ნიუკასლი

1ბრისტოლი დილაუთენია დავტოვეთ. შემდეგი გაჩერება შოტლანდია იყო. გზად კი ნიუკასლი უნდა გაგვევლო და რახან იმ დღეს “St. James park”-ზე სკოტების და ს. აფრიკის ნაკრებების რკენა იყო, შანსი ხელიდან აღარ გავუშვით – ავტოსტრადიდან ქალაქის ცენტრისკენ გადავუხვიეთ.

მანქანა სადღაც სტადიონთან ახლოს შევჩურთეთ და ასეულ ფანთა ცოცხალ ზღვას შევუერთდით. აფრო-შოტლანდიურ სიმბოლიკაში გახვეული ხალხის მასაში ჩვენ თეთრ-წითელში გამოწყობილები, ჯერაც უბილეთოები ქართულდროშამოხვეულები მივაბიჯებთ.

ბავშვობაში, უფულო პერიოდში, ჩვენი ნაკრების თამაშებზე დასასწრებლად ათასგვარ ხერხს მივმართავდი, ტრიბუნაზე რომ შევპარულიყავი.. და არც მახსენდება შემთხვევა, წარმატებისთვის ვერ მიმეღწიოს. მაგრამ არ მგონია ეს გამოცდილება ახლა იქაურ არენაზე მოსახვედრად დამხმარებოდა, არენაზე სადაც წლების წინ თემურ ქეცბაია მთელი სამი სეზონი დარბოდა (ძირითადად უშედეგოდ).

ხოდა დავეძებ გადამყიდველებს – თავსაც ჩამოვიხრჩობ თუ კუდამოძუებულს მომიწევს უკან გატრიალება.. უკვე მოწამლული ვარ იმ აურით, ბავშვივით მოუსვენრობა მიპყრობს, ისე მინდა ტრიბუნაზე მოვხვდე..

შეხვედრამე სულ მცირე დროა დარჩენილი და ფაქტობრივად ვერავინ ვნახე, ბილეთს ყიდდეს. ლამისაა იმედი გადამეწუროს და გავიხედე ორი ზორბა ბრიტი წამოგვადგა თავზე – მძიმე ინგლისური აქცენტით “საუკეთესო” ფასად ბილეთების მოყიდვას გვთავაზობენ:

” – One hundred pound for each, it’s really good price!”

ჩვენი ჯიბისთვის დიდი თანხაა, ბევრი ვეღრიჯეთ და 150 ფუნტად ორი ბილეთი დავათმობინეთ,

” – OK, it’s deal ” – მოჩვენებითად დანანებით გამოგვიწოდეს ბილეთი და წამი არ გასულა, იქიდან ეს ორი ვეებერთა ჯეელი ასე უცებ სად გაუჩინარდნენ, დღემდე გამოცანაა ჩემთვის.. გულმა რაღაც რეჩხი მიყო – კარგად დავხედე ისევ ბილეთს, ვითომ ყველაფერი რიგზე არის, ყალბს არ გავს.. მაგრამ მერე კიდევ უფრო წვრილ შრიფტს რომ ჩავაყოლე თვალი “For Child” ტექსტი იკითხება…

და ფასიც სულ რაღაც 15 ფუნტი თუ ეწერა :)))

გამცრა – მოკუნტული მგონი მართლა ბავშვივით დავპატარავდი. ფულზე იმდენი გული არ მწყდებოდა (არადა 150 ფუნტი კია ჩვენებურ ლარში 500 ერთეულზე მეტი), რამდენადაც ფაქტზე, რომ შეიძლება თამაშისთვის ცოცხლად ვერ მეყურებინა.

ჩავდექით ჩვენ გეითის რიგში. საბედნიეროდ სტუარდები ბილეთებს არც ამოწმებდნენ და ავტომატურად ტურნიკეტის გავლით მალე ტრიბუნაზე ამოვყავით თავი – ნერვიულობა ფუჭი გამოდგა. მერე სხვა ხალხიც ვნახე ანალოგიური ბილეთებით – ეღადავებოდნენ, “აბა პირადობა წარადგინე, რა ასაკის ხარო” – ჩვეული პრაქტიკა ყოფილა ბავშვის სახელზე ბილეთის გამოწერა და ამით თანხის დაზოგვა.

ზოგმა კი მერე გადაყიდვით ჩვენნაირ ტიპზე კაი ფულიც გააკეთა, და კიდევ ხომ თავიდანვე არ შევნიშნე, რა ბილეთს ვყიდულობდი, თორემ დამფრთხალს იქნებ ვერც გამერისკა ექსპერიმენტის ჩატარება.

