Monaco Grand Prix

Niceჩასვლამდე კი ვიმუქრებოდით – “ზღვაში შესვლას ვინ დაგვასწრებსთქო..” – მაგრამ გრილი გაზაფხული იდგა, სწრაფად ჩაგვიცხრა მანამდე გაჩენილი სურვილები.

კვალიფიკაციას იქვე რაღაც ბარში ვუყურეთ, კათხა ლუდში ათევროიანი ღიმილით რომ აგვწაპნეს. ზღვაში ბანაობის არ იყოს, დალევის სურვილიც მალე მოგვესპო..

მერე ჩვენს მინივენში შვიდი კაცი კომპაქტურად “ჩავეტენეთ” და ნიცასკენ ავიღეთ გეზი.. გზად სუპერსპორტქარები ერთმანეთის მიყოლებით გვიშხუილებენ, ბოლოს ურეაქციოდ თვალსაც რომ აღარ გააყოლებ კაცი..

ნიცა..

მივსეირნობთ ზღვის გასწვრივ, მეთევზეებს ანკესები გადაუკიდიათ ზღვაში. ბულვარში ხალხი გამოპრანჭულა. სხვები დარბიან, ვარჯიშობენ. თვალს ახარებს გარემო.

სავახშმოდ დავსხედით. ანგარიში მირთმეულ კერძზე გაცილებით მსუყე მოდის. ყალბად ვუღიმით მასპინძელს თავაზიანად რომ გვეკითხება – “აბა როგორ მოგეწონათ სტეიკიო?!”

ისევ მანქანაში ვეკვეტებით.. “ბარემ გადავიდეთ მონაკოშიც..”

ნიცას პორტი მოვიტოვეთ. შევყევით ალაგ კლდიან სანაპიროს – ერთი მეორეზე ლამაზ, მდიდრულ და კომპწია დასახლებებს გავდივართ.. გონებას ოცნებაში მიყავხარ – ფიზიკურად იმ მომენტში იქ იმყოფები, მაგრამ წამით არ გტოვებს აზრი, რომ ამ გარემოს სტუმარი ხარ და ისიც მხოლოდ ძალიან, ძალიან მცირე ხნით..

მონაკო..

რამდენჯერ მიყურებია ტელევიზორში ამ ხედებისთვის, ფორმულა ერთის გრანპრის გადმოცემის დროს, ლამის საკუთარ უბანზე მშობლიური რომ არის რიგი ქუჩები, მათი თითოეული კუნჭული.

მანქანა ძლივს სადღაც შევჩურთეთ.. ქალაქი ერთი დიდ ზეიმად არის ქცეული.. ფეხით დავსეირნობთ რეისითვის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე.. კაზინოს აღმართს ავუყევით, ათასობით ტურისტი დაბუჟღაობს..

მერე დაღმართი, რამოდენიმე “მძიმე” მოსახვევი და “ტუნელის” სწორი მონაკვეთო..

Monacoპორტის გასწვრივ საერთოდ საგიჟეთია – ხვალე აქ დიდი ცირკის მორიგი გრანპრი გაიმართება, მაქსიმალურ სიჩქარეზე რომ გამოვარდებიან ბოლიდები ცნობილ გვირაბიდან და შედარებით ნელ რამოდენიმე გრეხილს გაივლიან ათობით ერთრიგად ჩაწიკწიკებულ იახტის თვალწინ, საბოლოოდ სანამ სტარტის სწორზე გასასვლელად მოუხვევენ მთელი 180 გრადუსით.. და მერე ისევ გაზშიფეხგაყრილები კაზინოს აღმართისკენ დაუბერავენ..

რეისამდე კი წინა საღამოს აპარატურა პირდაპირ ტრეკზეა გადმოკიდული.. ბარზე შხვართი გოგოები მუსიკის რიტმას ენერგიულად აყოლებენ ლაზათიან ტან–ფეხს.. ალკოჰოლით გაჟღენთილი მასაც ბორგავს და თავ–კიდურებს ანგარიშმიუცემლად იქნევს..

ძლივს გავედით სამშვიდობოდ ფინიშის სწორს და ბევრი ადგილობრივისგან განსხვავებით წითელ იტალიურ ფერარის ნაცვლად ჩვენს ფრანგულ, ლურჯ რენოში ჩავეკვეტეთ..

