Antibes

ახირებული ვინმეა ზოგადად ადამიანი.. რომიდან მადრიდში ამოვყავი თავი – უნდა გენახათ კარმენის გაოცებული სახე, თანამშრომლების მორიგ ჯგუფს სიმულატორების ოთახში რაღაცას რომ უხსნიდა, შემოტრიალდა და მე შემეფეთა, იქვე ჩუმად მდგომს და მომღიმარს..

მერე იგნასიოც მოვიდა და ჯერ პატარა კაფეტერიაში ლუდით გავიგრილეთ ყელი, შემდეგ კი ერთი ვინმე ბასკის რესტორანში წამიყვანა გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად. არის ესპანელებში ჩვენთვის დიდი დოზით შინაურული თვისებები…

აქამდე ნოემბერში მთელი თვე დავყავი მადრიდში და აწი როგორც მშობლიურ ქალაქში, ისე დავაბიჯებდი ცენტრში ბარიდან ბარში იაფი, მაგრამ კარგი ლუდის დასალევად..

მერე დავითა და პაატაც შემოგვიერთდნენ და გამგზავრების დროც დადგა – მთელი ეს მოგზაურობა ხომ მონაკოს ფორმულა ერთის გრანპრიზე დასასწრებად იყო წამოწყებული.

ხუთეული გავუყევით მანქანით შორ, მომქანცველ გზას. გადავჭერით ლამის ნახევარი ესპანეთი – სარაგოსა, მერე ბარსელონა უკან მოვიტოვეთ და საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროებს დავუყევით.

სახლი ნიცამდე, პატარა დასახლებაში ანტიბესში გვქონდა ნაქირავები. ‘ბეს’ (baise) ფრანგულად გაჟიმვას ნიშნავს, და როცა ქალაქის გადასახვევს ვეძებდით კითხვა–კითხვით, ადგილობრივები უხერხული ღიმილით იჩეჩავდნენ მხრებს – “მასეთი დასახლება აქ არ ვიცითო..”

ქალაქის სახელი “Antibes”, ხო.. – “ანტიბ”, რაღაც მასე უნდა გამოგვეთქვა თურმე..

ისევ GPS–მა გვიშველა.. “Tall”–ს მორიგი ევროცენტიანი ვუსახსოვრე და სულ რაღაც ოთხმოცათასიანი დასახლების ვიწრო ქუჩებს შევუყევით.

მალე კოხტა სახლსაც მივადექით, სადაც კიდევ ორი ქართველი – აკაკი და ზურა გველოდა, ალბათ საკმაოდ ხასიათგაფუჭებულებიც – ნიცას აეროპორტიდან ტაქსმა ოთხმოცი ევრო ისე აწაპნა, კიდევ სამადლობელოდ რომ დაუტოვა საქმე – “შუაღამეს პატივი გეცით და იცოდეთ იაფად წამოგიყვანეთო..”

წყლის გადავლების თავიც არ მქონდა, მკვდარივით მიმეძინა თორმეტსაათნამგზავრევს..

დილით თვალი რომ გავახილე და არე–მარეს მოვავლე, მივხვდი, მშვენიერ ადგილზე გვქონდა თავი ამოყოფილი და აფსუს რომ სულ რაღაც ორი დღით ვრჩებოდით…

ტურინელები ბერლინში, მე კი რომში..

14.05

აბა როგორი ამბავია?! თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ იუვე ლიგის ფინალში გავიდა – უნდა გენახეთ რამხელა ვიღრიალე მორატამ გამათანაბრებელი გოლი რომ გაიტანა. სადღა იყო ლუდის ბახუსი, ეგრევე გამოვფხიზლდი და ნერვიული ოცდაათი წუთისთვის მოვემზადე.

ბოლოს კი ყველაფერი ასეც დასრულდა და ახლა 6 ივნისს და ბერლინის ფინალს დაველოდები.

მხიარული წამოვედი მეგობრისგან – სახლში უცებ მივირბინე, წყალი გადავივლე და ჰერი აეროპორტისკენ. ჯერ რომი მელის თორმეტიოდე საათით და შემდეგ ისევ მადრიდი.

იუვეს 1993 წლის მაისურით, ზურგზე ათიანით, ბაჯოს გვარწაწერილი ვაპირებ მადრიდის ქუჩებში სეირნობას.

თუმცა ახლა თვითმფრინავში ჩასხდომის მოლოდინში მაინც მოწყენილობა მოცოცდა – ვის უყვარს მარტო მგზავრობა?! ხმის გამცემი რომ არ გყავს არავინ.

15.05

2ფრენა ძილში გავატარე, მაგრამ სამი საათი მაინც რას მეყოფოდა – რომში ფაქტობრივად ღამენათევმა ვიბორიალე.

დაშვებისას, რომ არ მცოდნოდა, ვერც წარმოვიდგენდი დედამიწის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქს რომ დავჩერებოდი ზევიდან – იმდენი სიმწვანე “ჭამდა” ნაგებობების წყებას. უბნებს შორის უზარმაზარი ტყე–პარკები იყო გადაჭიმული.

მერე კი კოლიზეუმი გამოჩნდა და მომენტალურად შთაბეჭდილების ქვეშ მომაქცია..

დავჯექით. დრო გაიჭიმა, სანამ გავარკვიე ქალაქის ცენტრისკენ როგორ წავსულიყავი. საბოლოოდ ავტობუსი, ოთხი ევრო და ერთ საათში “ტერმინის” მიდამოებში დავაბიჯებ.

თუმცა მანამდე საპასპორტე შემოწმებისას უსასრულოდ გაწელილი რიგი იყო. სხვაგან არსად მომწევია მაგდენხანს ყურყუტი.. რიგში ქართველი წყვილი თუ და–ძმა მომყვებოდა და მათთან ლაპარაკში ვცდილობდი დრო მომეკლა. გოგოს სახის უცნაური ნაკვთები ჰქონდა – წამიერად პროფილში სახე არასიმეტრიული და შეუხედავიც კი მოგეჩვენებოდა. მერე ოდნავ მზერის კუთხე შეიცვლებოდა და მისი სილამაზისგან მონუსხული ურცხვად მივშტერებოდი, სანამ დაჟინებულ მზერას არ შეამჩნევდა და უხერხულად თვალს არ ავარიდებდი..

კიდევ უფრო მანამდე კი ჯერ ალიტალიის პილოტმა შემომჩივლა, ბორტიდან ჩასვლისას რომ მივესალმე – “ძაან დავიღალე, ამ ღამეს უკვე მეორე რეისი შევასრულეო”, მერე კი იუვეს კეპს თვალი რომ შეავლო ტერმინალის შატლის მძღოლმა, მხიარულად ამიწია ხელი – “Forza Juve-ო” და ხალხით გადატენილი სალონის ნაცვლად თავისთან გვერდზე მოკალათების საშუალება მომცა.

ქალაქისკენ დაიძრა T.A.M.-ის ავტობუსი.. უერთიერთსაწინააღმდეგო აზრები ენაცვლება ერთმანეთს რომის თვალიერებისას. ჯერ გარეუბნების სიმწვანეში ჩაფლული გარემო გიზიდავს, მერე ცენტრის ცოტა მოუწესრიგებლობა და ჭუჭყი იწვევს იმედგაცრუებას.

ფეხით კი ძველი ქალაქის შემოვლისას, ძნელია აღფრთოვანებაში არ მოხვიდე. აბა ექვსი–შვიდი საათი რა საკმარისია რომის დასათვალიერებლად, მაგრამ ზოგადი შთაბეჭდილება მაინც შემექმნა იქაურობაზე.

1ახალს არაფერს ვიტყვი: ხალხი საოცრად ტემპერამენტიანი, ხმაურიანი – ავტობუსის მძღოლი
უნდა გენახათ, რა ემოციურად ატრიალებდა საჭეს და თან გინებასაც აყოლებდა, ვინმე გზას თუ გადაუჭრიდა.
– მაკდონალდსის გამყიდველი თან მემსახურებოდა, თან კოლეგებს საქმეს ურჩევდა..
– ქუჩის მხატვარი ბუშტებით მოვაჭრეს მოქმედების არეალს ედავებოდა და “არგუმენტირებულად” მიუთითებდა, ამ ხაზის იქით შენი ფეხი არ ვნახოო..
– ბარის პატრონი ერთ ლოთზე უბნის პოლიციელს საწყალი სახით, ხელისგულებშეერთებული და წარბებაწკეპილი ევედრებოდა – “ეს ბომჟი აქაურობას მომაცილეო..”
– რომიდან აფრენისას კი როცა საათზე მეტი თვითმფრინავში გვაყურყუტეს და ხალხი რათქმაუნდა აღშფოთდა, სტუარდესამ თითი ყელთან გამოისვა, მიმიკა დაძაბა, თვალები გადმოკარკლა და – “fiumicino is a disaster..” დანანებით დაამატა..

თუმცა ნამდვილი “disaster” მაშინ გენახათ, გემრიელად მოშიებულზე, ბოლო–ბოლო რომ ავფრინდით, იმავე სტუარდესამ ჩემდასაუბედუროდ მხოლოდ სუხარიკების მცირე პაკეტი რომ გამომიწოდა სახეზე აკრული ყალბი ღიმილით…

ნუგეშად ფიქრებშიღა ვიხსენებდი, თუ როგორ გემრიელად შევსანსლე რამოდენიმე საათის წინ რომაული ლაზანია..

ღამის პირველი საათი ხდებოდა, მადრიდში რომ დავეშვი..

საქართველოსკენ

წელიწადი გავა, რაც ირანში ვიმოგზაურე და საკმაოდ ვრცლადაც მოვყევი ამ სივრცეში მაშინდელ შთაბეჭდილებებზე.. მაგრამ აღარ მომიყოლია უკან გზაზე გადახდენილი ამბები, დღე–ღამეზე მეტხანს რომ მოვდიოდით ავტობუსით და ემოციურად არანაკლებ დატვრითული იყო, ვიდრე დანარჩენი ორკვირიანი ვოიაჟი.

დრო დიდი გავიდა და პირვანდელი განწყობაც აღარ მაქვს შერჩენილი, მაგრამ მაინც ვეცდები ტვინი მოვიქექო და გავაცოცხლო მგზავრობისას გადახდენილი ამბები.

შუადღეს გადაცელილი იყო, თეირანიდან რომ დავიძარით. ავტობუსი სანახევროდაც არ იყო სავსე. რამოდენიმე ქართველი ვაჭარი, ქართულ–ირანული წყვილი – არდი და ვიკა, კიდევ ერთ ირანელზე გათხოვილი ჩვენებური ქალი – ნინო, თურქული ოჯახი და ჩვენ ვისხედით ტრანსპორტში.

დრო ნელნელა არღვევდა სიუცხოვის ზღვარს, ხალხი უნებურად შევედით კონტაქტში მომაბეზრებელი გზის საუბარში გასალევად. ნინო ირანში იყო უკვე დიდი ხნის წინ გადაცხოვრებული. იქაური ენაც კარგად ჰქონდა ათვისებული – ხან სპარსულად მძღოლს ებაასებოდა, ხანაც საკმაოდ მწვავედ ქართველებს გადმოგვწვდებოდა და გვაკრიტიკებდა, თითქოს თავად სხვა მოდგმის და ჯიშის ადამინი იყო.

ის პერიოდია, ირანელებს საკმაოდ შეეზღუდათ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლება. ეს კი მის მეუღლესაც შეჰხებია და თავის აღშფოთებას ვერ ფარავდა.

ბოლოსკენ კი გვარიანად დაგვიძაბა ნერვები მისმა გაუთავებელმა ლაქლაქმა. მაგრამ თავიდან სახალისოც კი იყო ნინოს ქოთქოთის სმენა – სანამ საბოლოოდ არ მოიქოქა, არც ვინმე შედიოდა მასთან პოლემიკაში და მის წამოსვრილ ფრაზებსაც მსუბუქი იუმორით ვუყურებდით.

მერე მერე კი ხან ერთს გვიმტყუვნა ნერვებმა, ხან მეორეს და რომ შევეპასუხეთ, უნდა გენახათ მისი გაწიწმატება და გაუთავებელი მონოლოგები…

მანამდე კი ჩემგან მადლობაც კი დაიმსახურა, როცა ერთ ერთ შესვენებისას გვარიან ხლაფორთს ამარიდა სპარსულის ცოდნის მადლით:

Turkish Girlავტობუსი გაჩერდა. ფეხის გასაშლელად გარეთ გამოვედით. თურქი შემიჩნდა – ჩემს გოგონას სურათი გადაუღეო. უარს რატომ ვეტყოდი. იქით კი რაღაც შენობა იდგა, მძღოლს საბუთებს უმოწმებენ. დიქტოფონში თურმე გამწარებული მე მეძახის ვიღაც სახელმწიფო მოხელე: “აქ სურათის გადაღება არ შეიძლებაო”, მე კი არხეინად განვაგრძე აპარატის ჩხაკუნი..

უცებ დაიძაბა სიტუაცია, მიმიხმეს ფოტოაპარატიანად – მე მათი არ მესმის, ნინო გავიხმე – ერთი მითარჯიმნე რაუნდათ–თქო. ცალკე მძღოლი ამიშარდა, თურმე საბუთებს ართმევენ – “შენი მგზავრია და რატომ არ მიხედეო..” ერიჰააა.. გულში მეცინება, თან აშკარად არაა სასაცილო სიტუაცია. მძღოლს შევუღრინე, თარგმნა აღარც იყო საჭირო რომ მიმხვდარიყო – მისი ყვრილი სულ არ მეპიტნავა.

მერე მოხელეს სურათები ვანახე, მომღიმარი პატარა თურქი გოგონას გარდა არაფერი რომ არ მქონდა გადაღებული, ფონად მთები მოჩანდა და შენობა კადრში არც იყო მოხვედრილი. ნინო აქაც დაიქოქა – “რომ ეძახი სპარსულად, ამას თქვენი ენა არ ესმით და რა გინდათო”.. დაშოშმინდა მოხელე, თავი დააქნია ნიშნად რომ აღარც მძღოლს ერჩოდა.. ავტობუსში ავლაგდით, მძღოლმა მომიბოდიშა, ხელი ავუქნიე – “შენ მაგაზე არ იდარდო–თქო”.. გზა განვაგრძეთ.

არდი და ვიკას წარდგენის დროც დადგა – საკმაოდ უცნაური იყო ჩემთვის ასეთი წყვილის ხილვა. ვიკა წარმოშობით ქობულეთიდან იყო, ამჟამად კი კუნძულ ქიშზე ცხოვრობს მის ირანელ მეუღლესთან ერთად. ნინოსგან განსხვავებით არცთუ მოწყალე თვალით უყურებდა ირანს და დანარჩენ ირანელებს – “ჩვენთან არც ჩადრი გვაფარია და ცხოვრებაც ბევრად თავისუფალია, თორემ იქ რა გამაძლებინებს.” არც არდი გავდა ტიპიურ ირანელს – მხიარული ბიჭი ჩანდა, ბაგეზე კი მუდამჟამ სიტყვა “ლუდი” ეკერა და საზღვრის გადაკვეთას ჩქარობდა, პირი ალკოჰოლით რომ ჩაეტკბარუნებინა..

მზე გადაიხარა, ყაზვინი უკან მოვიტოვეთ. შუაღამისას კი უკვე თავრიზს ვიყავით.. მგზავრებს სამოცდაათს მიტანებული ფრანგი, სახელად ალანი შემოგვემატა. კი გამიკვირდა მისი ხილვა საქართველოსკენ მომავალ ავტობუსში. გამოველაპარაკე – რამოდენიმე დღე ირანში უმოგზაურია, ახლა კი გეზი თბილისისკენ ჰქონდა – “საქართველოში ადრეც ვარ ნამყოფი და მინდა კიდევ ერთხელ გავისეირნო ნაცნობ ადგილებშიო..” კაცი თურმე ასზე მეტ ქვეყანაში არის ნამოგზაურევი – თეთრი შურით შემშურდა..

araratორისკენ თურქეთის საზღვარიც გადავიარეთ, ძილღვიძილში გავატარეთ ღამის საათები. მორიგ გაჩერებაზე მძღოლებმა ზედმეტად წამოყოლილი იაფი ირანული საწვავი თურქებზე მიასუხარეს და ისტორიულ სომხურ მიწებს შევუყევით. ლამაზი სანახავია იქაური მოტიტვლებული ზეგნები – აღმოსავლეთის მხრიდან არარატის მთა რომ გადმოყურებს.. რამდენი ჩვენი სამხრეთელი მეზობელი ინატრებდა ანალოგიური ხედით ტკბობას..

კიდევ რამოდენიმე საათიც და ქართულ მიწასაც მივადექით – “ცოტაც და სახლში ვიქნებით.” რას ვიფიქრებდით, რა ნერვების წყვეტა გველოდა საკუთარი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას.

საპასპორტო შემოწმება გავიარეთ და სანამ ავტობუსს გაჩხრეკდნენ, იქვე გამშვები პუნქტის შენობაში ჩამოვსხედით დაღლილები – სკამები არც იყო საკამარისი და კოკა პირდაპირ კიბეზე მოკალათდა. ამ დროს მესაზღვრემ ჩაგვიარა, კოკას თავზე წამოადგა და დარწმუნებული რომ ირანელს მიმართავდა, ქართულად თავზე დაჰყვირა – “წესიერად დაჯექიო” (?) .. ყველა გავშეშდით, იმდენად მოულოდნელი იყო მესაზღვრის ასეთი უტიფარი ქცევა. წამი დამჭირდა გასააზრებლად, რომ რაც მომესმა, სინამდვილეში ხდებოდა..

კოკამაც თავის გურგუმალა თვალები გაოცებულმა მიაპყრო კაცს, ლამის შუბლზე რომ აუვიდა..

და მივდექით.. მესაზღვრე ჩვენზე უფრო გაოცდა, ეს მისი აზრით ირანელები (არადა მზისგან დახრუკული ისედაც შავგრემანი თანამემამულენი) მშვენიერი ქართულით რომ ავმეტყველდით… თანაც ტონი აშკარად არ გვქონდა მეგობრული. ჯერ უკან დაიხია – “არ მიყვირიაო”.. რომ შევუღრინეთ – “აბა ამდენ ხალხს მოგვეჩვენაო”.. და შევულაგეთ და შევულაგეთ –”ფორმა გაცვია, ქვეყნის სახე ხარ, ნაცვლად მაგალითის მიმცემი იყო, ეს რა საქციელია?!..”

ჩაუვარდა კაცუნას ენა მუცელში.. დაკრა ფეხი და კაბინეტში შეიმალა..

ხმაურზე დაგვესივნენ სხვა მესაზღვრეებიც, ზოგმა თავის მოქონვა დაიწყო – “დაძაბული სამუშაო გვაქვსო, ჩვენც ნერვებზე ვართო..” მოკლედ სისულელეები. უფროსი მოვიკითხეთ – “თავად ეგ არისო”.. სიმწრისგან ჩაგვეცინა, ხელი ჩავიქნიეთ..

საბედნიეროდ ნორმალური ბიჭებიც გამოჩდნენ, მოგვიბოდიშეს – “სამწუხაროდ ახლა წახვალთ და ერთი ღორის გადამკიდე მთელ კოლექტივზე ცუდი აზრის უნდა იყოო..”

“კაი მე არ ვიქნები, მაგრამ აგერ ეს პატიოსანი ფრანგი კაცი აქ რომ ზის გაოგნებული, როგორ გავაგებინოთ, აქ რაც მოხდა ახლათქო?!”

ავლაგდით გაღიზიანებულები ავტობუსში.. ნინო ცალკე დასაბმელი იყო – “ჰოოო!!! აი ეგ იყოო ჩემს ქმარს შემოსვლის უფლება რომ არ მისცა ქვეყანაშიო..” – ის თავისას ჩიოდა… მორიგი მონოლოგის მოსმენისთვის განწირულები ვიყავით..

და გავიარეთ რამოდენიმე ასეული მეტრი და ვხედავთ ხიდზე გადაყირავებულ ტრაილერს, სიგანეზე ისე არის გადაქცეული, გვერდს მანქანა კი არა, კაცი ვერ აუქცევს. ამინდიც გაფუჭდა, გემრიელად დასცხო წვიმამ.

აქოთქოთდა ავტობუსი – “ვინმე გადავიდეს, ნახოს სიტუაცია, ფეხით თუ გადავივლით”.. აზრის გამომთქმელი ბევრი იყო, გარეთ თავსხმაში ცხვირის გაყოფა კი არავის უნდოდა.

მე და კოკა ჩავედით, სიტუაცია დავზვერეთ, გავლის შანსი არ იყო და არც იმის პირი უჩანდა, გზის გახსნა მალე თუ მოხერხდებოდა. გალუმპულები შევბრუნდით ავტობუსში.

ერთმა კაცმა – “ნაცნობი მყავს ახალციხეშიო, წამოვიდეს მარშუტკით და გავყვეთო?!”.. ატყდა ისევ ყაყანი, თუმცა რაღა იყო განსასჯელი, არ ვიცი. ბოლოს მოთანხმდა “საბჭო” და დასტური განუცხადეს. ნინომ – “მე ბევრი ბარგი მაქვს და ვერ გადავიტან იქითო..”
– “ყველა აქ არ ვართ? თითო თითო ნივთს გამოგართმევთ და გადაგატანინებთო..”

როცა პრობლემაა, მაშინ მშვენივრად ჩანს ადამიანის ხასიათი.. ერთ საათში აღარავის ახსოვდა ერთხმად დადებული პირობა და ისევ მე და კოკამ ვზიდეთ ნინოს ბარგი ტალახში ამოგანგლულებმა. უმრავლესი კი მარშუტკაში წვიმისგან თავის დროზე შეფარებაზე თუ ზრუნავდა..

მაგრამ ცოტახანში ვიღას ახსოვდა დაძაბული ნერვები – საღამოს უკვე ალანთან ერთად კოკას ბარში ქართულ ლუდს ვწრუპავდით და განვლილ ოცდაოთხ საათს მხიარულად ვიხსენებდით..

წელიწადი გავიდა და როცა ალანისგან სხვა ტექსტთან ერთად ეს სიტყვები მივიღე წერილად: For me, this trip was a very strange and warm moment, and I thank you again for your welcome in Tbilissi.. მეც ბევრი რამ გამახსენდა და გადავწყვიტე ასე მშრალად მაინც მომეყოლა..

ტულუზასკენ

ხოდა პირველი კვირის მილევის შემდეგ, ეს ესაა მანქანა ვიქირავეთ და გეზი ტულუზისკენ ავიღეთ. მაგრამ მანამდე, სანამ ჩვენი GPS მოვმართეთ, სამი საპატიო წრე დავარტყით ბარახასის აეროპორტს – ძნელია ალღო აუღო იქაურ ერთმანეთში გადახლართულ გზებს.

შესახვევ–გადასახვევი სხვა დროსაც ბევრჯერ აგვერია, ჯამში ალბათ ასეული კილომეტრიც რომ ვიარეთ ზედმეტი..

ოთხი იყო უკვე, მადრიდს თავი დავაღწიეთ – წინ გრძელი, მომქანცველი მგზავრობა გველოდა, ლამის ცხრაასი კილომეტრი დასაფარი.

გარშემო ლამაზ–ლამაზ მცირე ქალაქ–სოფლებს გავდიოდით, ძველებურ არქიტექტურით, სოკოებივით რომ ამოზრდილიყვნენ საკმაოდ ხრიოკ გარემოში.

San Sebastianმოსაღამოვდა, ბასკების ქვეყანას მივუახლოვდით. გზა მთებს შორის დაიკლაკნა, ბუნებას სიმწვანე შეერია. ავიხირეთ, სავალი მცირედით დავიგრძელეთ და სან სებასტიანში შევჩერდით საჭმელად და სულის მოსათქმელად.

გვიანი შემოდგომა იყო, მაგრამ ზღვისპირა ქალაქში საკმაოდ სითბო იდგა და კაცს თხელ შემოსაცმელში არც შეგცივდებოდა.

ბასკების წარმომავლობაზე ზუსტ ინფორმაციას ბევრს ვერაფერს მოისმენ. თავად ესპანელებიც მხრებს იჩეჩავენ, როცა კითხვას უსვამ – უცნაურ, ამაყ, ჯმუხ ხალხად ახასიათებენ – ენა მაგათი ჩვენ არ გვესმისო, დადგებიან და ერთმანეთს ათასნაირ უაზრო თამაშებში ეჯიბრებიან – უზარმარმაზარი ლოდების ზიდვა, ანაც ხეების ჩეხვაში ვინ უფრო მოხერხებული იქნებაო.

რიგი დაუსაბუთებელი აზრით კი ბასკები იბერიულ–კავკასიურ ერებს ენათესავებიან.. ხოდა მსურდა შორეული “ნათესავები” მომენახულებინა.

რა გამოცნობა უნდა, იმ ორიოდე საათში, რაც სან სებასტიანში გავატარე, ვერანაირი საბუთი ვერ მოვიპოვე, რაც ჩვენს ნათესაობის დასტურად გამომადგებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ულამაზესი კოპწია ქალაქი ვიხილე, მშვენიერ ოკეანის ყურეში გაშენებული და ვახშამსაც გემრიელს გეახელით.

ტვინში აკვიატებული აზრიც ჩამებეჭდა – ” აქ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები..”

აფსუს, რომ დრო არ იძლეოდა საშუალებას, თორემ ასე უცებ აქაურობის დატოვება გვარიანად დამენანა. პარკინგის სანაცვლოდ შვიდიოდე ევრო ვუსახსოვრეთ იქაურ მუნიციპალიტეტს და ცოტახანში საფრანგეთის საზღვარსაც მივადექით.

აწი უკვე ფრანგული ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის საკეთილდღეოდ გავიკარით ჯიბეზე ხელი – ავტობანის სარგებლობისთვის ათევროიანი შევაცურეთ აპარატში.

ნისლი ჩამოწვა ისეთი, მანქანის მართვა გაჭირდა – დაღლილობაც მოცოცავდა. აი ტულუზასაც ჩავუარეთ, კასტრის მიმართულებით გადავუხვიეთ, ავტობანიც დასრულდა და სოფლის წვრილ, ლამაზ გზას შევუყევით.

ღამის ორი საათი იქნებოდა დანიშნულების ადგილს რომ მივაღწიეთ – ლა პუზაკ, თუ რაღაც ასეთი ჯანდაბა ერქვა მთაში განმარტოებით მდგარ სასტუმრო–სახლს, აი დაახლოებით ჩვენი დადიანების “სასახლე” რომ არის, ისეთს, სადაც კორინის დღეობა უნდა გვეზეიმა.

ჩვეულად მომღიმარი და მოციმციმე თვალებით გამოგვებება კორინი – უშრეტი ენერგიით სავსე ორმოცდაათს მიტანებული ჩვენი ფრანგი დარეხვილი მეგობარი. ცოტა მოვიკითხეთ ერთმანეთი და დაქანცულები დასაძინებლად გავიძურწეთ.

დილით მზის სინათლეზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მშვენიერ ადგილას მქონდა თავი ამოყოფილი – ლამაზი წიწვოვანი ტყე გვერტყა გარშემო, თავი რაჭაში მეგონა. ნელ ნელა სტუმრებიც მოიკრიბნენ, ერთი მეორეზე უცნაური ადამიანები. საღამოსთვის გამოიპრანჭნენ და უნდა გენახათ მათი ყირაზე გადასვლა.

მე და გიორგა ასაკით ყველაზე ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ ქცევით მგონი რომ დანარჩენზე ბებრულად კი გამოვიყურებოდით.

უიმედოდ ვუყურებდი სუფრას, ჩვენებურ ღრეობებს ნაჩვევი, ერთი ბრინჯის ინდური კერძი რომ შემრჩა შიმშილის მოსაკლავად. არც ღვინო ისხმებოდა ქართული ხარბი მუცლის საკმარი. ფხიზელად დარჩენილმა მაცივარი გამოვაღე, სადაც ალკოჰოლი ლუდის ეული ბოთლიღა შერჩენილიყო.

გარშემო კი სამოცი ფრანგი ხორხოცობდა, მარტო ორი კაცის ხათრით ჩვენთვის გასაგებ ენაზე არავინ დაიწყებდა საუბარს…

და შემდეგ დღეს, ისე რომ ჯერ აქეთური მგზავრობის დაღლილობა არ გაგვნელებოდა, ისევ გზას დავადექით.

გრეგს შევეხმიანეთ, ტულუზაში შევჩერდით – ხუთი წლის შემდეგ იმ ქალაქს მივუბრუნდით, სადაც თბილისის გარდა ყველაზე დიდი დრო მაქვს გატარებული. დავაბიჯებდი მომღიმარი სახით ნაცნობ ქუჩა–მოედნებზე.

აი გრეგი კი ვერ იყო ხასიათზე. ლუდით გაგვიმასპინძლდა, ორიოდე საათი უფრო სამსახურზე რომ ვილაპარაკეთ. მალე მასაც გამოვემშვიდობეთ. ჩვენს GPS–ზე უფასო გზის ოპცია მოვნიშნეთ, რადგან აქეთურზე გვარიანად შევითხელეთ ჯიბე ავტობანის სარგებლობისთვის.

pyreneesსარაგოსამდე პირენეის მთებში დახლართულ ნაკლებ კომფორტულ გზით ვიარეთ. მაგრამ გარემო ისეთი ლამაზი იყო (ალაგ ხევსურეთს რომ წააგავდა), თავის პატარა კოპწია სოფლებით და სამთო კურორტებით, ამ ყოველივეს ხილვა ერთხელ ცხოვრებაში ნაღდად ღირს.

გვიანი ღამე იყო მადრიდს რომ ვუწიეთ. ეს ახირებული, კორინის ხათრით გავლილი 1 800 კილომეტრიანი ვოიაჟი დასასრულს მიუახლოვდა. და რისთვის გავისარჯეთ ასე?! მე ჩემთვის კი მაქვს პასუხი…

Monza (Part II)

IMG_2123მერე იყო P3. ლუისამ იპირველა, როსბერგს გადაცემებს კოლოფი გაუფუჭდა, ხოლო ადგილობრივი გულშემატკივრის გასახარად ნანდო მეორეზე გავიდა.

მაგრამ ტიფოზთა სიხარული ნაადრევი იყო – კვალიფიკაციაში ფერარი ისევ მაჩანჩალათა რიგებში აღმოჩნდა… პოული კი ნიკოს ერგო.

კიმის ათეულს მიღმა დარჩენას მწარედ მოთქვამდა ჩემს უკან მჯდომი ერთი იტალიელი..

ამასობაში GP2 კლასის ბოლიდების ძრავის ხმა აგუგუნდა, უფრო ხმაურიანი, ვიდრე F1-ის ახალი V6 ჰიბრიდული ძალური აგრეგატები.

პარაბოლის მოსახვევისკენ გადავიჩოჩეთ, ხალხი ხალვათად იდგა – ინტერესი ნაკლებია GP2-ის მიმართ. ყურადღებას ორი ქერა, მშვენიერ ფეხებზე შემდგარი გოგო იქცევდა. სანამ ცალი თვალი ტრასისკენ გვქონდა, გოგოები სწრაფი ნაბიჯით გაეცალნენ იქაურობას და ისე რომ ვერც მივეწიეთ, პადოკში გაუჩინარდნენ.. „აფსუს.. სტაფის წევრები ყოფილან…“

საღამოს, მონცას დატოვებისას, მატარებლის მოლოდინში ჩვენ „ნაცნობ“ გოგოებს ისევ გადავეყარეთ და ბევრი აღარც გვიფიქრია, გამოველაპარაკეთ. ერთ ერთი მათგანი მართლაც პადოკში მუშაობდა, თუმცა მისი შოტლანდიური აქცენტი ისეთი ძნელი გასაგები იყო, საუბრის შინაარსის გადმოცემა ნამდვილად გამიჭირდება – თავად მესამედიც ძნელად თუ მესმოდა და დაძაბული წამდაუწუმ ნათქვამს ვამეორებინებდი.. გულში კი ბრაზმორეული სკოტების ინგლისურს წყევლა კრულვას ვუთვლიდი…

მილანისკენ მიმავალი მატარებელი ჩამოდგა. დარწმუნებულები, ერთი გზა გვქონდა, მე და დათო ვაგონში შევედით, თავად ისინი კი ბაქანზე რომ დარჩნენ და შორიდან ხელი დაგვიქნიეს, – „მაშინ ხვალ ისევ პარაბოლას მოსახვევთან შევხვდეთ–თქო..“ ერთი ამის მიძახებაღა მოვასწარი. დავშორდით.

ბოლო დღე კი რეისის იყო და არც მე და არც დათოს არ გაგვხსენებია, არც პარაბოლას მოსახვევი და არც სკოტი ქერა მანდილოსნები და რბოლის მორჩენის შემდეგ, შემთხვევით, ტრეკზე ბოდიალისას უკვე მესამეჯერაც რომ გადავეყარეთ მათ –„აკი პარაბოლაო?!“ ერთი ეს გვითხრეს და ჩაგვიარეს.. მე კი ვიდექი და დამნაშავე ბავშვივით ვიღიმოდი..

თუმცა მანამდე ტრადიციული დილის რვა საათზე ადგომა იყო, მხიარული საუზმე და ერთსაათიანი გზა მონცასკენ… ტრეკზე რომ შევედით, პადოკის შესასვლელთან ხალხი ბუზებივით ირეოდა – პილოტების მოსვლის დრო იყო და აი პირველი მაგნუსენი გამოჩნდა, მას უბრალო პეჟოთი გროჟანი მოჰყვა, ლამის ერთ ერთ გულშემატკივარს რომ გადაუარა, ვინც ჯიუტად ფოტოს გადაღებას სცდილობდა. მუდარით აღმართა ხელები დაზარალებულმა ფანმა, იქიდან პილოტი იქნევდა ხელებს ბრაზმორეული – „აბა გამატარეო!!“

იქით მალდონადოს რობოტივით სიფათი გამოჩნდა, სხვა პილოტებისგან განსხვავებით, საჭეს ვიღაც სხვა მართავდა, თავად კი გვერდზე ეჯდა – „ალბათ არ ენდობიან“ – ქირქილებდა ხალხი. “Please, don’t brake the car!” – ხალხი ხორხოცით შეხვდა მორიგ წამოძახილ რეპლიკას.. ვინც ფორმულას თვალს ადევნებს, კი ეცოდინება, პასტორა მანქანების ლეწვით რომ არის უფრო სახელგანთქმული, ვიდრე რაიმე მიღწეული შედეგებით..

IMG_2324რბოლა კი ჰამილტონმა მოიგო, როსბერგი და მასა პოდიუმზე. ნიკომ ორი უცნაური შეცდომა დაუშვა შიკანაზე შესვლამდე და ასე გაატარა წინ ლუისი. თავში წინა რბოლის ინციდენტი ტივტივებდა.

ნანდო მალევე გამოეთიშა რეისს, იყვნენ ყურებჩამოყრილები იტალიელები. აი ბოლო წრეც და ტრეკის კარი გაგვიღეს – გიჟური ტემპით ვირბინეთ ბოლო მოსახვევიდან ფინიშის სწორამდე. ხალხის მასაში ვდურთე თავი და ჰიმნიც აგუგუნდა..

ხალხი “ფელიპეს, ფელიპეს”, ყოფილი ფერარელის სახელს სკანდირებდა.. ნიკოს კი გემრიელად უსტვინეს, ვინც იხტიბარს არ იტეხდა და ღიმილით წარმოთქვამდა სამადლობელო სიტყვას – ხალხის ღრიანცელში კაცი ვერაფერს გაარჩევდი, თვალები პოდიუმთან ჩაწიკწიკებული ათობით იტალიელი შხვართი ლამაზმანის მშვენიერებით ტკბებოდა..

IMG_2382ფინიშის სწორზე ხალხი დიდხანს არ დაიშალა, რომელიმე პილოტისგან ავტოგრაფის აღების იმედით იყვნენ გადაკიდებულები პიტსტოპის ღობეებზე. აი ნიკი ლაუდა, ფორმულა ერთის ცოცხალი ლეგენდა, ხელის ერთ გაწვდენაზე Sky Sport-ს აძლევს ინტერვიუს. პადოკის კლუბის ბარებიდან რამოდენიმე ათასეული ევროთი ჯიბეშემსუბუქებული მილიონერები გადმოყურებენ ტრასას.

ტრეკზე კი ჯერაც ასეულობით კაცი ირევა, დროშებით, ბანერებით შეიარაღებულები – ზოგი ძველი ძრავების ხმაურიან ხმის დაბრუნებას ითხოვს, სანახაობის გაფუჭებას ჩივის. ზოგიც პერსონალურად რომელიმე პილოტს ასე ღიად სიყვარულში უტყდება.. არის სამახსოვრო სურათების გადაღება, სიმღერა, ხორხოცი..

გარეთ გამოვედით, დათომ მაისურის ყიდვა მოინდომა. კარგად ნაყლაპში მყოფი ერთ ერთი ჯიხურის მენეჯერი მხიარულად დათანხმდა ევროს ნაცვლად დოლარი მიეღო და თანაც ისეთი კურსით უანგარიშა, ერთი 20% ფასდაკლება გამოვიდა.. სახეზე „მოსულა?!“ – რაღაც მსგავსი მიმიკა რომ დაგვეხატა, ბრიტმა მრავალმნიშვნელოვნად ტუჩზე საჩვენებელი თითი აიფარა – „ჩშშშშშ–ო, ოღონდ არავისთან გამამხილოთო“, შემოგვცინა, თვალი მხიარულად ჩაგვიკრა და დაკეცილი მაისური დათოს გამოუწოდა.

IMG_2488ვიწრო გზებით დასერილ პარკში ათეულობით პოლიციელი არეგულირებდა მოძრაობას, ხალხის ნაკადს ზრდილობიანად მიუთითებდა მათთვის განკუთვნილ ბილიკით ესარგებლათ.. ერთი ანჩხლი ასაკიანი პოლიციელი ქალი კი ონავარ ადგილობრივ ბავშვებს დასდევდა და აღშფოთებული მორალს უკითხავდა..

ეშხიანი გოგოები ათასნაირ სარეკლამო ბუკლეტებს არიგებდნენ, უფასოდ გეპატიჟებოდნენ სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელის დასაგემოვნებლად..

წამოსვლის დრო იყო.. სულ რამოდენიმე დღე გავატარეთ იტალიაში, მაგრამ საკმარისზე მეტი, რომ იქ ისევ ჩამოსვლის სურვილი ღრმად ჩაგებეჭდოს კაცს ტვინში..

Monza (Part I)

ბოლო წამს დაგეგმილი მოგზაურობა სპორტის სასახლესთან დაიწყო. საღამოს რვა საათი იქნებოდა, დათოს მეგობრებმა მანქანით გამოგვიარეს და სადახლოსკენ ავიღეთ გეზი.

თბილისის აეროპორტიდან ბილეთების შოვნა ნორმალურ ფასში შეუძლებელი რომ აღმოჩნდა, გავხდით იძულებულები ერევნის გავლით გაგვეწია ევროპისკენ.

საათი და სომხეთის საზღვარი უპრობლემოდ გადავკვეთეთ – იქვე ადგილობრივ ტაქსისტს მოვუთანხმდით ოთხმოც დოლარად და ჰერი ერევნისკენ. ნაკლებ თანხადაც შეიძლებოდა იქამდე ჩაღწევა, მაგრამ ვაჭრობის დრო არ იყო, გვაგვიანდებოდა და ახლა დრო უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ფული.

პირობა – თუ რეისს მივუსწრებდით, მხოლოდ მაგ შემთხვევაში გავუსწორდებოდით, ხოდა მიადგა და რასაც ქვია იფრინა მძღოლმა. მაგრამ ერთ მომენტში სიჩქარის რადარი დაავიწყდა და რომ განათდა, უნდა გენახათ, როგორ შემოირტყა თავში ხელები – სომხურად რაღაც გრძელი წინადადება ამოიხრიალა გამწარებულმა. მიმინო გაგახსენდებოდა კაცს – სასამართლოს სცენა. როგორია?! რაც გამოიმუშავა, ჯარიმაში უნდა გადაეხადა აწი.

წაუხდა გუნება, გაზს ფეხი აუშვა. მაინც დროულად მიგვიყვანა – სამ საათზე ნაკლებში ზვარტნოცის აეროპორტში ვიდექით. დათომ ასდოლარიანი გაუწოდა, ტაქსისტმა ქვევიდან ამოხედა, ჯერ კიდევ დაეჭვებულმა… და ჩვენმა მიმიკამ ფიქრი რომ დაუდასტურა – ხურდას არ ვითხოვდით, ჩაეღიმა, გაბადრულ სახეზე თვალები დაუწვრილდა და ისე გატრიალდა მანქანისკენ ჩასაჯდომად, მადლობის თქმაც კი გადაავიწყდა..

გზა კი ძალიან გრძელი ავირჩიეთ – სამი საათი აბუ დაბისკენ ფრენა. ილუმინატორიდან უდაბნოში დამყარებული წესრიგი შეგეჩეხებოდა კაცს თვალებში. ყველაფერი ლარში, სწორ ხაზად იყო ჩაწიკწიკებული – გზები, ნაგებობები, პალმები და სხვა ათასგვარი ნარგავები.

აეროპორტში ღამენათევები ზომბებივით დავდიოდით. კიდევ ხომ პაუზა ხანგრძლივი არ იყო ფრენებს შორის და მალე, ცხოვრებაში პირველად, ფართო ფუზელაჟიან თვითმფრინავში ამოვყავი თავი… ექვსი საათი კი ვიყავით გამოკიდებული ცაში – ძილი, მუსიკის სმენა, ცოტა წიგნის კითხვა.. ჭამა, ისევ ძილი, მერე ისევ უკვე უხალისოდ გადაფურცლული რამოდენიმე გვერდიც ჯობ ბენვილის თხზულების და ჩვენი აერობუსიც მალპენზას დასაფრენ ბილიკზე შეინჯღრა – ჩამოვაღწიეთ… ლამის დღე–ღამე გავიდა, რაც თბილისიდან დავიძარით.

 

IMG_1920პირველი შთაბეჭდილება – მშვიდი ქალაქი, ლამაზი სახლებით, ჭკვიანურად მოწყობილი, დასერილი ტრამვაის ხაზებით. განწყობაც მშვენიერი, ხალხი კი ინგლისურად ნაკლებმოსაუბრე… მხიარულ ილარიასთან ერთი ოთხნაირი პიცა დავაგემოვნეთ, მერე ფეხით ვიარეთ, სანამ ქანცი არ გაგვწყდა და მოსასვენებლად ჩვენ ბინაში შევიყუჟეთ.

***

დილით რვისკენ ფეხზე ვიყავით, იქვე პატარა კაფეტერიას მივაკითხეთ. მართალია ინგლისურად ვერ გელაპარაკებიან, მაგრამ ჟესტები, მიმიკა, ნაცნობი ლათინური სიტყვები და რეზულტატიც ადვილად მისაღწევია. ხალხისგან დიდი ენერგია და ემოცია მოდის. კაცს გაგიჭირდება ამ გარემოში მოიწყინო, ყავის დალევაც კი ზეიმია და თან ისე გემსახურებიან, ფულის ხარჯვა გაგეხარება.

თავზე დაგტრიალებენ, არჩევანს გიქებენ, ტუჩებთან მიტანილ მოკაკულ თითებს აკოცებენ აღფრთოვანებულები – თითქოს შენს მეტს, სხვას არავის მოეფიქრებინოს მსგავსი “გენიალური” კერძის დაკვეთა…

გამოვლაგდით გარეთ, ტაქსი დავიჭირეთ – მონცა გველის. ავტოტრეკს რაც უფრო მივუახლოვდით, მანქანებმა იმატა. ჩალაგდა მრავალნულიანი ფასის ფერარ–ლამბორჯინები ერთ ხაზად საცობში. ნელ–ნელა მივღოღავთ, “სოჩიკს” კი რა ენაღვლება, წერს და წერს ევროებს. ბოლოს ორმოცდაათსაც რომ გადასცდა, ცივად გამოვაღეთ კარი და ფეხით გადავწყვიტეთ გზას გავყოლოდით.

სამი–ოთხი კილომეტრი კი ვიარეთ. გზად გადამყიდველები გვხვდებოდნენ “პრეგო ბილეთი” – გვეპატიჟებოდნენ. ვაჭრობაში ფასს რომ ლამის გაანახევრებდნენ და პასუხად ბოლოს მაინც უარს იღებდნენ, აღშფოთებულებ–იმედგაცრუებულები ხელის მტევნებს შეაერთებდნენ და მუდარის ნიშნად წინ და უკან მოჰყვებოდნენ ქნევას, თან თავს ოდნავ ცერად გადახრიდნენ და იტალიურად რაღაც გაუთავებელ მონოლოგსაც მოაყოლებდნენ – რამდენი ეს სცენა მახსენდება, სიცილს ვერ ვიკავებ…

IMG_2272ადგილზე ას ევროდ სამი დღეზე გათვლილი ყველაზე იაფი ბილეთი ვიყიდეთ – პირველი პრაქტიკის სესია უკვე რჩებოდა. ტრიბუნებს ვუახლოვდებოდით და სადღა იყო ძველებური ბოლიდების ხმა.. მაგრამ ფორმულა ერთის გარემო მაინც საოცარია – მაღაზიები, სახელდახელო ბარები, ზღვა ხალხის, ათასნაირი გასართობი თავშესაქცევი პატარ–პატარა სიტუაციები…

კარგი ადგილის შესარჩევად მთელი ტრეკი შემოვიარეთ ფეხით, დღის ბოლოს ძლივსღა დავლასლასებდით, ალბათ ლამის ორი ათეული კილომეტრი რომ გვქონდა უკვე დაფარული..

იყო ერთი ემოცია ფერარის ტრეკზე გამოსვლის დროს.. განსაკუთრებით როცა ფერნანდო ეჯდა საჭეს. იტალიელი კომენტატორი კი დინამიკებიდან ხმაგანწირული ქომაგობდა სკუადრას: “dai Kimi.. dai.. dai, dai Kimi…” და იყო ერთი ღრიანცელი და ზღვა ემოციის, როცა რომელიმე მათგანი კარგ დროს აჩვენებდა.. პირველ–მეორე დრო მაინც მერსედესების იყო…

F1-ის პრაქტიკებს GP2 და GP3 კლასის გამოსვლა მოყვა. მერე პორშეების თასი, მოკლედ მთელი დღე არ მოიწყენ კაცი, სანახაობა არ ნელდება…

ექვსს გადასცდა, მილანისკენ რომ ვქენით პირი. მანამდე კი მონცას ქუჩებში სეირნობისას ერთ ერთ სანაყინეს გულგრილად ვერ ჩავუარეთ და მიზერულ თანხად რამდენნაირი ნაყინი აღარ დავაგემოვნეთ.. ხოდა შემდეგი ორი დღეც, სანამ მილანისკენ მიმავალ ავტობუსს მივაკითხავდით, ჯერ ამ სანაყინეს ვსტუმრობდით – არა, ნაყინი მართლაც გადასარევი იყო, მაგრამ მგონი რომ უფრო იქ მომუშავე მხიარული, ეშხიანი გოგოების ხათრით, ბრმასაც კი გულგრილს რომ არ დატოვებდნენ…

***

შაბათი და დილის რვაზე ისევ ფეხზე ვართ. ჩვენი ჯიგარი გამყიდველი კაფეტერიაში მხიარულად გვხვდება.. ამ დროს სამსახურისკენ მიმავალი ხალხი ყავას და კრუასანს თუ მიირთმევს მსუბუქად. ჩვენ კი მგონი იმ მომენტისთვის მომზადებულ ნახევარ სანოვაგეს ვანადგურებდით – ლაზანია, სალათები, ყავა ერთნაირი, მეორენაირი, წვენები, ფუნთუშა – მოდი კრუასანიც გავსინჯოთ.. და ტერამისუ?!  და გაეხარდებოდათ ჩვენი ნახვა აბა რა იქნებოდა?!

“– აა კალაძეე?! ჯორჯიანო.. პრეგო.. ” ციბრუტივით ტრიალებს ფაბიო.. ხო კალაძეს მილანში კი უნდა ახსენებდე, რომ მიახვედრო საიდან ხარ. მაგრამ ერთ ტაქსისტს რომ ვკითხე:
– “მილანი თუ ინტერი–თქო..” რომ გამეგო, იქნება და სულაც არ ღირს კახას ხსენება,
“– იუვენტუსიო” – მშვიდად მომიგო. კი მესიამოვნა ჩემი საყვარელი გუნდის სახელის გაგება, მარა მაინც გამიკვირდა:
– ” კი მაგრამ მილანელი არ ხარ, იუვეს როგორ ქომაგობ–თქო?”
– ” No.. I’m from Bari..,” ასეა, იუვეს ტურინში არ ყავს იმდენი ქომაგი, რამდენიც მთელ დანარჩენ იტალიაში.

IMG_2428იმ დღეს მატარებლით გადავწყვიტეთ მონცასკენ წასვლა და ოცევროიან ჯარიმასაც ვერ ავცდით, როცა ბილეთების სპეციალურ აპარატში აქტვივიზაცია დაგვავიწყდა.. არადა ხუთი დღის მანძილზე კონტროლიორი სულ ერთხელ ვნახე და იმანაც არხეინად გამოგვიწერა ჯარიმის ქვითარი.

მერე შატლით ტრეკისკენ გავწიეთ.. უზარმაზარი ტყეპარკი აკრავს გარშემო მონცას ავტოდრომს. ხალხი დარბის, ვარჯიშობს, ფეხბურთს თამაშობს, უბრალოდ ისვენებს.. იქ რომ მივაბიჯებდი, სულ გულგახეთქილს სიმწვანეგაჩანაგებული თბილისი მახსენდებოდა, ერთადერთი ხრიოკი იპოდრომით, სადაც საღამოობით რაგბს ვთამაშობთ და კაცმა არ იცის იქაც დღეს–ხვალ ვაითუ კორპუსებს წამოგვიჭიმავენ..

 

Iran, Shiraz (Part V)

8 მაისი

DSC_0341ავტობუსის სადგური. სულ რაღაც ჩვენებურ ფულზე შვიდი ლარი ბილეთის ფასი, ამდენივე საათი გზა და ჰორიზონტზე შირაზიც გამოჩნდა. სასტუმროს ძებნაში უნამუსო ტაქსისტს გადავეყარეთ – თავიდანვე არ მოვურიგდით ფასზე და ლამის სამმაგი წაგვცანცლა.

მაგრამ სამაგიეროდ საუცხოო სასტუმროს (Niayesh Boutique Hotel) მივაგენით, ძველებურ ყაიდზე მოწყობილს, მშვენიერი ეზო–რესტორნით.

დაღლილობას მოვერიეთ და ქალაქის დათვალიერებას შევუდექით. ქერიმ ხანის მიერ აგებულ ციხე–სასახლეს (Arg of Karim Khan) მივადექით. კვირა გავიდა რაც ირანს ვართ და ამასობაში “აღმოსავლურ არაბული” ციფრებიც დავიმახსოვრეთ. შესაბამისად აქამდე გაუგებარი, აბრებზე გამოკრული ფასების კითხვაც დავიწყეთ. სხვათაშორის ტექსტისგან განსხვავებით, რიცხვები “ნორმალურად” – მარცხნიდან მარჯვნივ იწერება.

ადგილობრივებისთვის კულტურული ძეგლის ნახვა ორი თუმანი ჯდება (20 000 რიალი), აი ტურისტებს კი შვიჯდერ მეტს ახდევინებენ.

ისედაც შავგვრემნები, აქაურ მზისგან დამწვრები, მთლად ირანულ ფერზე მოვედით და სუფთა ინტერესის გამო, გამოგვივიდოდა თუ არა, რამოდენიმეჯერ ვცადეთ თავი ირანელებად გაგვესაღებინა და “იაფი” ბილეთით გვესარგებლა..

ერთი–ორჯერ კოკა ახლოსაც კი იყო მიზანთან – რამოდენიმე კითხვას მარტივად კი–არას (ბალე/ნა) პასუხით მოხერხებულად აარიდა თავი.. მაგრამ აი უკვე ბილეთს რომ უწვდიდა “თანამემამულე”, კიდევ ერთი, შედარებით “რთული” კითხვა და მანდ უკვე დავიწვით… მოკლედ ვერ გავახერხეთ..

DSC_0246რათქმაუნდა ვერ ავცდით ბაზრებს – საღამოს ხალხისგან გადაჭედილს, საათი რომ ვიბორიალეთ. შემდეგ შაჰ ჩერაღის უზარმაზარ მეჩეთს მივადექით. ფოტოაპარატის შეტანა აკრძალული იყო, შემნახავ ოთახში დაგვატოვებინეს.

უზარმაზარი ღია სივრცე იშლება კარიბჭის მიღმა, ხალიჩებით გაწყობილი, კიდეებში ტრადიციულად რამოდენიმე ტაძრია წამოჭიმული (Shrines). ნაგებობა შიგნიდან უმცირესი სარკის მოზაიკით არის მოპირკეთებული, ყველაფერი რომ ბრწყინავს. უყურებ უზარმაზარ სივრცეს, ასე მცირე დეტალებით გაწყობილს და გონებას უჭირს აღქმა, თუ რა შრომის და მოთმინების ხარჯზეა ეს ყველაფერი აშენებულ–მოპირკეთებული.

მეჩეთის ეზოში კი დასვენების დღე იყო და ათასობით მლოცველს ჰქონდა თავი მოყრილი – ხაზად ჩამწკრივებული რომ წამოჩოქილიყვნენ – დიდ ემოციას ტოვებს ნანახი სურათი… მაგრამ გონების სიღრმეში სულ უფრო მყარად იბადება და ვითარდება აზრი – თუ როგორ შორდებიან ადამიანები ერთმანეთს “ჭეშმარიტი გზის” ძიებაში..

სასტუმროს მოვბრუნდით – რესტორნის მოსასვენებელ ტახტზე წამოვგორდით. ბედნიერებას სხვა არც არაფერი აკლია, იმ წამს ასეთი განცდა იყო – დაღლილ კუნთებს ვასვენებ, ჩაის მივირთმევ და კარი ჰოტაკაინენის “სანგრის ქუჩას” ვკითხულობ…

9 მაისი

დილაუთენია ავდექით. ქუჩაში პირველსავე ტაქსს მოვუთანხმდით ას თუმნად რამოდენიმე ისტორიული ადგილის მოსატარებლად (სასტუმროში იგივე სერვისში თითქმის ოთხჯერ მეტს ითხოვდნენ).

პირველი პერსეპოლისს ვეწვიეთ. შთამბეჭდავი სანახავია ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში აშენებული ნაქალაქარი, თუნდაც იმის ფონზე, რომ ალექსანდრე დიდმა თავის დროზე გადაწვა, მერე მრავალი საუკუნე მიწის ქვეშ იყო დამახრული და დღემდე მხოლოდ მცირე ფრაგმენტები თუა შემორჩენილი.

ორმოც თუმნად გიდი ავიყვანეთ, დაიწყო სტანდარტული ტექსტებით ქალაქის ისტორიის მოყოლა. დიდი წილი ინფორმაციის არცთუ დამაჯერებლად ჟღერდა.

ძირითადად კარიბჭის და სასახლეების სვეტებია შემორჩენილი, უდიდესი შრომა რომ არის ჩადებული უმცირესი დეტალების გემოვნებით გამოყვანაშიც კი. მთავარი სასახლის, აპადანას კედელზე ბარელიეფური უზარმაზარი სცენაა გამოსახული – სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს როგორ მოაქვთ ძღვენი ნოვრუზობას აქემენიანთა იმპერიის მბრძანებლისათვის.

ვინ აღარ ჩამოგვითვალა გიდმა: ფრიგიელები, ლიდიელები, კაპადოკიელები, ინდუსები, არაბები, სომხები, ეთიოპიელები… და საზეიმოდ ბოლო ბარელიეფზე – “ესენი კი, აბა გამოიცანით?! – ქართველები არიან-ო!!!” მე და კოკამ სიცილი ვერ შევიკავეთ – მოგვიანებით ვხუმრობდით, მარკეტინგული სვლაა – რა ეროვნების ტურისტიც არის, ბოლო ბარელიეფს უეჭველი იქაურ ხალხად ასაღებენო.

შემდეგ ფასარგადისკენ გავწიეთ – აქემენიდების იმპერიის პირველ დედაქალაქისკენ. წლებს აქაურობა პერსეპოლისზე უფრო მეტად გაუნადგურებია, მცირე დეტალები თუა შემორჩენილი. ყველაზე თვალნათელი ნაგებობა კიროს (სპარსულად ხუროშ რომ გამოითქმევა) დიდის აკლდამაა.

ბოლო ისტორიული ადგილი კი ნაქშე–რუსტამი იყო – უზარმაზარი კლდეში ნაკვეთი აკლდამები. მთლიანი ტერიტორია დაახლოებით ვარძიის ხელა იქნება, სადაც აქემენიანთა დინასტიის გამორჩეული მმართველები არიან დაკრძალულნი – დარიოს I, ქსერქსე I, არტაქსერქსე I და დარიუს II.

DSC_0973საღამოს მოვბრუნდით ისევ შირაზს. ჩვენ მძღოლს მადლობის ნიშნად ცოტა ზედმეტიც ვუსახსოვრეთ თანხა. ცოტა სასტუმროში დავისვენეთ და აქაური შუასაუკუნეების მწერლის – ჰაფეზის ბაღ–სასაფლაოს მივაშურეთ. ლამაზად გაფორმებულ ბაღის ცენტრში მწერლის საფლავი არის განთავსებული. ეზო გარშემორტყმულია შენობებით, შიგნით ათასნაირი ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებია განთავსებული.

იქვეა ლიმნის ხეებით გადაფარული ღია კაფეტერია, თეთრ ლამპიონებით გადანათებული. უამრავი ხალხი ირევა და რამოდენიმე ათეული წუთით ჩამოჯდომაც პირდაპირ მისწრებაა.
ცოტა ნაყინით გავგრილდით და თან ადგილობრივების ქცევას და მიმიკას ვაკვირდებოდი – რა ეტყობოდა ახლა ამ ხალხს რომ ისლამურ რელიგიით შებოჭილები ცხოვრობენ: გამოპრანჭულები, დახატულები, ლაღად მოსაუბრენი, სახე მომღიმარნი.

10 მაისი

ჩვენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. შემდეგი დღისთვის შირაზი–თეირანის მატარებლის ბილეთი ავიღეთ და ბოლო საღამოს გასატარებლად ყალათისკენ ვქენით პირი. კოკას ერთი ნაცნობი ფრანგი სტუმრობდა იმ ადგილებს, იქაურის საკონტაქტო ნომერი მოგვცდა და გვირჩია, მოინახულეთ ის ადგილებიო.

მივწერეთ რამინს, იმან – მობრძანდით გელითო.

სანამ ტაქსს გავურიგდით, იქვე ერთი ირანელი ახალგაზრდა იდგა – შემოგვთავაზა, წამოდით მე წაგიყვანთო. მეგობარს დაურეკა. ცოტახანში მანქანაში ვისხედით ორ ირანელთან ერთად და ყალათისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდით.

უკვე ნასწავლი რამოდენიმე ათეული სიტყვა და უნდა გენახათ როგორ ვახერხებდით საუბარს, ისინიც ორ–სამ სიტყვას ინგლისურად ამტვრევდნენ. გვერდიდან საინტერესო საყურებლები კი ვიქნებოდით. გრძნობა იყო, ჰა ჰა ცოტაც და თავისუფლად მოხერხდებოდა ენის ბარიერის დაძლევა… ასე ჯახირ–ჯახირ საუბარში მთელი გზა არ გავჩუმებულვართ, სანამ ყალათს არ ვუწიეთ.

– “ყალათ… ჰააა მარიჯუანაა!” – ბედნიერი სახით გვიყურებდა სარკიდან ახლადშეძენილი მეგობარი. რას დააჯერებდი რომ არაფრის მოწევას ჩვენ იქ არ ვაპირებდით გარდა ტრადიციული ყალიონისა.

მობილურით ინტერნეტში საქართველოზე ინფორმაციის ძებნა დაიწყო.
– “გიურჯი ლანგვიჯ რუსიე?!” თითებს ახახუნებდა სპარსი, ნიშნად – ერთნაირიაო?!
– “ნა, ნა” – უარის ნიშნად თავს ვაქნევდით.

ორ მომენტში გემრიელ ავარიასაც გადავურჩით.. გიჟი მძღოლები არც ირანს აკლია. ბოლოს სიმწვანეში ჩაფლულ, მთაზე შეფენილ სოფელსაც მივადექით. დაგვეხმარნენ რამინის კაფეტერიის პოვნაში. მადლობის ნიშნად, რაც ტაქსისთვის უნდა მიგვეცა, ფული ვუსახსოვრეთ. უნდა ვთქვათ – უარზე იყვნენ. ვანიშნეთ, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა.

DSC_1018მასპინძელი გამოგვეგება – გადაგვეხვია, მხარზე გვაკოცა. თბილად მიგვიღო, მიუხედავად იმის, რომ მისთვის აბსოლიტურად უცხოები ვიყავით. ღამის გასათენებელი რომ ვიკითხეთ, სად შეიძლებოდა დარჩენა – No problem–ო, მეორე სართულზე აგვიძღვა – სამი კაცი კი დავეტევით როგორმეო.

მერე ფეხით იქაური ადგილები მოგვატარა. ტყე, კლდეებით შემოსაზღვრული, საიდანაც ჩანჩქერები გადმოედინება. შემდეგ თავის ასაკოვან მეგობართან მიგვიყვანა – ხოსროსთან. კაცი ღარიბულ ფარდულში ცხოვრობს – მცირე ეზოში თხები დაურბიან და არც ოთახში უშლის შემოსვლას, წაშლილია ზღურბლი ადამიანს და ცხოველს შორის.

ფეხმორთხმით ტრადიციულად ჩაი მივირთვით, ერთი ჭიქა თხებმაც დალიეს, აქაურ ენაზე „ბოზ“–ს რომ ეძახიან. ჩავცალეთ ჭიქები და მასპინძელს გამოვემშვიდობეთ.

ნამდვილად ღირს აქაურობის სტუმრობა – ძველის ძველი ისლამის პერიოდამდე ნაშენი დასახლება. რამინმა – „აქ ძველ სპარსულზე ვსაუბრობთ ხალხიო, შირაზელ და სხვა ირანელებს ჩვენი არ ესმით. “სალამი” არაბებმა დაამკვიდრეს, ჩვენ დურუთს ვიტყვით, ხოლო გამომშვიდობებისას ბედრუთს, ნაცვლად მთელ ირანში გავრცელებული „ხოდაფეს“..

ვნახეთ ერთი, ოდესღაც ზოროასტრების სარიტუალო ნაგებობა, ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთებული. გავიარეთ უამრავი ვიწრო ქუჩა და ლამაზი დაბალი შენობები ჩაწიკწიკებული. სოფელი მცირე ღია არხებითაა დასერილი, თავისუფლად რომ გადააბიჯებ, იქაურობას წყალი არ აკლია, შესაბამისად არც სიმწვანე. ალაგ მთაზე ვაზის ყლორტსაც ჰქონდა ყელი წამოღერებული.

ისევ კაფეტერიას მივუბრუნდით – მყუდრო ადგილი ჭკვიანურად არის მოწყობილი. გიტარა გადმოვიღე, რამინმა ტომბეკი მოიმარჯვა – გარემოს სიჩუმე მუსიკის ჰანგებმა დაარღვია.

საღამოს შუქი ჩაქვრა. კაფეტერია დავკეტეთ და ქვედა უბანში ხილის საყიდლად დავეშვით. ჩვენებური 90–იანები მოგაგონდებოდა, ქალაქიდან გაკრეფილები შარაგზაზე რომ დავსეირნობდით ზაფხულის და უშუქობის პერიოდში.

მერე ყალიონიც გავაბოლეთ. საუბარში ბოლოს შუქიც მოვიდა, ცოტა მუსიკას მოვუსმინეთ და დასაძინებლად იქვე ხალიჩაზე მოვთავსდით.

11 მაისი

DSC_1071გამოვემშვიდობეთ რამინს. მატარებლის სადგური არმისული შირაზამდე იყო. პოლიციამ ბილეთზე ხელი მოგვიწერა (ასეთი უცნაური პროცედურაა უცხოელებზე) და ცოტახანში უკვე თეირანისკენ მიმავალ მატარებელში ვიჯექით

***

მიყვება მატარებელი ზაგროსის მთებში გაჭრილ ლიანდაგს, ალაგ საკმაოდ დიდი სიმაღლიდან რომ გადავყურებთ თვალუწვდენელ ხრიოკ ველებს. ხან ოაზისებიც მოჩანს – დასახლებები, გამწვანებული ხეხილის ბაღებით.

კუპეში შეყუჟულ ჯდომას ისევ ვაგონ–რესტორანი ვარჩიეთ –ადამიანურად ვივახშმეთ. მხიარულებას იწვევს მომსახურე პერსონალში ჩვენი დამტვრეული ირანულის სმენა. უკვე მერამდენედ კითხულობენ ქართული და რუსული ენის მსგავსებაზე, – “კი მსგავსია, ისევე, როგორც ჩინური და ირანული..” – პასუხს ღიმილით ვაძლევ.

გამთენიისას უკვე თეირანში ვიყავით…

Iran, Isfahan (Part IV)

5 მაისი

DSC_0660გათენდა და ტრადიციულად ფოტოაპარატით შეიარაღებულები ქალაქს მოვედეთ. ერთმანეთს ენაცვლება მეჩეთები, ძველებური ბაზრები, უზარმაზარი ბაღები.

ქალაქი კია ტრანსპორტით გადატვირთული, მაგრამ ამ ყველაფერს პარკების სიმრავლე უპირისპირდება. ქუჩებშიც კი გზაგამყოფ ზოლში ხუთსართულიანი სახლის ხელა ხეებია წამოზრდილი და მცხუნვარე მზის სხივებისგან იცავს ფეხით მოსიარულეებს.

ჩავიკარგეთ აქაურ ბაზრის ლაბირინთებში – თვალი ვერ ძღება სავაჭროდ გამოტანილ ათასგვარი ნაქსოვ–ნაკეთობების თვალიერებით. დასასვენებლად ჩაიხანა მოვიკითხეთ. სადღაც გავძვერით, ძველებურ ეზოს მივადექით – გვირჩიეს, მოგეწონებათო.

DSC_0607მართლაც საოცარ ადგილას ამოვყავით თავი – სარდაფი გაფორმებული ათასგვარი წვრილმან–მსხვილმანით. რა აღარ კიდია კედელზე – ნაჯახები, ხმლები, ფარები, ხალიჩები, ფოტოები სპორტსმენების, ქალაქის ხედების, ხელნაკეთი ნივთები, ყალიონები… დიდი აბრაა გამოკიდებული – “სურათის გადაღება აკრძალულია”–ო.. მარა პირველს რასაც მოკრავ თვალს, სამოცდაათ წელს მიტანებული ბრიტი ბებო აღფთოვანებული რომ უღებს აქაურობას ფოტოს.

სხვებიც ღიმილით შესცქერიან ამკრძალავ ნიშანს, მერე აიფონს გამოგიწვდიან და გთხოვენ, სამახსოვროდ მათაც გადაუღო სურათი.

მიმტანი კი გრძელ დერეფანში დაუღალავად გადი–გამოდის. აქეთ–იქით რიგად ჩამწკრივებულ მაგიდებს მოხერხებულად აცლის ჩაიჩაცლილ ჭიქებს და გამოლეულ ყალიონებს. უცნაური აღნაგობით, თავისკანტურით და ბედნიერი ღიმილით რომ ჩაგიქროლებს. მაისურზე კი დიდი ასოებით აწერია – “nobody is perfect”.

შემდეგ იმამის მოედანზე ამოვყავით თავი – შაჰ აბასის ზეობის პერიოდში აშენებული ბაღი გარშემორტყმული ორი მეჩეთით (Shah Mosquea, Sheikh Lotfollah Mosque) და ალი ქაფის სასახლით. მე ვერ ავღწერ მოზაიკის იმ სილამაზეს, რითაც ეს მეჩეთებია მორთული, ისევ სურათები თუ გიშველით ამ ყველაფრის აღქმაში.

ხეტიალში მოსაღამოვდა – დამშრალი ზაიანდერუდს ჩაყოლებულ ბულვარში წამოვკოტრიალდით კოხტადგაკრეჭილ გაზონზე – აგრილდა, ქალაქში ლამპიონები აკიაფდა. შორს, შორს ფონად მოლას ლოცვა ისმოდა.. სასიამოვნო ხმოვანება შემოჰქონდა მანქანების ძრავების საერთო გუგუნის ფონზე..

DSC_0658

6 მაისი

მცირე დრო არ გვაძლევს საშუალებს რომელიმე ქალაქში 2–3 დღეზე მეტ ხანს დავრჩეთ. ბარგი მოვკარით და სანამ გიო თეირანიდან მობრუნდებოდა, დროის მოსაკლავად ქალაქში გავედით.

საქაბაბეში ჩამოვსხედით. რამოდენიმე წუთია საჭირო წინდაწინ შამფურზე წამოცმული ცხვირს ხორცი რომ შეგიწვან. თხელ ლავაშში გაგიხვევენ, შემწვარ პომიდორთან ერთან. ლიმონი, ხახვი, მწვანილი, არაჟანი და გემრიელი საუზმეც მზად არის. ესეც აქაური სწრაფი წახემსება.

მერე ჩვენი მეგობარიც შეგვეხმიანა და ისევ გზა, ამჯერად ფერეიდნისკენ. ბუნებას ნელ–ნელა სიმწვანე შეეპარა, გალამაზდა.

გიომ – “ფერეიდანი მომიჯნავე რეგიონია, თურქებით და ქურთებით დასახლებული. რატომღაც ეს სახელი დამკვიდრდა ჩვენში იმ ადგილის ტოპონიმად, სადაც შაჰ აბასის დროს საკუთარ მიწიდან აყრილი ქართველობა დაასახლეს”.

ქართველებთან..

DSC_0098ორიოდე საათი და მარტყოფსაც მივუახლოვდით, ყველაზე დიდ ქართულ დასახლებას ირანში. დაახლოებით ათ ათასამდე მოსახლით, ძირითადად ქართული წარმომავლობის. ლამაზი მხარე კი შეგირჩევიათ-თქო, ვეხუმრებოდი გიოს. მთებს შორის, სიმწვანეში ჩაფლულ ადგილი იყო, ძირითადად ფერდობზე შეფენილი ორსართულიანი სახლებით. ზღვის დონიდან ორნახევარ კილომეტრზე აზიდული, საღამოს კაცს ამ ზაფხულის პირასაც გემრიელად რომ შეგცივდებოდა.

გიო ღამენათევი იყო. დავამშვიდეთ – არ დავიკარგებით, დასასვენებლად გავუშვით. ქუჩაში გავისეირნეთ. ხალხი მალევე შემოვიდა კონტაქტში, რომ გაიგეს საქართველოდან ჩასული სტუმრები ვიყავით.

ერთი კაცი გამოგვყვა, მაღაზია–მაღაზია დაგვატარებდა და ხალხს გვაცნობდა. თავად – დედა ქართველი მყავს, აღა კი ირანელიო.

მერე ერთ ალაგს მეგობრები მოიკრიბნენ, საშუალო ხნის ხალხი, ქალაქის თავზე მოწყობილ პარკში აგვიყვანეს – ჩაი დავლიეთ, ყალიონი გავაბოლეთ.

ერთი–ერთი მათგანი მთასვლელი გამოდგა, შაჰრამი – “საქართველოში ვიმოგზაურე ამას წინათ. შხარაზე მინდა მომავალში ასვლაო.”

ღიად დასცინოდა ისლამურ რელიგიას, მაგრამ არც ქრისტიანებს სწყალობდა: “ერთი მეუბნება სწორი გზა იქითაა, მეორე, აქეთო. სინამდვილეში ჩემი ღმერთი კი ჩემს გულშია და არ მაინტერესებს სხვა რას მელაპარაკებაო.”

თვალი კი ამ დროს ბუნების სილამაზით ტკბება. შორს, შორს მთის წვეროებს თოვლი ამშვენებს.

– “ქართველები ნელ–ნელა ვმცირდებით, ზოგი დიდ ქალაქში მიდის რომ დაწინაურდეს და იკარგება, გარშემო კი თურქები და ქურთები სახლდებიან”.

საუბარში ეტყობათ, არ უყვართ ქურთები. მსუბუქად დასცინიან – იპარავენ და ქურდობენო. ჩვენი ქართველობა გამახსენდა ევროპას მოდებული – აბა ისინი უნდა ნახო მოპარვა და ქურდობა როგორი იციან.

– “ჩვენ კარგი სახელით ვართ, რამე დაგვჭირდეს და რომ გაიგებენ ქართველი ვარ, ფასსაც დაგვიკლებენ და ვალადაც გაგვატანენ – გვეტყვიან, ფული მერე მოიტანეო..”

ქართულს სკოლებში არ ასწავლან, კერძოდ შეკრებენ ბავშვებს და ასე ამეცადინებენ რომ მშობლიური ენა არ მიეცეს დავიწყებას.

– “თავად სანამ სკოლაში არ მივედი, სპარსული არც ვიცოდი – სახლში სულ ქართულად მელაპარაკებოდნენ.”

ერთ მაღაზიაში კაცმა – “ანბანი მინდა ვასწავლო ჩემს ბავშვს და წიგნები არ გვაქვსო”. შევპირდი, წამოღებული მაქვს რამოდენიმე წიგნი და გაჩუქებ–თქო.

– “ჩვენ აქ სენაკში ვართ, ბევრს სურს ბავშვები საქართველოში წამოიყვანონ..”

ამირანამ – “გოგოს ნათელა ქვიაო, ბიჭს კი ილია. ასე მითხრეს სახელების წიგნში მასეთი არაფერია და არ მარქმევინებდნენ. მაშ იქ წავიყვან, სადაც მაგ სახელს ჩასწერავენო და ბოლოს ასე დავიყოლიე.”

საღამოს გიო გველოდა თავისთან, მაგრამ აბა ამ ხალხს აწი რას დავუსხლტებოდით. მანქანაში ჩაგვსვეს – ბაღებისკენ ქნეს პირი, სადაც შრომისგან დაღლილებს შესაფარებლად პატარა ქოხები აქვთ წამოჭიმული და დროის სატარებლადაც საღამოობით იქ იკრიბებიან.

მაყალი გამართეს, ქათამი შესწვეს. მოკრძალებული პურმარილი პირდაპირ ხალიჩებზე გადაფარებულ პარკზე გაშალეს. ფეხმორთხმით ვიჯექით. სამ–სამი ჭიქა დაგვალევინეს. კაცი სახელად დავითი იყო მასპინძლად.

– “სულ პირველ არტგენზე ხუთი კაცი ვიყავით საქართველოს. ჩვენ არ ვმღეროდით, მაგრამ ისე გამოგვაცხადეს, თითქოს სწორედ რომ ამისთვის ვიყავით ჩამოსულები.. გავედით სცენაზე – ვიმღერეთ, რავიცი როგორ… ხალხს კი მოეწონათ ქართულად რომ ვუბნობდით..”

გახელდა საუბარი. იყო ერთი გაცვლა სიტყვების – ნივთებს, ცხოველებს, რას როგორ ვუწოდებთ. ბავშვური სიხარულით ხვდებოდნენ, როცა აღმოაჩენდნენ რომ რაიმე ნივთის სახელს ასევე მსგავსად ვიტყოდით..

DSC_0135ბევრი ძველებური სიტყვაა მათ საუბარში შემორჩენილი. თავიდან რომ კიდეც გაგიჭირდება საუბრის აღქმა, სპეციფიური კილოკავის, თუ სპარსული სიტყვების შერევის გამო. გამოთქვამენ ჩვენში გადავარდნილ “ხ”–ს. მათებურად “ხელი” დაახლოებით “ჰქელი” ასე ჟღერს. ბევრი იცინეს, თავადაც რომ ვცადე მსგავსად მეთქვა. ხშირად სიტყვებში “ვ” იკარგება – ძ(ვ)ელი, მო(ვ)ლენ..

დათომ საგულისხმო სიტყვები გვითხრა, ჭიქით მასპინძლები რომ დავლოცეთ:
– “როცა საქართველოდან ჩამოდიხართ, ეს ჩვენთვის ხელახლა დაბადებაა და იმედის გაჩენა, რომ სამშობლოს დავუბრუნდებით!!!”

საუბარს ცეკვა–თამაში მოყვა. ატყდა ერთი ამბავი – ხალხი ამღერდა, წყლის ჭურჭელი მოიმარჯვეს, დოლად მოუნაცვლეს. უნდა გენახათ ეს ორმოცს გადაცილებული ხალხი როგორი ამჩატდა და ახალისდა.

წრე შეიკრა, სიმღერაზე და ტაშის რითმაზე რიგრიგობით ხან ერთი შევარდებოდა საცეკვაოდ, ხან მეორე. ნამდვილი ზეიმი იყო სიცოცხლის..

შუაღამეს გადასული იყო, ავიშალეთ. ისმაილმა წაგვიყვანა თავისთან სახლში. მოსასვენებელი პირდაპირ იატაკზე გაგვიშალა – ჩვენში აბა ტახტი არ ვიცითო..

7 მაისი

ვმეორდები, მაგრამ სხვანაირად დილა აქ არ იწყება – ჩაი, ცოტა ტკბილეული და გიოსთან შესახვედრად გავწიეთ. თბილისიდან წამოღებული ანბანის პლაკატები და დედაენის წიგნები დავარიგე. ზოგი შაჰრამს, ზოგიც წიგნების მაღაზიის პატრონს ვუსახსოვრე.

ამასობაში გიოც გამოჩნდა, პური და ხორცი ვიყიდეთ და მამამისის ბაღისკენ გავსწიეთ.

ხეხილის ბაღში ჩადგმულ გარაჟივით მცირე სახლს მივადექით. მზე აჭერდა და სიცხის მიუხედავად, შიგნით სიგრილე იდგა. ეზოში ცეცხლი ავაგიზგიზეთ, შამფურზე ცხვრის ხორცი აშიშხინდა.

მარტყოფი მოშრებით მოჩანს, გარემო ლამაზი და მშვიდია – არც მაქვს გრძნობა საქართველოდან ლამის ორი ათასი კილომეტრის მოშორებით რომ ვარ. სოფლის აურა, ხეხილის ბაღი, იქ მოფუსფუსე რამოდენიმე გლეხიკაცი ძველქართულად მოუბარი, შინ ყოფნის განცდას ქმნიდა.

სასიამოვნოდ უბნობს გიოს მამა, უდიდესი რიდი და პატივისცემა იგრძნობოდა მამა–შვილს შორის. წამოსვლის წინ მოხუცს ქართული დროშა ვუსახსოვრე. კაცი ემთხვია, გულში ჩაიკრა – ამაზე ძვირფასს შენ ვერაფერს მაჩუქებ–ო! გამოვემშვიდობეთ.

ისპაჰანში წამოსვლამდე მანქანით გარშემო სხვა სოფლები შემოვიარეთ. ვაშლოვანს რომ ჩავუარეთ, გიომ დანანებით – “აქაური ქართველობა ადგილობრივებზე უფრო მაგრად იცავენ მუსლიმურ წესსო”.

გზად ფერეიდნის დასახლებაშიც გავჩერდით, გიოს ბიძამისთან მცირე საქმე ჰქონდა. ყურისთვის გაცილებით გასაგებ ქართულით გველაპარაკა შუახნის კაცი. მერე გავიგეთ, მიზეზი – 90–იანებში თურმე მთელი ათი წელი იცხოვრა საქართველოში. ბოლოს საქმე ვერ ააწყო და ისევ ირანს მობრუნდა.

საღამოს პირს ისპაჰანს ვიყავით უკვე – ღამის გასათევებლად გიომ თავისთან მიგვიპატიჟა.

Iran, Yazd (Part 3)

იაზდი

DSC_0451

3 მაისი

დილის ხუთზე იაზდში ჩამოვედით. ორი სიტყვა სპარსულად, ლამის იქაური გარეგნობა და ტაქსისტი ვერც მიხვდა უცხოები რომ ვიყავით. გაგვიბა საუბარი, ვანიშნეთ რომ არ გვესმოდა.

ნელ–ნელა ნასწავლი ორიოდე სიტყვა და ადგილობრივებთან კომუნიკაციას მაინც ვახერხებთ – “სად ხარ, როგორ ხარ, რა ღირს, საით..” და ა.შ.

ნარდის თამაში ვინც იცის, ექვსამდე სპარსულად დათვლაც სცოდნია, დანარჩენი რამოდენიმე რიცხვიც დავიმახსოვრეთ და ტაქსთან ფასზე მოსათანხმებლად მეტი არცაა საჭირო.

ბარგი სასტუმროში დავტოვეთ და ქალაქის დათვალიერებას შევუდექით – მზე ეს ეს იყო ამოიწვერა, იაზდი ნელნელა იღვიძებდა.

ზოროასტრების სარიტუალო კოშკურებს მივაშურეთ (Towers of Silence), სადაც გარდაცვლილებს ტოვებდნენ ასე დაუმარხავად. მათ წარმოდგენაში დამარხული ადამიანი მიწას წაბილწავს, ხოლო თუ დაწვავენ – ჰაერს. ღიად დატოვილი მიცვალებულები კი, მტაცებელი ფრინველების საჯიჯგნი ხდებოდნენ.

შემდეგ ტალახისფერ აგურით და მიწანარევი ქვიშით შელესილ ძველ ქალაქის უვიწროეს ქუჩებში ვიბორიალეთ, კაცი ადვილად რომ დაიკარგება.

DSC_0457ყოველ ძველებურ სახლს ორი, სხვადასხვა ფორმის სახელური აქვს შებმული და შესაბამისად დაკაკუნებისას განსხვავებულ ხმას გამოსცემს – მასპინძელს წინდაწინ რომ სცოდნოდა, კაცი იყო ზღურბლს მიღმა სტუმრად მოსული, თუ ქალი. ესეც ისლამური რელიგიის გამოძახილი..

სახლებს ძველი დროის “კონდიციონერები” ადგათ – ერთგვარი “ქარდამჭერები”, სპარსულად “ბედგირ”. ნაგებობა, ყველა მხრიდან რამოდენიმე ერთეული ვერტიკალური ღარით, რომელიც უმცირეს ნიავსაც კი სახლისკენ მიმართავს ზაფხულის ჩახუთულ სიცხეში შედარებით გაგრილებისთვის.

გული ვიჯერეთ იქაური, ჩვენი თვალისთვის უცხო არქიტექტურის თვალიერებით. ტურისტულ ცენტრს მივაშურეთ – 20 $ და საღამოს სლოვენიელ ტურისტების ჯგუფთან ერთად მინიბუსით ბავფქისკენ ავიღეთ გეზი. ორი საათი გზაში, ასორმოცდაათი კილომეტრი და “ნამდვილ” უდაბნოში ამოვყავით თავი.

რეალურად მთელი იაზდის რეგიონი ისედაც უდაბნოა. გადახრიოკებული, მოტიტვლებული ზეგნებით – ჰორიზონტზე ასევე ნაცრისფერ–ყავისფერი აყუდებული კლდოვანი მთები მოჩანს, სიცოცხლის ნიშანწყალი რომ არაა.

ბავფქს კი ცოტა რომ გავცდით, ამ ხრიოკ უდაბნოს ქვიშის გორებიც დაემატა. აი, ისეთი, აქამდე მარტო ფილმებში რომ მინახავს. ალაგ–ალაგ ქარბუქი რომ ამოვარდება, ჰაერში ახვეტილი ქვიშა თვალებს გიბრმავებს..

DSC_0501დასახლებული პუნქტები კი მიწისქვეშ გაყვანილი ქანათების (წყლის არხები) საშუალებით საზრდოობს მაცოცხლებელი წყლით, ხშირად მრავალი ათეული კილომეტრის სიშორეზე აღმოჩენილი სათავიდან რომ არის გაჭრილ–გამოჭიმული და არაადამიანური შრომაა მათ მშენებლობაში ჩადებული.

მცირედი აქლემებით გავისეირნეთ, შემდეგ ფეხით ქვიშის გორებსაც შევუყევით, ჰორიზონტზე დაშვებულ მზეს გავაყოლეთ თვალი და ბოლოს ადრენალინის მცირე დოზა კვადროციკლების “ჯირითით” მივიღეთ.

4 მაისი

დაგროვილმა დაღლილობამ თავის ქნა – დილით ძლივს ავწიეთ საწოლიდან თავი. წყლის მუზეუმის სანახავად წავედით, სადაც ქანათების შენების ისტორიას გაეცნობა კაცი. შემდეგ იქაურ ბაზარს მივაშურეთ – მცირედი ვივაჭრეთ. ამ დროს მე ხმა არ ამომეღება, კოკა კი მოხერხებულად ახერხებდა შემოთავაზებული ათასგვარი ჭრელი, თვალწარმტაცი ქსოვილის ფასის დაბლა დაწევას.

დიდად არც მოგატყუებენ, არც თურქებივით გამოგეკიდებიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რომ ოღონდ რამე შემოგასაღონ. მცირედს დააკლებინებ და მათთვისაც მისაღებ ფასს რომ შესთავაზებ, თავს ოდნავ ცერად დაგიკრავენ და ნავაჭრის შეხვევას მიჰყოფენ ხელს.

მაგრამ ფულის დახურდავება რომ მოვინდომეთ, ერთ პუნქტს ძლივს მივაგენით და იქაც ისეთი წამგებიანი კურსი შემოგვთავაზა ღიპმოდებულ არასასიამოვნო სახის კაცმა, გაწვდილ ასდოლარიანს უკან ჯიბეში ვუძახეთ პირი.

აი, იაპონელი ტურისტი ქალი კი სასოწარკვეთილი სახით გვიმტკიცებდა – სხვა გზა არ გაქვთ, შირაზში კიდევ უფრო უარესი ხდებაო.. რაღაც დანანებითაც კი ჩაიბუტბუტა – აქ რამ ჩამომიყვანა.. მხრები ავიჩეჩეთ, გარეთ გამოვედით.

სანაყინეს მიწვდა მზერა და აბა იმ სიცხეში უკეთესს რას ინატრებდა კაცი – ჩამოვსხედით. ტელევიზორში რაღაც უზარმაზარი მეჩეთის ეზოს აჩვენებდნენ, სადაც ათასობით მუხლებზე წამოჩოქილი კაცი სახეს იხოკდა, ტიროდა და ვიღაც სულიერი მამის სიკვდილს გლოვობდა.

ეს ყველაფერი ძაან არაბუნებრივად გამოიყურებოდა. სიტუაციის კომიკურობას მენაყინის მიმიკაც გვიდასტურებდა – ალაგ–ალაგ წამიერად ღიმილით რომ ახედავდა კედელზე ჩამოკიდებულ ტელევიზორს.

პირველიც არ იყო, გარეთ კი უკვე მაღაზიის მეპატრონეებმა ჟალუზების ჩამოკეცვა დაიწყეს – კარგი საქმეა ღმერთმანი მხოლოდ შუადღემდე მუშაობა..

* * *

DSC_0474ამასობაში იაზდიდან აბარგების დროც დადგა. ოც თუმნად ტაქსმა 50 კილომეტრი მეიბოდისკენ გვატარა, სადაც გიო, თბილისში გაცნობილი ისპაჰანელი ქართველი გველოდა. სადილად მიგვიპატიჟა, ცოტა სული მოვითქვით და ირანში აწყობილი მისი თეთრი პეჟოთი ისპაჰანს მივაშურეთ.

კარგი სასმენია გიო, ოცდაათს გადაცილებული გონებაგახსნილი ადამიანი – იუმორით, ქარიზმით. გზა საუბარში მალე გაილია და საღამოს პირს ისპაჰანსაც ვუწიეთ. 20 დოლარად რაღაც უბრალო სასტუმროს ოთახი ავიღეთ და სანამ ძილის დრო მოვიდოდა, ღამის ქალაქში გავისეირნეთ.

ჩაჰარბაღის ქუჩას ავუყევით. უამრავი მაღაზია, თუ საკვები პუნქტი არის ჩაწიკწიკებული, გადანათებული სახელდახელოდ შენობიდან გამოჭიმულ–გადმოკიდებულ ლამპიონების თეთრი შუქით.

მალე ალავერდი ხან უნდილაძის მიერ აშენებულ ხიდსაც (სიოსეპოლს) მივადექით, ზაიანდერუდის დამშრალ კალაპოტზე რომ არის წამოჭიმული.

სანახავად მართლაც რომ შთამბეჭდავია ეს ლამის სამასმეტრიანი და ოცდაცამეტთაღიანი ულამაზესი ხიდი, ახლანდელი ქართველობა ამ 33 თაღს მიამიტურად ჩვენი ანბანის ასოთა რაოდენობას რომ უკავშირებს.

# # #

Iran, Tehran (Part 2)

    

2 მაისი

ბაზარიდილით ძლივს ავწიეთ სასაუზმოდ თავი. სასტუმროს კაფეტერიაშივე ცოტა წავიხემსეთ და სანამ ჯეფრი გვეწვეოდა, ისევ ძილი შევიბრუნეთ.

მერე ათ წუთში სასწრაფოდ ჩავლაგდით, ოთახი დავცალეთ, ბარგი მიმღებში დავტოვეთ და ქალაქს მივაშურეთ.

სეირნობისას გადავეყარეთ ბერძნულ ეკლესიას, შემდეგ სომხურს – გასვენება იყო, ზღვა ხალხი მოსულიყო სამძიმარზე – როგორც ჩანს აქ საკმაოდ დიდი დიასპორაა ჩვენი მეზობლების.

250-3ქალაქში საინტერესო იყო რიგი შენობების კედლების ხილვა, ანტიამერიკული ხასიათის სურათებით მოხატული.

ასე წოწიალში ბოლოს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, ძველ ბაზარში ამოვყავით თავი. მოშიებულზე იქვე ტრადიციულ ირანულ ჩაიხანაში შევედით – უმაგიდო, ხალიჩებით მორთულ მოსასვენებელზე მოვკალათდით. ბრინჯი მივირთვით ათასნაირი შეკმაზულობით, ყალიონი მოვწიეთ.

აქ დასვენების დღეები ხუთშაბათი და პარასკევია და ამ დროს ფულის გადასახურდავებელი ჯიხურიც კი არ მუშაობს. ჩაიხანის ქეშიერმა – მე დაგიშლითო. ას დოლარიანი გავუწოდეთ, ჯეფრი წევდა თარჯიმნობას. დაიწყო კუპიურების დასტა დასტა გადმოღება და თვლა. კი აქვთ ფული ბევრი ნულებით. ცოტა არ იყოს აიჭრები, სანამ შეეჩვევი.

აქაური 20 000 რიალი დაახლოებით ჩვენი ლარიანის ტოლფასია. ზეპირ ლაპარაკში თუმნებს ხმარობენ და ხან თითო ნოლის ჩამოშორებით 2 000 შეიძლება გითხრან, ანაც საერთოდ ოთხ ნოლს მოაკლებენ და ორ თუმნად “მონათლავენ” ამ შენს ოცი ათასს.

250-2ას დოლარში კი მთელ სამ მილიონზე ცოტა მეტი რიალი გვეკუთვნოდა. მაგრამ ამის ფონზეც რაღაც ძაან დიდი შეკვრა გამოგვიწოდა. ჯეფრის გავხედეთ დაეჭვებულებმა, თანხმობის ნიშნად ხელი დაიქნია. კუპიურებს ძლივს მოვუძებნეთ ადგილი – მცირე ზურგჩანდა ფულისგან გაიბერა, ქუჩაში გამოვედით.

წამი არ იყო გასული, ფეხდაფეხ ის ჭკვიანი დამხურდავებელიც გამოგვყვა – როგორც აღმოჩნდა, ასის ნაცვლად, ათასი დოლარის ექვივალენტი გადმოგვითვალა. ცხრა შეკვრა უკან გადავუდეთ (ცუდი შეგრძნება კი იყო).

ჯეფრი იცინოდა – “ვეუბნებოდი, გეშლება რაღაც და იქით მეჩხუბა, ჩემი საქმის მე ვიციო. კი შევპირდი, ნახე ცოტახანში უკან თუ არ გამოგვეკიდოო და აჰა!”

მოკლედ წამებიც და ასე იოლად მთელ ცხრაას დოლარს გავაკეთებდით.

კომიკური სიტუაციით გახალისებულები საბაგიროთი იქვე წამოყუდებულ ელბურსის მთების ფერდობს შევუყევით. რამოდენიმე სასრიალო კურორტი ქალაქთან ყურის ძირშია მოწყობილი. ერთ–ერთი საბაგირო მთელ შვიდ კილომეტრზეა გადაჭიმული, უბრალოდ მაგის დრო არ იყო, იქ ავსულიყავით. საინტერესო კი იქნებოდა სივრცის იქიდან მოთვალიერება.

სულ რამოდენიმე ასეული მეტრი ავიწიეთ ზევით, ფერდობებს შორის თეირანი მოჩანს თეთრი, თვალი ქალაქის კიდეს რომ ვერ მისწვდება. გემრიელი გრილი ნიავი უბერავს და სიცხისგან გასაქცევად მშვენიერი ადგილია.

შორს, აღმოსავლეთით დემავენდის მთაა წამოყუდებული, ირანში ყველაზე მაღალი მწვერვალი, ხუთი და ექვსასი სიმაღლის ჩამქვრალი ვულკანი, რომელსაც ირანული მითოლოგიაში და ფოლკლორში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

დავეშვით ისევ ქალაქს, მეტროთი სასტუმრომდე თითქმის საათი ვიარეთ, ერთი ამდენიც სადგურამდე და ახლა უკვე იაზდისკენ მიმავალ ღამის მატარებელში ვზივარ (ოფიციალურად ქალაქის სახელი ქართულად რატომღაც ასე იწერება – “იეზდი”, არადა “яზდ”, ასე ჟღერს სპარსულად).

* * *

300-1თუმცა სანამ მატარებელში ჩავსხდებოდით, ჯავედის ცუდი ინგლისურის გადამკიდე, ლამის გემრიელ გაუგებრობაში გავყავით თავი.

დღემონაცვლეობით დადის მატარებლები, ხან ჩვეული კუპე–ვაგონებით, ხან უბრალო დასაჯდომი ადგილებით. ხოდა “როგორც ავტობუსი, მასე იქნება სამწუხაროდ დღეს ადგილებიო”, რაღაც მასე გვითხრა ჯავედმა. ჩვენ კი სულ ორი სიტყვა – “სამწუხაროდ” და “ავტობუსი” გავიგეთ და სალაროდან გამობრუნებულებმა ჩავთვალეთ, მატარებელზე ბილეთი ვერ ვიშოვნეთ და ავტობუსით მოგვიწევდა ჯაყჯაყი.

კარგი სანახავები ვიქნებოდით შენობას რომ გავივლიდით (რა ვიცოდით იმ შენობის მიღმა ავტობუსებს არაფერი ესაქმებოდათ) და ბაქანზე ამოვყოფდით თავს. სანამ გავარკვევდით, ჩვენი “ავტობუსი” სინამდვილეში მატარებელი როა.

ბილეთის შემოწმება მანამდე ხდებოდა და მგზავრის გარდა მეორე მხარეს გამცილებელს არ ატარებდნენ. ინგლისურად მოსაუბრე კი იქ არავინ მეგულებოდა.

ბედი ჩვენი, ჯეფრის თხოვნამ გაჭრა და ბოლომდე მიგვყვა. ყველა სიკეთესთან ერთად სხვადასხვა ადგილზე გამოეწერათ ბილეთი. გამცილებელთან მოლაპარაკებას წარმატება მოჰყვა, ვიღაც ხანუმი ზრდილობიანად გაისტუმრეს ჩემს ადგილას და კოკას გვერდით მოვკალათდი. გამოვემშვიდობეთ ჩვენს მასპინძელს თეირანში და მატარებელიც დაიძრა.

გაუგებრობას მაინც ვერ ავცდით, როცა ფორმაში გამოწყობილი კაცი წამოგვადგა თავზე და ჩვენ კონტროლიორად მივიღეთ.

დავაბნიეთ, ხელებით როგორღაც ვანიშნეთ – მხოლოდ ერთი ბილეთი გვაქვს, მეორე შენმა კოლეგამ ერთ ხანუმს გადასცა, რადგან ადგილი გავუცვალეთ და აი სანაცვლოდ მისი ბილეთის მოცემა კი დაავიწყდაო.

უხერხულად გვიღიმოდა. გამომართვა ბილეთი, მთავარ გამცილებელთან წავიდა. უკან გავყევი. ვერც იმ კაცს გავაგებინე რა მაწუხებდა. მათი მიმიკა და ირანული კი მე არ მესმოდა. ბოლოს, უშედეგო ცდით რომ დავიღალე:
– any problem?!
– no problem–ო.. ამოღერღა ჩემზე არანაკლებ შეწუხებულმა კაცმა.
გულში, შენ გაიხარე–თქო, გამოვართვი უკან ის ბილეთი და ჩემს ადგილას მივბრუნდი.

იმ ფორმიანმა ცოტახანში ჩაი რომ ჩამოატარა, მერეღა გადავხარშეთ, რა ტყუილად ავიტკიეთ თავი – თურმე უბრალოდ ოფიციანტია და მაქსიმუმ რაც აინტერესებდა – ყავის დალევას ვარჩევდით, თუ ჩაის მივანიჭებდით უპირატესობას..

# # #