმრთისმსახურება და წიგნის ცოდნა სარწმუნოების განსამტკიცებლად ჯერ ნეტარმა წმიდა გრიგორმა და შემდეგ მაშტოცმა“.

“ეპისტოლეთა წიგნმა” შემოგვინახა კირონ ქართლის კათალიკოსის პასუხი აბრაამი მესამე ეპისტოლეზე. მასში არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი მაშტოცის ამ დიდი დამსახურების შესახებ.

კირონის ეპისტოლარული მემკვიდრეობის შესწავლა ცხადყოფს, რომ იგი გულმოდგინედ იკვლევს ოპონენტის ეპისტოლეებს და პასუხს აძლევს ყველა წამოჭრილ საკითხზე. არ უარყოფს იგი სომხებთან ადრინდელ რელიგიურ ერთობასაც. ამდენად, მას არა ჰქონდა საფუძველი ყური მოეყრუებინა ქართული ანბანის შექმნის საკითხში მაშტოცის დამსახურების გამო. ბუნებრივად იბადება კითხვა: კირონის სიჩუმე ხომ არ უნდა აიხსნას იმით, რომ აბრაამის მიერ მისთვის გაგზავნილ ეპისტოლეში დამწერლობის შექმნის შესახებ არაფერი ეწერა და ტექსტში იგი გვიან არის შეტანილი?

აბრაამის მესამე ეპისტოლე შესულია იმ კრებულში, რომელსაც „სარწმუნოების ბეჭედი“ ეწოდება. ამათი ტექსტები ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ „სარწმუნოების ბეჭედს“ უარესი გადამწერი ჰყავს და „ეპისტოლეთა წიგნის“ ტექსტს ზოგჯერ აშკარად ამახინჯებს; თან ისე, რომ ჩანს, პირველი მეორიდან არის გადაწერილი. „სარწმუნოების ბეჭედის“ ხელნაწერიც შედარებით გვიანია და იგი საკითხის გასარკვევად მნიშვნელოვანს არაფერს ამბობს.

ვნახოთ, რას გვაძლევს ჩვენთვის საინტერესო საკითხის გასარკვევად უხტანესის თხზულებაში შენახული „ეპისტოლეთა წიგნის“ რედაქცია:

„ნუ დავიზარებთ სულიერ სიყვარულს, რომელიც ორივე ხალხს შორის გვქონდა, რომ განვაახლოთ ის, რაც ერთი წყაროდან მივიღეთ: მოძღვრება, რომელიც ჯერ თვითონ მიიღეს – ცხოვრების ნათელი – როგორც გვასწავლეს წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა და შემდეგ ჩვენ დაგვითესეს საერთო მართლმადიდებლური ღმრთისმსახურება ჯერ ნეტარმა წმინდა გრიგორმა და შემდეგ მაშტოცმა“.

როგორც ვხედავთ. უხტანისეულ ტექსტს სწორედ ის ადგილი აკლია, რომელიც ჩვენ საკუთრივ „ეპისტოლეთა წიგნისთვისაც“ არაორგანულად მივიჩნიეთ.

უხტანესმა „სომეხთაგან ქართველთა გამოყოფის ისტორიის“ დაწერამდე ჩაატარა წინასწარი ტექსტოლოგიური მუშაობა. მის ხელთ იყო „ეპისტოლეთა წიგნის“ სხვადასხვა ნუსხა და სხვადასხვა რედაქციაც კი. ჩანს, არც ერთ მათგანში არაფერი არ ეწერა მაშტოცის მიერ სომხური და ქართულ დამწერლობის შექმნის შესახებ. შასაძლოა, მას არაფერი სცოდნოდა მაშტოცის ასეთ საქმიანობის შესახებ საერთოდაც, თორემ ეპისტოლეებისათვის დართულ თავის კომენტარებში სადმე აღნიშნავდა.