ასე კი ცხოვრებაში პირველად მომეცა საშუალება რაგბში ორი გრანდის თამაში ტრიბუნიდან მენახა.

იქაური გარემოს აღწერა სიტყვებით გამიჭირდება და არც ვცდი. თუ სპორტი და სტადიონის ატმოსფერო გიყვართ, თავადაც კარგად წარმოიდგენთ, რა მაგარიც იქნებოდა ასეთი შეხვედრისთვის ცოცხლად თვალყურის დევნება. სკოტების გარემოცვაში ვიჯექით და იქაურების მხარე დავიჭირეთ. მაგრამ რა გასაკვირი, რომ თამაშში სინამდვილეში აფრიკელებმა იმძლავრეს 34:16.

შეხვედრის მერე რამოდენიმე სკოტს ქართული სიმბოლიკით პატარა სუვენირები ვუსახსოვრეთ, პასუხად შოტლანდიური დროშა მერგო. ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და უკვე პაბს მივაშურეთ – ინგლისი გადამწყვეტ მატჩში ავსტრალიას ხვდებოდა.

“Georgia!!!” – სიმბოლიკით უკვე ადვილად გვცნობდნენ, რომელი ქვეყნის გულშემატკივარიც ვიყავით – ახალგაზრდა ბრიტები მხიარულად შეგვეგებნენ რაღაც პაბში შესულებს..

აი ერთი ბაბუ კი გვარიანად ვანერვიულე, როცა ბარმენს ჩემი ჩანთის შენახვა ვთხოვე..

წვერებში ამ შავგვრემან კაცს რომ შემომხედა, თითი გამოიშვირა და – “are you Muslim?! Muslim, Yeah? Tik tik tik..” ჩანთაზე მიუთითა და წამების ისრის იმიტაცია გააკეთა, “ხომ არ უნდა აგვაფეთქოო?” გულიანად გამეცინა, “ამ ჯვრებს მაინც შეხედე, რა მუსლიმი..” დროშაზე მივუთითე.. მაინც ვერ დავამშვიდე მოხუცი და საბოლოოდ ასე აფორიაქებული დარჩა მგონი :)))

ამასობაში კი თამაში დაიწყო და ვიღას ახსოვდა ჩანთა და პოტენციური იქ შენახული საათის მექანიზმზე აწყობილი ბომბი.. სკოტები მრავლად ისხდნენ, თავიანთ ტრადიციულ კაბა-სამოსში გამოწყობილები, ავსტრალიას გულშემატკივრობდნენ. ინგლისელები კი რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ყურებჩამოყრილები შესცქეროდნენ მონიტორს – ყვითელმაისურიანები აშკარად დომინირებდნენ და მოიგეს კიდეც შეხვედრა, ისე რომ ინგლისს შანსი არ მისცემია – ასე ჩარჩნენ მასპინძლები ჯგუფში, მეოთხედფინალს მიღმა.

სკოტები ლაღობნენ, დანარჩენებს კი სახე ჩამოსტიროდათ. თუმცა ისეთებიც ბლომად იყვნენ, სასმელს ისე დაერია ხელი, შუა მატჩისას მე მეკითხებოდნენ – “რა ანგარიშიაო?”

უკვე საკმაოდ გვიანი იყო, წინ კი ისევ გზა გველოდა. იმ ღამესვე შოტლანდიის მიწაზე უნდა გადავსულიყავით.

მანქანას სანამ მივაღწიეთ, ლუდის სმამ თავის როლი შეასრულა და დასაცლელად ბარში შევედით.

იქ კი ვიღაც ლამის ბებიის ასაკის ქალთა ჯგუფი ყირაზე გადადიოდა, ცეკვა-სიმღერა გაემართათ და ეს ორი ახალგაზრდა რომ დაგვინახეს, ისეთი სიხარულის ყიჟინა მოსცხეს, გულზე ლამის შემომეყარა…

– შეგვისრუტეს.. საკმაოდ უხეში ფორმით მოგვიწია მათი მოშორება.. ბოლოს მგონი რაღაც მიგვალანძღეს კიდეც.. რას გაიგებ ზუსტად.. იქაურების საშინელ აქცენტზე საოცრებების მოყოლა შემიძლია.. მერე ფეხბურთის ორმა ახალგაზრდა ფანმა გაგვიბა საუბარი – “ვა მაგარია, ამხელა მანძილი გაიარეთ თქვენი გუნდის მხარდასაჭერად.. აი ჩვენც ბევრს დავდივართ, დღესაც მანჩესტერში ვიყავით ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდო..”

