ჰაერში გათხრილი სამარე

არც ეკონომისტი ვარ, არც ომის ექსპერტი.. მაგ განხრით შევძლო და რამეზე გესაუბროთ..

ისევ ავიაციას “მივაწვები”, სამოქალაქო ავიაციას..

მოკლედ მოგიყვებით – “რა ხდება რუსეთის თავს”…

ფრენას, გასაგებია, თვითმფრინავი ჭირდება.

რუსებს სამოქალაქო კომერციული ავიაციის სადღაც 730 ერთეული დასავლური წარმოების ბორტი ყავს.

აქედან 500-ზე ცოტა მეტი ლიზინგით, ანუ “ნასესხები”, “ნაქირავები”.

ხოდა ამ ჩვენმა “ძმებმა” ომი რომ დაიწყეს, დასავლეთმა – აბა ეგ თვითმფრინავები უკან დააბრუნეთო.

ამათ – არაო, არ დავაბრუნებთო, რუსეთში დაარეგისტრირეს და ფაქტობრივად 10 მილიარდის ღირებულების ქონება ასე მარტივად “მოიპარეს”.

ცა ხომ ჩაუკეტა ევროპამ და იქით შორს სხვა ქვეყნებმაც. ნუ შიდა გადაფრენების გარდა სად “წაესვლებათ” აბა?! სიტყვაზე ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, იქეთ ცოტა შორს – ეგვიპტე. რაღაც მსგავსი ქვეყნები (ჩვენი ცაც ჯერ “ღიაა” მათთვის).

მაგრამ ამ ქვეყნებშიც ვაი რომ ამ “მოპარული” ბორტებით ვერ იფრენენ – ჩვეული ამბავია, უცხოურ აეროპორტში შეიძლება “დააპატიმრონ” და ჩამოართვან ეს მოპარული თვითმფრინავ(ებ)ი

ანუ მთელი ეს ამხელა ქონება, მხოლოდ მათ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად “შერჩათ”. და აქვე კითხვაც იბადება – სათადარიგო ნაწილებს რომ ვერ მიიღებენ, დროთა განმავლობაში ამ ბორტებს როგორ მოუვლიან და საფრენად უვარგის ჯართად ხომ არ ექცევათ (და ეს, დიახ, გარდაუვალი პროცესია. მთელი ეს ქონება მალე სწორედ რომ ჯართად გადაექცევათ).. თუმცა დღეს “ასე შორს” ეს ჩვენი ძმები ვერ ფიქრობენ და მოკლევადიან პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებულები. დამარტყი?-დაგარტყი.. რეფლექსურად.

და უცხოეთში მოკლედ საფრენად მხოლოდ იმ ბორტებს გამოიყენებენ, რომელიც ამ “ოპერაციის” გარეშე ისედაც მათ ეკუთვნოდათ – უკვე შესყიდულ, ვალგასტუმრებულს. ანაც “სამამულო” წარმოების. პირველი ვარიანტი, რიცხვებს ახედეთ და როგორც ხედავთ, ცოტაა. თან დასავლური, ისევ ვიძახი, მალე ჯართად რომ შერჩებათ.

თავიანთი წარმოების კი?! თანამედროვე სერიული წარმოების ბოლო წლებში “სუხოი სუპერჯეტი” თუ შექმნეს (2008 წელს პირველი ფრენა, სადღაც 170 ერთეული აწყობილი მოდელი). დანარჩენი საბჭოური წარმოების, უკვე ჟანგად რომ არის ქცეული და ალაგ-ალაგღა გვხვდება ცაში, ისიც უფრო რომ სატვირთო.

პრობლემა რაშია? ეს “სუპერჯეტი” არაა შორეულ ფრენებზე გათვლილი თვითმფრინავი. სულ 100 კაცამდე იტევს და 3000-4500 კმ უწერია საფრენი მანძილი, რაც ავიაციაში საშუალო დისტანციად ითვლება.

ომის გამო ჩაკეტილი საჰაერო სივრცე ისედაც “აგრძელებს” და აძვირებს რუსების გზას (იხ. ფოტო), სიტყვაზე მოსკოვიდან სოჭიმდე აქამდე 1400 კმ თუ იყო დასაფარი, ამჯერად შემოვლითი ფრენის გამო სადღაც 2600 კმ. სტამბოლამდე კი 3500 კმ.

ეს ერთადერთი სუხოი სუპერჯეტი როგორ აფრინონ, სიტყვაზე ეგვიპტეში დასასვენებლად წასლვა რომ მოუნდებათ (შეძლებენ კი აწი.. ანუ ექნებათ კი მაგის ტრაკი)?!

გზად საწვავის შესავსებად, ადგნენ და, სოჭიში დიდი ჰაბის მოწყობა გადაწყვიტეს… სხვადასხვა რუსულ ქალაქებიდან ჯერ მანდ დაჯდებიან ბორტები, შეივსებიან ისევ საწვავით და გზას განაგრძობენ.. რამდენი ზედმეტი ხარჯია?! დრო?! ადამიანური რესურსი?!