„ეპისტოლეთა წიგნის“ ტექსტზე დაკვირვების შემდეგ ასეთი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ: ცნობა მაშტოცის მიერ ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ „ეპისტოლეთა წიგნში“ შეტანილია X საუკუნის შემდეგ.” (რადგან: „ ყველა შედარებით გვიანდელი ცნობით უხტანესი X ს–ის მოღვაწედ ცხადდება)

ნ. აკინიანის ვარაუდით, ლაზარე ფარპელის ისტორიის პირველი წიგნი დაწერილია VIII ს–ის I მეოთხედში და მასში ლაპარაკია მხოლოდ მაშტოცის მიერ სომხური დამწერლობის შექმნის შესახებ. 685 წლის ახლოს დაწერილი „ანონიმური ქრონოლოგია“, რომელიც შემონახულია უძველესი (971 წ.) ხელნაწერით, ცნობას გვაწვდის მხოლოდ მაშტოცის მიერ სომხურ ანბანისთვის შვიდი ასოს დამატების შესახებ. ეს გარემოებები მხარს უჭერენ იმ ვარაუდს, რომ ლეგენდა VIII ს–ის დასაწყისში ჯერ კიდევ ცნობილი არა ყოფილა.”

“1901 წლამდე „თავში აზრად არავის მოუვიდოდა“ (არც მოსვლია) ემტკიცებინა, რომ უხტანესის ტექსტს აღნიშნულ ადგილას რამე აკლია…

… ასე თუ ისე, ცნობა  „ცნობილი მაშტოცისეულ მოღვაწეობის შესახებ“ ან დამატებულია „ეპისტოლეთა წიგნში“, ან ამოღებულია უხტანესთან. დამატების ვარაუდის გამართლება შეიძლება, ამოღებისა კი – არა.

“… ძველ სომხურ მწერლობაში მაშტოცი მიჩნეულია ამიერკავკასიის ბევრი ტომის მომქცევად ქრისტიანობაზე, ხოლო მწვალებელთა – მართლმადიდებლობაზე. ამისთვის საკმარისია გადავიკითხოთ თუნდაც კორიუნის თხზულება, რომელიც სომეხი სპეციალისტების მიერ მიჩნეულია უძველეს პირველწყაროდ მაშტოცის ცხოვრებისათვის.

ყველაფერი ამან, და კიდევ მრავალმა სხვა გარემოებამ, აფიქრებინა ნ. ადონცს, რომ კორიუნმა ბევრი არაფერი იცის დამწერლობების შექმნის შესახებ, ან კიდევ ცოტას მოგვითხრობს; თითქოს მას იმდენად ანბანის გამოგოება კი არ აინტერესებს, რამდენადაც მაშტოცის ქადაგებანი თვით სომხეთში, მის განაპირა მხარეებში, ქართლში და ალბანეთში.

ამრიგად, ძველი სომხური წყაროებიდან მაშტოცს ზოგი ანბანთა შემოქმედად თვლის, ზოგი – რეფორმატორად. საერთო და უმთავრესი მომენტი კი მათთვის ის არის, რომ მაშტოცი ცხოველ მონაწილეობას ღებულობს წარმართთა მოქცევაში და მწვალებლებთან ბრძოლაში…”

“…განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ იოანე იმასტასერი (717–728), სომხური ეკლესიის ისტორიისა და დოგმატიკის დიდი მცოდნე, საგანგებოდ უსვამს ხაზს, რომ მაშტოცის მოღვაწეობა ეფესოს დადგენილებათა გამარჯვებით და ნესტორიანობის წინააღმდეგ ბრძოლით აღინიშნა სომხეთში. ამასვე ვკითხლობთ გაგიკ ვასპურაკანელის წერილში რომანოზ კეისარისადმნი (დაწერილი უნდა იყოს 920–937 წწ.)

