წრე

დღეს ცოტახნით ტელევიზორს შევრჩი და შუადღის ეთერში ტურაშვილს გადავაწყდი მის ტრადიციულ რუბრიკაში. დავით აღმაშენებელზე წიგნის პრეზენტაციას აკეთებდა და საუბარიც შესაბამისად ჩვენ დიდ მეფეს შეეხო. ხოდა კაცი ამხელა მართველი იყოო, ქვეყანას რამდენი საშური საქმე გაუკეთა – მტრის უღლისგან გამოიხსნა, გააერთიანა.. და ყოველივე ამის ფონზე ქმნის წიგნს “გალობანი სინანულისა”.. რამდენ რამეს ინანიებს..

და მერე იხსენებს დღევანდელი დღის რიგ პარლამენტარს, თავის განცხადებით, თუ როგორ არაფერი აქვს სანანებელი – თითქოს მთელი მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ნაკლის გარეშე იყოს ჩავლილი.

გადაცემა მორჩა და მალევე თბილისის ბიბლიოთეკასთან ალიაქოთი დაიწყო. იქ რაც ხდებოდა, იმის აღწერით თავს არ შეგაწყენთ, ისედაც ყველამ უყურეთ ტელევიზორს, უბრალოდ მცირე კომენტარს გავაკეთებდი.

მუშტებით ანგარიშწორება მისაღები არ არის – ამას ყველა ცივილური, გაწონასწორებული ადამიანი დაგიდასტურებს, მაგრამ: 

როცა შენი გამოჩენა, ხალხში ასეთ რეაქციას იწვევს, ნუთუ არ უნდა გაგიჩნდეს კითხვა, რა მიზეზით არის მასა ასე მუშტმოღერებული?! იქნებ სწორედ იმ ტონით საუბრის გადამკიდე, როგორ ტონითაც ნაცემი გიგი, ჩიორა და სხვანი ინციდენტის შემდეგაც არ იშლიდნენ საუბარს.

არც მე ვარ ძალადობის მომხრე კაცი, მაგრამ ამ დროს, თავის სიყეყეჩის გამოისობით, ჩემში არც თანაგრძნობას იწვევს, თუნდაც ასე ნაბეგვი ჩვენი ოპოზიცია, როცა წამწამდაუხამხამებლად მოჟღურტულე ჩიორას, ხელების შლით მოსაუბრე გიგის და თვალებბრიალა გოკას უსმენს ჩემი ყურები.

ხოდა ხალხი მუშტებზე იყურება.. ნაცების სიტყვა კიდევ ამ მუშტზე გაცილებით მწარეა და თავმოყვარეობაზე ცუდად მოქმედი. იქნებ ისევ თქვენ რეიტინგზე გაცილებით კარგად ემოქმედა იმ სინანულის ელემენტებს, რაც ასე უხვად ჰქონდა  შორეულ დროს მოღვაწე ჩვენ გონიერ მეფეს მომადლებული და აი  21–ე საუკუნეში კი იოტისოდენა არ შეგრჩენიათ ძვირფასო პოლიტმოღვაწეებო?!

ახ უკვე იმას ხომ არ ფიქრობთ, მთელი ჩემი აზრები ცალსახად ნაცმოძრაობის სიბოროტის სამხელად არის მიმართული და ჩვენი ერის ერთადერთ პრობლემადაც, მხოლოდ მათი არსებობა მიმაჩნია. არა, ნეტავ კი მასე მარტივად იყოს საქმე, ხვალვე ბედნიერი გავიდოდი სადმე იქით, გაღმა.

ძალაუფლება დიდი ცდუნებაა და შორს ვარ იმ აზრისგან, ახლადგამოჩეკილ ხელისუფლებაში ბევრი იყოს ისეთი კაცი, ვინც მის ცდუნებას გაუძლებს. რიგ ხალხს კი უბრალოდ საკმარისი უნარიც არ აღმოაჩნდება საქმის სწორად კეთების.. 