ეს მხოლოდ მცირე მაგალითია მათი “პრობლემების”..

ხოდა, მე თუ მკითხავთ, მათი გზა ჯანდაბაში უფრო მიდის, ვიდრე სადმე სხვაგან..

რუსულ ავიაცაიას, ამ მოცემულობით, “ცაში საფლავი აქვს გათხრილი” და ახლა, გამოდის, რაღაც ხავსს ეჭიდებიან..

ვუყურებ რადარს და სულ უფრო ცოტა თვითმფრინავი შეინიშნება მათ საჰაერო სივრცეში და თვითმფრინავი ისეთი რამეა.. სადაც მშვიდობა და ჭარბი ფული ტრიალებს, იქაურობას “ეხვევა”.. რუსეთში კი…

What did you say..?!

ანუ ავიაცია, შეცდომები და მათ გამომწვევ მიზეზებზე ერთი-ორი სიტყვით

რამოდენიმე თვის წინ ძაან უბრალო ენით, მარტივ დონეზე მოვყევი, თუ როგორ არის საჰაერო ხომალდებით მგზავრობის უსაფრთხოების სისტემა აწყობილი და ამ ყველაფერში რა როლს ასრულებენ ავიამეთვალყურეები..

თუმცა დღეს უკვე ვჯდები და “მედლის მეორე მხარეზეც” მინდა მოვყვე – ინციდენტებზე. კერძოდ რა შეიძლება გახდეს მცირე, თუ მძიმე ფორმის შემთხვევის მიზეზი..

ვისაც ფრენის გეშინიათ, ამ ნაწერს ნუ წაიკითხავთ, ან აქ რასაც ამოიკითხავთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ პრობლემების პრევენციაზე სპეციალისტებსაც აქვთ ნაფიქრი, თან გაცილებით მეტი, სისტემა საიმედოდაა დაცული და ძალიან ბევრი არასასურველი მოვლენა უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, რომ შედეგად ფატალური შემთხვევა მივიღოთ…

წვრილმანები კი… წვრილმანები არ ითვლება.. და თუ ამ შეცდომების მიზეზებზე გაინტერესებთ, ზოგად, თუ ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გახმიანებული სუბიექტური აზრები, აგერ ამ გვერდის ჩაკითხვას დიდი დრო არ დასჭირდება..

შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული და მათ შორის, რა თქმა უნდა, არც ავიაციის სფეროში მომუშავე პერსონალია გამონაკლისი. სინამდვილეში უსაფრთხოების ჯაჭვში სწორედ რომ ადამიანია მთავარი სუსტი რგოლი და ტექნოლოგიურზე მეტი პილოტის, მეთვალყურის თუ ინჟინრის შეცდომის შედაგად ხდება ესა თუ ის ინციდენტი.

ზოგადად ადამიანის ბუნებაა მიდრეკილი დაუშვას შეცდომა და დღეს ავიაციაში ამ შეცდომისთვის არც არავის სჯიან (თუ მაინცდამაინ ჩ.კორეის მკვიდრი არ ხარ, ან სამსახურებრივ გულგრილობას, თუ ბოროტ განზრახვას არ აქვს ადგილი).

მოვლენ უსაფრთხოების კაბინეტის ბიჭები – “აი აი” თავს გადააქნევენ, სტატისტიკისთვის რეპორტის ბლანკს შეგავსებინებენ, ფორმალურ სწავლებაზე გაგიშვებენ და Welcome Back. ინციდენტის შესწავლისას კი ეცდებიან იპოვონ, რა იყო შეცდომის გამომწვევი მიზეზი და რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს – ყოველშემთხვევაში ასეა იდეალურთან მიახლოებულ სამყაროში.. ვალოდიას რუსეთი და მასეთი ქვეყნები, ისევ ვიძახი, მაგალითად არ გამოდგება.

შევეშვათ ჩრდილოელი მეზობლის გასაჭირს და საქმეზე გადავიდეთ…

მე, მეთვალყურე

საღამოა, ორმოცი წუთი აეროპორტამდე, ანაც მეტი – საცობებს გააჩნია..

მეტეო და ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაში გახარჯული რამოდენიმე წუთი და სამუშაო დარბაზში ვაბიჯებთ..

და ეგრევე, მომენტალურად სტატისტიკურად ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკული მომენტს მივადექით – ცვლის გადაბარებას, როდესაც უკვე დაღლილი, გაბეზრებული პერსონალი სამუშაო პოზიციას ახლადმოსულ, დასვენებულ სმენას უთმობს: -“როგორც ხედავ, მოკლედ ყველაფერი რიგზეა, მიხედე აბა..” და ამასობაში რატომღაც დიდი წილი კონფლიქტების სწორედ ამ მონაკევეთში ხდება, როდესაც – “ყველაფერი რიგზეა”…

წესები.. წესები.. იმდენია, რომ ცალკე ბლოგს გააკეთებდა კაცი მათ მოსაყოლად (საინტერესო რომ იყოს). სიტყვაზე, როგორ უნდა მოხდეს იგივე ცვლის სწორად გადაბარება.. და როცა წესის დარღვევის თემას ვეხები, რა თქმა უნდა გარდა სმენის ჩაბარება/მიღებისა, პრობლემა უამრავ სხვა კერძო შემთხვევასაც ეხება.

