მაისიც

ცხოვრების ერთი თვეც მიილია და ბევრი არაფერი ახალიც არ მაქვს მოსაყოლი..

ჩემთვის დავაბიჯებ, ხანდახან ხალხსაც კი ვესაუბრები ხოლმე და ტვინი ფიქრებით მაქვს გამოტენილი.

ამდენი წლის მერე როგორ მოვედი ამ წერტილამდე?! წარმოდგენა არ მაქვს, პასუხებიც მითუმეტეს..

ან რა იქნება შემდეგი “წერტილი?!”

დღეს ნაყიდი წიგნი საწყობში ისე დამრჩა, ტრანსპორტშიღა აღმოვაჩინე, რომ რაღაც მაკლდა.. იდება იქ 2-3 თვე…

საოცარი მუსიკის მოყვარული, მაგრამ კონტრაბასს თუ მომაჩეჩებთ, ერთ ნოტსაც რომ ვერ გამოვცემ ისეთს, რის გამოც ეს მუსიკა მიყვარს მე..

ბევრ საინტერესო ამბავთავსგადახდენილი, მაგრამ იმაშიც კი ეჭვს რომ შევიტან, რეალურად კი, მართლა მე ვიყავი ამ ყველაფრის მონაწილე?!

ყოველი ლეგოს კუბიკი მიყოლებით, ლოგიკურად სწორად დალაგებული… მაგრამ ორი ნაბიჯი უკან და რაღაც ისე ვერ არის მთლიან სურათში.. უფერულად გამოიყურება… კი მაგრამ რა?!

და უბრალოდ დღეს ვასრულებ.. და მერე ვიღვიძებ, რადგან აღმოსავლეთის ჰორიზონტზე მზე ისევ ამოიწვერება და ილუზიების ნისლი სქლად ჩამოწოლილი სანამ აორთქლებულა, დილა გრილი და მშვენიერია.

აპრილიც

ჰო, არის პერიოდი, აი ასეთი.. წვრილმანები, მაგრამ მაინც ნეგატიურად რომ აიხორხლება ერთმანეთზე.

განა რამე განსაკუთრებული – უბრალოდ შევიყუჟები ჩემს ნაჭუჭში და წყნარად ველოდები ჩაიაროს ამ ყველაფერმა და მერე ისევ ყველაფერი ძველ კალაპოტს უბრუნდება. მშვიდს, შეიძლება ერთფეროვანსაც კი, მაგრამ, მაინც – უფრო სიწყნარის მომგვრელს.

სპორტი, გულშემატკივრობა – უმრავლესი ადამიანის ჩვეული ჰობია და პერიოდი, როდესაც ყველა განხრით საყვარელ გუნდს მიგიჩაგრავენ. გამორთავ სტრიმს ცოტა გაბრაზებული, მეორე დღეს უკვე თითქოს ყოველდღიურობას მშვიდად დაბრუნებული, მაგრამ, მაინც, სადღაც თაროზე შემოდებული ბრაზი.

სამსახურში ყბადაღებული პაკისტან-ინდოეთის კონფლიქტის გამო შემცირებული ფრენების ნაკადი და სრული უსაქმურობა, მახათის ათასგვარი ვარიაციები და რაც აქამდე საკმაოდ დიდი დოზით “სასარგებლო ადამინის” შეგრძნებას გიჩენდა, როდესაც რთულ სიტუაციებს გადაყრილი პროფესიული ნიშნით კარგად აგვარებდი საქმეს და ახლა – ამ ყველაფრის მინელება. რაღაც უფუნქციო ტიპად გადაქცევის შეგრძნება. თვითრეალიზებულ ადამიანად სწორედ რომ დიდ წილად პროფესია მაქცევდა.

პლუს მატერიალური წინსვლა – შეპირებული ყბადაღებული ხელფასები, რომელიც არ გვაღირსეს და მგონი არც გვაღირსებენ. გაურკვევლობა, როდესაც ჩემი სარგო პირდაპირი ინვესტიციაა ქვეყნისთის, რადგან ბიუჯეტი საზღვარგარეთიდან შემოდინებული თანხისგან შედგება და რასაც ვერ ვხარჯავთ, “უკან ვაბრუნებთ”. და ამის ფონზე სასაცილოა მენეჯმენტის პასუხი – “ეკონომიკის სამინისტროს თქვენი მაღალი ხელფასი თვალებში ცუდად ებლანდებაო”..

ქვეყანა, სადაც “კარგად ხარ”, არ არსებობს ცნება – რადგან ქვეყანაა მეგობრობის და უაღრესი გაჭირვების. გარშემო, სადაც ასობით ადამიანს აწეწილი აქვს ცხოვრება და ზიხარ და ვერ პოულობ შუალედს, სად გადის ემოციურ-მატერიალური ზღვარი მეგობრობასა და საკუთარი თავის მოტყვნას შორის.

ადამიანები, ვისაც უბრალოდ სიტყვებით ვერც მიაწვდი სათქმელს, სასაცილო სიტუაციაში ამოყოფ თავს.. და დრო კი, დრო უბრალოდ არ არსებობს სიტყვების გარეშეც გამოხატო ეს სათქმელი. და რაღაც საინტერესოს ედება მტვერი და ამ მტვერს არც უწერია ჩვრით როდესმე გადაწმენდა.

და თენდება დღე ერთი ჩვეულებრივი, ვივლებ სასიამოვნო ცხელ შხაპს, ფეხით მოსეირნე ვეფიცხები მზეს და ყველაფერი კარგად არის.. უბრალოდ რაღაც წილი მე გამქრალი და დაცოტავებული.

Boeing 737 MAX-ის უიღბლო დებიუტი

Boeing 737 ტიპის თვითმფრინავები მგზავრთა გადაყვანისთვის დღესდღეისობით ერთ ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მოდელია.

2017 წლის მაისში პირველი კომერციული ფრენა შეასრულა ახალი თაობის განახლებულმა Boeing 737-მა (Boeing 737 MAX).

სტატისტიკას თუ სწორად შევხედე უკვე 400 მდე ასეთი ტიპის ბორტია მიღებული ექსპლუატაციაში და 5 000 მდე კი დამზადების მოლოდინშია ავიაკომპანიებისგან დაკვეთის საფუძველზე.

დიდი დრო არ გასულა და 2018 წლის ოქტომბერში პირველი ფატალური კატასტროფა განიცადა ამ უახლესი მოდელის ტიპის თვითმფრინავმა, როდესაც Lion Air-ის Boeing 737 MAX აფრენიდან მალევე ჩაერჭო ზღვაში და 189 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შოკი დიდი იყო.

კიდევ უფრო დიდი შოკი, 2019 მარტში კიდევ ერთი Boeing 737 MAX-ის კატასტროფამ გამოიწვია, როდესაც Ethiopian Airlines-ის ბორტი აფრენიდან ექვს წუთში ჩამოვარდა და 157 ადამიანის სიცოცხლეც თან გაიყოლა.

სხვადასხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება, სანამ კატასტროფების მიზეზები არ დადგინდება, მივიდა გადაწყვეტილებამდე, შეწყვიტონ ამ ტიპის ბორტებით ოპერირება.

ორივე შემთხვევაზე ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ოფიციალური დასკვნა არ დადებულა. წინდაწინ მონაცემებით კი ყოველივე ამის მიზეზად ინჟინრების მიერ მოფიქრებული ახალი უსაფრთხოების სიტემა MCAS (Maneuvering Characteristics Augmentation System) გახდა.

რას აკეთებს ეს ჩვენი MCAS – როდესაც ხომალდის სიჩქარე კრიტიკულ მინიმუმს აღწევს (Stall Speed), და არაკონტროლირებადი ვარდნის საშიშროება წარმოიქმნება, ავტომატურ მანევრით ბორტი ცხვირს დაბლა წევს (სანამ პილოტი არ ჩაერევა მექანიკური ზემოქმედებით), რაც სიმაღლის კონტროლირებად დაკარგვას და შესაბამისად ფრენის მახასიათებლების შესანარჩუნებლად საჭირო სიჩქარის აკრეფვას იწვევს.

სამწუხაროდ დიდი ალბათობით სისტემამ, რომელიც უსაფრთხოების ასამაღლებლად იყო გათვლილი, პირიქით, უკუშედეგი გამოიღო.