ამ ცემატყეპის ფონზე, სუსტი იყო ღარიბაშვილის ადგილზე მისვლისას გაკეთებული განცხადებები. მინისტრი ბევრად უფრო ფრთხილი უნდა იყოს საუბარში და შეფასებისასაც თავშეკავებულობა მართებს. არეულობას, დავუშვათ და ნაცების პროვოცირებული ყოფილიყოს, არ უნდა მიეცეს იქვე ცხელ გულზე მსგავსი შეფასება. არამედ ეს გამოძიების პრეროგატივა უნდა იყოს – დადგინდეს მონაწილე პირები, დაიდოს ფაქტები და გატარდეს შესაბამისი ღონისძიება.

აქ კი მიდის ურთიერთმიმართულებით ხელების შვერა და ამ დროს რაღაც უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი სადღაც გვერდზე რჩება..

ხალხს კი დაფიქრება მართებს – როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. შენს წინ რაც არ უდა დამნაშავე იდგეს, თუ იგივე ხერხით უპასუხე, უკვე თავად ხდები დანაშაულის წყარო და მოზიარე..

ხოდა ამ “სიმართლის” ძიებაში ისევ ძველ, ცუდად ნაცად, ვითომ უარყოფილ ბილიკს არ დავადგეთ..

ასეც ხდება

    რომ წამოვდექი, თავი ჯერაც მტკიოდა. აქეთ–იქით ცოტა მიმოვიხედე, ხალხი შეჯგუფებულიყო – “რას მოგროვებულან ერთი?”

    მერე ერთბაშად შევცბი, როცა დაბლა დავიხედე და ჩემი ორეული დავლანდე, მიწაზე უგონოდ გართხმულიყო და ეს მოფუსფუსე ხალხიც მას დატრიალებდა.

    მე კი კაციშვილი ძაღლად არ მაგდებდა და როცა საბოლოოდ გადამეწურა იმედი, ვინმეს ყურადღების მიქცევის, დავადე თავი და გზას გავუყევი.

    ცოტახანი სიბნელეში ვიარე, მერე ერთბაშად ინათა – “აი გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩნდა!..” თავიდან კმაყოფილმა კი გავიფიქრე, მაგრამ მალევე გაკვირვებულმა ავხედე ჭერს – ეს სინათლე ჩვეული, ცოტა მძლავრი ნათურადან მოდიოდა, რომელიც სენსორის წყალობით ავტომატურად აინთო, როცა დიდ დარბაზში გვარიანად გადაღლილმა შევაბიჯე.

    გარშემო ერთი დიდი თეთრი უზარმაზარი კარის მეტი არც არაფერი ჩანდა და სხვა რა გზა მქონდა, განაჩენის მოლოდინში ფრთხილად დავაკაკუნე.

    – ღიაა, შემო! – იქიდან მეგობრული ხმა გამომეხმაურა და ამით შეგულიანებულმა სახელურს ჩამოვქაჩე.

    კაცი დამხვდა ასაკიანი, მოკლე შორტებში და თეთრ მაისურში, ხელში ცოცხ–მომარჯვებული არეულ ოთახს გვიდა.

    – მოდი მოდი, რა პირი დაგიღია. ბოდიში ცოტა არეული დაგხვდი, ეს დღეებია ისე ჩამოცხა, მოთენთილს ელემენტარული ოთახის მიგვაც კი მეზარება!

    მოულოდნელობისგან სიტყვაც რომ ვეღარ ამოვღერღე, ხნიერმა კაცმა საუბარი განაგრძო:

    – ლუდს ხო დალევ? რა დაბნეული გამოიყურები, მოდი აქ ჩამოჯექი..

    სანამ საკმაოდ მოძველებულ ტახტზე მოვთავსდი, მზერა უკვე ტელევიზორისკენ გამექცა – რაღაც ძაან ნაცნობ სახეს შევეჩეხე..

