ნაგოია-ტოკიო

ჯერაც ნაგოიაში ვართ, საწყისი დღეების სტრესის შემდეგ ძლივს თავისუფალი დღე გამოგვიჩდა – არსად ვართ წასასვლელები, არსად გვეჩქარება. წინა დღეების დაღლა თავისას შვება, პირველ საათამდე გაგუდულებს გვეძინა.

სანამ მოვფხიზლდით, ლამის საღამოს ხუთ საათს გადასცდა. ბინდდებოდა უკვე, ქალაქის ცენტრისკენ რომ გავწიეთ.

უსაგნოდ ცოტა ფეხით ვიბოდიალეთ და ლუდის მოსაწრუპად ბარში ვდურთეთ თავი. სამოას რუსეთთან გალაღებას ვუყურეთ – დაგვიჩაგრეს ჩვენი ჩრდილოელი “ძმები” კუნძულელებმა. იყო ერთი ოვაცია – ვინ იქნებოდა რუსების მხარდამჭერი იქ?! არც არავინ..

რაგბისგან დანაყრებულები საკვების საძებნელად გამოვედით – დრო იყო რამე ტრადიციულ კერძებს გავცნობოდით. აქამდე დროითი სტრესი არჩევანს არ გვიტოვებდა და რასაც გადავეყრებოდით, იქ ვიკვებებოდით – ანუ არაფერი იაპონური რომ არ ერია, ბურგერები და ა.შ.

ხოდა მოკლედ ნუ მომთხოვთ აღვწერო იმ საღამოს რა აღარ გავსინჯეთ – დარბოდნენ მიმტანები და ხმამაღლა გაუგებარ ფრაზებს გაჰყვიროდნენ ლოკალურ ენაზე, დახლს მიღმა კი მზარეულები ფუსფუსებდნენ და ხმაურიან ფრაზებს არც ისინი აკლებდნენ – იყო მოკლედ ერთი მხიარული გადაძახილ-გადმოძახილი.

თითომ ალბათ სამი კაცის სამყოფი საკვები გავანადგურეთ – ყველაფრის დაგემოვნება გვაინტერესებდა.

ერთ უცნაურობას აღვნიშნავ – ცოტა სასაცილოა ქართველი ამას რომ ვიძახი, მაგრამ ხომ, დღეს ასეა საქმე – ჩვენ უკვე ვერ წარმოგვიდგენია ბარებში და რესტორნებში სიგარეტის მოწევა – აქ კი არხეინად აბოლებენ, სამაგიეროდ ქუჩაში ვერ მოწევ. ნაგვის ურნა არსად არ დგას, ანუ რამის გადაგდება რომ გინდოდეს, უნდა შეინახო და სახლამდე მიიტანო.

შესაბამისად არც არავინ ჭამს ქუჩაში და არც ეწევა, გარდა სადღაც მიყუჟული ადგილებისა.

ბარემ იმასაც აღვნიშნავ, ინტერნეტში წაკითხული სტერეოტიპების ცოდნა აქ არაფერში გამოგადგებათ – იშვიათად, რომ მსგავსი გამოცდილებით იყო, როდესაც უკვე რეალური შეხება გაქვს ადგილობრივებთან.

მეგობრებისგან რიგი ხალხი იმასაც ელოდება, რომ აღფრთოვანებული ვილაპარაკებ აქაურობაზე და ალაგ-ალაგ კულტურულ შოკსაც ვახსენებ. მე ჩემი ტექსტით არავის ვაკნინებ – უბრალოდ ვყვები რასაც ვხედავ და როგორც აღვიქვამ.

კულტურული შოკი კი, ინდოეთში თვეზე მეტი ხნით მოგზაურობისას რომ დამემართა, შოკი აი მასეთი უნდოდა.

მთლად ჩემი პიროვნების დადებითი კუთხით წარმოჩენა არ გამომივა, მაგრამ მოდი ნუ შევალამაზებ ჩემს თავს და ისევ მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ – წლები და გამოცდილება ჩემს შემთხვევაში მიბლაგვებს ემოციებს და უფრო უბრალოდ ვხვდები და აღვიქვამ სიახლეებს, ვიდრე ეს შორეულ თინეიჯერობისას იქნებოდა თუნდაც. და ეს უემოციობა უინტერესო ტიპაჟად მაქცევს, მაგრამ ნუ ასეა და რა ვუყო.

იაპონიაში, გასაგებია, რომ პროგრესი და განვითარებისკენ მოწოდებული საზოგადოებაა და ამაში “უცნაურს” და ზედმეტად აღსაფრთოვანებელს ბევრს ვერაფერს ვხედავ – არამედ ლოგიკურს და სასურველს, თუ როგორ უნდა იყოს გარშემო სამყარო მოწყობილი.

ტურისტისთვის უბრალოდ სირთულეს დავარქმევდი ენის ბარიერის მომენტს – შეიძლება იმაზე მეტი ადამიანი საუბრობს სიტყვაზე ინგლისურად, ვიდრე ჩვენ პირველ დღეებში გადავეყარეთ, მაგრამ საწყისი გამოცდილება ასეთი გვქონდა და უკვე ამ განწყობით მოლოდინი აღარ მაქვს, რომ ინგლისურად მიპასუხებენ და შესაბამისად არც კომუნიკაციაში შევდივარ ვინმესთან – ზრდილობიანად თავს დავუკრავთ, გავუღიმეთ და ვიშლებით.