Monza (Part II)

IMG_2123მერე იყო P3. ლუისამ იპირველა, როსბერგს გადაცემებს კოლოფი გაუფუჭდა, ხოლო ადგილობრივი გულშემატკივრის გასახარად ნანდო მეორეზე გავიდა.

მაგრამ ტიფოზთა სიხარული ნაადრევი იყო – კვალიფიკაციაში ფერარი ისევ მაჩანჩალათა რიგებში აღმოჩნდა… პოული კი ნიკოს ერგო.

კიმის ათეულს მიღმა დარჩენას მწარედ მოთქვამდა ჩემს უკან მჯდომი ერთი იტალიელი..

ამასობაში GP2 კლასის ბოლიდების ძრავის ხმა აგუგუნდა, უფრო ხმაურიანი, ვიდრე F1-ის ახალი V6 ჰიბრიდული ძალური აგრეგატები.

პარაბოლის მოსახვევისკენ გადავიჩოჩეთ, ხალხი ხალვათად იდგა – ინტერესი ნაკლებია GP2-ის მიმართ. ყურადღებას ორი ქერა, მშვენიერ ფეხებზე შემდგარი გოგო იქცევდა. სანამ ცალი თვალი ტრასისკენ გვქონდა, გოგოები სწრაფი ნაბიჯით გაეცალნენ იქაურობას და ისე რომ ვერც მივეწიეთ, პადოკში გაუჩინარდნენ.. „აფსუს.. სტაფის წევრები ყოფილან…“

საღამოს, მონცას დატოვებისას, მატარებლის მოლოდინში ჩვენ „ნაცნობ“ გოგოებს ისევ გადავეყარეთ და ბევრი აღარც გვიფიქრია, გამოველაპარაკეთ. ერთ ერთი მათგანი მართლაც პადოკში მუშაობდა, თუმცა მისი შოტლანდიური აქცენტი ისეთი ძნელი გასაგები იყო, საუბრის შინაარსის გადმოცემა ნამდვილად გამიჭირდება – თავად მესამედიც ძნელად თუ მესმოდა და დაძაბული წამდაუწუმ ნათქვამს ვამეორებინებდი.. გულში კი ბრაზმორეული სკოტების ინგლისურს წყევლა კრულვას ვუთვლიდი…

მილანისკენ მიმავალი მატარებელი ჩამოდგა. დარწმუნებულები, ერთი გზა გვქონდა, მე და დათო ვაგონში შევედით, თავად ისინი კი ბაქანზე რომ დარჩნენ და შორიდან ხელი დაგვიქნიეს, – „მაშინ ხვალ ისევ პარაბოლას მოსახვევთან შევხვდეთ–თქო..“ ერთი ამის მიძახებაღა მოვასწარი. დავშორდით.

ბოლო დღე კი რეისის იყო და არც მე და არც დათოს არ გაგვხსენებია, არც პარაბოლას მოსახვევი და არც სკოტი ქერა მანდილოსნები და რბოლის მორჩენის შემდეგ, შემთხვევით, ტრეკზე ბოდიალისას უკვე მესამეჯერაც რომ გადავეყარეთ მათ –„აკი პარაბოლაო?!“ ერთი ეს გვითხრეს და ჩაგვიარეს.. მე კი ვიდექი და დამნაშავე ბავშვივით ვიღიმოდი..

თუმცა მანამდე ტრადიციული დილის რვა საათზე ადგომა იყო, მხიარული საუზმე და ერთსაათიანი გზა მონცასკენ… ტრეკზე რომ შევედით, პადოკის შესასვლელთან ხალხი ბუზებივით ირეოდა – პილოტების მოსვლის დრო იყო და აი პირველი მაგნუსენი გამოჩნდა, მას უბრალო პეჟოთი გროჟანი მოჰყვა, ლამის ერთ ერთ გულშემატკივარს რომ გადაუარა, ვინც ჯიუტად ფოტოს გადაღებას სცდილობდა. მუდარით აღმართა ხელები დაზარალებულმა ფანმა, იქიდან პილოტი იქნევდა ხელებს ბრაზმორეული – „აბა გამატარეო!!“

იქით მალდონადოს რობოტივით სიფათი გამოჩნდა, სხვა პილოტებისგან განსხვავებით, საჭეს ვიღაც სხვა მართავდა, თავად კი გვერდზე ეჯდა – „ალბათ არ ენდობიან“ – ქირქილებდა ხალხი. “Please, don’t brake the car!” – ხალხი ხორხოცით შეხვდა მორიგ წამოძახილ რეპლიკას.. ვინც ფორმულას თვალს ადევნებს, კი ეცოდინება, პასტორა მანქანების ლეწვით რომ არის უფრო სახელგანთქმული, ვიდრე რაიმე მიღწეული შედეგებით..