    – ჰა გეცნობა? ეს ერთი ნაგიჟარია, იმდენი იძახა, ვაშენებ ვაშენებო, აქ რომ მოვიდა, მოგვიწია პატარა მისთვის ჭკუის და ხელობის მართლა სწავლება, იქნებ ამის მერე მაინც ივარგოს და ლაპარაკის ნაცვლად, ხანდახან საქმეც გამოურიოს. ეს იჯდება ახლა აქ ერთი 12 ათასი წელი. აი ეს უბანი, რასაც ხედავ, სულ მოსაპირკეთებელი აქვს. თავიდან ისევ კი ჯიუტობდა, ხო იცი ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო, ხალტური დაიწყო, მარა მერე რომ მიხვდა, აქ ასე არ გამოადგებოდა, დაჯდა და დაიწყო საქმის პატიოსნად კეთება, აბა სხვა რა გზა აქვს?
    არადა ვინ რჯიდა, თავად არ ილაპარაკა ამდენი? ვაკეთებ ვაკეთებო?! ხოდა ვანახებთ როგორ უნდა მართლა საქმეს კეთება.. ჯერ ახალგაზრდაა, ყველაფერს ისწავლის..

    – ისე რა შეშინებული მიყურებ?! შენ ამ კაცის ოდენა ნატრაბახევ–ნამამაძაღლარის არაფერი გეტყობა.. მოეშვი კაცო, მოდი ეს ლუდი დალიე, თორემ რაიყო თქვენ ქვეყანაში გამთბარს ხომ არ მიირთმევთ?
    კაი გადავრთავ აქედან, თორემ ამ კაცს რაღაც ძაან დაძაბული უყურებ..

    – ფეხბურთი გიყვარს?! დღეს ლიგის ფინალია, ბარსელონა გაგიგია? ხო არაუშავს გუნდია რა.. ჩვენებურ ზესტაფონს ხვდება ფინალში, დიდი შანსი კი არ აქვს, მაგრამ ნუ მაინც ფინალია და დაძაბულ შეხვედრას ველით..

    თვალები მთლად შუბლზე ამივიდა “ზესტაფონის” მაისურში გამოწყობილი ჩემ მეზობელ ალექსიძეს რომ მოვკარი თვალი:

    – კი მარა ეს კაცო ამ ათეული წლის წინ ნარკოტიკებს არ გადაყვა?

    – რაიყო? ჯერაც გიკვრის რაღაცეები? ამ ბიჭს რას უყურებ ასე? თქვენთან ცუდ წრეში ტრიალებდა, თორემ აქ ნახე ნიჭი ბოლომდე გაშალა, აბა? ეგ კაცი თუა დღეს გოლის გამტანი და ჩვენი გუნდის იმედი..

    – და ხალხი აქ ფეხბურთის სათამაშოდ მოდის?

    – ჰეჰ! აბა რა გგონია? აქ რა გართობა არ გვინდა, თუ გემოვნება გვიფუჭდება? ლუდის ნაცვლად სულ რძეს და ჩაის მივირთმევთ?! როგორ ფიქრობ? მგონი თქვენკენ წიგნებს ძაან ბევრს კი კითხულობთ და აი სწავლის კიდევ რა მოგახსენოთ – რაებს აღარ მიედმოედებით.. გაეშვით რა ხანდახან..
    ხოდა ახლა ბევრს ნუ მალაპარაკებ, ცოტას მეც ვნერვიულობ ამ ფინალის წინ, ფეხბურთს ვუყუროთ და მერე გარეთ ქალაქიც დავათვალიეროთ.. მოსულა?!

    ლუდის პირველი ყლუპი ძლივს ჩასრიალდა გამომშრალ ყელში, ბოთლი გამწარებით ჩამებღუჯა და აი, მიუხედავად იმის, რომ ეტიკეტზე “ყაზბეგი” ეწერა, ცივის გარდა, ლუდს გემოც მოსალოდნელზე ბევრად სასიამოვნო ჰქონდა..