ასევე ჩვენი ქვეყნის ფონზე, ცოტა ძნელია აღიქვა მასშტაბები, რა მასშტაბებიც აქ ტრანსპორტირების სფეროშია და ვართ მუდმივ გაურკვევლობაში, მეტრო? მატარებელი? რეგიონალური ხაზი, ქალაქის ხაზი? სხვადასხვა ბილეთი, ხანაც გამოსასვლელში თანხის დამატება-დაბრუნება ფასის კორექციისთვის… აუფ, დავზოგავდი, შანსი რომ იყოს, ჩემს ნერვებს და ამ ყველაფერში გარკვევას არ ვისურვებდი.

ერთი რამ, რაც მართლა არასასიამოვნოდ მხვდება თვალში, პიკის საათის დროს, როცა სადგურები უბრალოდ ხალხითაა გადაჭედილი, რომ გახედავ, ლამის ყველა მობილურით ხელში და თავდახრილი დგას.. ხო, მეტყვით იქაც მასეა, აქაც მასეა, კი – რახან რამეს აღვნიშნავ, არ ვიძახი, რომ სხვაგან მსგავსი რამ თითქოს არ ხდება – უბრალოდ ვყვები რასაც ვხედავ.

ამასობაში ცოდვები წამომეწია მგონი და მაგარი ვცივდები…

გვიან მობრუნებულზე, სანამ ჩავლაგდით, გადაცდა შუაღამეს. დილის ხუთისკენ კი უკვე ფეხზე უნდა ვიყოთ. ფრენა გვაქს უკან ტოკიოსკენ.

პირველივე მატარებელს მივყვებით აეროპორტისკენ – თითქოს ცოტას ვაგვიანებთ, დრო ცოტა რჩება, მაგრამ თან ჩემთვის ვფიქრობ – შანსი არაა, რომ ვერ ესწრებოდეს, უფრო ადრიან მატარებელსაც დანიშნავდნენ მაშინ-თქო.

მართლაც, იმდენად სწრაფად გავიარეთ ყველა პროცედურა აეროპორტში, რომ საათიც კი ბუფერად დაგვრჩა და გეითთან ფრენის მოლოდინში ყუმებივით ვისხედით.

მკვდარივით გავითიშე, როგორც კი თვითმფრინავის სავარძელზე მოვკალათდი. აფრენის იმხელა ბიძგიც კი არ გამიგია, თვალი წამიერად რომ გავახილე, უკვე ტოკიოს თავზე ვეშვებოდით.

ძილღვიძილში მეტროთი მთელი ტოკიო გადავჭერით და აქაც რაღაც გარეუბნის ჰოსტელში ამოვყვაით თავი – მშვენიერი გარემო კია, მაგრამ მე გაციებამ კიდევ უფრო დამრია ხელი და წარმოიდგინეთ რა უსაქმური ვარ ჰოსტელს შეკედლებული, რომ ამხელა წერილის წერისთვისაც კი მოვიცალე – უკვე ერთი მეხუთე ჭიქა ჩაი გამოვცალე და მგონი რომ ნელ-ნელა მოკეთებსკენ წავალ.

ასე რომ, ტოკიოზე ჯერ ვერაფერს მოგიყვებით, მხოლოდ ჰოსტელის ფანჯრებიდან რასაც ვხედავ, ესაა ჩემი შთაბეჭდილება.

აბა დროებით.

საქართველო-უელსი

22 სექტემბერი

ოცდაათსაათიანი მგზავრობის შემდეგ გასავათებულები მივღოღდით სახლამდე.

ნაგოიაა პირველი გაჩერება, უფრო სწორედ რაღაც შემოგარენი ნაგოიას. გარშემო ორსართულიანი სახლები, ციცქნა ქუჩები და ბრინჯის ყანები.

ქუჩებივით ციცქნაა ჩვენი სახლის ოთახებიც. კაცი ნორმალურად ვერ გაიმართები, რამეს არ დრუზო თავი. იქით ხმაურის ინდიკატორი გვიდგას – მეზობლები რომ არ შევაწუხოთ, თორემ მერე ჩივიანო.

გარშემო კია სიწყნარეზე სიწყნარე – ალაგ-ალაგს ველოსიპედზე წამოსკუპებული უცნაურად გამოწყობილი ბებო თუ ჩაირახრახებს – საჩრდილავქუდჩამოფხატული, ცალ ხელში ქოლგაც მოუმარჯვია და კიდევ უზარმაზარი სხივებისგან დამცავი ხელთათმანებიც წამოუცვამს.

კია შუადღეს მწველი-მწველი მზე და ტენისგან ჩახუთული ჰაერი – აბაზანიდან გამოსული არ ხარ, უკვე ისევ წყლის გადასავლებლად მიგიწევს გული.

მოკლედ კლიმატი ჩვენთვის არც თუ ჩვეულია..

საღამომდე ძილს მივეცით თავი, მერე კი სხვა რა – საჭმლის ძიება დავიწყეთ და რაღაც ბარსაც მივაგენით – მენიუ მხოლოდ იაპონურად გაწყობილი, მეპატრონეც ინგლისურთან მწყრალად.. მოკლედ შარში ვართ.

პიცის ნაცვლად მაკარონი მოგვიტანეს. გაგვიმართლა – მშვენივრად იყო მომზადებული და მადაზე მოსულებმა ერთი-ორი პორციაც მივაყოლეთ.

ალმაცერად გვიყურებდნენ ბარში წამომჯდარი ადგილობრივები, სიგარეტს არხეინად აბოლებდნენ და თავსთვის ხმამაღლა ხორხოცობდნენ. არაფერი ამათ რაგბის ინტერესის არ ეტყობათ და ვინმე უცხოც ერთი ჩვენ თუ გვნახეს ალბათ იმ არეში მოხვედრილი.