უმრავლესად წესების ჩამოყალიბება, როგორც უკვე ზევითაც ავღნიშნე, წარსული ცუდი გამოცდილების გაანალიზების შედეგად ხდება და მათი დიდი წილი პრაგმატული და საკმაოდ სასარგებლოც არის, იყო დაზღვეული შეცდომის დაშვებისგან – მიყვე ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯერ ეს გააკეთე, მერე ის.. ” რა დამრჩა?! ა, ჰო ახლა ამას ვამოწმებ.. რამე ხომ არ გამომრჩა? ყველაფერი რიგზეა?! – რიგზეა! ” და Voila!! დიიდზე დიდი პროცენტი სუპერდაცული ხარ რამის მიქარვისგან..

მაგრამ მეგობრებო… გონიერი არსებისთვის რიგ შემთხვევებში სწორედ რომ ეს აზროვნების უნარი ხდება ხათაბალის მიზეზი.. რუტინა.. ათასჯერ რომ “ტყუილად” შეამოწმებ რიგ ხელსაწყოს და მუდმივად მწყობრშია. მერე ერთხელაც დაგეზარება, გაიფიქრებ – “ეს ხომ მუშაობს ხოლმე რა”,  და მაინცდამაინც იმ მომენტში აღმოჩნდება გაუმართავი.. გქონიათ არა ცხოვრებაში მასეთი შემთხვევა?!

ტვინი ყოველთვის მომართულია მის პატრონს საქმე გაუიოლოს. იწყებ დავალებების კომბინირებას, სელექციას – შენი აზრით რა წესის დაცვა ღირს, რა კიდევ მეორეხარისხოვანია და შეგიძლია დაიკიდო და ეს საქმისადმი სუბიექტური მიდგომა შესაბამის რისკებს წარმოქმნის..

და ამ შენი სუბიექტური მიდგომების პაკეტით რომ მიადგები სამუშაო პოზიციას და დაღლილ კოლეგას – “წაი წაი, მივხედავ აწი” სიტყვებით გაუშვებ.. სანამ სკამს მოირგებ, მონიტორს შენ გემოზე გააწყობ, რაღაც ჟურნალში ხელს მოაწერ, მცირედით, მაგრამ მაინც, ალბათობა, რომ რამე “გაგეპარება” იზრდება და ეს მცირედ გაზრდილი ნეგატიური ალბათობა მერე წლების მანძილზე დაგროვილ სტატისტიკაში საკმაოდ მსუყე პროცენტად მოჩანს..

მუშაობის პროცესში ითვლება რომ კრიტიკული ფაზაა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ზედმეტად გადატვირთული საჰაერო სივრცე, რაც ლოგიკურია – ადამიანის გონების რესურსი ლიმიტირებულია და დაძაბულ რეჟიმში შეიძლება შეცდომა მოგივიდეს და მეორე შემთხვევა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ე.წ. “მკვდარი საათებია”, როდესაც სულ ორი კინკილა თვითმფრინავი “დაღოღავს” ცაზე..

ასეთ მომენტში ადამიანი გასაგებია რომ დუნდები.. და ხანდახან ზედმეტადაც კი დუნდები. გონება იწყენს და ნაცვლად იმის, თვალის დანახული აღიქვას და გაიაზროს, სადღაც ფიქრებში ერთობა. ხომ გქონიათ მომენტი, წიგნის მთელი გვერდი ისე შეიძლება ჩაიკითხოთ, სიტყვასაც რომ ვერ გაიგებთ, რადგან ამ დროს ფიქრებში სადღაც სხვაგან დაქრიხართ.

და ამ დროს “ბიპ, ბიპ” და რაღაც საოცარი მანქანებით ეს ორი კინკილა თვითმფრინავი, მაინცდამაინც ერთ სიმაღლეზე, მაინცდამაინც ერთ გეოგრაფიულ წერტილში იწყებს შეხვედრას.. წითელი განგაშის მანიშნებელი ალარმი ინთება და გამოფხიზლებული, შემცბარი მერე ფაცხა-ფუცხით რადიკალურ ზომების მიღებას იწყებ დიდი პრობლემის თავიდან ასაცილებლად.. (ძაან გულთან ნუ მიიტანთ აქ ნაწერს, ვუტრირებ რა თქმა უნდა სათქმელი უფრო იოლად რომ მოვიტანო).

(პირველი ნაწილის დასასრული)