ინტერნეტს ჩავხედე, მათ ნიუკასლს 6:1 წაეგო სიტისთან იმ დღეს.. უხასიათობა მაინც არ ეტყობოდათ – არასრულწნოვნები და სასმელს არც ისინი იკლებდნენ..

ძლივს დავაღწიეთ თავი ბარს, უჩას უკვე სახემოღრეცვოდა დაღლილობისგან.

სიბნელეში გზა ბორცვებს შორის მიიკლაკნება.. ადი-ჩადის –  რაღაც ტყე-პარკს მივუყვებით, დაცულ ტერიტორიას. ყოველ ას მეტრში მანქანისგან სიცოცხლეგამოსალმებული გარეული ცხოველის ლეში ასვენია..

მორისტონსაც ვუწიეთ. სოფლად, ფერმაში ვრჩებოდით იმ ღამეს.. დილით რომ გავიღვიძეთ და დღის სინათლეზე მოვავლეთ იქაურობას თვალი, თურმე რა მშვენიერ ადგილას გვქონდა თავი ამოყოფილი..

(გაგრძელება იქნება)

 

 

ბრიტების მიწაზე

ლონდონი

პირველი იყო სამძიმარი, როცა მესაზღვრემ გაიგო, ზელანდიასთან გვიწევდა თამაში. პასპორტი ღიმილით გამოგვიწოდა და კარგი დღეც გვისურვა.

ნისლიანი ალბიონი კი არც თუ ნისლიანი ამინდით შეგვეგება – სექტემბრის ბოლო დღეა, გარეთ მზე ანათებს და არც სიცივეს დაიჩივლებს კაცი.

გეთვიკიდან მატარებლით სადღაც ტრაკში ჩავაღწიეთ, მომღიმარი მასპინძელი შეგვეგება – ლუისი და ჩვენი ოთახი გვიჩვენა.

გვშია, რა გასაკვირი. მაღაზიის დახლებიდან თავქანქარა ინდუსები გველაპარაკებიან ჩვენთვის ძნელად გასაგებ აქცენტზე.

მერე იქვე რაღაც უბრალო სწრაფი კვების ობიექტს მივაშურეთ. გაჩერებაზე სკოლის ავტობუსებიდან მხოლოდ ფერადკანიანი ბავშვები ჩამოდიან – მათი საუბარი კიდევ უფრო ძნელად გასაგებია.

– წავედით ცენტრისკენ?!
სულ ერთი საღამო გვქონდა აქ გასატარებლად და რაც მოვასწარით ქალაქის ქუჩებში ფეხით ვიბოდიალეთ, GPS-მა თითქმის ორი ათეული კილომეტრი რომ მოგვითვალა.

დილით კი ისევ გეთვიკში ამოვყავით თავი

ბრისტოლიბრისტოლისკენ

მანქანა ვიქირავეთ, რომელიც მომდევნო ერთი კვირა ჩვენ ფაქტობრივ ერთოთახიან ბინად გადაიქცევა – უკანა სავარძლები გარდერობის ფუნქციას შეითვისებს, ნაგავი აკურატულად პარკებში ფეხსადგამთან დაიდებს ბინას, დენის გადამყვანზე კი ათასგვარი ხელსაწყოს დამტენი ადაპტერი აიხორხლება.

დროის დასაზოგად საუზმესაც გზად ცხელ ყავას და ნაირ-ნაირ სენდვიჩებს მანქანაშივე მივირთმევთ და ერთადერთი რასაც დისონანსი შემოაქვს, მე და ჩემი მეგობრის განსხვავებულ მუსიკალური გემოვნებაა.

გამოსავლის ძიებაში მუსიკის ნაცვლად შტურმანს დასახლებულ პუნქტებზე, რომლებსაც გზად გავდივართ, ვიკიპედიიდან სტატიების წაკითხვა დაევალა.. ამბის უმრავლესობა კი ასე იწყებოდა – „ამა და ამ წელს მოვიდნენ რომაელები და დაარსეს ფორტი..“

შიმშილმა სვინდონისკენ გადაგვახვევინა – არაფრით გამორჩეულ ქალაქში. ჩათვალეთ ბრიტანული ხაშური.