ფორმულა ერთის სინგაპურის გრანპრი მიმდინარეობდა და მეპატრონემ ღიმილით მხრები აიჩეჩა – მასეთი არაფერი ვიციო. სამაგიეროდ იაპონია-აშშ ფრენბურთის მატჩს გვაყურებინეს, სადაც ამერიკელებმა იმარჯვეს, თუმცა დიდად მგონი არც ამაზე უდარდიათ იქ შეკრებილ ახალგაზრდობას.

მოკლედ პურნაჭამები წამოვედით, სანახაობა კი ისე დაგვრჩა – სხვა დროისთვის გადავდეთ.

23 სექტემბერი

გამოვეწყვეთ ქართულ ფორმებში, ქალაქის ცენტრისკენ დავადეთ თავი. მეტროდან ამოვედით და ძლივს ცივილიზაციის ნიშნებიც გამოჩნდა. ფული მივახურდავეთ, დავნაყრდით და ჯიბედასქელებულები ტოიოტასკენ გავეშურეთ.

მეტროში ფანებმა დაიწყეს კანტი-კუნტად გამონათება. ერთი ქალაქიდან ასე, მეორე ქალაში ტრანსპორტგამოუცვლელად ამოვყავით თავი. მაგრამ რაღაც სხვა ბილეთი გვიყიდია, გზის ბოლოს ქართულ ფულზე ლარნახევარი დაგვამატებინეს და სადგურიდან ისე გამოგვიშვეს.

და აი ეს უკვე სულ სხვაა – ფანობის ზღვა მიედინება. ძირითადში, რა თქმა უნდა, უელსელები ჭარბობენ. ადგილობრივებიც ბევრნი არიან, ხშირად ქართულ ფორმაში გამოწყობილები – ჩვენებურები კი აქა-იქ თუ გამოანათებენ. მოკლედ, თვალში არ გაგეჩხირებიან – ძაან ცოტანი ვართ ჩამოსულები.

თხუთმეტი წუთის სავალზე იმდენი იაპონელი გვეახლა ფოტოს გადაღების თხოვნით, აგერ საათი შემოტრიალდა და სტადიონის გეითს ახლაღა ვუწიეთ.

ლუდზე დაგვპატიჟეს, სუვენირები გავცვალ-გამოვცვალეთ. არც უელსები გვუკადრისობენ, მოდიან, მეგობრულად გვესაუბრებიან..

მოკლედ ერთი დიდი ზეიმია და ჩვენც თბილისიდან წაყოლიებულ ჭაჭის ბოლო წვეთებს ვცლით, იშტაზე მოსულები სიმღერის ხასიათზე მოვდივართ და სიმღერა რომ მიილევა, არის ერთი ტაში და ოვაცია გარშემო ხალხის.

მატჩზე კი არაფერსაც არ მოვყვები – ყველამ იხილა და მე შესაფასებლად დიდად ცოდნა არც მეყოფა. მარტივად – პირველი ტაიმი უბრალოდ ჩავისვარეთ, მეორე ტაიმი კი – ისეთი იყო, მილეულზე უკვე კომპლიმენტების სათქმელად რომ დაირაზმენ უელს-იაპონელები და იყო მეორე სერია ფოტოების, სიმღერის, ჩახუტებისა და სიყვარულის.

და კიდევ უფრო დიდი ჩახუტება, იძულებითიც კი, უკვე უკან ნაგოიასკენ გზაში იყო, როცა თბილისის მეტროშეჩვეულებსაც კი გაგვიჭირდა, ისეთ ჭყლეტვაში ამოვყავით თავი.

უხერხულად მიღიმოდა ლამის მკლავებში მოქცეული ციცქნა იაპონელი გოგონა, ზოგად ფონზე მის მიმართ სიტყვა ლამაზსაც რომ გაიმეტებდა კაცი.

უელსელების სიმღერას კი ბოლო არ უჩანდა და აქაოდა მარტო თქვენ ხომ არ ხართ-თქო, მცირე პაუზა ჩაგვივარდებოდა თუ არა ხელში, ჩვენც აქედან ქართულ ტექსტებს მივაშველებდით.. ხოდა ასე – ოთხნი მთელი ვაგონი უელსებელის წინააღმდეგ არათანაბარ ჭიდილში ვიხვითქებოდით და ენერგიის ბოლო წვეთებს ვწურავდით..

საათნახევარი გზა ასე გავლიეთ. ერთი სადგურიც და როგორც იქნა, მთელი უელსი ჩაიხიკა. დავრჩით ათიოდე იაპონელის ამარა და ერთიც ირლანდიელი – გვიღიმოდა და მერე იმანაც გვამღერა, “ძლივს ისინი მოვიშორეთ, აბა ერთი მანახეთ თქვენ რა კაცები ხართო”.. რაღას ვიზამდით – ხმაჩახლეჩილებმა ბოლო ბგერები ამოვახრიალეთ – იმან მაინც მოწონებით დაგვიქნია თავი და მომღიმარი ცერათითაწეული მიიმალა მორიგ გაჩერებაზე.

ამასობაში ჩვენი გაჩერებაც მოვიდა და ვაი რომ ჩვენი “სოფლის” მიმართულებით დავაგვიანეთ და ტრანპორტის ნასახიც აღარ იყო. ერთი ტაქსიღა გვრჩებოდა გამოსავლად. მძღოლმა რამოდენიმე კილომეტრში სულ ღიმილით ორმოც დოლარამდე წაგვცანცლა და სახლშიც სწრაფად მიგვაცუნცულა..