საქართველო

ალბათ პირველ კლასში იყო, დაწყებით სკოლის დამრიგებელმა, რიმა საათაშვილმა საქართველოს რუკა რომ გადაგვიშალა – მოკლედ ორი სიტყვით მოგვითხრო ჩვენი მუდმივად მტრის შემოტევებით აღსავსე ისტორია – ჩვენ წინაპრებს მრავალი ომი გადაუტანიათ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლადო. მერე მოგვილოცა – დღეს საბედნიეროდ, როგორც იქნა, საქართველომ მოიპოვა ასე სასურველი დამოუკიდებლობა, მაგრამ იქვე ხელი აფხაზეთს, აჭარას და სამაჩაბლოს დაადო – მტერს კი ამ მიწის ჩვენთვის წაგლეჯვა უნდა და აბა შეხედეთ ამის გარეშე რა დარჩება ჩვენი ქვეყანაო? ეს ამბავი ალბათ ძაან ჩამრჩა ბავშურ მეხსიერებაში.

მერე ნელ ნელა წამოვიზარდე, ქვეყნის ისტორიის კითხვა დავიწყე, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა მწერლის დაწერილი. ვახტანგ ჭელიძის “ქართლის ცხოვრების ქრონიკები” მახსოვს სამჯერ გადავიკიხთე და სამჯერვე დავით აღმაშენებლის ეპოქას აღარ გავცდი – ასეთი რამ მემართებოდა, გულშეწუხებული ვკითხულობდი თითოეულ საუკუნეში გადატანილ ჭირს და უბედურებას და მოუთმენლად ველოდი, როდის მივადგებოდი იმ ხანის ნაწერს, როცა ქართული გენის მატარებელი ხალხი, ძალა და გონება მოკრებილი, ქვეყანას ფეხზე დააყენებდა და გამარჯვებას იზეიმებდა.

დავითის ეპოქის წაკითხვით გულმოფხანილს სურვილი მეკარგებოდა გადამეხედა მორიგი შავი დღეებისთვის – აღსავსე ჯერ მონღოლების, მერე ოსმალო–სპარსების შემოსევებით.

ამის შემდეგ ის ასაკიც დამიდგა, როცა არათუ ისტორიას, ორ სიტყვასაც რომ აღარ კითხულობს კაცი. მოგვიანებით სპეციფიურ სამსახურის ნახვამ მიშველა, სადაც ხშირად გადაკარგულ ტყეში ვიჯექი ყოველგვარ გართობას მოკლებული და იქ ისევ დავუბრუნდი წიგნს. მივუბრუნდი ისტორიულ ნაწერების კითხვასაც. რაცარუნდა მძიმედ წასაკითხი ყოფილიყო, ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების ხანასაც მივადექი..

ბავშვობაში ქვეცნობიერად სირაქლემის პოზის დაჭერას ვიწყებდი, როცა ისტორიის კითხვას ჩვენი ქვეყნის აღმავლობის ეპოქის წაკითხვით ვასრულებდი, თითქოს იმის იქით აღარაფერი ხდებოდა. ასეთი რამ ახლაც არ არის ჩემთვის უცხო – საბჭოების დაშლის და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რაც წამოვიზარდე, მინდოდა დამეჯერებინა, რომ ყველა ეს სხვადასხვა ჯურის და ზნის ხალხის მიერ ქვეყნის ოკუპირება უკვე მხოლოდ ძველი, ბნელი საუკუნეების კუთვნილება იყო და მსგავსი რამ მომავალში აღარც განმეორდებოდა.