მაშ რის შესახებ არის ლაპარაკი აბრაამის მესამე ეპისტოლეში? აბრაამ სომეხთა კათალიკოსს სურს უჩვენოს კირონ ქართლის კათალიკოსს ამიერკავკასიაში ქრისტიანული რელიგიის გავრცელებისა და განმტკიცების სამი ეტაპი:

1. წინასწარმეტყველები და მოციქულები (საერთოდ ქრისტიანობის წარმოშობა),
2.გრიგოლ განმანათლებელი (სომხეთის მოქცევა),
3.მაშტოცი (სომხური ეკლესიის დარჩენა სამი პირველი მსოფლიო ეკლესიის სიმბოლოზე და ნესტორიანულად ჩათვლილი ქალკედონის კრების უარყოფა).

აბრაამის აზრით, ქართველებმა და სომხებმა ეს სამი ეტაპი ერთად გაიარეს, ხოლო კირონს სურს იგი უარყოს და მსოფლიო ეკლესიის განვითარების მაშტოცის შემდეგდროინდელ მიმართულებას შეუერთდეს. შევხედოთ ახლა ამ თვალსაზრისით სადავო ციტატას აბრაამის ეპისტოლედან და დავინახავთ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დგას.

მოძღვრება, რომელიც ჯერ თვითონ მიიღეს – ცხოვრების ნათელი – როგორც გვასწავლეს წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა და შემდეგ ჩვენცა და თქვენც საერთო ღმრთისმსახურება დაგვითესეს ჯერ ნეტარმა წმინდა გრიგორმა და შემდეგ მაშტოცმა; და წიგნის ცოდნა სარწმუნოების განსამტკიცებლად“.

ნუთუ, ნათელი არ არის, რომ ხაზგასმული სიტყვები ამ კონტექსტში ზედმეტია, ანბანის გამოგონება არაფერ შუაშია, თუნდაც იგი მართლაც მაშტოცის შექმნილი იყოს.

მაშტოცი გხვდება როგორც ბერძნულ–ლათინურ, ისე ქართულ მწერლობაში და ყველგან მის შესახებ ლაპარაკია როგორც მნიშვნელოვანი საეკლესიო მოღვაწისა და ქრისტიანული ლიტერატური მთარგმნელის შესახებ დამწერლობის შექმნის გარეშე.”

    შემდეგ ნაწილში მიდის მსჯელობა უკვე „სარწმუნოების ბეჭედის“ შესახებ, სადაც ასევე შესულია ჩვენთვის საინტერესო აბრაამ სომეხთა კათალიკოსის III ეპისტოლე კირონ ქართლის კათალიკოსისადმი. აღნიშნული წყაროს უფრო სანდოობის დამტკიცებას ცდილობდა სომეხი ისტორიკოსი პ. მურადიანი. აღნიშნული პოზიციის ეწინააღმდეგება ზ. ალექსიძე.

ზ. ალექსიძე: ” „სარწმუნოების ბეჭედი“ გამოცემულია 1914 წ. კ. ტერ–მკრტჩიანის მიერ ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ხელნაწერით, რომელიც თარიღდება I ნაწილი XIV–XV სს, II ნაწილი 1648 წლით. … ჩვენი აზრით, საბოლოოდ დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის ფაქტი, რომ კრებული გვიან არის გადაკეთებული და მასში შეტანილია დამატებები…

„სარწმუნოების ბეჭედში” მოთავსებულია აბრაამ სომეხთა კათალიკოსის III ეპისტოლე კირონ ქართლის კათალიკოსისადმი და ამოცანა სამი მთავარი საკითხის გარკვევაში მდგომარეობს:

1. რატომ მაინცდამაინც მესამე ეპისტოლე იქნა არჩეული კრებულისათვის სომხებსა და ქართველობს შორის მთელი მიმოწერიდან?
2. უნდა ყოფილიყო მესამე ეპოსტოლე „სარწმუნოების ბეჭედის“ უძველეს რედაქციაში, თუ იგი შედგენილია VII საუკუნეში?
3. რა მიმართებაშია ტექსტოლოგიური თვალსაზრისით ორი კრებულის („ეპისტოლეთა წიგნისა“ და „სარწმუნოების ბეჭედის“) მესამე ეპისტოლე ერთმანეთთან?”