სავარაუდოდ სენსორის არასწორად მიწოდებული ინფორმაციის გამო MCAS-მა “იფიქრა” რომ ბორტს არასაკმარისი სიჩქარე გააჩნდა და ვარდნის ასაცილებლად ცხვირის დაბლა დაწევა დაიწყო. არადა აფრენის ფაზაში არ გაქვს ფუფუნება ზედმეტი ასი-ორასი მეტრი დაკარგო – მიწიდან ძაან ახლოს ხარ და სანამ პილოტები მიხვდებოდნენ, რა ხდებოდა, ერთი ბორტი ზღვას “ჩაეხუტა”, მეორე – ხმელეთს.

ახლა დაჯდებიან გამომძიებლები და მიზეზებს დადებენ, მერე მწარმოებელი შესწორებებს შეიტანს და თქვენი ფრენა ამის ხარჯზე ბევრად უსაფრთხო გახდება – რადგან იგივე ტიპის შეცდომის გამო სიკვდილი თქვენ აღარ გემუქრებათ.

თუმცა ყოველივე ეს ალბათ იმ სამსაზე მეტი ადამიანისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია, ვინც ინჟინერთა არც თუ ჭკვიანური გათვლის გამო სიცოცხლეს უკვე გამოესალმა..

მშვიდობიან ფრენას გისურვებთ

დაცული: ამბავი ერთი ქარხნის

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

როგორი იყო მარტი..

ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაური

როდესაც სამსახურის ღამისთევები ისევ ყელში ამომივიდა, პატარა შვებულება დავწერე და მარტის თავგადასავლებიც ასე დაიწყო..

ღამენათევი პირდაპირ ქუთაისის გზას დავადექი – იმ დღეს იქით საქართველო-გერმანიის მატჩი იყო და როდის იყო სადმე წაბოდიალება დამზარებია.

დიდუბეში სოფო მელოდებოდა და გზასაც ორნი, მე და ჩემი ბიძაშვილი გავუყევით. რამოდენიმე საათი საუბარ-ძილ-ღვიძილში მალე გაილია და ქალაქის შესასვლელთან უკვე თემოც მელოდებოდა.

დრო ცოტა კიდევ გვქონდა და ჯერ შიმშილი მოვიკალით.. მაგრამ თურმე ვერ გავთვალეთ და პირველი ორი ლელოც ჩვენი სტადიონის შესასვლელის რიგში დგომისას დაიდო..

ქუთაისურ მატჩით მაინც დიდი სიამოვნება მივიღე – სავსე ტრიბუნა და თვალსასეირო ვარჯიშ-თამაში, ბორჯღალოსნების იოლი გამარჯვებით დასრულდა.

საღამოს რიონის პირას ვახშამი და სოფო თბილისის გზაზე ნოეს დავამგზავრე, მე კი თემოს მასპინძლობით ვისარგებლე და ორიოდე დღე იქაურობას შემოვრჩი.

შემდეგ დღეს რა უნდა გვეკეთებინა, მე და ჩემი ქუთაისელი კოლეგა მანქანას მივუჯექით და ასე უმიზნოდ გზას დავადექით – ჯერ ცაგერს ვუწიეთ, მერე კი იქიდან ამბროლაურში გადავედით. მიხვეულ-მოხვეულ მშვენივრად მოასფალტებულ გზას მივუყვებოდით და ბუნების სილამაზის თვალიერებით გულს ვახარებდით.

ამბროლაურში მშვენიერი რაჭული სამზარეულო დავაგემოვნეთ და ბედნიერებმა სხვა გზით ისევ ქუთაისისკენ ვქენით პირი და ასე ერთი დიდი საპატიო წრე შემოვარტყით იმერეთ-ლეჩხუმ-რაჭას.

ბარში თუ უკვე გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა, შაორი მოყინული და დათოვლილი დაგხვდა. ასე ათეულ წუთში ზამთარში ამოვყავით თავი.

მერე ისევ ბარად დავეშვით და ვერც გელათს ავუქციეთ გულგრილად გვერდი და საღამოს საკმაოდ დაღლილზე თბილისზე გაცილებით წყნარ ქუთაისურ სახურავზე წამომართულ კაფეტერიაში ვწრუპავდით ლუდს.

რაგბი ატოცში

თბილისში მობრუნებული ჯასა შემეხმიანა ნეტით – აქამდე ამ კაცს არც ვიცნობდი. იდეა გამანდო – “არ გინდა საოკუპაციო ხაზთან სოფლად რაგბის ჩვენება მოვაწყოთო.”

რუსეთთან ჯახი გვიწევდა და სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა ამ მატჩის ცხელ წერტილში მოსახლეობისთვის ჩვენებას.

თავიდან ცოტა ეჭვით ჩავფიქრდი – სულ სამი დღე გვრჩებოდა და იდეის გარდა ჯერ არაფერი არსებობდა..

ვიფიქრე და ადამიანი ასე ნდობას მიცხადებს, როგორ ვუთხრა უარი, ხომ უნდა არსებობდეს პრეცენდეტები, რომ თუნდაც აბსოლიტურად უცხო კაცს აჩვენო, რომ კარგი იდეის გარშემო გაერთიანება და მხარში დგომა შეგვიძლია.

მეორე დღეს დილაუთენია უკვე გზას ვადექით.

ჩავედით ადგილზე, იქ კიდევ ერთი ტიპი გამოგვეცხადა თანაორგანიზატორობის სურვილით. “აპარატურაზე დავრეკე და 1600 ლარს მთხოვენო..”

მშველელად ისევ კობა მომევლინა – “ბიჭებს ხელფასი მიეცით და ბენზინი ჩაუსხით, შენი არაფერი სხვა არ მინდაო”, ხარჯი სამას ლარამდე შემცირდა.

მოსახლეს მოველაპარაკეთ, აპარატურა ერთ ერთი ოჯახის ეზოში უნდა დაგვედგა.

დაიწყო ცოტა ნერვიული შემდეგი ორი დღე – გამოვა?! არ გამოვა?! არანაირი გამოცდილება რამე მსგავსის მოწყობის აქამდე არ მქონია.

თუმცა ეს ფიქრები გამგზავრების წინა დღეს სხვა გარემოში თავის ამოყოფამ ცოტახნით გამინელა – ახალი თავგადასავლის ძიებაში ბარიდან ბარში ალკოჰოლმოკიდებული რომ ვბოდიალობდი..

მეორე დღეს დილით ნაბახუსევზე ლამის კი ვინანე წინა დღის სასმელზე დახარბება – საჭეს უნდა მივჯდომოდი და აი მართვის მოწმობის ჩამორთმევა და დაგეგმილი საქმის ორგანიზებაში ახალი ხელშემშლელი ფაქტორის გაჩენა ნაღდად არ მაწყობდა..

სითხისგან გაჭყეპილი, ისედაც ვიგვიანებდით და ორ წუთსაც კი დავეშურე, გზად სადმე მიმეჩერებინა.. მძიმე საათნახევარი იყო გასაძლებლად..

მერე ატოცამდე გამართული ქართული საგუშაგოებზეც გავიარეთ პროცედურა და მატჩამდე ორი საათით ადრე აპარატურის გადმოლაგება დავიწყეთ.

ოჰ.. როგორ გამიჭირდება მოგიყვეთ, რა დაძაბული ვიყავი ის ორი საათი, როდესაც მთელი რიგი პრობლემები წარმოგვექმნა ტექნიკური და ამას საზიზღარი ამინდი, ქარი და წამოყრილი თოვლიც ზედ ემატებოდა.

“შევძლებთ?! მოვასწრებთ?! – არასასიამოვნო ფიქრები უფრო მიტრიალებდა თავში.

ჯასამ მენიუ.ჯი შეიგულა, ხალხის ტრანსპორტირება და საჭმელ-სასმელი რომ უზრუნველყო და ასამდე კაცი კი ჩამოვიდა სხვადასხვა ქალაქებიდან შეხვედრის საყურებლად.

მათ წინაშე დიდი იყო პასუხისმგებლობა, აღებული ვალდებულებისთვის თავი გაგვერთვა და რამე შეფერხებას ადგილი არ ჰქონოდა.