უელსი-ფიჯის სანახავად ირლანდიურ ბარში ჩამოვსხედით. რა გასაკვირი ადგილობრივები ფიჯის თუ გულშემატკივრობდნენ – Com’on Fiji!!! გაისმოდა ალაგ ალაგ ლუდისგან გაბერილი მსუქანა ბიძარების შეძახილები.. მათ გულდასაწყვეტად თამაში რათქმაუნდა დრაკონებმა მოიგეს..

DSCF5119შემდეგ იყო კიდევ საათის გზა და ბრისტოლიც გამოჩნდა. ტრადიციულად ერთი-ორი შესახვევი „გავმაზეთ“, ქალაქს საპატიო წრეც მოვარტყით და ბოლო ბოლო დანიშნულების ადგილს ვუწიეთ. ნეტავ რა ერქვა მასპინძელ გოგონას?!

Airbnb-ის მადლით სასტუმროების ნაცვლად, ასე კერძოდ, გაცილებით ნაკლებ თანხაში ვქირაობდით ჩვეულებრივი სახლის პატარა ოთახს – ღამის სათევად მეტი არც გვჭირდებოდა.

***

დილით სახლიდან რომ გამოვძვერით, ბრიტანეთი, როგორც იქნა, თავის „ნამდვილი“ სახით წარმოგვიდგა – სქელ ნისლში იყო ჩაძირული იქაურობა, ასი მეტრის იქით თვალს უჭირდა რამის გარჩევა.

Cardiffცოტახანში მატჩზე დასასწრებად კარდიფში უნდა გადავსულიყავით და დროს ვეშურებოდით, იქაურობაც რომ დაგვეთვალიერებინა. ფეხით დავუყევით რაღაც პარკს, ლამაზი ხიდით პაწია არხი გადავკვეთეთ და რკინიგზის სადგურს მივადექით – შენობას მართლაც რომ აღსანიშნავს გამორჩეული არქიტექტურით.

ცენტრამდე მივაღწიეთ, ისტორიულ კოშკურაზე ავბორდღიალდით. უკვე შუა დღე იყო და მზეს ნისლიც გაეფანტა. ქალაქის მშვენიერი ხედები იშლებოდა.

DSCF5203საქართველო-ზელანდია

მანქანით საათის გზა თუ გვქონდა, მაგრამ საცობები საქმეს ართულებდა. ბრისტოლის ყურეზე გადებული უზარმაზარი სევერნის ხიდი გადავიარეთ – უკვე უელსის ტერიტორიაზე ვართ – აბრებზე ინგლისურის პარალელურად გაუგებარ ენაზე აწერია წარწერები.

კარდიფში იაშკა დაგხვდა, მანქანა სადღაც მივაგდეთ. მილენიუმის არენას რაც უფრო მივუახლოვდით, გულშემატკივრების ნაკადმა იმატა.

უნდა ითქვას, ამ მომენტამდე არც მიგვრძნია, იმ ქვეყანაში რომ დავაბიჯებდი, სადაც აგერ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იმართება – ალაგ ალაგ ბარებზე გამოფენილი ოცი ქვეყნის დროშა თუ მოგხვდებოდა თვალში.. მრავალი, სხვადასხვა ეროვნების ფანობა კი სადღაც იყვნენ შეჩურთულნი.

DSCF5205მე და ჩემი ძმაკაცი ვარღვევდით სურათს, რაგბის ბურთჩახუტებულები რომ დავიარებოდით პარკებსა თუ ქუჩებში. დავპასაობდით და ხალხიც მგონი ცოტა ალმაცერად გვიყურებდა. ბაბუ არ დამავიწყდება, ერთიც რომ ჩაგვიარა და “What a passion yeah?!” – მოგვაძახა.

მილენიუმის შემოგარენი კი ერთბაშად ამოიზარდა უზარმაზარ ზეიმის არედ, ადგილობრივები სუსტებს გვგულშემატკივრობდნენ “Com’on Georgia!!“ – გაისმოდა შეზარხოშებული ბრიტების შეძახილები ქართულ სიმბოლიკაში გამოწყობილებს რომ შეგვავლებდნენ თვალს.

ფანზონაში ადგილობრივი ვოკალური ანსაბლი „სულიკოთი“ და ეროვნული ჰიმნის სიმღერით მოგვესალმა. მერე იყო ზელანდიური ჰაკა და მაორების ოცწუთიანი შოუ.