მთელი სიმწვავით შეგრძნება, რომ სინამდვილეში ჩვენი ორიოდე ათეული წლის წინ მოპოვებული დამოუკიდებლობა მყარი არაა და ჯერაც ადვილად ხელსაყოფია, აგვისტოს ომის დროს გამიჩნდა, როცა ტყეს შეხიზნული ჯარისკაცი ბოღმისკან ვსკდებოდი საკუთარი უსუსურობის აღქმისგან დაგრუზული, აგერ რუსულ ჯარს ქვეყანა შუაზე ყავდა გახლეჩილი და იმ წამს არაფრის შეცვლა არ შემეძლო.

მოკლედ იმის აღნიშვნა მსურს, რომ ისტორია დიდად არ შეცვლილა. დღესაც კბილებით უნდა ვიბრძოდეთ, რომ ქვეყანას მომავალი ჰქონდეს. არც მეტოქეა მარტივად ერთი ქვეყნის სახით, როგორც ამას პოლიტიკოსები გვიხატავენ და ტვინს გვილაყებენ. კიდევ უფრო დიდ პრობლემას ხალხის დაქსაქსულობა ქმნის.

ეს ხალხი ვიწრო პარტიული, თუ სხვადასხვა ინტერესების ნიშნით დაყოფილა. განსხვავებული აზრის პატრონი კაცი ქვეყნის მტრად ცხადდება, ერთმანეთს ქვებს ვესვრით, სიძულვილით ლამის სული ამოვაძროთ ერთურთს. ვთქვათ და დადგა სიმშვიდის დრო – ამ ხალხმა ერთად არ უნდა ვიცხოვროთ? მისვლა–მოსვლა გვქონდეს, ჭირს და სიხარულს ვუზიარებდეთ. რა გვექნება მერე სათქმელი, თუ მანამდე ერთმანეთი დავჭამეთ?

რიგი ხალხი წავა, რაღაც იდეები ჩამოიშლება, დავრჩებით უბრალო ადამიანები და მერე ერთმანეთთან მისასვლელი პირი ხომ უნდა შეგვრჩეს? ვაკეთოთ ქვეყნის საქმე და არა ვიღაცის.

არ დამავიწყდება ტულუზაში ყოფნისას, ერთ ერთ ბარში ფრანგების ექვსი ერზე გაჩემპიონებას ვუყურე. იქ მჯდომი ხალხის ნახევარზე მეტი აფრო წარმომავლობის იყო. როცა მატჩის დასრულების ჩასტვინა მსაჯმა, ერთ ერთი მათგანი ამაყად წამოდგა და მარსელიოზას სიმღერა წამოიწყო, მთელი ბარი აყვა, საოცარი ერთიანობის შეგრძნება იყო. იქაურობა ისე აგუგუნდა, კაცს დაგბურძგლავდა. არავინ იცის იმ ხალხისგან ვინ რას საქმობდა, ვინ რა მრწამსის ადამინი იყო, ვინ რა პოლიტიკური შეხედულების. იმ საღამოს ყველა ერთად ქვეყნის წარმატებას ზეიმობდა და ერთმანეთს სიხარულს უზიარებდა.

ნუთუ ასე ძნელია ჩვენც რიგ მომენტებში გვერდზე გადავდოთ ჩვენ ჩვენი ვიწრო ინტერესები? თუ მთელი ჩვენი სიამაყე, სურვილები, მრავალათასიან ჯიპის კარებს იქით ჩაჯდომით შემოიფარგლება? ესაა ის საზღვარი, სადაც ჩვენი კმაყოფილება გადის? და მერე რა, ჩვენი პირშეუკრელობის გადამკიდე თუნდაც გვირახუნოს მტერმა თავში.. იქნებ ის დროც დაგვიდგეს, როცა მომავალში ჩვენს შვილებს სკოლაში მივიყვანთ, გადაშლილ რუკაზე მათმა დამრიგებელმა უკვე სამეგრელოს, ჯავახეთს და ასე შემდეგ რეგიონს დაადოს ხელი და დანანებით უთხრას ბავშვებს – აი მტერი დღეს სამწუხაროდ ამ მიწას გვედავებაო!