“აბა, გიო, დამშვიდდი, ჯერ ეს კაბელი გაჭიმე, მერე ეს დინამიკი დადგი – ჯერ რაც მაინც გასაკეთებელია, ის მოიშორე, სხვა პრობლემაზე შემდეგ იფიქრე..” და ასე ვაიძულე თავი ნაბიჯ ნაბიჯ მივყოლოდით სისტემის გაშლას.. მერე დენის პრობლემაც როგორღაც მოვაგვარეთ, სატელევიზიო სიგნალიც ავად თუ კარგად დავიჭირეთ და მატჩამდე წამებით ადრე მონიტორზე გამოსახულებაც აკიაფდა..

ნერვიულობის ერთი ტალღა ამით მორჩა… და დაიწყო შემდეგი – ქართულ-დათვური დაპირისპირების 80 წუთი.

წვიმა თამაშს დაღს ასვამდე და პირველი ტაიმის ბოლო წუთამდე შეხვედრაც თანაბარი იყო.. მიწურულს კი შერკინებით მაინც დავჯაბნეთ ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლები და გულშემატკივარიც მოხასიათდა.

მეორე ტაიმში კი წვიმაც შენელდა და ჩვენმა გუნდმაც თამაშს მოუმატა. უკვე აღანაირი კითხვა აღარ ჩნდებოდა, თუ იმ დღეს ვის დარჩებოდა მოგება და იქაურობაც გახარებულებმა დავტოვეთ.

მანამდე კი ატოცელ ბიჭუნებს რაგბის ბურთი ვუსახსოვრეთ და პატარა გაკვეთილიც ჩავუტარეთ ბურთაობის ანი-ბანის..

დასკვნებს, შეფასებებს აქ აღარ დავწერ, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა იმ ერთ დღეს ადგილობრივებისთვის და ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის, ვინც იქ შეიკრიბა, ან ასე დისტანციურად ვინც ვებსივრცეში გვადევნებდა თვალს..

საღამო მაინც ბარში დავასრულე, ლევანის მომზადებულ დიდებულ ჭაჭის კოქტეილებზე..

ჯაზანოვა

შემდეგი დღე ორშაბათი იყო, სინამდვილეში კარგი დღე და შემდეგი რამოდენიმე, არც თუ ისე კარგი..

ბარემ აქვე ვიტყვი – სახლში ლეიბი მივაგდე და ახალ გარემოში პირველი ღამეც გავათენე. ჯერ მხოლოდ მტვრის ყლაპვით გამოწვეული ხველება მახსენდება – მეორე დილით სველი ნაჭერით გამწარებულ-გაბრაზებული რომ ვწმენდდი ნარემონტალზე შერჩენილ ჭუჭყს.

და ამასობაში შაბათიც მოვიდა – დილით ელექტრიკმა სახლი მიმიშტეფსელა, განათებები მიმიმონტაჟა და სახლს შუქიც შეემატა. მერე იყო და ხალხურ სიმღერის გაკვეთილებსაც მივუსწარი და თორნიკემ გემრიელად გვამღერა. არც სპორტს და თაჩ-რაგბს გამოვაკლდი და ჩქარჩქარა დუშგადავლებულმა უკვე სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად გავწიე.

სიცარიელე განწყობაში. აი ასეთი იყო საქართველო-შვეიცარია და 0:2.

გემრიელ ლუკმად კი ჯაზანოვას კონცერტი იყო მოტოვებული მეგობრების გარემოცვაში რომ ამოვყავი თავი და კარგი ცოცხალი მუსიკაც მოვისმინე.

მერე ვერც ამჯერად ვუღალატე ტრადიციას, კონცერტმოლეულზე მუსიკოსები რომ მოვიხელთე და მეგობრული ერთი-ორი სიტყვა გავცვალეთ.

დილით კი მაღვიძარამ ისევ ადრიანად დარეკა და ბეეეევრწლიანი პაუზის შემდეგ აირსოფტის სათამაშოდ დელისისკენ გავემართე ძველი მეგობრების გარემოცვაში.

კოჯორში ციდან ფიფქები ცვიოდა და არც თუ სათამაშო ხასიათს გვიქმნიდა.

ცოტა მივითოშეთ, ცოტაც ვითამაშეთ და საღამოს უკვე შვებულებაგალეულზე სამსახურში მონიტორს ვეჯექი და აგრერიგად ნაცნობ ფრაზებით პილოტებს “ვეჭორავებოდი”..

ევროტური (III ნაწილი)

ტურინი

ტურინი მოჟამული ამინდით დაგხვდა.

აეროპორტიდან ფეხით მატარებლის სადგურისკენ წავედით. ხალხი შეთხელდა, ალაგ ალაგ თუ მოკრავდი ვინმეს თვალს. ერთი ბილეთების შესაძენი აპარატი იდგა და ისიც გაფუჭებული. ბაქანზე ავედით – “ტურინი” დიდად აწერია მიმართულებას. სავარაუდოდ ემიგრანტი ფერადკანიანი მაინც მე მეკითხება – “ქალაქში საიდან გადის მატარებელიო”. არ ვიმჩნევ იტალიური რომ არ მესმის, ხელით ვანიშნებ, სწორ ადგილზე დგახართქო.

უბილეთოდ წასვლას ვერ ვრისკავ და უნიფორმაში გამოწყობილ ტიპს მივადექი. დააძრო წინა საუკუნისდროინდელი ჩეკები და კალმით რაღაც მიაჯღაბნა. რამოდენიმე ევრო გადავუხადე და ცოტახანში მატარებელიც მოგორდა.

იუვეს გულშემატკივრობის ხათრით, სანამ მილანს გავეშურებით, აწ უკვე “ალიანსარენად” წოდებულ ბებერი ქალბატონის საშინაო არენაზე მინდა მოვხვდე. ქალაქში ტაქსი ფიზიკურად ვერ დავლანდეთ, ავტობუსზე კი მძღოლი ფულს არ იღებს და სამგზავრო ბილეთის შესაძენად აპარატები არც ქალაქში დაგხვდა.

ვდგავართ ასე, ვერ მივმხვდარვართ როგორ მოვიქცეთ – ისევ უნიფორმაში გამოწყობილი ტიპები დავლანდე. გამიმართლა – ძლიერი იტალიური აქცენტით, მაგრამ ინგლისურად მიპასუხა ერთ ერთმა. რთული სქემა დამიხატა, როგორ უნდა მოვხვდე არენაზე – ბილეთების დასტა გადმოალაგა.

ვიღაც მოხუცმა ჩაგვიარე – უკმაყოფილო სახით, ხელის აქნევით ეჯუჯღუნა კონდუქტორებს. აღშფოთებული ემოცია არც ამათმა დააკლეს, სამთითშეერთებული ხელის წინ და უკან ქნევას მოჰყვნენ და სულ “კომუნისტო” ეძახეს ხანშიშესულ კაცს.. გული კი დამწყდა, დავის მიზეზი და შინაარსი რომ არ მესმოდა, რა ჰქონდათ მოხუც “კომუნისტს” და ახალგაზრდა პატიოსან კონდუქტორებს გასაყოფი..

მერე იყო ლამის საათიანი დანჯღრეულ გზებზე ავტობუსით ჯაყჯაყი და მძღოლმა რომ გვანიშნა, აქ უნდა ჩამოხვიდეთო, ცოტა გულს კი შემომეყარა, ისეთ უბანში ამოვყავით თავი.

დავითას, მე და იაგოსგან განსხვავებით, ფეხბურთი სულ ერთ ადგილზე ახატია და იმ მოხუცის არ იყოს, ახლა უკვე ეს აჯუჯღუნდა – ვერბალურად მრავალფეროვანი სიტყვებიც შეგვაშველა, თუ რას ფიქრობდა ჩვენზე და ტურინის იუვენტუსზე..

ხოდა ამ ლანძღვის სმენას, ჩვენი “ფეხბურთის მოყვარული” მეგობარი მაკდონალდს შევატოვეთ – შიმშილს და დარდს ცოტა იქ მოიკლავდა, ჩვენ კი გზის გადაღმა აღმართულ ნაგებობისკენ ვდურთეთ თავი.