გარეთ გამოვედით, ლუდით ყელი გავიგრილეთ. იქვე ფანობას სახელდახელო ბურთაობა გაემართა. ძლივს გამომაძვრეს „რაქიდან“, შემთხვევით ბურთმოხელთებულზე ხალხის მასა რომ მომაწვა და ძირსაც გავიშხლართე.

ტრიბუნაზე ზედ ოცდაორთან გვერგო პირველ რიგში ადგილი. DHL-ის სარეკლამო აბრა „Try” წარწერით იქვე მჯდომ ზელანდიელს მივაჩეჩე „დღეს ეს მე მაინც არ დამჭირდებათქო“ – ორივემ გავიცინეთ. თურმე რას ამბობ, ჩემდასასიხარულოდ ვცდებოდი და აწ ინტერნეტი კია აჭრელებულია წიკლაურის გახარებული სახის გამომეტყველებით, სალელოვე ნახტომში უკვე საზეიმოდ რომ გაუშლია ხელი!

მთელი მატჩი მშვიდად რა დამსვამდა სკამაზე, ემოციურად ვიქნევდით ხელ-ფეხს მე და უჩა.. შევაწუხეთ ნეიტრალური, ძირითადად ზელანდიის სანახავად მოსული გულშემატკივარი.

რა გასაკვირი – წავაგეთ.

DSCF5214შუაღამემიტანებულზე ემოციადაცლილები ისევ საჭეს ვეჯექით და ბრისტოლში ვბრუნდებოდით.

GEO-TNG 17:10

Tkhilaishviliმე არ ვარ რაგბის ექსპერტი და ჩემი შეფასება ვერ იქნება ობიექტური, თუ დიდად კომპტენტური..

მაგრამ აგერ თავად რაც მახსენდება, რა შთაბეჭდილებაც დამრჩა ცხელ გულზევე დავწერ ამ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე რომლის მოგებაც უდაოდ ისტორიულია, რადგან პირველად გვეძლევა შანსი ტურნირის ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავოთ და ამით მომავალ მსოფლიოზე უკვე აქედანვე დავიბევოთ გარანტირებული ადგილი..

პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ჯერ ტონგელებმა გამოიყენეს საჯარიმო, ხოლო მერე მეკომ ასევე სამქულიანით უპასუხა.

მაგრამ მანამდე იგივე მეკომ ხელსაყრელი მომენტიდან ააცილა საჯარიმო და ეს იყო ცუდის ნიშანი, რადგან თუ მეკო ერთი აიჭრა, მერე აფუჭებს აბსოლიტურად ყველაფერს.. და გვახსოვს მისი ასეთი თამაშები – ერთი თუ არ წაუვიდა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ლამის ნოლამდე ეცემა..

ერთ გაფუჭებულ ჯარიმას კი აუტში ვერგადატანილი ბურთი მოაყოლა და ტონგელებს სახიფათოთ შეტევის საშუალება მისცა, იმის ნაცვლად ჩვენ გადაგვენაცვლა მოწინააღმდეგის ნახევარზე.. და შემდეგ ვერც მეორე ტაიმში გარდასახა მორიგი საჯარიმო სასურველ სამქულად..

მანამდე კი ტაიმი მოვიგეთ, როცა მშვენივრად მოთამაშე გორგოძილამ რაქში ბურთი აიტაცა და პირდაპირ ძელებშორის დაამიწა.. ლელოს იოლი ორი ქულა მივამატეთ და ტაიმიც მასე – 10:3 მოვიგეთ.

თუმცა ზედ ტაიმის სასტვენის წინ მსაჯსაც უნდა ვუმადლოდეთ ტონგელებს გათანაბრების საშუალება რომ არ მიეცათ, კარგად შენიშნა წინ პასი, დიდი იყო შანსი მსგავსი მომენტი ელემენტარულად მხედველობიდან გაპარვოდა..

ტონგელთა აუტის შემდეგ ჩვენი დაცვა აირია და მოწინააღმდეგემ ბურთი კარგად შეაბრუნა შეტევის სიღრმეში და მეტოქის ფორვარდმა ისე დაგვალელოვა, კაციშვილს არ შეუშლია ხელი..

ფერი გადამივიდა და კიდევ ხომ რეფერიმ სამართლიანად შენიშნა წინპასი და ამით შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით გავედით.