დღეს ვინმეს ახსოვს საინგილო, ტაო, ბორჩალო და ასე შემდეგ?

გორის დილას ფანები

    ხოდა ერთ–ერთი ის იშვიათი იდიოტი ვარ, ვინც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ესწრება ფეხბურთში, ისე მიყვარს ეს სპორტი. და რა ხდება ახლა – მოგეხსენებათ წელს გორის დილა (აბა საიდან მოგეხსენებათ, მაგრამ ნუ მე დამიჯერეთ რომ მასეა) პოლიციის ფულით გვარიანად ჯიბესქელ კლუბად იქცა. ამბიცია არ აკლია, არც მსაჯების “კეთილგანწყობა” და ჩაწყობილ–გადაწყობილ მატჩების მოწყობაშიც ხომ ნელნელა სულ უფრო და უფრო იხვეწება და ზე–პროფესიონალიზმს აღწევს.

    მაგრამ ამ მცირე ჩანაწერის გაკეთება ცოტა სხვა ამბავმა გადამაწყვეტინა – კერძოდ ერთობ უცნაურ სანახაობის ხილვამ, როცა მორიგი სპექტაკლის ყურების პერსპექტივით, იღლიაში გაზეთამოჩრილი მიხეილ მესხის ტრიბუნას მივაშურე (არ გეგონოთ გაზეთი წასაკითხად იყოს ამ დროს გამიზნული, არამედ წლებით მტვერდადებულ სკამზე დასაფენ–ჩამოსაჯდომად).

    ხოდა ეს ესაა ფაცხა–ფუცხით ეს გაზეთი სკამზე გავაფინე, ჩემი ძვირფასი საჯდომის სუფთად ჩამოსადებად, რომ ე.წ. ლოჟისკენ გამექცა ანაზდად მზერა, სადაც ჯგუფ–ჯგუფად ჩამომსხდარ ერთ ოცდაათ ისეთ ქალს შევავლე თვალი, ტელევიზორში თუ ნახავს კაცი, ასე ერთათ შეკრებილს. კი მეჩვენა უცნაურად, ხელები ჩემთვის გაკვირვებულმა გავასავსავე, ამათ აქ რა დაუკარგავთთქო და ცალი თვალი მოედანზე დაწყებულ “სპექტაკლს” მივაპყარი, ცალით კი მალულად ლოჟისკენ ვიჭყიტებოდი.

    შესვენებაზე ნაცნობიც კი აღმოვაჩინე აღნიშნულ ლამაზმანების გუნდაში და აბა ასეთ დროს საუბრისგან ვინ შეიკავებს თავს, მე რომ შემეკავებინა. დავუძახე და ფორმალური მოკითვის მერე მაინც ვერ გავექეცი აკვიატებულ კითხვას, მიუხედავად იმის რომ ცოტა უხეშადაც კი ჟღერდა – პირდაპირ ვაჯახე, აქ რა ჯანდაბა გინდათქო?! და თავის გადაქნევით მის “დაქალებზეც” მივანიშნე.

    თურმე ნუ იტყვი, ერთ დროს ნიჭიერი ტანმოვარჯიშე, მერე მოცეკვავე, აწი დაცვის პოლიციის “მენეჯერია” დანარჩენი ლამაზმანებისდაგვარად – “აბა სხვა სამსახური ვერაფერი ვნახეო.” ხოდა როგორც ფეხბურთზე მზრუნველი პოლიცია, აგერ გულშემატკივრის მოზიდვაზეც ზრუნავს – “მე რა, აქ ორი საათი კი ვყურყუტებ, მაგრამ ამ დროს სამსახურიდან მანთავისუფლებენ!”

    მშვენიერია! ვერაფერს იტყვის კაცი. ოლიმპიადაზე მონაწილეობიდან გორის დილას თამაშებზე დეკორაციად სიარული მართლაც რომ საოცარი ნახტომია! აი კონტრასტი!

