Geo – Ita 18:17 (U20 rugby worldcup)

როცა ამბიცია გიჩნდება, ნელნელა მეორე ეშელონის ნაკრების სახელი მოიშორო და ითხოვ უმაღლეს დონის ნაკრებებთან მუდმივად თამაშის საშუალება მოგეცეს, ამ ამბიციის საფუძვლიანობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა ამტკიცო და აგერ, თუნდაც ახალგაზრდულ ნაკრებების დონეზე, ვეთამაშებოდით გუნდს, პირველ რიგში რომლის ელიტაშიც “ჩაჩოჩება” დაგვისახავს მიზნად..

ხოდა კი მოვიგეთ ეს ძაან პრინციპული შეხვედრა..

ხარვეზები იყო, თანაც უამრავი.. და ეს პირველ რიგში აუტების მოწოდებას შეეხება – კიდევ კარგი მეორე ტაიმში ეს კომპონენტი გამოვასწორეთ, თორემ ვინძლო შეხვედრაში სხვა შედეგიც დაფიქსირებულიყო.

ასევე გამოჩნდა დამრტყმელის პრობლემა – ძალიან ბევრი შესაძლო ასაღები ქულები გავანიავეთ. დიდი იყო რისკი, ეს ყველაფერი ძვირი დაგვჯდომოდა – შეხვედრა ხომ სულ ერთი ქულით მოვიგეთ!

როგორია?! სამი ლელოს ვერცერთი ზუსტი გარდასახვა ვერ მივაყოლეთ და ორი-სამი ჯარიმაც უშედეგოდ გავანიავეთ..

მაგრამ ეს ყველა ხარვეზი გადაწონა ბიჭების მონდომებამ, დაცვაში თავდადებულმა თამაშმა, შერკინებაში უპირატესობამ და რაც არ უნდა საოცარი ყოფილიყო ქართველი გულშემატკივრისთვის (და თანაც ძალიან სასიამოვნო), რიგ ეპიზოდებში ხელდახელ თამაშშიც მშვენიერი უნარები გამოვავლინეთ.. (ხშირად გვახსოვს ქართველების შესრულებით, ხელუკუღმა, სწრაფი “ამობრუნებული” პასები?!)

მესამე ლელო ხომ საერთოდ ნებისმიერ დონის მატჩს დაამშვენებდა, ისეთი ლამაზი ეპიზოდებისგან აიკინძა – აფრასიძის კარგი ამოგდება, გორგაძის გაქცევა.. ერთი, მეორე შებრუნებული პასი.. მერე ლობჟანიძე – მეტოქის შერკინების ხალხს ტოლი არაფერში დაუდო, იმდენს დაუსხლტა ხელის კვრით, იომა და კარგად ირბინა.. ისევ რაქი, ისევ აფრასიძე – ბურთი ერთი ფლანგიდან მეორესკენ უსწრაფესად ჩათამაშდა, მიმინოშვილის ფინტი და ეპიზოდის ლოგიკური დასასრული – სასწაული ლელო!!!

მოკლედ შეხვედრა უდაოდ მოიგო გუნდმა, რომელიც დღეს მოედანზე უკეთესი იყო და იმედია მომავალშიც იტალიის დარ გუნდებთან რკენაში წარმატებას ხშირი და კანონზომიერი სახე მიეცემა.