სამწუხაროდ სტადიონის ბოლო ტურზე ორი-სამი წუთი დავაგვიანეთ. არადა მანამდე მაღაზიებში რომ არ შეგვევლო, კი მივასწრებდით.

ასე წამოვედით ქალაქის ცენტრისკენ – ბებერი ქალბატონის არენაზე მოხვედრა გაურკვეველი წლებით მერისთვის იქეთ გადავდე.

ავტობუსი, ფეხით ცოტა სეირნობა და მატარებლის სადგურსაც მივადექით. სანამ ბინდი ჩამოწვა, ვაგონის ფანჯრიდან თვალისთვის უცხო ადგილების თვალიერებით ვიქცევდი თავს. ორიოდე საათიც და მალე უკვე მილანის ქუჩებშიც მივსეირნობდით.

წვიმიანი საღამო, დაღლილობა..

სამაგიეროდ ღამის სათევად მშვენიერი ბინა შეგვრჩა ხელში – დიდი აივნით და სივრცით.

მაცივარში ლუდი ცივდებოდა.

მონცა

ჩვენი არ იყოს სხვა ბევრი ტურისტიც დაბნეული დააბიჯებდა შაბათ დილით “მილანო ცენტრალის” ბაქანზე და ვერ გაგვეგო, მონცაზე რომელი მატარებელი გავიდოდა.

ბოლოს ძლივს ვიღაცამ ადამიანურად აგვიხსნა – აქ არა, გარიბალდის სადგურს მიაშურეთო. უკვე ცოტა არ იყოს ვაგვიანებდით.

ხალხით გადაჭედილი მატარებელი, რა გასაკვირი, უმრავლესად წითელში გამოწყობილი. ცოტაც და მონცაზე ვართ. ტრეკზე რიგებში დგომას და მსუყე თანხის ხარჯვას იქვე სადგურზე კაფეტერიაში დანაყრება ვარჩიეთ და უკვე ბედნიერები ისევ ხალხის წითელ ცოცხალ ზღვას გავერიეთ.

ოთხი წლის შემდეგ მონცაზე ისევ დავბრუნდი და უკვე ნაცნობ ტყე-პარკში ზურგზე ფერარის ლოგოიანი დროშაგადაკიდებული მივაბიჯებ.

თუმცა ტრეკზე შესვლისას დაცვამ უიმედოდ გაასავსავა ხელები: “ტარი, ბოდიში მაგრამ ვერ შეგატანინებთო, უნდა გააძროო”.

მე კი გაოცებული მზერით უკვე შემოწმებაგავლილ ტრიბუნისკენ მიმავალ ფანებს ვუყურებდი, ლამის სამსართულიან დროშებს ბედნიერები რომ მიაფრიალებდნენ.

პარაბოლას ვუწიეთ, მალე კვალიფიკაციაც დაიწყო და იყო ერთი მხიარულება და ხორხოცი ფერარიმ რეისის სტარტისთვის პირველ-მეორე ადგილი რომ “დაჯავშნა”

ერთი ის იყო, ჩემპიონობისთვის ფერარისტებისთვის სების პოული უფრო სასურველი შედეგი იქნებოდა, მაგრამ კიმიმ პატარა სასწაული მოახდინა და ფეტელს ცხვირწინ ააწაპნა სასტარტო მოწინავე ადგილი.

იქვე იყო ლუისაც, საკმაოდ მცირე ჩამორჩენით.

წინაკვირანდელი ფერარის დომინაცია ბელგიაში და სასტარტო მოწინავე ადგილი მხოლოდ იოლ გამარჯვების მოლოდინის გემოს ტოვებდა და ფანები იმასღა არჩევდნენ, კიმი რეისის დროს სებს ადგილს დაუთმობდა, თუ სპორტულ პრინციპებს დაიცავდა ფერარი და თანაგუნდელების სამართლიან რბოლას ვიხილავდით.

ამ დროს რას ვიფიქრებდით სინადვილეში კვირას ნეგროს ტრიუმფის საყურებლად თუ დავუბრუნდებოდით მონცას.

როდესაც სტარტზე სებმა ზედმეტი მოინდომა და კიმის მომენტალურად შეუტია, ცუდ ტრაექტორიაზე აღმოჩნდა და იქით გაუხდა ლუისას მოძალებისგან პოზიცია დასაცველი, რასაც პატარა კონტაქტი და სების 180 გრადუსიანი მოცურება მოჰყვა, შესაბამისად ბოლო ადგილი და რეისის ჩაფლავება.

ლუისამ კი ტემპი აკრიფა და კიმის “კუდზე მიაჯდა”. ფინელმა ზეწოლას ვერ გაუძლო, საბურავები ცვითა და ორი საათის შემდეგ ჩვენი ნეგრო პირველ ადგილზე იტალიელი ტიფოზების სტვენის ფონზე მოზეიმეც ვიხილეთ.

თუმცა ძაან წინ გავიჭერი..

მანამდე კი, შაბათ საღამოს, ჯერაც სულ სხვა მოლოდინებით აღსავსეებმა დავტოვეთ ტრეკი და კვალიფიკაციამოლეულზე გზად ნაცნობ სანაყინეშიც შევირბინეთ .. თავს ვერ დავდებ, ამ ოთხი წლის თავზე იგივე პერსონალი თუ დამხვდა იქ, მაგრამ ვინც იყვნენ, ეშხიანობა და სილამაზე არც ამ ახალებს დაეწუნებოდათ რამე და მერე ვერც იმას ვიტყვი, ნაყინის ჭამით თუ მათი ცქერით უფრო ვტკბებოდი შემდეგი რამოდენიმე წუთი (არა, ნაყინიც ძაან მიყვარს..).

ავტობუსი, მატარებელი, ისევ მილანს მივუბრუნდით.

დრო საკმაოდ გვქონდა და რაღაც კარტინგის ცენტრი დავძებნეთ, ლამის მალპენზას აეროპორტამდე ჩაგვიყვანა ტაქსმა, მისამართი რომ ვუთხარით.

აქ კი პირველობა თორნიკემ არავის დაგვანება. პრინციპში ცოტა დათოსთან მოუწია ჭიდაობა, თორემ მე რა, ჩემი მძღოლის უნარებით კონკურენციის გაწევა დაახლოებით ჰონდასძრავიანი მაკლარენით რამის მიღწევის ცდას წააგავდა – დავკატაობდი ჩემთვის წყნარად და ერთ-ორ ჩემნაირ მაჩანჩალა იტალიელს თუ ვუმწარებდი ჯერაც ბედნიერ საღამოს.

საღამო ბედნიერი აღარანაირად აღარ იყო ადრენალინმომატებულებმა და დაღლილებმა კარტინგის ცენტრი რომ დავტოვეთ და აღმოვაჩინეთ, გარშემო არც მეტრო, არც ავტობუსი, არა ტაქსია..

რას ვიზამთ?! წამოვედით ფეხით. კიდევ ხომ ერთ-ორ კილომეტრში ტრამვაის ხაზს გადავაწყდით და მალე თავიც სამშვიდობოს დავიგულეთ.

რეისის დღე

მერე იყო კვირა დღე, რომელზეც ასე თუ ისე უკვე მოგიყევით.. და ბევრად აღარც მინდა გავიხსენო..

თუმცა მანამდე მონცა რეისამდე უბრალოდ წითელ ფერში ჩაიხრჩო.. აი რა ადგილის პოვნა?! ხალხმა – დილის 8 ზე მოვედით და უკვე დასადგომ ადგილსაც ვეღარ იპოვიდიო.

მოლოდინგაღვიძებული იმდენი იტალიელი მოაწყდა იქაურობას, რეისს ცოცხლად უბრალოდ ვერ ვუყურე – ზღვა ხალხის კედელი იყო აღმართული ჩემსა და ტრეკს შორის, სადაც კი დადგომა ვცადე და ბოლოს ნერვებაშლილი ბალახზე წამოვკოტრიალდი და მონიტორიდან ვიხილე ფერარის ჩაფლავება.

იყო დიდი აღშფოთება და ხელების ქნევა, სება რომ დაბზრიალდა და მგლოვიარე სახაეები და აწ უკვე რეისის ბოლოს არც თუ ისე ამაყად მოფრიალე ფერარის წითელი დროშები.