ხოდა ახლა ამ სიტყვებს რომ ვასრულებ, გოგა ისე ხვრინავს, ჩვენი ხმაურის ინდიკატორი სულ წითელს ანთებს და იმედია მეზობლებსაც უკვე ღრმა ძილით სძინავთ… ამას ხვალე გავიგებთ, ვინმე ბებომ თუ მოგვიკაკუნა..

დღეისთვის სულ ეს იყოს..

მოკლედ არიგატო გოძაიმას, მგონი ასე იტყვიან აქაურები ჩემო ძვირფასო მკითხველო-სან, ამ ნაწერსაც აქვე გავასრულებ..

(გოგა ჩაწყნარდა)

21 სექტემბერი

ალბათ ერთი მეშვიდე საათი გადის, ამ ახალთახალ A350 ში ვზივარ – ხომ, ცოტა არ იყოს, გაბეზრებული.

ბოლო თვეების სამზადისმა იმდენი დრო წაიღო, გადამწვარს აეროპორტში მიმავალსაც არ მქონდა მოგზაურობის შესაფერისი განწყობა.

მგონი ზედმეტი მოვთხოვე საკუთარ თავს..

სანამ მზე დასავლეთისკენ მიესვენა, ირან-ავღანეთის ხრიოკ ლანდშაფტს დავყურებდი, სიმწვანის ნასახიც რომ არ იყო ფერთა გამაში.

ახლა კი ჩინურ გაჩახჩახებულ ქალაქ-სოფლების ცქერით “ვტკბები” და მალი-მალ სანავიგაციო მონიტორსაც ვამოწმებ – თუ რა დროა დარჩენილი ხმელეთზე დაშვებამდე… მინიმუმ კიდევ სამი საათიო..

ხოდა ათი დოლარი და მისი ჯანი – ისევ გლობალურ ქსელზე ხარ მიერთებული და აგერ დროის მოკვლის რა ხერხს აღარ მივმართავ – მობილურზე ამ ტექსტის აკრეფვაც კი დავიწყე..

და რაღა მოვყვე ამ კაფსულაში გამოკეტილმა ადამიანმა?! ალბათ ჯობია ისევ დაგემშვიდობოთ და რამე სხვა გასართობით შევიქციო თავი..

დღის მიწურულს

საჩუქარს, რასაც ჩემი თავისთვის ვაკეთებ, წელიწადში ერთხელ მაინც სადმე მოგზაურობაში წასვლაა.

ერთი დღეც და ამოვყოფ ხოლმე სადმე უცხო ალაგს თავს და ვერ ვიტყვი რომ იქ ჩასვლამდე ბევრი რამ ვიცოდი იქაურობაზე – ალბათ სათანადო განათლების არქონას მივაწერდი ამას, ან არასაკმარის ინტერესს, მომეძია საინტერესო ამბები და ისტორიები იქაურობაზე და ვარ მერე ცოცხალი ემოციის ამარა, რომელიც იქ სეირნობისას დაგეუფლება კაცს და მერე მერე ეს ყველაფერი სადღაც მეხსიერების ჯურღმულში ილექება..

წელიწადია სასექტემბროდ იაპონიაში საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობის მზადებაში ვარ, სადაც ბევრი გადაადგილება და ბევრი ადგილების მონახულება მელოდება და აგერ ისე მიიწურა აგვისტო, ტექნიკური დეტალები კი მოვაგვარე – ფრენა, დასარჩენი ადგილების დაჯავშვნა, მიმოსვლის დაგეგმვა, მაგრამ იქ ისე მიწევს წასვლა, თავად ქვეყანაზე ჯერაც ბევრი არაფერი ვიცი, გარდა ზოგადი ცნობებისა, რაც ნამოგზაურევ ხალხთან საუბრისას მოვიძიე.

ხოდა მეთქი, ასე არ შეიძლება, მანამდე წელიწადზე მეტი მარტინის ცნობილ “song ice and fire”-ის ხუთი უზარმაზარი წიგნის კითხვას შევალიე და დრო რომ გამომინთავისუფლდა, აწი მოდი იაპონელ მწერლებისთვის მოვიცლითქო. ლიტერატურაში ხშირად ერის ხასიათი ჩანს, იქაურ კულტურას ეცნობი, სამომავლოდ ადგილობრივებთან სასაუბრო თემას იჩენ და ა.შ.

რჩევის მოსაცემად მეგობარს გავესაუბრე, მურაკამის და მიშიმას შემოქმედებას ადრე ვარ გაცნობილი, სხვა მწერლებზე დავეკითხე.

მაღაზიაში მისულს კი მისი რჩევა მაინც გადამავიწყდა – “იშიგუროც კარგია, მაგრამ ეგ უფრო ბრიტანელ მწერლად ითვლება, იქ გაზრდილი კაციაო” – სწორედ კაზუოს წიგნამოჩრილი დავბრუნდი სახლში.

გადავფურცლე და მართლაც – შემრჩა ინგლისელი ბატლერის ისტორია, წმინდა ბრიტანულ რეალობაზე დაწერილი, არაფერი იაპონური იქ ნახსენები რომ არ იყო.

გამეცინა, ჩემი გეგმა ასე უცებ რომ ჩაფლავდა, დაწყებული წიგნის მიტოვებაც დამენანა – კითხვას შევყევი.

და იქნებ ძაან საჭიროდ წასაკითხ თემასაც გადავაწყდი, აი ასე, “შემთხვევით”, ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს კაცს, უკან მიგახედებს და მომავალშიც რაღაცეების გადაფასებისკენ გიბიძგებს..