დაიწყო მეორე ნახევარი და შუატაიმში მეკომ ისეთი გაირბინა, რომ მთელი მისი ცოდვები ერთბაშად გამოისყიდა. ოცდაორთან ეს გარბენა კი შეაჩერეს, მაგრამ საპირისპირო ფლანგი მეტოქეს დაუცველი დარჩა, ჩვენებმაც დროზე გადაათამაშეს ბურთი და თხილაიშვილი სალელოვედ შეცურდა..

მეკომ ურთულესი ორი ქულა მიამატა ჩვენს მონაგარს და კომფორტული თოთხმეტქულიანი უპირატესობა შევიქმენით..

თითქოს მშვიდი ბოლო 20 წუთი გველოდა.. მაგრამ ვაი რომ ამ ოც წუთში იმდენი შეცდომა დავუშვით, ბარე მთელ თამაშს ეყოფოდა..

ჯერ იყო და წყნარად შეგვეძლო მეტოქის ნახევარზე დამკვიდრება, მაგრამ ჩვენი სწრაფი შეტევის დროს ნარიაშვილმა დაუფიქრებლად ბურთი უკან მოისროლა (არაფერი საჩქარო იმ სათამაშო ეპიზოდს არ სჭირდა) და მოედნის სიღრმეში ჩარჩენილ ტონგელს ჩაუგდო პირდაპირ ხელში… და ამას მოჰყვა ის საშინელი, ნერვიული ოცწუთიანი მონაკვეთი..

თამაში ქართველთა 22–ში დამკვიდრდა და ჩვენები სისხლის ფასად ახერხებდნენ მათ შეტევების გაჩერებას.. უდიდესი ნერვების ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი. ბოლოს ტონგელები დაჯარიმდნენ და თითქოს უნდა ამოგვესუნთქა, მაგრამ მოედნის ცენტრში აუტი რატომღაც რისკიანად ბოლო კაცზე ავაგდეთ, დავკარგეთ და მეტოქემ ისევ ოცდაორში ამოგვკეტა..

ბევრჯერ დავჯარიმდით – მსაჯმა გაგვაფრთხილა: შემდეგზე უკვე ყვითელ ბარათს გიჩვენებთო. მაგრამ სანამ სინბინამდე მივიდა საქმე, ტონგელებმა მაინც მოახერხეს ლელოს დადება და სხვაობა შვიდ ქულამდე შემცირდა – ანუ მეტოქის მორიგი ლელო და გარდასახვა და მოგება ხელიდან გვეცლებოდა.. მითუმეტეს, რომ მორიგი ჯარიმა და მალევე მსაჯმა შეპირებული ყვითელი ბარათით თოთხმეტი კაცის ამარა დაგვტოვა..

აი აქ კი ძაან მძიმე დღეში ჩავარდით და გულში გამკრა კიდეც აზრმა, რომ შვიდი–რვა წუთი კაცნაკლულზე მეტოქის გაძლებას ვერ მოვახერხებდით..

მოხდა სასწაული – უკანასკნელი ძალები მოვიკრიბეთ და კიდევ იქით შევუტიეთ, ჩვენ შერკინებაში ტონგელები დავჩაგრეთ და საკმაოდ ხელსაყრელი ადგილიდან ჯარიმის დარტყმის საშუალება მოვიპოვეთ.. მაგრამ რათ გინდა?!

მეკო ყვითელი ბარათით გაძევებული იყო და ბურთთან მალაღურაძე მივიდა:

საკმარისი იყო ეს სამი ქულა მოგვეპოვებინა და ისევ კომფორტულ სხვაობას შევქმნიდით – მეტოქეს 10 ქულის გაქვითვა იმ მცირე დროში ნაღდად გაუძნელდებოდა.. მაგრამ ისევ უხეიროდ დავარტყით ჯარიმა და მატჩის ბედი კვლავ სათუოდ დავტოვეთ..

დავიძაბეთ, მეტოქე ისევ 22–ში შემოვუშვით და ისევ საოცარი თავგანწირვის ხარჯზე ხაზის გაჭრის საშუალება არ მივეცით და ზედ ბოლო წუთზე იქით ტონგელები დაჯარიმდნენ – წამები და უნდა მორჩეს თამაში.

ისევ გაუგონარი გადაწყვეტილება – საკმარისი იყო სულ რამოდენიმე წამით გვიან მოესროლათ ბურთი აუტში და თამაში მორჩებოდა.