და პარალელურად დავითა სიხარულის პიკში, ლამის მარტო რომ გულშემატკივრობდა ნეგრის ვერცხლისფერ მერსედესის შედევრ მანქანას…

და სულ სულ ბოლოს იყო კიდევ ერთი აფრენა.. და ქუთაისი.

ყაზბეგისკენ

დათქმულ დროზე მისვლა არავის მოგვსვლია აზრად, ერთი ნახევარი საათიც და დავიძარით. გზად მაღაზიაში ჩვენი ჭკუით ორი საღამოსთვის საკმარისი ალკოჰოლი გამოვზიდეთ – ვერ გავთვალეთ.

ჯერ რა გვიჭირს, არხეინად ვართ – გზა ასე თუ ისე თავისუფალია. მერე უკვე გუდაურისკენ მძღოლმა ისეთები ჩაატარა, “სვაიაკის” პასუხების გამოცნობის რა გითხრათ, თვალებდაქაჩული ნერვიულად გზას კი მივჩერებოდი – ერთ მოსახვევში ლამის პატრულის მანქანა შემხვედრზე რომ გავიტანეთ.

ბედად სიკვდილი იმ დღეს არ გვეწერა. საბოლოოდ მშვიდობით ჩავაღწიეთ ყაზბეგს და Oishe ჰოსტელის კარებს მივადექით. სასიამოვნო ხალხი დაგვხვდა მასპინძლად. თუმცა მათთვის რამდენად ასევე სასიამოვნო იყო ჩვენი სტუმრიანობა, ცოტას კითხვის ნიშანს დავსვამდი.. არა, ისეთი არაფერი გვჭირდა, უბრალოდ გამთენიამდე სახლი აკლებული იყო და ფარატინა კედლებს არ მგონია მასპინძელთა ტკბილი ძილი ჩვენი ხმაურისგან დაეცვა.

მას შემდეგ რაც შიმშილს მოვერიეთ, ხელად ნაირნაირი სამაგიდო თამაშები გაიშალა. თუმცა “სპლენდორის” ოთხეული სკამის დასაკავებლად თავიდანვე რიგები შეინიშნებოდა.. სიჭინავას აზარტი ყველაფერზე მაღლა იდგა და მის წუწუნს როგორც წესი თან გამარჯვებაც მოჰყვებოდა და ატკაცუნებდა მერე კმაყოფილი თითებს და სახეზეც ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.

მე კი უაზარტობას ტონიკში გაზავებული ჯინით ვუტევდი და საკმაოდ წარმატებულადაც, როდესაც მეორე ჭიქაზე ჩემს თავთან იმის აღიარებაც მომიწია, რომ კაი გვარიანად შეზარხოშებული ვიყავი..

ამ დროს საპიკნიკე ვარიანტ დინამიკიდან ნაირნაირი სტილის მუსიკა იღვრებოდა.. გააჩნია ვისი მობილური იყო მიბლუთუზებული და რიტმას აყოლილი ჯინიანჭიქაჩაბღუჯული ვირწეოდი და სახლიც ირწეოდა..

სიზმარშიც ჩავიძირე, თუმცა გონების ჯერ კიდევ ფხიზლად დარჩენილი მცირე ცნობიერი ნაწილი პუხლიკას თეატრალურ გამოსვლას და აღფრთოვანებული პუბლიკის ხორხოცს აღიქვამდა და იყო ერთი დომხალი გონებაში.. და იმ ღამეს გარეთ ქარიც მაგრად მძვინვარებდა და მგონი ეგეც კი მედარდებოდა – სახურავი თუ წამოგვხადათქო..

რა გასაკვირი დაღლილმა თუ გავიღვიძე.. დილით, ნუ ხო კაი თითქმის დილით… ორ საათზე ანუ.

მისწრება იყო ცოტა გასეირნება.. მითუმეტეს ქარიც მიწყნარდა და მზე დაგვნათოდა.

ელიას მთა არც თუ მთა აღმოჩნდა, რომ ფეხით ასვლა გაგვჭირვებოდა. თუმცა თვალი გვატყუებდა, ლამის გერგეთის სწორზე გვეგონა ვიყავით.

მზე გადაიწვერა, დაბლა დავეშვით. ბავშვურ ამჩატებას ვერ მოვერიეთ და ჭიდაობამ მალე თოვლში ამოგვგანგლა მე და ლაშა.. მთელი ორგანიზმი მაგრძნობინა კისერში ჩაყრილი გამდნარი თოვლისგან დაგორებულმა წვეთმა.. სახლში დროზე მივასწარი, სანამ სველი ტანსაცმელი მიმეყინებოდა.

ცხელი შხაპი, ორგანიზმი გაცოცხლდა..

მერე მოსაღამოვდა კიდეც და რომელიღაცა კალენდრით მორიგი ახალიწლის შესახვედრად სავახშმოდ სუფრას მოვუსხედით. პუხლიკა ალაგ-ალაგ გიტარას მოიმარჯვებდა და სპონტანური ლირიკით გვახალისებდა. ხანაც კორო რამე ცნობილ კომპოზიციას ააჟღერებდა და ჩვენი სიმღერით მასპინძელთა ხვედრს ალბათ კიდევ უფრო მძიმედ ასატანს ვხდიდით.

დილის ექვსი საათი მალე მოიპარა..

და თვალისდახამხამება და ისევ იმ “მარშრუტკაში” იგივე მძღოლს ვეჯექით, აქეთობისას ლამის საიქიომდეც რომ მიგვაცილა..

უნდა ითქვას, ამჯერად აღარ ეჩქარებოდა და უკუგზაც უფრო მშვიდობიანი გამოდგა..

ევროტური (II ნაწილი)


Amsterdam

ორიოდე საათი გზაში და ჩვენს მანქანას შიპოლის აეროპორტში გამოვემშვიდობეთ.. აწი უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოგვიწევდა გადაადგილება. მატარებელით მგზავრობა და ამსტერდამის ცენტრალურ ნაწილში ამოვყავით თავი. გზის გასაგნებლად იქვე გოგონას რომ გამოველაპარაკეთ, ქართველი შეგვრჩა ხელში.

ცოტახანში ჩვენს სორო ბინაში ვიყავით დაღლილები გაშოტილები – ცოტა ძალები აღვიდგინეთ და ქალაქის დასათვალიერებლად გავწიეთ.. არც ჭამა იქნებოდა ურიგო. სულ ერთი საღამო გვქონდა აქაურობის სანახავად.

და ამსტერდამი იყო იმ ერთ საღამოს ისეთი, როგორიც ბევრი სხვა ჩვენნაირად ჩაბეტებული ტურისტვისთვის იქნებოდა.

კიდევ უფრო მოგვიანებით კი ოლი შემოგვეხმიანა, კიდევ ერთი ჩვენი კურსელი საავიაციო სკოლიდან, და რაღაც ბართან დაგვითქვა შეხვედრა.

როგორც ლამის ყველა ამსტერდამელიც, ოლივერიც ველოსიპედით მოგორდა.. მოგორდა რა, ერთი საათი ატრიალებდა პედლებს, ჩვენამდე რომ მოეღწია და სახლისკენ მიმავალსაც იგივე ელოდა.. კარგი ვარჯიშია, ლუდის დალევის შემდეგ მითუმეტეს..

“არა, მანქანა კი მყავს, მაგრამ აქ ისეთი ხდება, მეშინია ვინმე სხვა ველოსიპედისტი ჩემს კაპოტზე დაასრულებს ცხოვრებას და ისევ ასე ვარჩევ სიარულსო” – ვერაფერს იტყვი, ლოგიკურია.

მერე იყო ხორხოცი, ლუდის თანხლებით და ძველი ამბების გახსენება. ფაბიოსი არ იყოს, არც ოლივერს დაეწუნება იუმორი.

გვიანი იყო, გამოვუყევით ფეხით ისევ ჩვენი სახლის გზას.. ის ღამე ტკბილად, ჩვილი ბავშვივით უდტრვინველად გვეძინა, ღრმა ღრმა ძილით.

დილით კი ისევ შიპოლის აეროპორტი და ავტობუსი სახელად Easyjet იბიცასკენ ავიღეთ კურსი..