მანამდე კი, კიდევ ერთხელ შევკრავ ჩემს ბარგი-ბარხანას, აქაურ რეალობის გაქცევის კიდევ ერთ უშედეგო ცდაში. ცოტახანი ბედნიერი ვიხეტიალებ სრულიად უცხო გარემოში და მერე…

მერე კიდევ ერთხელ მომიწევს დაფიქრება.

ყველაზე მოკლე მოგზაურობა

წინა ღამენამუშევარმა რამოდენიმე საათი წავუძინე და გამთენიისას ისევ ფეხზე ვიყავი – აირზენას ეკიპაჟს ფრენაში უნდა გავყოლოდი. წელიწადში ერთხელ სამსახურიდან ასეთი ახალი ვალდებულება დაგვიწესეს პილოტების საქმის უფრო ახლოს გასაცნობად, რაც იდეაში მომავალში მუშაობაში და უკეთეს კომუნიკაციის წარმოებაში უნდა დაგვეხმაროს.

აქამდე სულ ერთხელ, ლუფთანზას ეკიპაჟმა თუ მომცა საშუალება თბილისში დაჯდომის ფაზაში პილოტთა კაბინაში შევსულიყავი და რათქმაუნდა წესით ეს მომავალი ფრენაც საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ მომენტში დაღლილობა უფრო მძლავრობდა და ინტერესს ანელებდა – დაზომბებული ავღოღდი აირზენას ემბრაერში.

მზე ამოიწვერა და მალე ჩვენც ჰაერში ავიჭერით.

აფრენა-დაჯდომის ფაზა პილოტთათვის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია, როდესაც ხომალდი ხელით იმართება და ბევრი წვრილმანი რამ ხდება – კალკულაცია, პილოტირება, ფრთების მოდიფიკაციის ცვლილება, შასის გახსნა-დახურვა და ა.შ.

დანარჩენი კი?! კრუიზის ფაზაში შეგიძლია უბრალოდ იძინო.. ნუ ხანდახან სიხშირის შესაცვლელად რომ დაგიძახებენ, პასუხი უნდა გასცე და მორჩა. ვინანე, დროის მოსაკლავად წიგნი რომ არ წავიღე. ვიჯექი გაჯგიმული არც თუ კომფორტულ jumpseat-ზე და უძილობის დაღლილობას ვუძალიანდებოდი.

თურქ კოლეგებს რადიოზე ოდესელები ჩაენაცვლენ. მერე ბუქარესტის კონტროლს ბუდაპეშტი მოჰყვა, მერე ბრატისლავა და ჩეხეთსაც ვუწიეთ.

პრაღის აეროპორტში სულ ერთი საათით შევყოვნდით. მომენტით ვისარგებლე – აეროპორტის აპრონზე (სადგომი) ცოტა ფეხი გავშალე. მერე თბილისისკენ მომავალი მგზავრიც ამოიხიკა და სამსაათიანი ფრენის შემდეგ ისევ საქართველოს ვუწიეთ.

მგზავრობის დასრულებით უბედნიერესი გამოვბობღდი ვიწრო კაბინიდან – გულში ვფიქრობდი, რამდენი უნდა გადამიხადონ, პილოტობა მომინდესთქო.. ალბათ ძაან ბევრი. ჩემთვის წამება იყო ჯამში რვა საათი ერთ ადგილზე ჯდომა – კარგი პროფესია ამირჩევიათქო..

კი, ჩემი საქმეც “მჯდომიარეა”.. მაგრამ სინამდვილეში ხშირად დავბოდიალობ – ერთი ადგილზე ჯდომისგან გაბეზრებული ე.წ. სამუშაო პულტს გარშემო წრეებს ვურტყამ. პილოტის კაბინისგან განსხვავებით, ჩემს სამუშაო დარბაზში სივრცე დიდია, გარშემო კოლეგები ბუჟღაობენ და არის ერთი გადაძახილ-გადმოძახილი.

მოგშივდება? ვინმე შეგცვლის, ცოტას “წაისაჩკავებ”, სიგარეტს გააბოლებ. იქ კი?! საჭმელსაც კი კაბინაში მოგართმევენ..

მოკლედ დღის ბოლოს ფრენამოლეული უბედნიერესი მოვაბიჯებდი ხმელეთზე..

P.S.

ეს პატარა ვიდეოები აფრენა-დაფრენის დროს გადაღებული. ბოდიში, ეკრანსს არ ვუყურებდი და თბილისში დაჯდომა ფაქტობრივად რაც საინტერესოა, ის არ გადამიღია, მხოლოდ ხომალდის ჭერი ჩანს.. მაგრამ რაცაა ესაა.
..
თბილისიდან აფრენა (31L კურსით)
თბილისზე დაჯდომა (13R კურსით)
პრაღიდან აფრენა
პრაღაში დაჯდომა

ქორწილი ყაზბეგში


სეზონი შემოტრიალდა და გეზი ისევ ყაზბეგისკენ გვაქვს – რამოდენიმე დღის წინ კაკომ მომწერა, პატარა ქორწილს ვიხდი და აბა გელოდებიო. სამსახურის გარემოთი ვისარგებლე და პარასკევს წამსვლელ ხალხს დავემგზავრე. მე, მიხო, ქეთო და სიჭინიო ვზივართ მანქანაში და რამე თუ გვაწუხებს, ცოტა მოძალებული შიმშილის გრძნობაა.

გზად რაღაც რესტორანში სხვებიც შემოგვიერთდნენ, ცოტა წავიხემსეთ და საათში უკვე დანიშნულების ადგილას ვართ.

პატარა, კომფორტულ კოტეჯებში დავბინავდით და საქორწილო დეკორაციების გაწყობას შევუდექით. ზამთარში გატარებული მშვენიერი რამოდენიმე საღამოს შემდეგ სასტუმრო ოიშეს პერსონალი მეგობრულად დაგხვდა და აგერ ერთად დავფუსფუსობთ სტუმრების მიღებისთვის ადგილის გასაწყობად.

მალე მზეც მიიმალა და ისედაც გრილი ზაფხულის ფონზე, მოსაღამოვებულზე მთის სუსხმა გვაიძულა, თუ რამე თბილი სამოსი გვქონდა წაღებული, შევფუთნულიყავით და მერე გზად წაყოლიებულ ჯინსაც ხარბად მივეძალეთ.

ალკოჰოლმა და მგზავრობამ თავისი კვალი მაინც დაგვამჩნია და შაბათს ზარმაცულად გვიანობამდე მივეცით ძილს თავი – ისევ აკაკის მოწერილმა გვაიძულა ცოტა ავჩქარებულიყავით შემორჩენილი საქმის დასასრულებლად.

თავის მხრივ ანი და აკო ათასი წვრილმანის მოსაგვარებლად დარბოდნენ – საღამოს დაგეგმვა, საჭმლის გამზადება, დეკორაციის გაწყობა, და რა გასაკვირი, ამდენ წვრილმანზე ფიქრით და ორგანიზებით ცოტა დაძაბულობა თუ ეტყობოდათ.

ხოდა თუ რამე ჩემში უჟმურობა და სიზარმაცეა, გვერდზე გადავდე. ხელის შეშლის ნაცვლად, რომ მივხმარებოდი და მოვიქოქე.. მოვიქოქე კიდევ რბილად ნათქვამია.

ნელ ნელა სხვა სტუმრებიც მოიკრიბნენ და დათქმულ დროს ელიას მონასტერში ავიხიკეთ – ერთნაირ სამოსში გამოწკეპილი რამოდენიმე ათეული კაცი კარგი სანახავები კი ვიყავით.

ჯვრისწერის ცერემონიალიც გასრულდა და იქვე ფეხით სავალზე სამოქალაქო ქორწინების რიტუალის შესასრულებლად მდელოზე სახელდახელოდ გაწყობილ ალაგსაც მივაშურეთ.

ბუნებას ლამაზად ერწყმოდა ხის მორებით შეკოწიწებული სკამები – მცირე, მაგრამ სადა დეკორაციით გაფორმებული. საჯარო მოხელემ ჩვენი დაგვიანებით ცოტა აღელვებულმა სწრაფად ჩაარაკრაკა გაზეპირებული, მრავალგზის ნათქვამი ფრაზები.

და ცოტახანში რიტუალის ოფიციალურ მხარე მოლეულებმა ისევ ოიშეს ეზოს მივაშურეთ, სადაც ასევე სადად გაფორმებული გარემო და საჭმლის პატარ-პატარა ლანგარზე გაწყობილი დოზები გველოდა.

მალე ხალხის ფუსფუსის ხმაური სოლოს (სოლომონი) გიტარის ხმამ და მაგდას მშვენიერმა ვოკალმა გადაფარა და საღამოც მოიქოქა..

მერე იყო ბევრი ცეკვა, მხიარულება და მომღიმარე სახეები.. მაიმუნობის და სიცელქის ხასიათზე მოსული მე. ამ ყველაფრის ფონზე ვერავის რომ დავაჯერებდი, სინამდვილეში ერთგვარი უხასიათო უჟმურიც რომ გახლავართ. იშტაზე მოსულმა ბოლოს მიკროფონიც რომ მოვიხელთე და სპონტანურად რაღაც მოგონილი სიმღერაც მივახურდავე სოლოს მშვენიერი რითმის ფონზე..

კვირას დილით ბორჯომჩახუტებულებს გამოგვეღვიძა – დადებითი ენერგიით დამუხტულები გამოვუყევით ტურისტებით გადატენილ თბილისისკენ მომავალ გზას..

P.S.

მადლობა ჩვენს მასპინძლებს, სასტუმრო  ოიშეს პერსონალს

ასევე ვიზუალის შექმნისთვის ქოჩოს – ამ ჩანაწერის ფოტოც რათქმაუნდა მისგან არის “მოპარული”

მუსიკალური გაფორმებისთვის სოლოს და მაგდას

და რათქმაუნდა ანის და აკოს, ამ მშვენიერი საღამოს ჩუქებისთვის.

ზაფხულიც

უცნაური ზაფხული გვიდგას – ხშირად წვიმიანი და გრილი საღამოებით.. გაგვიმართლა თბილისში ჩარჩენილებს, ძილის დროს რომ არ ვიხარშებით..

მაგრამ ამინდის სიგრილეს, პოლიტიკური გარემოს პიკურ ტემპერატურაზე დუღული არ გვარგებს – ყველა მხრივ რომ იღვრება ჩვენს ცხოვრებაში და გემოს უფუჭებს ყველაფერს.

რუსთაველი და იქ აქციაზე დგომა ამ ქვეყანაში მგონი არასდროს დაკარგავს აქტუალურობას – ყველა მთავრობა “გვაძლევს” ამის მიზეზს, ვიდგეთ იქ მოთხოვნებით დახუნძლულები.

მაგრამ მთავრობის სიყეყეჩეს ვინ ჩივის, კიდევ უფრო დიდი დოზით სოც-გარემოს ათვისება და იქიდან ბოტ-დაზომბირებული “საზაოგადოების წარმომადგენელთა” მიერ რეალობის გადაკეთების და სხვანაირად მოწოდების მუდმივი ცდაა გამაღიზიანებელი.

იყო რვა ივლისი, როდესაც ავტობუსებით დაგვაშორიშორეს ზომბილენდის წარმომადგენლებს დანარჩენი საზოგადოება. წინა ღამით ნამუშევარი, გამოუძინებელი მივედი ოთხისკენ ადგილზე. რა მეგონა, გამთენიამდე თუ მომიწევდა იქ დგომა.. – თამაშში, აბა ვის უფრო მაგარი ნერვები აღმოაჩნდებოდა, მართლა იდეის ქვეშ გაერთიანებულ ხალხის ჯგუფს, თუ… ორკებად მონათლულ ჩვენს “ძმებს”..

არა, ვერ ჩავუღრმავდები ყველაფერს, სინამდვილეში ყველაფერი ეს რა დიდი დოზით იჭრება ნეგატიურად ჩვენს ცხოვრებაში.. ვერ მოვყვები ყველა დეტალს.. უბრალოდ აღარ მინდა აქ ამოვთხარო და კიდევ უფრო დავიმძიმო განწყობა.

ხოდა სხვა ყველაფერი წვრილმანზე წვრილმანად მოჩანს.. მოვყვე კი?! ვიზა რომ ავიღე და ჩემოდნებს შევკრავ მალე? აი ასე – სიტყვაც კი კმარა ამაზე. იქ სხვა ამბები?!.. სულაც სიცარიელე იყოს.

მაისიც

ცხოვრების ერთი თვეც მიილია და ბევრი არაფერი ახალიც არ მაქვს მოსაყოლი..

ჩემთვის დავაბიჯებ, ხანდახან ხალხსაც კი ვესაუბრები ხოლმე და ტვინი ფიქრებით მაქვს გამოტენილი.

ამდენი წლის მერე როგორ მოვედი ამ წერტილამდე?! წარმოდგენა არ მაქვს, პასუხებიც მითუმეტეს..

ან რა იქნება შემდეგი “წერტილი?!”

დღეს ნაყიდი წიგნი საწყობში ისე დამრჩა, ტრანსპორტშიღა აღმოვაჩინე, რომ რაღაც მაკლდა.. იდება იქ 2-3 თვე…

საოცარი მუსიკის მოყვარული, მაგრამ კონტრაბასს თუ მომაჩეჩებთ, ერთ ნოტსაც რომ ვერ გამოვცემ ისეთს, რის გამოც ეს მუსიკა მიყვარს მე..

ბევრ საინტერესო ამბავთავსგადახდენილი, მაგრამ იმაშიც კი ეჭვს რომ შევიტან, რეალურად კი, მართლა მე ვიყავი ამ ყველაფრის მონაწილე?!

ყოველი ლეგოს კუბიკი მიყოლებით, ლოგიკურად სწორად დალაგებული… მაგრამ ორი ნაბიჯი უკან და რაღაც ისე ვერ არის მთლიან სურათში.. უფერულად გამოიყურება… კი მაგრამ რა?!

და უბრალოდ დღეს ვასრულებ.. და მერე ვიღვიძებ, რადგან აღმოსავლეთის ჰორიზონტზე მზე ისევ ამოიწვერება და ილუზიების ნისლი სქლად ჩამოწოლილი სანამ აორთქლებულა, დილა გრილი და მშვენიერია.

აპრილიც

ჰო, არის პერიოდი, აი ასეთი.. წვრილმანები, მაგრამ მაინც ნეგატიურად რომ აიხორხლება ერთმანეთზე.

განა რამე განსაკუთრებული – უბრალოდ შევიყუჟები ჩემს ნაჭუჭში და წყნარად ველოდები ჩაიაროს ამ ყველაფერმა და მერე ისევ ყველაფერი ძველ კალაპოტს უბრუნდება. მშვიდს, შეიძლება ერთფეროვანსაც კი, მაგრამ, მაინც – უფრო სიწყნარის მომგვრელს.

სპორტი, გულშემატკივრობა – უმრავლესი ადამიანის ჩვეული ჰობია და პერიოდი, როდესაც ყველა განხრით საყვარელ გუნდს მიგიჩაგრავენ. გამორთავ სტრიმს ცოტა გაბრაზებული, მეორე დღეს უკვე თითქოს ყოველდღიურობას მშვიდად დაბრუნებული, მაგრამ, მაინც, სადღაც თაროზე შემოდებული ბრაზი.

სამსახურში ყბადაღებული პაკისტან-ინდოეთის კონფლიქტის გამო შემცირებული ფრენების ნაკადი და სრული უსაქმურობა, მახათის ათასგვარი ვარიაციები და რაც აქამდე საკმაოდ დიდი დოზით “სასარგებლო ადამინის” შეგრძნებას გიჩენდა, როდესაც რთულ სიტუაციებს გადაყრილი პროფესიული ნიშნით კარგად აგვარებდი საქმეს და ახლა – ამ ყველაფრის მინელება. რაღაც უფუნქციო ტიპად გადაქცევის შეგრძნება. თვითრეალიზებულ ადამიანად სწორედ რომ დიდ წილად პროფესია მაქცევდა.

პლუს მატერიალური წინსვლა – შეპირებული ყბადაღებული ხელფასები, რომელიც არ გვაღირსეს და მგონი არც გვაღირსებენ. გაურკვევლობა, როდესაც ჩემი სარგო პირდაპირი ინვესტიციაა ქვეყნისთის, რადგან ბიუჯეტი საზღვარგარეთიდან შემოდინებული თანხისგან შედგება და რასაც ვერ ვხარჯავთ, “უკან ვაბრუნებთ”. და ამის ფონზე სასაცილოა მენეჯმენტის პასუხი – “ეკონომიკის სამინისტროს თქვენი მაღალი ხელფასი თვალებში ცუდად ებლანდებაო”..

ქვეყანა, სადაც “კარგად ხარ”, არ არსებობს ცნება – რადგან ქვეყანაა მეგობრობის და უაღრესი გაჭირვების. გარშემო, სადაც ასობით ადამიანს აწეწილი აქვს ცხოვრება და ზიხარ და ვერ პოულობ შუალედს, სად გადის ემოციურ-მატერიალური ზღვარი მეგობრობასა და საკუთარი თავის მოტყვნას შორის.

ადამიანები, ვისაც უბრალოდ სიტყვებით ვერც მიაწვდი სათქმელს, სასაცილო სიტუაციაში ამოყოფ თავს.. და დრო კი, დრო უბრალოდ არ არსებობს სიტყვების გარეშეც გამოხატო ეს სათქმელი. და რაღაც საინტერესოს ედება მტვერი და ამ მტვერს არც უწერია ჩვრით როდესმე გადაწმენდა.

და თენდება დღე ერთი ჩვეულებრივი, ვივლებ სასიამოვნო ცხელ შხაპს, ფეხით მოსეირნე ვეფიცხები მზეს და ყველაფერი კარგად არის.. უბრალოდ რაღაც წილი მე გამქრალი და დაცოტავებული.

Boeing 737 MAX-ის უიღბლო დებიუტი

Boeing 737 ტიპის თვითმფრინავები მგზავრთა გადაყვანისთვის დღესდღეისობით ერთ ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მოდელია.

2017 წლის მაისში პირველი კომერციული ფრენა შეასრულა ახალი თაობის განახლებულმა Boeing 737-მა (Boeing 737 MAX).

სტატისტიკას თუ სწორად შევხედე უკვე 400 მდე ასეთი ტიპის ბორტია მიღებული ექსპლუატაციაში და 5 000 მდე კი დამზადების მოლოდინშია ავიაკომპანიებისგან დაკვეთის საფუძველზე.

დიდი დრო არ გასულა და 2018 წლის ოქტომბერში პირველი ფატალური კატასტროფა განიცადა ამ უახლესი მოდელის ტიპის თვითმფრინავმა, როდესაც Lion Air-ის Boeing 737 MAX აფრენიდან მალევე ჩაერჭო ზღვაში და 189 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შოკი დიდი იყო.

კიდევ უფრო დიდი შოკი, 2019 მარტში კიდევ ერთი Boeing 737 MAX-ის კატასტროფამ გამოიწვია, როდესაც Ethiopian Airlines-ის ბორტი აფრენიდან ექვს წუთში ჩამოვარდა და 157 ადამიანის სიცოცხლეც თან გაიყოლა.

სხვადასხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება, სანამ კატასტროფების მიზეზები არ დადგინდება, მივიდა გადაწყვეტილებამდე, შეწყვიტონ ამ ტიპის ბორტებით ოპერირება.

ორივე შემთხვევაზე ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ოფიციალური დასკვნა არ დადებულა. წინდაწინ მონაცემებით კი ყოველივე ამის მიზეზად ინჟინრების მიერ მოფიქრებული ახალი უსაფრთხოების სიტემა MCAS (Maneuvering Characteristics Augmentation System) გახდა.

რას აკეთებს ეს ჩვენი MCAS – როდესაც ხომალდის სიჩქარე კრიტიკულ მინიმუმს აღწევს (Stall Speed), და არაკონტროლირებადი ვარდნის საშიშროება წარმოიქმნება, ავტომატურ მანევრით ბორტი ცხვირს დაბლა წევს (სანამ პილოტი არ ჩაერევა მექანიკური ზემოქმედებით), რაც სიმაღლის კონტროლირებად დაკარგვას და შესაბამისად ფრენის მახასიათებლების შესანარჩუნებლად საჭირო სიჩქარის აკრეფვას იწვევს.

სამწუხაროდ დიდი ალბათობით სისტემამ, რომელიც უსაფრთხოების ასამაღლებლად იყო გათვლილი, პირიქით, უკუშედეგი გამოიღო.

სავარაუდოდ სენსორის არასწორად მიწოდებული ინფორმაციის გამო MCAS-მა “იფიქრა” რომ ბორტს არასაკმარისი სიჩქარე გააჩნდა და ვარდნის ასაცილებლად ცხვირის დაბლა დაწევა დაიწყო. არადა აფრენის ფაზაში არ გაქვს ფუფუნება ზედმეტი ასი-ორასი მეტრი დაკარგო – მიწიდან ძაან ახლოს ხარ და სანამ პილოტები მიხვდებოდნენ, რა ხდებოდა, ერთი ბორტი ზღვას “ჩაეხუტა”, მეორე – ხმელეთს.

ახლა დაჯდებიან გამომძიებლები და მიზეზებს დადებენ, მერე მწარმოებელი შესწორებებს შეიტანს და თქვენი ფრენა ამის ხარჯზე ბევრად უსაფრთხო გახდება – რადგან იგივე ტიპის შეცდომის გამო სიკვდილი თქვენ აღარ გემუქრებათ.

თუმცა ყოველივე ეს ალბათ იმ სამსაზე მეტი ადამიანისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია, ვინც ინჟინერთა არც თუ ჭკვიანური გათვლის გამო სიცოცხლეს უკვე გამოესალმა..

მშვიდობიან ფრენას გისურვებთ