„ჩვენ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ „სარწმუნოების ბეჭედში“ შესული III ეპისტოლეს თავიდანვე აკლია საკმაოდ მოზრდილი ნაწილი და იწყება სწორედ იმ სადავო ადგილიდან, სადაც ნათქვამია, რომ ორივე ქვეყანაში სარწმუნოება გრიგოლის დანერგილია, ხოლო მაშტოცმა მათ დამწერლობა შეუქმნა…”

“…შემოკლება ისეა გაკეთებული, რომ მკითხველს თავიდანვე თვალში ეცეს გრიგოლისა და მაშტოცის დამსახურება ქართველთა წინაშე. ეს მომენტები X-XI საუკუნებამდე არ იყო აქტუალური, ხოლო განსაკუთრებით თავი იჩინა XII–XIV საუკუნეებში. თავისთავად იბადება დასკვნა: ან აღნიშნული ეპისტოლე შეტანილია „სარწმუნოების ბეჭედში“ X-XIV საუკუნეებში, ან იგი სერიოზულად არის გადაკეთებული ამავე ხანებში.

პირველ შემთხვევაში მოსალოდნელია უკვე ინტერპოლირებული ტექსტის შეტანა „ეპისტოლეთა წიგნიდან“, მეორე შემთხვეაში – ინტერპოლაციის გაკეთება ისევ „ეპისტოლეთა წიგნის“ მიხედვით.

„ეპისტოლეთა წიგნისთვის“ დართულ გამოკვლევაში ვწერდით, რომ „სარწმუნოების ბეჭედს“ ცუდი გადამწერი ჰყავს და აბრაამის მესამე ეპისტოლეს ტექსტს იგი ხშირად ამახინჯებს.”

„ეპისტოლეთა წიგნსა“ და „სარწმუნოების ბეჭედს“ შორის კითხვა–სხვაობაზე ჩვენი დაკვირვებების შემდეგ ვმსჯელობთ ასე: ჩვენს წინაშეა ერთი ეპისტოლეს ორი რედაქცია. სპეციალისტების ვარაუდით ორივე შედგენილია VII საუკუნეში. ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიდან უფრო ძველია „ეპისტოლეთა წიგნის“ ხელნაწერი. ერთ–ერთი რედაქცია აუცილებლად უფრო ახლოს უნდა იყოს იმ ორიგინალთან, რომელიც აბრაამის ხელით დაიწერა.

რომელი?

პ. მურადიანი ცდილობს მკითხველი დარწმუნოს, რომ უპირატესობა „სარწმუნოების ბეჭედს“ უნდა მიენიჭოს (მაშინ უხტანესის რედაქცია, სადაც მაშტოცის მიერ ანბანის გამოგონების ცნობა გამოტოვებულია, ძალას დაკარგავს), რადგან VII საუკუნეშია შედგენილი (რომ სპეციალისტების აზრით „ეპისტოლეთა წიგნიც“ VII საუკუნეშია შედგენილი და ზოგი ვარაუდით მოსე ცურტაველისა, ან იმავე კომიტასის მიერ, ამაზე რეცენზიაში არაფერია ნათქვამი).

ზემოთ ჩვენ მიერ მოტანილი მაგალითებიდან, ვფიქრობთ, ნათლად ჩანს, რომ „ეპისტოლეთა წიგნის“ ტექსტი უფრო ადრინდელია, უფრო ახლოა ორიგინალთან და „სარწმუნოების ბეჭედში“ მოთავსებული ეპისტოლე მისი შერყვნილი და სტილისტურად ნასწორები რედაქციული სახესხვაობაა.