Ibiza

კონტრასტი დიდია – ჩრდილოეთში, თუ რამე თბილი მქონდა წაღებული, ყველაფერი ზედ მეცვა. ნისლიანი ცივი დღეები იდგა. იბიცა კი, რათქმაუნდა, მზით და სიცხით შეგვეგება. აეროპორტიდან გამოვედი თუ არა, უკვე უადგილო იყო ჩემი შარვალი და თბილი შემოსაცმელი.

კუნძული ავტობუსით გადავჭერით (სულ 20-30 კილომეტრი რომ არის სიგანეში) და Sant Antoni-ს დასახლებაში ამოვყავით თავი..

მერე კი ჩვენი სასტუმრო-სახლი დიდი ხანი ვეძებეთ.. ნომრები ლოგიკის მიხედვით არც იქ აწერია, ჩვენი თბილისის არ იყოს, და დავდიოდით ერთ ციდა ქუჩაზე აღმა-დაღმა უიმედო თვალებით..

ბოლოს როგორც იქნა მასპინძელმა ინება და ტელეფონზე მიპასუხა, “ah buenos dias.. you should ask for apartment rita..”

რიტა და ჯანდაბა, იქვე ორ ნაბიჯში ყოფილა – ოთახში შევლაგდით. შორტები ამოვიცვით და მე და იაგომ ზღვისკენ ვდურთეთ თავი.. ხუთასს მეტრში მივადექით სანაპიროს და ტურისტების რა გითხრათ და ადგილობრივები კი ბანაობდნენ ამ ურბანულ ნაწილში.. პლაჟიც არ ეთქმოდა, მაგრამ ბათუმის ზღვას შეჩვეულები ამას დაგიდევდით?! ვისკუპეთ წყალში და მგზავრობის დაღლილობა მოვიხსენით.

***

ქალაქი, მიუხედავად ტურისტული გარემოსი, კაფეტერიაში ჭამა, მაღაზიები, ევროპული საზომით საოცრად იაფი შეგვრჩა.. რასაც ვერ იტყვი სანაპიროს ზოლის ფასებზე.. შეზლონგი, ქოლგა.. ბოლო დღეს უბრალოდ უარი ვთქვით ამ ყველაფერზე და უკვე რუჯმოკიდებულები პირდაპირ ქვიშაზე, მზეს მიფიცხებულები, ემიგრანტი ნიგერებისგან ნაყიდ იაფფასიან უზარმაზარ ადეალაზე ვიყავით გაწოლილები..

ის 2-3 დღე სხვადასხვა პლაჟებს მივაშურეთ.. ისეთ ადგილებში ამოვყავით თავი, ისევ ეჭვით რომ გაგახსენდებოდა ბავშვობაში სკოლაში ჩანერგილი აზრები, რომ საქართველოს იქით, ბუნების ასეთი სილამაზე უბრალოდ რომ არ არსებობს..

ნეტავ რას გვერჩოდნენ, რატომ გვაბოლებდნენ?!

ბუნების სილამაზეს ვერც მკერდმოღეღილი გარუჯული გოგონების სიმრავლე აკარგვინებდა ელფერს.. უფრო რომ ჰარმონია იყო ამ ყველაფერში.. მე კი, ბედნიერი იმით, რომ კარგად ცურვა არ ვიცი და აქ კი ზღვა ისეთი წყნარი დამხვდა, არხეინად ვახერხებდი ზურგზე წამოგორებას და გულმოცემული ვიკარგებოდი რამოდენიმე ასეული მეტრი სიღრმეში და არხეინად რაჭულად ვუსვამდი მერე ხელს წყალზე გულაღმა გაწოლილი, მზის სხივებისგან თვალებმოჭუტული და ვფიქრობდი, რომ ბედნიერებას საკმაოდ კონკრეტული ფორმა გააჩნია..

ამასობაში მოსაღამოვდებოდა.. Cafe Del Mar.. მთელი ცხოვრება ამ ლეიბლის ასეულობით კომპოზიცია რომ გიწერია სახლში პერსონალურ კომპიუტერში და ცხოვრების სადღაც მესამე ათეულ წელს უცებ ზიხარ, ლუდს წრუპავ და DJ ცოცხლად გიმიქსავს ნაცნობ ხასიათის მუსიკას.. მზე იქით ჰორიზონტზე ზღვის ფონზე ნელნელა თვალს ეფარება და გრძნობ, რომ ბედნიერების განცდა ისევ სადღაც შენთან მახლობლად დაბოდიალობს..

Stephan Bodzin ამ გერმანელი DJ-ის ლაივს ამ ერთი წლის წინ თბილისში დავესწარი, თავზე რომ დაიმხო და საოცრად დაგვმუხტა ორსაათიან შოუთი თავისი ენერგიული მუსიკით.. ასე რომ არჩევანი, როცა სარეკლამო ბანერებს ჩავუარე, რა გასაკვირი, ერთ საღამოსაც ისევ Bodzin-ის სასარგებლოდ თუ გავაკეთე.

50 ევრო ბილეთში, 16 კოქტეილი, 12 პატარა ლუდი, 9 წყალი.. ეს ისე, ვინმეს თუ აინტერესებს რა ჯდება იქაურ გარემოში თავის ამოყოფა..

კლუბამდე რამოდენიმე ევროს საფასურად ღამის ავტობუსებს დაყავხარ.. ახალგაზრდობა იაფფასიანი სასმელით რომ ტყვრება, უკვე მოქოქილი რომ შევიდეს კლუბში.

მერე კი ადგილობრივი ბარიგებიც მრავლად დასუნსულებენ..

ღამის 4 საათი იყო ბუძია ბოძინი რომ სცენაზე ავიდა და ნაცნობი ცეცხლიც დაანთო.. ხალხის ზღვა როკავდა და ვინღა უყურებდა სიგარეტის ამკრძალავ ნიშანს.. იქაურობა ათასგვარად შეკეთებული სიგარეტის ბოლში ჩაიკარგა…

***

რამოდენიმე დღე და უკვე იტალიისკენ წასვლის დროც მოგვადგა.. დამუხტულ-განმუხტული, ორივე სიტყვა შეეფერებოდა ჩემს იქაურ მოგზაურობას..

ისევ აეროპორტი, EasyJet-ზე უარესი ავტობუსი RyanAir-ში შეგვპრესეს..

ერთი-ორი საათიც და სითბოდან ისევ ნისლიან, მოჟამულ გარემოში დავფრინდით..

ტურინი – ჩემი ბავშვობის კუმირი გუნდის ქალაქი – სად არ მიგიყვანს ახირებები ადამიანს.

ეს ჩანაწერიც აქ დავასრულოთ

ევროტური (I ნაწილი)

ბუდაპეშტი

პირველი გაჩერება ბუდაპეშტი იყო – სადაც ფრენებს შორის თორმეტსაათიანი შუალედი გველოდა და აეროპორტში ჯდომას, ქალაქში გასვლა ვარჩიეთ. მერე ოდრი და არანკაც შემოგვიერთდნენ და ნამგზავრზე გემრიელად მივირთვით ადგილობრივი გულაში. ცოტაც ფეხით გავისეირნეთ – “Chain Bridge” ოთხწლის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავიარე, დუნაიზე გაშლილი ღამის ბუდაპეშტის ხედებით დავტკბით და უკვე აეროპორტში დაბრუნების დროც ახლოვდებოდა.

ავტობუსით გზა, აეროპორტი – ღამის 2 საათი.. საცავში დატოვილი ბარგისთვის უნდა მიგვესწრო – მერე იკეტებოდნენ.. ფრენა დილის 6 საათზეა.

დაღლილები, დაზომბებულები ავღოღდით ჩვენს თვითმფრინავში. ვიზეარის გეითები რაღაც ქარხნის ანგარ-ცეხს უფრო წააგავს, ვიდრე აეროპორტს…

ფრენის დროს ოდნავ წაძინება – ისე ვიყავი გათიშული, არც აფრენა გამიგია, არც დაჯდომა.

ბრუსელში ამოვყავით თავი..

გენკი და სპა

ჰერცის ავტოგაქირავებას მივადექით, რაღაც რეზერვაცია მაქვს წინდაწინ გაკეთებული.

ბარათი გავუწოდე, სმს დავხედე – ლამის ორჯერ მეტია ჩამოჭრილი, ვიდრე რეზერვაციაზე იყო მითითებული:
– ” 50 ევრო – ბოდიში, რაღაც კალკულაციის შეცდომა იყოო, დაბრუნდებაო (?!)..”
– ” და 75?! ა, ხო, ეს არ იყო ონლაინ რეზერვაციისას აღნიშნული – სხვა ქალაქში აპირებთ მანქანის დაბრუნებას და მაგის გადასახადიაო”..

მოკლედ ჩვეულებრივი აფერისტები ძვირფას პიჯაკებში გამოწყობილები.

მოვაჯექით ჩვენ ფიატ-კაბრიოლეტს – 100 კმ/სთ-ის შემდეგ ყანყალს რომ იწყებდა.. დაღლილები კი ვართ, მაგრამ ნავიგაციაში მაინც სპას მისამართი ავკრიფეთ და პირდაპირ ტრეკზე დავუბერეთ.

ბრუსელი გვერდზე მოგვრჩა, საათი და მდელოებზე მოწყობილ პარკინგზე 10 ევროდ მივაჩერეთ ჩვენი “ფერარი” .. კი არადა ფიატი.

ალბათ ზედმეტია იმის მოყოლა არა, თუ რამდენად ლამაზ გარემოში ამოვყავით თავი, პატარა ბორცვებზე შეფენილი სოფლები და ლამის ტყეში აშენებული სარბოლო ტრასა.. გარშემო სულ სიმწვანე…

ამდენიხანი თვითმფრინავ-მანქანაში ჯდომისგან ფეხით გასეირნება გვესიამოვნა, თან ბილეთები რათქმაუნდა არ გვაქვს და ჰოპ გადამყიდველებიც აგვედევნენ.. ვებ-სივრცეში ვერაფერს იყიდი, ყველაფერი გადაყიდულია. ფასზე რომ დავიჯღანეთ, არ მოგვეშვა ეს კაი კაცი:

” – ო’რუჟი გინდათ არა?! წამოდით!” და მხნე, სწრაფი ნაბიჯით გაგვიძღვა წინ..

ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში ამოვყავით თავი, მაგიდასთან რამოდენიმე ადგილობრივი მშვიდად ხრუპავს ყავას. გადმოიღო ბილეთების დასტა “ბოსსმა”:
– “ო’რუუუჟ.. – პარასკევი-შაბათი სტენდზე, კვირას საერთო სივრცეში?! 200 ევრო?!”…

ეს პაკეტი სულ მცირე 500 ევრო მაინც ღირს ოფიციალურად ვებზე. არ უნდა მიმიშვათ მე მოლაპარაკებაზე, უკვე ჯიბეზე მქონდა ხელი, დათო რომ შეევაჭრა:
– “ასორმოცდაათი?!”,
– “180 და მოვრჩეთ..” – ღიმილით გამოგვიწოდა ბილეთები ჩვენმა ციდან მოვლენილმა მეგობარმა..

ბედნიერებმა გავაგრძელეთ გზა..

ამინდი კი უცნაური დაგხვდა, მთას რომ ახასიათებს. სამივე დღე ასე იყო – გაფანტულ ღრუბლებში მზე რომ შეიმალებოდა გადასაცმელ-ქურთუკიც არ გშველოდა, ისე აცივდებოდა. ხოლო როცა მზე გამოანათებდა, სიცხისგან ლამის მაისურაც გაგეძრო. და ეს ცვალებადობა ხშირ-ხშირად, დროის უმცირესი ინტერვალებით ხდებოდა.

ზურგჩანთით დავათრევდი სამოსს და თვლა ამერია, იმდენჯერ მომიწია “ამინდის შესაფერისად” გამოწყობა..

ამასობაში შემოწმებაც გავიარეთ და ინებეთ – სპა ფრანკორშამპის (სწორად ასე თუ იწერება?!) ლეგენდარული ტრეკი.. მიუხედავად იმის, რომ პარასკევია, მხოლოდ პრაქტიკების დღე, ხალხი მაინც ზღვაა.. ცოტა ლუდი, სენდვიჩები. უკვე სტენდზე ვზივართ – ფორმულა 1-ის ალბათ ყველაზე ცნობილ მოსახვევ-აღმართს ო’რუჟს დავყურებთ…

რამდენი წელი მიყურებია ტელევოზორში ამ ურთულეს მოსახვევში სუპერბოლიდები თუ როგორი გიჟური სიჩქარით ჩაიქროლებენ.. ვებერის საოცრებისთვის.. დიიიდი ყვერები რომ უნდა გქონდეს, რაც მან ალონსოს გასწრებისას ჩაიდინა..

და უკვე ამ ყველაფერს ცოცხლად ვუყურებ.. სუნთქვა რომ გეკვრება ყოველი ბოლიდის ჩაწუილებისას.. შაბათს კვალიფიკაციისას ჩვენს ცხვირწინ მოსრიალდა პერესი, მოულოდნელად წვიმამ რომ დაასველა ტრასა და კიდევ უფრო რთული გახადა მანევრირება..

ჩეკო კი სასწაულად გადაურჩა მძიმე ავარიას – საჭე ოსტატურად დაიჭირა და მანქანის ცხვირი სანტიმეტრებში აარიდა ბეტონის ყრუ კედელს. მთელ ტრიბუნას ემოციის ტალღამ გადაურბინა, სინქრონში სკამებიდან წამოცვენილი ერთ ორგანიზმად ქცეული ხალხის მასა..

პარასკევს კი გარემოთი ცოტა გული ვიჯერეთ და გენკისკენ ავიღეთ გეზი, დაღლილებს ძილი არ გვაწყენდა.

გენკი საათის სავალზე ქალაქია, ფაბიო გველოდა – იქ ყოფნისას სამი დღე გვიმასპინძლა.

უზარმაზარ ტყეპარკებით შემოსაზღვრულ უბანში ამოვყავით თავი, ლამაზ, კოხტა ორსართულიან სახლში დაედო ბინა ჩვენს დარტყმულ იტალიელ მეგობარს.

მარტო ამ ადამიანის ნახვად ღირდა ბელგიაში ჩასვლა – წლების წინ რომ ერთად ვსწავლობდით. გულიანი, ხალისიანი, მეგობრული ფაბიო..

ვითომ გაქურდეს და ამისგან “სტრესში” ჩავარდნილი სამსახურიდან დაეთხოვა და სახლს რომ მივადექით აივანზე გადმომდგარი ყურებამდე გაკრეჭილი “Kroeee kroeee!!!” თავის საფირმო შეძახილით შეგვეგება..

“ჰეი ჰეი ჯორჯიიიი..!!” – სტრესის არაფერი ეტყობოდა.. “უფროსი მომკლავს, რომ გამიგოს!..”

ვივახშმეთ, ცოტა ლუდი მოვწრუპეთ და ლამის ორი დღის უძილოები მოსასვენებლად მივწექით.

შემდეგი ორი დღე სტანდარტულად დილით გზა ტრეკისკენ გვქონდა. საღამოს კი გენკში ვბრუნდებოდით და ფაბიოს და მის მეგობრების კამპანიაში ვატარებდით.

შაბათის კვალიფიკაციაც და კვირის რეისიც ფერარის დარჩქა – ფეტელმა მოგება იზეიმა და თითქოს ჩემპიონატს ინტრიგა დაუბრუნდა.. მაგრამ ეს ილუზია ერთ კვირაში მონცაზე დაიმსხვრა..

საღამოს ფაბიოს სახლის აივანზე გადმომდგარი გარემოს სიმშვიდით ვტკბებოდი ხოლმე და გულში ვფიქრობდი, ახლავე ხელს მოვაწერ აქ ცხოვრებაზე, არჩევანი რომ მქონდესთქო.. პარალელურად თბილისის სტრესული ბეტონის ქალაქი მახსენდებოდა, უსაშველო საცობებით და კიდევ უფრო მენანებოდა იქაურობა მხოლოდ სამიოდე დღით რომ გამხდარიყო ჩემი რეალობა..