IMG_2324რბოლა კი ჰამილტონმა მოიგო, როსბერგი და მასა პოდიუმზე. ნიკომ ორი უცნაური შეცდომა დაუშვა შიკანაზე შესვლამდე და ასე გაატარა წინ ლუისი. თავში წინა რბოლის ინციდენტი ტივტივებდა.

ნანდო მალევე გამოეთიშა რეისს, იყვნენ ყურებჩამოყრილები იტალიელები. აი ბოლო წრეც და ტრეკის კარი გაგვიღეს – გიჟური ტემპით ვირბინეთ ბოლო მოსახვევიდან ფინიშის სწორამდე. ხალხის მასაში ვდურთე თავი და ჰიმნიც აგუგუნდა..

ხალხი “ფელიპეს, ფელიპეს”, ყოფილი ფერარელის სახელს სკანდირებდა.. ნიკოს კი გემრიელად უსტვინეს, ვინც იხტიბარს არ იტეხდა და ღიმილით წარმოთქვამდა სამადლობელო სიტყვას – ხალხის ღრიანცელში კაცი ვერაფერს გაარჩევდი, თვალები პოდიუმთან ჩაწიკწიკებული ათობით იტალიელი შხვართი ლამაზმანის მშვენიერებით ტკბებოდა..

IMG_2382ფინიშის სწორზე ხალხი დიდხანს არ დაიშალა, რომელიმე პილოტისგან ავტოგრაფის აღების იმედით იყვნენ გადაკიდებულები პიტსტოპის ღობეებზე. აი ნიკი ლაუდა, ფორმულა ერთის ცოცხალი ლეგენდა, ხელის ერთ გაწვდენაზე Sky Sport-ს აძლევს ინტერვიუს. პადოკის კლუბის ბარებიდან რამოდენიმე ათასეული ევროთი ჯიბეშემსუბუქებული მილიონერები გადმოყურებენ ტრასას.

ტრეკზე კი ჯერაც ასეულობით კაცი ირევა, დროშებით, ბანერებით შეიარაღებულები – ზოგი ძველი ძრავების ხმაურიან ხმის დაბრუნებას ითხოვს, სანახაობის გაფუჭებას ჩივის. ზოგიც პერსონალურად რომელიმე პილოტს ასე ღიად სიყვარულში უტყდება.. არის სამახსოვრო სურათების გადაღება, სიმღერა, ხორხოცი..

გარეთ გამოვედით, დათომ მაისურის ყიდვა მოინდომა. კარგად ნაყლაპში მყოფი ერთ ერთი ჯიხურის მენეჯერი მხიარულად დათანხმდა ევროს ნაცვლად დოლარი მიეღო და თანაც ისეთი კურსით უანგარიშა, ერთი 20% ფასდაკლება გამოვიდა.. სახეზე „მოსულა?!“ – რაღაც მსგავსი მიმიკა რომ დაგვეხატა, ბრიტმა მრავალმნიშვნელოვნად ტუჩზე საჩვენებელი თითი აიფარა – „ჩშშშშშ–ო, ოღონდ არავისთან გამამხილოთო“, შემოგვცინა, თვალი მხიარულად ჩაგვიკრა და დაკეცილი მაისური დათოს გამოუწოდა.

IMG_2488ვიწრო გზებით დასერილ პარკში ათეულობით პოლიციელი არეგულირებდა მოძრაობას, ხალხის ნაკადს ზრდილობიანად მიუთითებდა მათთვის განკუთვნილ ბილიკით ესარგებლათ.. ერთი ანჩხლი ასაკიანი პოლიციელი ქალი კი ონავარ ადგილობრივ ბავშვებს დასდევდა და აღშფოთებული მორალს უკითხავდა..

ეშხიანი გოგოები ათასნაირ სარეკლამო ბუკლეტებს არიგებდნენ, უფასოდ გეპატიჟებოდნენ სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელის დასაგემოვნებლად..

წამოსვლის დრო იყო.. სულ რამოდენიმე დღე გავატარეთ იტალიაში, მაგრამ საკმარისზე მეტი, რომ იქ ისევ ჩამოსვლის სურვილი ღრმად ჩაგებეჭდოს კაცს ტვინში..