მაგრამ იქნება VII საუკუნეში ასწორა და დაამახინჯა კომიტას კათალიკოსმა? ასეთი ვარაუდი შემდეგი მომენტების გამო უნდა იქნას კატეგორიულად უკუგდებული:

1. ცვლილებები შეტანილია დოგმატიკის საკითხებში ცუდად გარკვეული რედაქტორის მიერ. ასეთად კომიტასის მიჩნევა არ შეიძლება.
2. რედაქცია გადაკეთებულია გვიან, საეკლესიო განხეთქილებიდან კარგა ხნის შემდეგ.
3. კ. ტერმკრტჩიანის ვარაუდით „ეპისტოლეთა წიგნის“ პირველი ნაწილი და „სარწმუნოების ბეჭედიც“ შედგენილია კომიტას კათალიკოსის მიერ. … ხომ არ იქნებოდა უხერხული იმის მტკიცება, რომ ერთმა რედაქტორმა სხვადასხვა კრებულში შეიტანა აბრაამის მესამე ეპისტოლე „უამრავი“ კითხვა–სხვაობით?

ან კიდევ, რომ კომიტასმა „ეპისტოლეთა წიგნში“ ამ ეპისტოლეს უკეთესი ვარიანტი შეიტანა, ხოლო „სარწმუნოების ბეჭედში“ უარესი? თუ ასე გავაგრძელეთ მსჯელობა, იმის დამტკიცებაც დაგვჭირდება, რომ „ეპისტოლეთა წიგნის“ პირვანდელ რედაქციაში კომიტასმა საერთოდ არ შეიტანა აბრაამის მესამე ეპისტოლე, იმ დროს, როდესაც იგივე ეპისტოლე მოათავსა „სარწმუნოების ბეჭედში“, ხოლო „ეპისტოლეთა წიგნში“ გვიან დაუმატა იგი.

აი, ასეთ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდეთ, უნდა დავუშვათ, ან „სარწმუნოების ბეჭედი“ შედგენილია VII საუკუნეზე გაცილებით გვიან, ან მესამე ეპისტოლე შეტანილია მასში X საუკუნის შემდეგ. ორივე შემთხვევაში აბრაამის მესამე ეპისტოლე ამოღებული „ეპისტოლეთა წიგნიდან“ და შეტანილი „სარწმუნოების ბეჭედში“ მნიშვნელოვნად ნარედაქტირები. უხტანესს შეუძლებელია არა სცოდნოდა „სარწმუნოების ბეჭედის“ არსებობა და არ გაეთვალისწინებინა მასში მოთავსებული მესამე ეპისტოლე, ვინაიდან მან გადასინჯა მსგავსი კრებულები.

რადგანაც მიუხედავად ამისა, უხტანესის ვარიანტში მაინც არ არის ცნობა მაშტოცის მიერ ქართული და სომხური დამწერლობს შექმნის შესახებ, უნდა ვივარაუდოთ კვლავ ის, რომ ან მის დროს „სარწმუნოების ბეჭედი“ მესამე ეპისტოლეთი არ არსებობდა, ან კიდევ არც მასში იყო X საუკუნემდე ჩვენთვის საინტერესო ფრაზა

    • აქ დავასრულებ ზ.ალექსიძის ციტირებას და ჩემ მხრივ დავამატებ, რომ ძნელია რაიმეს ხელაღებით მტკიცება, ვინ და რა ვითარებაში შექმნა ქართული ანბანი. მაგრამ იმის თქმა კი დაზუსტებით შეიძლება, რომ აქამდე მოღწეული ისტორიულ ხელნაწერებზე დაყრდნობით აბსოლიტურად შეუძლებელია მაშტოცის რაიმე როლის დამტკიცება.. და ამ ვერსიას ისეთივე არსებობის უფლება აქვს, როგორც ნებისმიერ სრულიად დაუსაბუთებელ, აბსურდულ აზრს, რომ რაღაცა “ასე და ასე” მოხდა.

ხელნაწერების ორიგინალ ვერსიებს აქამდე არ მოუღწევია, ხოლო მოგვიანებითი რედაქციის ვერსიები აშკარად დამახინჯებულია რიგი ინტერესების გატარების მიზნით. მაგრამ საჭიროა ელემენტარული ცოდნა მაინც, რომ თუნდაც აბსურდული აზრის დაპირისპირება მოახერხოს ადამიანმა.

4 Responses to ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ…

  1. დავწერ მერე ერთ პოსტს ამის თაობაზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: