დიადი აღმოჩენები და ნაბიჯები

მამაჩემს ახასიათებს, არაფერს ახალს არ აღიარებს და მიყვება იმ ცხოვრების დინებას, რასაც როდესღაც შეეჩვია. ხოდა მეც გვარიანად გამომყოლია ეს თვისება…

აქ ჩამოსულს ოთახში საკმაოდ კომფორტული სამზარეულო დამხვდა. სხვა ბიჭებმა ხელად შეიძინეს ჯამ-ტაფეულობა და აქაურ უგემურ სამზარეულოში ჭამას ისევ სახლში კეთება არჩიეს.

თვეზე მეტი დამჭირდა გონებაში დამეშვა ის აზრი, რომ მოდი აბა მეც ვცადო სახლში მომზადება, ფიქრშიც კი ვიზარებდი – დადექი ახლა და ხარშე მაკარონი.. და ჯიუტად განვაგრძობდი სასადილოს უგემურ და ამავე დროს საკმაოდ ძვირ საჭმლით კვებას. დიდი ხანი ისე ავუვლიდი-ჩავუვლიდი ტაფებს და ქვაბებს უზარმაზარ სუპერმარკეტში, ბოლო-ბოლო იმდენად იაფ რიგს გადავაწყდი, ჯანდაბას ვიყიდი და თუ არ გამოვიყენებ, გადასაყრელადაც არ დამენანებათქო..

კი ეწყო ორი კვირა ოთახში ხელუხლებლად. ბოლოს საკუთარ თავთან დიდი ომის საფასურად როგორც იქნა მოვერიე თავს და უკვე პროდუქტიც შევიძინე, ნუ რა – კვერცხი, მაკარონი, პაკეტის სუპები და ათასნაირი კონსერვები.

სახლში მისულმა კმაყოფილი სიფათით დავახარისხე მაცივარ-კარადებში ნავაჭრი და რაღაც კაი განწყობით შევუდექი წყლის მოდუღებას და წვნიანის მომზადებას. ბედნიერმა დავიძინე იმ საღამოს, იმის აღმოჩენით, რომ თურმე შეიძლება სახლშიც ივახშმო-ისადილო და აცდე ყოველდღიურ დაგეგმილ ვიზიტს სამზარეულოში, გრძელ, პოდნოსით ხელში რიგს, და რაც მთავარია, საკმაოდ უგემურად მომზადებულ სადილს. ხანდახან რა ცოტა რამ გყოფნის კარგ გუნებაზე მოსასვლელად.

ამგვარადვე დიდი ხანი არ ვაღიარებდი სამრეცხაოს ფენომენს და ვიყავი ყოველდღე ჩემი მაისურ-საცვლების რეცხვაში. სანამ ერთ დღეს კარგად არ დამეზარა დახვავებული სარეცხის გავლება, მანამდე ფეხი არ შევდგი სამრეცხაოს ოთახში.

თურმე რა კაი ტიპია, ჩააგდე რამოდენიმე ხურდა, გაგირეცხავს ძვირფასი მანქანა ერთი კვირის დახვავებულ სარეცხს, ძვირფასი საშრობი ათიოდე წუთში იქვე გაგიშრობს კიდეც და ხარ ისევ ბედნიერი მორიგი აღმოჩენით. თურმე რა კარგი რამეა ცხოვრება..

ნუ ტიპიური ქართველი რომ აღმოვჩნდე, ცოლი აღარ მომიყვანია და ეგ არის – ჩემით ვიმზადებ საჭმელს, სარეცხსაც ჩემით მოვუვლი ძვირფასი მანქანის დახმარებით, დაუთავებასაც ვისწავლი მომავალ სამ თვეში მაგ ეტაპისკენაც წამიცდება ფეხი, გონებაში ცვლილებებისთვის გემოს გასინჯვის პრეცედენტი უკვე არსებობს, ხოდა ბოლო ბოლო პერანგი ძაან რომ დაიკუჭება და თავად რომ შევწუხდები, უთო აქვს გოგოს მეზობლად და ერთ დღეს მაგ გაბედულ ნაბიჯსაც გადავდგამ.. ხოდა აბა რაღა საჭიროა ცოლი, მეტი რა ფუნქცია აქვს, თან ხო ვიცი ტვინი უნდა დაჭეჭყოს 😀

26.02.10

ცოტა სწავლა და ორი ჩაბარებული ტესტი. შაბათ-კვირას ისევ მეცადინეობა მომიწევს, შედარებით რთული გამოცდის მოლოდინში.

სხვა რა ხდება.. შაბათობით მცირე ტრადიცია დამკვიდრდა – ბევრლუდმომარაგებულები ერთ-ერთის ოთახში მოვიყრით ხოლმე ჯგუფელები თავს და  ჩვენი ნიუტონის დანერგილ თამაშით ვიმუხტებით, რაც სხვა არაფერია, თუარა სასმელით გაჭყიპვა.

კარტი რიგდება, იქ ხან ფერს ირჩევ, ხან მაღალს ან დაბალს. ხან ამოსული კარტი შენს სასიკეთოთ მუშაობს, ხანაც პირიქით. მოკლედ რთული დიდი არაფერი ფილოსოფია – თუ გაგიმართლა სხვას აჯარიმებ და სასმელს ალევინებ, ჯერ მხოლოდ რამოდენიმე ყლუპ ლუდს, ნელნელა დოზა იზრდება და ბოლოს უკვე არაყსაც რევ საქმეში. თუ სასურველი კარტი არ ამოვიდა, თავად გიწევს სასმლის მიღება.

ხო თავიდან ყველას უხარია “წაგება” და არის სიცილ-ხარხარი, მაგრამ ბოლოსკენ გაზრდილ დოზებით უკვე ხალხს სახე ეღრიჯება მორიგი პორცია სასმელის მიღების მოლოდინში.

მერე როგორც წესი შემოვლაზე წამოსული დაცვა ფრთხილად მოგვიკაკუნებს ხოლმე კარებზე, ღიმილით და მხრების ჩეჩვით, რაუყო ბიჭებო უნდა დაგშალოთო, საათზე მიგვითითებს.. გვიანიაო, ხოდა მერე ცოტაც ინერციით გასტანს ხორხოცი და განმუხტვის საათიც ამით მთავრდება.

17.02.10

ყოველდღე დილის შვიდ საათზე ადგომა, ოთხ-ხუთ საათამდე ლექციები, მერე ხან ფეხბურთის ხან რაგბის გუნდში ვარჯიში, ეს უკვე ჩემი ყოველდღიური აქაური ცხოვრებაა, დრო სწრაფად გადის, რადგან სულ რაღაცას აკეთებ და მოდუნების საშუალება არც გეძლევა კაცს.

იშვიათად, რომ ქალაქში გავიდეთ, საღამოს კინოსეანსს თუ დავესწრებით. წინა შაბათ-კვირას ტულუზა ლიონის თამაშს დავესწარი, მოლოდინი უფრო მეტი იყო, ვიდრე ვიხილე. ისედაც პატარა სტადიონი ბოლომდე არც შეივსო, იმის ფონზე, რომ ლიონი იყო ჩამოსული, საფრანგეთის ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდი. კარების უკან ვისხედით ტულუზელ ფანების გარემოცვაში, ორასამდე გულშემატკივარს ორი კაცი ხელმძღვანელობდა მიკროფონით შეიარაღებული, თამაშს არც უყურებდნენ, 90 წუთი შეძახილებს და სიმღერას კარნახობდნენ დანარჩენებს, ისინიც ომახიანად ყვებოდნენ და მართლაც რომ ერთი წუთით არ გაჩერებულან. მაგრამ მათი ეს მუხტი საერთოდ არ მოქმედებდა დანარჩენ ხალხზე, ძირითადად ჩუმად რომ ისხდნენ და ხიფათის დროს თუ წამოიწეოდნენ სკამიდან და რაღაცას ემოციურად წამოიძახებდნენ.

ლიონმა ჩემდაგასაკვირად ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა მთელი 90 წუთის მანძილზე ( არადა გუშინ აგერ რეალს მოუგო 1-0 ), ტულუზელები უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ. თამაში უგოლო ფრით დამთავრდა და შესაბამისად საკმაოდ ცუდი საყურებელი იყო, მოკლედ არ გაგვიმართლა.

სხვა რა ხდება აქ, ისეთი არც არაფერი, მომავალ კვირიდან ტესტირებები გვეწყება და ვზივარ ვმეცადინეობ. ინგლისურად სწავლა საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის, ჯერ ისეც არ ვიცი ენა იდეალურად, მერე ათასი უცხო ტექნიკური სიტყვა გხვდება კაცს ( ავიაციის სპეციფიური ტერმინები, ფიზიკის და ა.შ.) ტვინში ერთი დიდი დომხალია. კურსი საკმაოდ ბევრის მომცველია, დრო კი ცოტა და გვატენიან ყველაფერს ერთად. მერე კიდევ ფრანგულის გაკვეთილებს გვიმატებენ, დილის რვა საათზე გამოლენჩებული სიფათით ვუყურებ მასწავლებელს, რომელიც ტყუილად მეხვეწება ჩემთვის გაუგონარ ბგერების გამოთქმას.

ცოტას წვრილმანებსაც ვიტყვი: მაგალითად ერთერთი ჩემი ჯგუფელი კარლსრუედან არის, ხოდა ჩვენებური იაშვილი გაიხსენა – ჩვენი გუნდის კაპიტანიაო, კაი ფეხბურთელიაო, მაგრამ რათ გინდაო, დანარჩენი ათი კაცი კაპიკად არ ვარგა და წვალობს მარტოო. მერე კიდევ რა ამბავია, აქვე სუპაეროს ( თუ სწორად გავიგე ამათი ფრანგული აქცენტიდან) უნივერსიტეტია, თვითმფრინავების შესახებ ყველაფერი ისწავლება, ინჟინერები, პილოტები და რავი კიდევ ვინ არ ხდებიან ვინც ამ სასწავლებელს ამთავრებს. ხოდა ერთ ერთმა ლექტორმა მოგვიყვა MIG-15 კონსტრუქტორები მიკოიანი და გურევიჩი (ესეც თუ სწორად დავიმახსოვრე, შეილება მერევა) ამ სუპაეროს სტუდენტები ყოფილან. მიგის სახელიც ამ ორი პირის გვარებიდან წამოვიდა.

კიდევ რა ხდება, გუშინ ლიგის მატჩის საყურებლად ირლანდიურ პაბში წავედით, მსგავს ატმესფეროს თბილისში არც შევსწრებივარ. არაფერი ჯობს მასეთ გარემოში კაი ფეხბურთის ყურებას, რათქმაუნდა კაი ლუდის ფონზე. ერთი რაც არ მესიამოვნა ეს მილანის წაგებაა. იყო გახარებული ჩვენი მანჩესტერელი ჯგუფელი თავის გუნდის გამარჯვებით, რომელიც სხვათაშორის გვარად ნიუტონია, კი კაი ბიჭია, მაგრამ ჭკუით და ცოდნით არ მგონია თავის ცნობილ მოგვარეს უტოლდებოდეს.

დანარჩენი მერე იყოს…

ფრანგული სალამი

ჩვენებურების მისალმების ცერემონიალი მეჩვენებოდა მომაბეზრებლად, ორი დღის უნახავ მეგობარსაც დიდის ამბით რომ გადავკოცნით ხოლმე და მისალმება და დამშვიდობება თურმე აქ უნდა ნახო:

დიდის ამბით ჯერ ერთ ლოყას მიუშვერენ ერთმანეთს, მერე მეორეს, ისე არ შეხვდებიან და დაშორდებიან, ეს რიტუალი არ ჩაატარონ. მეგობარს ვინმე რომ ახლდეს, თუნდაც შენთვის უცხო, მიღებულია ისიც ასე დიდის ამბით, გულითადად გადაკოცნო. უნდა ნახო ზოგი საერთოდ ორჯერ, სამჯერ რომ იმეორებს ამ ორმაგ გადაკოცნის რიტუალს და არის ხოლმე ქუჩაში ერთი თავის ბზრიალი და ჩაკოცნა, შორიდან ძაან სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი :))

ხოდა საღამოა, ქალაქის ცენტრში მოვსეირნობ, უკვე მეტროში უნდა ჩავიდე და სახლისკენ გამოვწიო. ერთ გოგოზე შემრჩა თვალები, სიგარეტს ეწევა, მაღალ, კოხტა ფეხებზე დგას, ლამაზი შავი თვალებით, მომხიბლავი პირსახის, სწორი გრძელი შავი თმა ლამის წელამდე წვდება, კისერი მომეღრიცა.

ბევრი აღარ მიფიქრია, დამტვრეული ფრანგულით მოვუბოდიშე და ინგლისურზე გადავედი, რაღაც სულელური კითხა დავაბრეხვე. ამოვისუნთქე გაუგებარი უხერხული ღიმილის ნაცვლად გამართული პასუხი რომ მომცა.

გოგო ინგლისურის მშვენიერი მცოდნე აღმოჩნდა, საუბარში ფრანგებისთვის დამახასიათებელი ოდნავი კილოც კი არ დაჰკრავდა და ჩემზე გამართულადაც მეტყველებდა.

ნუ მეგობარს ელოდებოდა, სახელი ვკითხე და რა თქმა უნდა ორ წამში დამავიწყდა – უცნაურად ჟღერს მათი სახელები და რავუყო. ამავე დროს ჩემს მეხსიერებასაც რომ ვერ აქვს მთლად კარგად საქმე.

ხოდა ორი წუთიც არ გასულა, რამოდენიმე სიტყვა გავცვალეთ და ვიღაც ჩემზე ერთი თავით მაღალი გოგო წამომადგა ზურგიდან, – ” bonsoir !! “, თავის დაქალის ნაცნობად მიმიღო და სანამ აზრზე მოვედი ერთ ლოყაზე უკვე ნაკოცნი ჰქონდა, დიდად არ გავაპროტესტე და მეორეც მშვიდად მივუშვირე, თან დავამატე – “უცხო ვარ, უბრალოდ რაღაც ვკითხე შენს მეგობარსთქო”.

– “Oh, I’m sorry..”
სიტუაციის კომიკურობით პირი ყურებამდე მქონდა ალბათ გახეული,
– “Don’t worry, It’s ok”, – ქართულ “სულგრძელობით” მივუტევე დაშვებული “შეცდომა”..

ღიმილი წამში შემახმა პირზე. ახლადგამომცხვარმა ჩემმა “დაქალმა” – აბა ჩვენი წასვლის დროაო. არც გულით ნათქვამმა კომპლიმენტმა გაჭრა :)), ღიმილით მადლობა მომიხადა, ბედნიერი მოგზაურობა მისურვა საფრანგეთში და გატრიალდა.

ერთი ჩვეული დღე

გაუთვალისწინებელი სადაზღვეო ხარჯი და ვზივარ ნასესხებ 50 ევროზე; ბევრ რამეს რასაც ვერ ვაკეთებ ხოლმე, ფულის მომენტს ვაბრალებ; და ერთი თუ შეიძლება ისე მოხდეს ცხოვრებაში; საკმარისი თანხით მოვხვდე რამე გარემოში; მერე რაღას დავაბრალებ ამას თუ იმას ერთი; ამ შემთხვევაში კი ისევ თამამად ვიშვერ ხელს ფულისკენ; როცა რატომღაც უჟმურ და უხალისო ხასიათზე ვარ..

ხოდა დიდი გეგმების გარეშე დღეს დილით რომ ავდექი ვისაუზმე და ქალაქის უკეთ დათვალიერება გადავწყვიტე.

მეტროთი ცოტა ცენტრისკენ შევიწიე და პირველად სტადიონის სანახავად გავწიე; ეს მგონი ის არენაა, ირლანდიასთან რაგბში მსოფლიო თასზე ლამის სასწაული რომ მოვახდინეთ. აქაურებმა ისე ბევრმა გაიხსენეს ეგ თამაში და საქართველოს ვგულშემატკივრობდითო.

სათადარიგო მოედანზე 16-17 წლის ბიჭების შეხვედრა იყო, ნახევარზე მეტი ჯანიანი ზანგები იყვნენ, რა გასაკვირია მერე საფრანგეთის ნაკრებში თეთრკანიანი სანთლით როა საძებნი. კაი ხისტი და ტემპიანი შეხვედრა იყო, მომენტების გარეშე, მაგრამ ყოველ კვადრატზე უშეღავათო ბრძოლით, არცერთი მოთამაშე ბურთთან ზედმეტ შეხებას არ აკეთებდა და როგორც კი ვინმე ფეხზე დააჯდებოდა, ეგრევე პასს იძლეოდა. მერე ესენი გამოვლენ და ჩვენ ნაკრებს მიძუყნიან აბა რას იზამენ – ამ ასაკის ჩვენი ბიჭები ამათთნ შედარებით ფიზიკურად გაცილებით სუსტები არიან და ფეხბურთიც ფინტაობა და მერე თუ ფეხში მოარტყეს, კაჩავი გონიათ.

სტადიონის მერე ცენტრისკენ გავწიე, ძაანაც რომ გინდოდეს ქალაქში ვერ დაიკარგები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რუკებია გაკრული, თავის ტრანსპორტის მარშრუტებით, მეტროს სადგურებით და ცნობადი ადგილის პატარა სურათებით. ჯამში იმ ადგილამდე მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მივედი, რომელიც სულ პირველად მოვინახულეთ აქ ჩამოსვლისას. მოკლედ პატარა ქალაქია, ფეხითაც შეილება კაცმა შემოიარო.

მოშიებულზე პატარა კაფეში წავიხემსე და კმაყოფილმა იმით, რომ ქალაქში აწი ბატივით არ მომიწევს დაბნეულს სიარული, მეტროს მივაშურე და გაცილებით მოკლე დროში უკან დავფარე აქამდე გამოვლილი გზა. ახლა რა, საღამოა, ვივახშმებ, მერე ცოტას რამეს წავიმეცადინებ, სიცივის გადამკიდე თუ არ დამეზარა ვიძუნძულებ კიდეც და მიილია შაბათ-კვირაც.

ხვალე მძიმე დღეა.. 8 დან საღამოს 6–მდე ლექციები…

ჩვეული დღე

წვიმს და ყინავს, ლექციების მერე ვზივართ ძირითადად ოთახებში. ოლივერის, ბრიტანელი ჯგუფელთან სონი 3 ვთამაშობთ ხოლმე და ასე.

დღეს ექიმთან წავედი, გუნდში სათამაშოდ რაღაც ფურცელი მჭირდება, ხოდა წნევის გასინჯვაში და ფილტვების მოსმენაში 22 ევრო გამომართვა.

თმების შეჭრა 15-30 ევრო ჯდება. მოკლედ მშევენიერია, ასეთი ფასები, როცა სულ 400 ევრო გაქვს კაცს თვეში.

ინგლისურზე ვთქვათ, ინტერნაციონალური ჯგუფია და ყველაზე ცუდად ბელფასტელი და მანჩესტერელი მასტის მესმის. ისე შეილება ასეც ითქვას – საერთოდ არ მესმის. როცა ლექტორს კითხვას უსვამენ, საერთოდ ვერ ვიგებ მათ სიტყვას, მე თუ მომმართავენ, ვამეორებინებ და მერე მოკლე შინაარსი გამომაქვს ხოლმე. არადა ლოგიკით იტალიელის დამტვრეულ ინგლისურს უფრო ცუდად არ უნდა ვიგებდე?!..

ორშაბათს რაგბი ვცადე და ვარჯიშის მერე გვათამაშეს კიდეც, 2 ნომერზე დამაყენეს და კარგ გაუგებრობაშიც მოვყევი. მე მაგათი ფრანგული არ მესმოდა და არც რაგბში ვერკვევი დიდად – მიდი გაიგე ორი ნომერი როდის სად უნდა ყოფილიყო. ორთაბრძოლებს არ გავურბოდი, მაგრამ ხშირად მაინც თამაშის არეალიდან სადღაც შორს ვხვდებოდი. ბურთი თითქმის არც მიმიღია. ერთერთ ზედახორაში ბუცი გამკრეს სახეში და კაი სინიაკი მივიღე.. კიდე იოლად გადავრჩი.

სხვა რა.. ჯერ მგონი არც არაფერი

პირენეის მთებში

კვირის ბოლოს ენაკის ორგანიზებით ორი დღით ექსკურსიაზე წავედით. წინდაწინ ვიტყვი გემრიელი დრო გავატარეთ. ტულუზადან რამოდენიმე საათი სამხრეთისკენ ვიარეთ და პირენეის მთებში, ესპანეთის საზღვართან ახლოს, პატარა სოფლის ციცქნა კომფორტულ სასტუმროში დავბანაკდით. გზად ერთი პატარა ქალაქი გავიარეთ, რომელიც ესპანეთს ეკუთვნის, ახლა რომ წარმოვიდგინოთ ბათუმისკენ მიმავალ გზაზე, ერთი მონაკვეთი რუსეთის ტერიტორიაზე რომ გადიოდეს და ისე შევიდეთ და გამოვიდეთ სხვა სახელმწიფოს მიწაზე, კაციშვილმა არ გაგვაჩეროს. ეს ხომ უახლოესი ბევრი ასსეული წელი არ მოხდება..

დილით ადრიანად გავიღვიძეთ, ცოტა წავიხემსეთ და სათხილამურო კურორტისკენ ავიღეთ გეზი. ოცი-ოცდაათი წუთი გზა და მალე უკვე თხილამურებზე ვიდექით, აი სრიალის კი რა გითხრათ. ცხოვრებაში პირველად ვცადე. ჩვენთან ერთად ფრანგი სტუდენტებიც იყვნენ წამოსული და ერთ–ერთ მათგანმა ამიხსნა ელემენტარული წესები. პირველი დაშვება მოლოდინისამებრ გვარიანად ვიფორთხიალე, მერე კი ნელნელა გამოვასწორე. მაგრამ მთელი ყურადღება იქით მქონდა მიმართული, არ წავქცეულიყავი და ნელნელა მოვბობღავდი ტრასაზე. 10-15 ცდის მერე ცოტა რომ მოვყოჩაღდი, გემრიელი დაშვება გამომივიდა. მერეღა დავუჭირე მუღამი სრიალს და უკვე წასასვლელად გამზადებული ერთი ხუთი ცდა კიდევ გავაკეთე, პროგრესი აშკარა იყო. მაგარი ვისიამოვნე!

თუმცა საწყისმა წარუმატებელმა ცდებმა შედეგი მაინც გამოიღო და მრავალი დაცემისგან ჯერაც გვერდები გვარიანად მტკივა :))

მერე საღამოს ღია აუზზე წავედით. მაგარი კონტრასტი იყო – მთები, თოვლი და ღია ცხელი აუზი, სამი საათი წყლიდან არ ამოვსულვართ. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელის – გრეგის დაბდღე იყო და ბიჭებმა მისალოცად ვუმღერეთ. თურმე მასე ხმაური არ შეიძლებოდა და ბასეინის დაცვა გამოხტა, სარალამ ჩვეულად იაქტიურა და ” What’s the problem-ო”, იმან რა გაიგო არ ვიცი, მაგრა კარგად კი აიჯაგრა და – ამოდი და განახებ რა პრობლემაც არისო :))) დაიძაბა სიტუაცია, გიორგამ – ამ წყლიდან არსად არ ვაპირებ ჯერ ასვლას, დამელოდე და მერე ვილაპარაკოთო. :)) ნუ არაფერი, ვიღაც ხისთავიანი იყო, მოგვარდა საუბრით, გადაგვირჩა გიო გაძუყვნას 😀 ამას რომ წაიკითხავს მერე მე კი შემომივარდება ოთახში – ამას რეებს წერო, მარა ნუ სიმართლეს ვყვები 😀

საღამოს სასტუმროში ფრანგული ცხელი ღვინით გაგვიმასპინძლდნენ, მერე არც სხვა სასმელი დავაკელით და გემრიელად მოვულხინეთ. ფრანგი კურსანტები ხასიათზე მოვიდნენ და ჯერ ჰიმნი დააგუგუნეს, მერე იშტაზე მოსულებმა სხვაც ბევრი მოაყოლეს, მხიარული ატმოსფერო შეიქმნა.

ფრანგი მასწავლებლები ალბათ საქართველოში ვიზიტის შემდეგ ჩვენი ქვეყნით ძაან მოხიბლულნი იყვნენ, ივანას ჩააცივდნენ – მიდი ქართული სადღეგრძელოები თქვიო, ამანაც მთელი თავის ნიჭი ჩადო და ისეთი სიტყვები თქვა, ქართველ გამოცდილ თამადასაც კი შეშურდებოდა. ხალხი გაფაციცებით ისმენდა და სიტყვის ბოლოს ოვაციაც დიდი იყო.

მერე სიმღერაზეც ჩაგვეძიენ, მიდით რამე თქვენებური იმღერეთო და გემრიელად კი შევრცხვით 😀 აქაოდა თავი მოვაწონოთო, შავლეგოს გადავწვდით და შუა სიმღერაში გავჩუმდით, იმდენად ცუდად გამოგვივიდა.. ოვაცია მაინც დიდი იყო 😀 გაბრაზებულზე ჰიმნი მოვცხეთ, უფრო ადვილად სამღერი და ეს კი ცოტა ნორმალურად გამოგვივიდა, მოკლედ ეფექტი მაინც იყო.

მერე გაიხსნა და გაიხსნა ხალხი, ვიდეოები კი ჩავწერე. აქ ჩვენთან ევროპელების უცნაურ, ვითომ ცივ ხასიათზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ვინმეს გუშინდელი საღამო რომ ენახა, მგონი სხვა დროს აღარაფერს იტყოდა – სიმღერაც გემრიელი მოსცხეს, იმხიარულეს, იმაიმუნეს და კარგი დროც გაატარეს.

მეორე დღეს ტულუზასკენ გამოვწიეთ, ხარაგაულის ტყეს მოგაგონებდა რა გზაც გავიარეთ – მთებში გაჭრილი ვიწრო გზა, პატარ–პატარა სოფლები, ლამაზი არქიტექტურით. სიღნაღიო, ტვინი შეგვიჭამეს აქ და საფრანგეთში ყოველი სოფელი სიღნაღივით კოხტა და ლამაზია. საშინლად მეძინებოდა, მაგრამ თვალის მოხუჭვა მენანებოდა – გზას ვათვალიერებდი.

მერე ისტორიული ციხექალაქი – კარკასონი მოვინახულეთ. შთაბეჭდილება დიდი მოახდინა, უზარმაზარი მეთერტმეტე საუკუნის ნაგებობამ..

მოკლედ ემოციებით დატვირთული მოვბრუნდი ტულუზაში, და ეს მხოლოდ დასაწყისია..

პირველი დღეები

მოკლედ დიდად წერის ხასიათზე არც ვარ, უბრალოდ მერე რომ გავიხსენო რა განწყობით ვიყავი აქ ყოფნის პირველი კვირის შემდეგ, დავაძალებ თავს და ცოტას რამეს მშრალად დავწერ.

ორშაბათიდან სწავლა დავიწყეთ, ჩემდა საუბედუროდ ხშირად დილის რვა საათზე უკვე ლექციაზე უნდა იჯდე, რეჟიმში ჯერ ვერ ჩავდექი და ვკვდები მთქნარებით გაკვეთილის დროს. ჯერ ისეთი არაფერი, ავიაციის კანონების სწავლა დაგვაწყებინეს, იქ თვითმრფინავების აეროდინამიკა და ფრენის პრინციპები, ინგლისურის გაკვეთილები, საავიაციო ტერმინების შესასწავლად განკუთვნილი და ყოველღიურ ცხოვებაში გამოსაყენებლი ფრანგულის გაკვეთილები. ასევე სპორტის საათი გვქონდა, აქ ეს სავალდებულოა – ადამიანის ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნავენ.

ამის გარდა შეგიძლია გუნდშიც ჩაეწერო რომელიმე სპორტის სახეობაში და კვირაში ერთი საღამო ვარჯიშია, ერთიც კი სათამაშო დღე, როცა სხვა ინსტიტუტის გუნდს ეჯიბრები. ფეხბურთის გუნდთან ერთად ვივარჯიშე, დიდი არაფერი, ძირითადად კარში დარტყმებზე გვავარჯიშეს, ისიც შენიშვნების გარეშე, მოკლედ უბრალოდ გართობაა. ვარჯიშის მერე 11/11 ზე გავიყავით და ერთი 40 წუთი ვითამაშეთ. სირბილი მაგრად გამიჭირდა და მოედანზე ჩავიკარგე, ტექნიკის მხრივ სხვებს არ ჩამოვრჩები, მგონი ვჯობნი კიდეც, მაგრამ ფიზიკურ ორთაბრძოლაში და გამძლეობაში რა გითხრათ, მალე ისე დავიღალე, ბურთის გაჩერების ტრაკიც კი აღარ მქონდა, მერე კუნთებმა გაჭიმვა დამიწყეს, გავიქცეოდი, აი აი უნდა დამეჭიმოს, გავჩერდებოდი, და ასე წკიპზე ჩავამთავრე თამაში, ბოლოს მოედანზე გავიშხლართე და დიდხანს ვიზელდი დატვირთვას გადაჩვეულ კუნთებს, მეორე დღეს ძლივს მოვედი აზრზე.

ორშაბათს რაგბის გუნდთან ერთად მინდა ვცადო ვარჯიში, მოკლედ სპორტს ვერ ვეშვები. ცოტა თუ მოვღონიერდი, მგონი აქაურებს მალე ვაჯობებ თამაშში.

მაგის გარდა თვითონ ჩვენი ჯგუფის ბიჭები თითქმის ყოველ საღამოს დარბაზში მინი ფეხბურთს ვთამაშობთ, ქართველები დანარჩენი ევროპელების წინააღმდეგ. იქ კი ნამდვილი ვარსკვლავი ვარ 😀 იმდენად ფიზიკა არ გჭირდება და ვაბრუებ ხალხს, მაგრამ რა ხეირი გუნდი ვერ მიწყობს ხელს და ვაგებთ ნახევარ თამაშებს. მოკლედ ჯერ რამეს თუ ვამბობ, სპორტი სპორტი, ხო წარმოგიდგენიათ რა პირობებია, ჯერ სხვა რამეზე სიტყვაც რომ ვერ დავძარი.

ქალაქში ჯერ თავს დაკარგულად ვგრძნობ, დავსეირნობ უბრალოდ, ბევრ ვერაფერს ვაგნებ, ვცდილობ შევეჩვიო და გავერკვე სად რა ხდება. დიდი ძველებურ სტილში მოწყობილი ცენტრია, დაბალი სახლებით, მოკლედ ჩვენებურ პეროვს მოგაგონებს, მაგრამ ბევრად უფრო მაშტაბური და ალბათ ლამაზიც არის. ხელფასად იმდენი გვაქვს ფული, რომ ძლივს გვყოფნის და ცოტა არ იყოს ტეხავს, როცა გონებაში სულ ითვლი, აი თვის ბოლომდე ეს თანხა როგორმე უნდა ვიმყოფინოო.

ქალები ვერ ყოლიათ ლამაზი, ძირითადად დაბლები, უბრალო ნაკვთების გოგოები მხვდებიან, თვალი არც რომ გაგექცევა. იშვიათად ლამაზმა გოგომ ჩაგიაროს. ენის არცოდნა კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, მიყვარს ნებისმიერ სიტუაციაში გამოლაპარაკება, კონტაქტში შესვლა, მაგრამ იშვიათად ინგლისურენოვან ქალს გადააწყდე, ბოლოს დამტვრეული ფრანგულით ვუბოდიშებ და ვეცლები.

ერთ საღამოს სტუდენტური “ფართი” მოაწყვეს, რომ მივედი ხალხი სასმელში იყო უკვე ჩახრჩობილი, გალეშილები ალკოჰოლს ერთმანეთს ასხამდნენ და ფხიზელზე იქ დარჩენას და გაწუწვას მალე გამოცლა ვარჩიე :)) ვიღაცეების გაცნობა მაინც მოვასწარი, ვნახოთ ვნახოთ რა როგორ წავა.

დანარჩენი კი ჯერ არაფერი, ნელნელა გავერკვევი სიტუაციაში, ახლა პირენეის მთებში მივყავართ უიქენდზე და ცხოვრებაში არ მისრიალია თოვლზე და უნდა ვცადო. იმედია კისერმოტეხილი არ დავბრუნდები უკან..

day 1

ოთხი საათი მიუნხენისკენ ვიფრინეთ, სამი საათი შუალედი იყო შემდეგ ფრენამდე. დრო აეროპორტში ბოდიალში მოვკალით, მერე ცოტა ლუდით შევჟუჟუნდით და მალე ტულუზასკენ გავფრინდით.

ჯამში ცხრასაათიანი მგზავრობით დაღლილებს აეროპორტში კორინი დაგხვდა და ინსტიტუტის მანქანით ენაკამდე მიგვაცილა. მშვენიერი გარემო და კემპი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ოთახებით და სპორტული სათამაშო მოედნებით. ისეთი საფეხბურთო სტადიონია, საქართველოში უმაღლესი ლიგის გუნდებს მსგავს მოედანზე თამაში არც მოელანდებათ – როცა გინდა გააგორე ბურთი. აქვეა კორტები, რაგბის მოედანი.

ოთახებში მივლაგდით და ქალაქს მოვედეთ. წვრილმანი დეტალები ჯამში დიდ ეფექტს ახდენს. თუნდაც უპილოტო მეტრო, კომფორტული და ზესწრაფი. ლამაზი კოხტა სახლები და არქიტეკტურა. ხალხს რომ ვუყურებ, ფერადკანიანებს თუ არ ჩავთვლი, დიდად უცხოდ თვალში არ მხვდება, არც ფრანგული ენა ისმის უხეშად ყურში, მიუხედავად იმის რომ ასე ცოცხლად პირველად ვისმენ.

ძაან მწყდება გული ადგილობრივების ენა რომ არ ვიცი, ვეცდები ელემენტარული მაინც დროზე ავითვისო.

დღეისთვის სულ ეს იყოს..