შეიძლებოდა იქვე გათამაშებაც, ერთი პასი უკან და წყნარად ბურთის კიდეზე გადაგდება.. მაგრამ ამის ნაცვლად “მოვახერხეთ” და ბურთი ხაზსმიღმა საფინალო სასტვენამდე ორიოდე წამით ადრე აღმოჩნდა – შემდეგ აუტი მოვაწოდეთ და სუფთად ისევ ვერ მოვიგეთ.

არეულობაში და ფაფხურში ბედი ჩვენი, რომ ბურთი თავად მოვიხელთეთ, მოედნის მიღმა დავკარით და ისტორიული გამარჯვებაც გამოვჭედეთ!!!

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ არა ეს უაზრო ფაფხური, რიგ მომენტებში არარაციონალურობა, ნაცვლად წყნარად ჩაგვემთავრებინა მოგებული თამაში, ისეთი თავსატეხი დავმართეთ საკუთარ თავს, უდიდესი ნერვების, ფიზიკური ძალის და ნების მობილიზების ხარჯზეღა მივიყვანეთ გამარჯვებამდე შეხვედრა..

აბა წარმოიდგინეთ?! – 213 ბოჭვა შევასრულეთ მეტოქის 48–ის წინააღმდეგ!!! ოთხჯერ უფრო მეტი!!! ოთხჯერ!! წარმოგიდგენიათ რამხელა ჯაფა დაადგა გუნდს თავდაცვისას?!

ამის გარდა კი დანარჩენი დრო, როცა იშვიათად შეტევაზეც ვიყავით, ერთი, როდესაც ბურთი კარგად გავშალეთ, მეორე ლელოს დადების მომენტი იყო.

სხვა კი ლამის ბურთი ბექებამდე არც მიდიოდა, მუდმივად ფორვარდების ძალის იმედად ვუტევდით.. არ ჩანდა არც შარიქაძე, არც კაჭი, მჭედლიძეზე აღარ მაქვს საუბარი..

სამაგიეროდ მართლა კარგი ცხრა ნომერი გვეზრდება – ბიჭი, ვინც მთელი სარაგბო ისტორიის მანძილზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ შეიქმნა, ვისაც კი მსოფლიოზე უთამაშია. და ეტყობოდა კი ასაკის სიმცირე?!

კარგი გაგებით თავხედურად რომ თამაშობდა, პასების დარიგების გარდა, რიგ მომენტში ბურთიც კარგად გადაუკიდა მეტოქეს ზურგს უკან და ხან კი მათ მძიმე ფორვადებს შიშის გარეშე ეფექტურად უტევდა..

სხვა კი რა გვეთქმის?! მადლობა მოვუხადოთ ბიჭებს თავდადებისთვის – რაც მთავარია შედეგი ვაჩვენეთ და მოვიგეთ ბოლო ოთხწლედის ყველაზე პრინციპული მატჩი. შეცდომებს კი იმედია კარგად გაანალიზებენ და გაითვალისწინებენ, რადგან იგივე არგენტინა ასეთ ფაფხურს არ გვაპატიებს და როდესმე ხომ უნდა დავიწყოთ მსგავს ტოპ გუნდებთან ტოლ–სწორად თამაში?

ტონგა თავის მხრივ ხშირად შეცდა ელემენტარულ შემთხვევებში, თორემ ჩემი სუბიექტური აზრით ამ თამაშსს მოგვიგებდა – რომ არა წინ გაკეთებული რამოდენიმე პასი (ერთ–ერთი გაუქმებულ ლელოდ რომ დაუჯდათ), ჯარიმის ასევე ფეხით აუტზე ვერგადატანა…

სხვა მომენტში ოდნავ დააკლდათ ლელომდე, როცა გადაკიდებული ბურთი ბოლო წამს შემტევმა ვერ დაიჭირა.. მოკლედ ცოტა იღბალიც გვწყალობდა.

რაც არ უნდა ვთქვა საბოლოოდ 17:10 ჩვენს სასარგებლოდ.. ეს კი უკვე ლამის ნახევრად გაკეთებული საქმეა!!!

ველით არგენტინას, ვისთანაც ჩემი აზრით ბიჭები ნაკლებშებოჭილები ითამაშებენ, დიდი ალბათობით წავაგებთ, მაგრამ იმედია ბევრად თვალსასეირო თამაშს შემოგვთავაზებენ…

Rugby

Georgiaხომ… ეს იყო დიდი ხნის წინ..

მერვე კლასში ვიყავი, მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, უჩა ჩვენთან კლასში რომ გადმოვიდა..

ზუსტად მახსოვს? არ მახსოვს. დაბალი, სუსტი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი დააბიჯებდა, ძირითადად თავისთვის, სკოლის ეზოში და რატომღაც მაშინვე ჩემთვის მეგობრად ვიგულე ეს ადამიანი.

მერე კი რაღაც პატარა შეხლა მოხდა, სადაც ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ხასიათი გამოვავლინე და ამ ამბის შემსწრე კიბორგმა რაგბის სათამაშოდ თავის გუნდში მიმიწვია – ჩათვალა, რომ სწორედ “სარაგბო ხასიათი” მქონდა..

არადა მერე ისე ვიარე ორი თვე ხულიგანაში, ერთი წუთით აღარ “გამოუნათებია” ჩემში იმ ხასიათს, რისთვისაც უჩამ იქ სათამაშოდ მიმიწვია…

მე ჩემი უცნაური ბუნება მაქვს, თავადაც რომ მიჭირს ახსნა, როდის მემართება კარგი გაგებით გაბრაზება და როდის ვხვდები მოტივირებული.

იმ წლებში კი რაგბი ჩემგან ისე შორის იყო… რატომ წავედი? იმიტომ რომ უჩამ შემომთავაზა და მე კი მის სიტყვას ანგარიში გავუწიე…

ზამთრის პირს ვიავადმყოფე. 90–იანები იყო, მეტროთი დელისზე მივდიოდი, მერე კი ვარჯიშზე რომ არ დამეგვიანა, სანამ ტროლეიბუსი მოვიდოდა, ფეხით მივუყვებოდი ჯერაც ბავშვი ვაკე–საბურთალოს აღმართს.

კვირაში სამი დღე ასე გრძელდებოდა და ნაავადმყოფარზე ამ რეჟიმიდან უკვე ამოვარდნილმა, მომჯობინებულზე ჩანთაში ფორმა რომ ჩავტენე და უცებ დავფიქრდი – “კი მარა, არ გეზარება იმ აღმართის ისევ ფეხით ავლა?!”.. პასუხი ცალსახად კი იყო და მასე მორჩა ჩემი “კარიერაც” – მეტი მე იქ აღარ მივსულვარ, სავარჯიშოდ მოედანზე, სადაც ისეთი საშინელი პირობები იყო, მუჭა–მუჭა ნაასფალტარის გოროხებს ააგროვებდი კაცი.

არადა სწორედ მასეთ პირობებში გაიზარდა თანაგუნდელი შკინინი, ვინც წლების მერე ნაკრების წევრიც გახდა და ირლანდიელებს ისეთი ჩაუჭრა ბურთი, რომ სალელოოდ მთელი მოედნის გარბენა მოახერხა საფრანგეთში ჩატარებულ მსოფლიო თასზე..

ეგ კადრები დიდხანს დარჩება ქართველი გულშემატკივრის მეხსიარებაში, როგორც ერთ–ერთ საუკეთესოდ გასახსენებელი..

დრო გავიდა, ჩვენს ქვეყანაში რაგბი პოპულარობას იხვეჭდა და ნაკრების თამაშების ყურებით ნელნელა ის განწყობა მოვიდა, რაც თუნდაც გუნდში ვარჯიშის დროს უზარმაზარი დოზით მაკლდა..

იპოდრომზე თამაშით დავიწყე თავის დროზე დაკლებული მუხტის ანაზღაურება.. ორი–სამი წელი ჯახითაც გული ხშირად მოვიოხეთ, მერე მომატებულმა ასაკმა თავისი ქნა, უბრალოდ გასართობ “Touch”-ზე გადავერთეთ, დღემდე აზარტით რომ დავსდევ ოვალურ ბურთს..

და თუნდაც ასე – მოყვარულ დონეზე თამაშის დროს ხშირად ვახსენებდი თავს, ჩემში მეპოვნა ის ხასიათი და მეთამაშა ისე, რომ რამოდენიმე დღეში რაგბის მორიგ მსოფლიო თასზე დიდი წვალებით მოპოვებულ ბილეთით ტრიბუნაზე მოკალათებულს სუფთა სინდისით მქონდეს მოლოდინი, ჩვენმა ნაკრებმა სისხლის ბოლო წვეთამდე იომოს კარგი თამაშის საჩვენებლად და მოსაგებად.. და არ გამიჩნდეს კითხვა – “სხვისგან რომ ვითხოვ, თავად კი დავხარჯულვარ როდესმე ასე – ბოლომდე, გინდ მოედანზე, გინდ სხვა საქმეში?!”