ორშაბათიც გათენდა. ფაბიოს სტრესმა არც ამ დღეს მისცა საშუალება, სამსახურში წასულიყო. ჩავლაგდით ჩვენ თეთრ-წითელა ჯუჯა ფიატში, გამოვემშვიდობეთ გულითად მეგობარს და ნავიგატორი ამსტერდამისკენ მოვმართეთ..

Busy Day

ხშირად მითქვამს – მუშაობის დრო უმეტესად მექანიკურ საქმეს ვაკეთებ, რაც სირთულეს არ წარმოადგენს და რუტინული ქმედებების ჯაჭვის მეტი არაფერია.. თუმცა იშვიათად, მაგრამ არის ისეთი მომენტები (ზაფხულში განსაკუთრებით, როდესაც ფრენების რაოდენობა საოცრად იმატებს), როდესაც ისეთ სიტუაციასთან გვიწევს განმკლავება, თვის ბოლოს ხელფასს რომ სუფთა სინდისით ავიღებ..

მაგალითად გუშინ, საღამოს ნაკადი იყო, თითქოს დიდი არაფერი. მაგრამ ცოტაც და ერთ წერტილში ერთბაშად ოთხი საჰაერო ხომალდი უშლიდა ერთმანეთს ხელს და პარალელურად კიდევ ერთი პოტენციური კონფლიქტი იყო გადასაჭრელი.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ევროპაში ერთ სიმაღლეზე ორი ხომალდის უსაფრთხო დისტანცია 5 მილია, ჩვენთან კი ორმაგი – 10, რაც სივრცის საკმაოდ დიდი მოცულობაა და მოუხერხებელი, რამე მოიმოქმედო.

10 მილი სადღაც 18 კილომეტრის ტოლფასია. სარადარო სურათი კი 4-5 წამიში ერთხელ ნახლდება. ამ დროში კი ბორტს უკვე სადღაც კილომეტრი აქვს დაფარული, ანუ მონიტორზე სურათის სიზუსტე არცთუ სანდოა და გამოდის თავის დაზღვევის მიზნით ხშირად 22-25 კილომეტრიან სეპარირებას აკეთებ ადამიანი, შესაბამისად შენი სამოქმედო არეალი კიდევ უფრო მცირდება და ლავირების საშუალება გეზღუდება.

ამას იმიტომ ვწერ, რომ ქვემოთ მოყვანილ სურათებში შეილება საჰაერო სიტუაცია არც თუ ისე “საშიშად” გამოიყურება, მაგრამ, მერწმუნეთ, სინამდვილეში საოცრად მცირე მანძილი და დრო გრჩება ხომალდების მარცხნივ-მარჯვნივ “გასაჩოჩებლად” და ყველაფრის სასურველ ინტერვალებში “ჩასაწყობად”..

დავუბრუნდეთ გუშინდელ დღეს:

რადიოსახმისით “პობედას” სომხეთში, გიუმრის აეროპორტისკენ ჰქონდა გეზი და ჩვენ ზონაში დაიწყებდა დაშვებას.

ერევნის აეროპორტიდან “სვერლოვსკი” აფრინდა კრასნოდარისკენ და ჩვენ ზონაში მოუწევდა სიმაღლის აკრეფვა – შესაბამისად პოტენციურად “პობედას” შეუშლიდა ხელს დაშვებაში.

თბილისიდან თურქეთის საჰაერო ზონისკენ მიმავალი “მაივეი” აფრინდა და “პობედას” შეუშლიდა ხელს დაშვებაში. ასევე მოგვიანებით “სვერლოვსკთანაც” ერთ წერტილში ერთ სიმათლეზე შეილება აღმოჩენილიყო.

თბილისიდან “მაივეის” ფეხდაფეხ ასევე თურქეთის ზონისკენ მიმავალი “აირზენა” აფრინდა და რათქმაუნდა ისიც “პობედას” შეუშლიდა დაშვების ფაზაში ხელს.

ამ “ცხელი” წერტილის გარდა, მცირე კონფლიქტი სხვა გეოგრაფიულ ადგილზეც მქონდა, როდესაც ნელ “აზერბაიჯანს” მკვეთ ტრაექტორიაზე “კატარი” უშლიდა ხელს..

ტელეფონზე კოორდინაცია, კონფლიქტის გადაჭრის გზაზე დაფიქრება, პრედიქცია, ხელსაწყოთი გაზომვა, ქმედება, რადიოსიხშირეზე გასვლა, მითითებულ ინსტრუქციაზე პილოტების ზუსტი რეაგირება.. ამ ყველაფერს დრო მიაქვს.. დრო კი არც თუ ისე ბევრი გაქვს, როდესაც საჰაერო ხომალდები დიდ სისწრაფეებზე მიქრიან და ყოველ 4 წამში ერთხელ რადარის განახლებული სურათი ხელახალ გაანალიზებას საჭიროებს.

ხელახალი გადაზომვა – “ხომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ?!” და თუ არა, რა კონტრქმედებას ვახდენ..

რისკი და ეფექტურობის ბალანსის დაჭერაა საქმე, თორემ ამფრენ რომელიმე ხომალდს ვახოხიალებდი 2 კმ სიმაღლეზე, მეორეს 2,5 ზე და ა.შ სანამ ერთმანეთს არ გაცდებოდნენ და მერეღა დავრთავდი სასურველი ეშელონის დაჭერის საშუალებას.. მაგრამ ეს ავიაკომპანიების ხარჯებს ზრდის და არც შენ ხარ “ბედნიერი” თუ როგორ “პროფესიონალურად” გადაჭერი პრობლემა..

ხოდა მერე ტვინის პროცესორი უბრალოდ ბევრად სწრაფად მუშაობს.. დრო თითქოს იყინება და ბრახ ერთი-მეორის მიყოლებით იწყებ ინსტრუქციების გაცემას..

“ყატარი” მარჯვნივ 10 გრადუსი” – დავიზღვიე თავი, მაგის მიხედვის დრო აღარ მექნებოდა.. დავივიწყე ეგ კონფლიქტი – “მიხედილია”, გადავერთე ძირითადზე..

“პობედა” დაშვებას მთხოვს – ვრთავ ნებას სასურველ სიმაღლეზე დაეშვას.

“სვერლოვსკი” რადიოზე გამოდის, არ ვაჩერებ სიმაღლის აკრეფვაში, დასავლეთისკენ ვაკეთებ რემარშუტირებას, შემხვედრ “პობედას” რომ ავაცილო. მაგრამ ვზღუდავ სიმაღლის აკრეფვის სიჩქარეში, “მაივეი”-ზე სწრაფი ვერტიკალური რომ არ დაიჭიროს, მასზე დაბლაა და მინდა ეს “ბუფერი” შენარჩუნდეს – რადგან ჰორიზონტალური სეპარაცია არ გამოდის -“rate 15 hundred or less”..

“მაივეი” “პობედას” ცხვირწინ კრეფს სიმაღლეს – left 10 degrees .. rate 15 hundred or more.. მარცხნივ, რომ ისევ იმ ჯანდაბა “პობედას” ავაცილო, და “სვერლოვსკთან” მიმართებაში უკუქმედება – ვერტიკალში მინიმალურ რეიტს ვუწესებ უკვე ნახსენები “ბუფერის” შესაქმნელად..

აირზენა უკანაა ცოტა და შესაბამისად კუდში “ვუმიზნებ” “პობედას” – “right 10 degrees” – სცდება “პობედას” და მოგვიანებით უკვე სვერლოვსკს შეიძლება “შეხვდეს”, სწრაფადვე ვაბრუნებ მარცხნივ..

“ეს დასრულდა” – გადავერთე ისევ “ყატარზე”.. ვაბრუნებ ასევე მარშრუტზე, ზედმეტად რომ არ იბოდიალოს კურსაცელილმა..

აქ იოლად მოჩანს არა სურათი?! ხოო.. იქ უნდა იჯდეთ და ნახოთ რამდენი დეტალის გათვალისწინება გიწევს, რომ არ შეცდე და სწორი კალკულაცია გააკეთო.. მოსაყოლად მერე ადვილია.

სულ 10 წუთი გავიდა.. ამ პროცესისას გვერდზე ფრენების ხელმძღვანელი მომიჯდა, ჩუმადაა.. ე.ი. არაფერი “დავაშავე”..

გარეთ გამოვედი.. საშინლად ცხელა