    მერე სახლში მოვედი ცოტა შეწუხებული, ირონიის სიტყვები ამიკვიატდა ტვინში, და კი მივწერე ერთი ორი შეთითხნული სტროფი ჩემს ნაცნობს:

გორის დილას ფანები
ლამაზ–ლამაზმანები
ტრიბუნაზე ანათებს
მათი ტურფა თვალები

რა დაკარგეს ასეთი?!
განა რაა საცქერი
ერთი ბურთის მადევარ
შორტებიან კაცებში..
გაიტანენ ხანდახან
ამ ბურთს ვითომ კარებში..

სულ ტყუილად მეგონა
სიხარულის ტალღები
იფეთქებდა ქალებში
მათ სევდიან თვალებში
მეცნო სულ სხვა აზრები..

    პასუხად – ბევრი ვიცინეო, იქნებ ბევრი უნდა ეტირა?!

მერე?!

როგორ იყო?!
რავი მივდიოდი ჩემთვის ქუჩაზე..
მერე?
მერე გავიხედე იქით და დავინახე.
რაო მერე?
რა რაო, უბრალოდ დავინახე.
ხოდა რომ დაინახე რაო მერე, რა მოხდა
რა უნდა მომხდარიყო, ცოტახანი ვუყურე, მერე კი მიეფარა ქუჩას..
მერე შენ მასე იდექი?
არა ჯერ ცოტა გავიარე, მერე ვიდექი..
კაცო რომ გაირე საით გაიარე – არ გაეკიდე გოგოს?
არა არა, რა გავეკიდე, იქით არ მივდიოდი..
იქით არ მიდიოდი?!
ხო სხვა მხარეს მქონდა გზა..
რას ამბობ კაცო?! ამისთანა რა საქმე გქონდა?
პრინციპში არც არაფერი..
არაფერი?! და.. აბა ვერ გავიგე..

მერე?!
რავი ვხედავდი დრო და დრო ასე.
ნუ დამტანჯე.. მერე რა რომ ხედავდი?
ვხედავდი რა, გამარჯობასაც ვეუბნებოდი უკვე..
ჰეჰ გამარჯობასაც კი?! ვა, საერთოდ აზრზე ხარ შენ?
რაიყო? გამარჯობას–თქო ხო, გამარჯობას,
რამდენი მოგისწრია,
ის კი მიღიმოდა…
გაგხსნია ბედი, აბა?!
შენ მაშაყირებ ახლა..
მგონი შენ უფრო მაშაყირებ..
ხოდა ბევრი რომ აღარ გავწელო – შემიყვარდა..
შენ ბიჭო?! – გამარჯობამდე ერთი საათი ვერ მიხვედი, და შეყვარება ასე ერთ ფრაზაში ჩაატიე?!
ხო რაიყო?! რათ უნდა მაგას დიდი ფილოსოფია..
ეს შენ მე მეუბნები მაგას?
მთის კიდემდეა ძნელი აბორტყება, თორემ იქიდან ჰოპს და გადაჩეხვას რა დიდი ბედენა უნდა?!
დაიწყო ახლა ამან.. ხოდა მერე გააგრძელე,
მერე არც არაფერი, ასე გადიოდა დრო..
და ეს არის სულ?
სულ რა, ერთხელ ვილაპარაკეთ კიდეც..
არა შენ მგონი მართლა დამცინი..
ხო, ვილაპარაკეთ.. საოცარია, ასე ფიქრით ზუსტად გამოიცნო ადამიანი..
გამოიცნო?!
ხო რა, არანაირი გრძნობა უცხოობის, თითქოს დიდი ხნის უნახავ მეგობარს ვესაუბრებოდი..
რაო მერე?
ისეთი არაფერი – ზოგად თემებზე ვისაუბრეთ, მითხრა პიცაზე ვგიჟდები, ყავას ძაან ხშირად ვსვამ, ქართულ ლუდზე კი საერთოდ ჭკუა მეკეტებაო. და ბოლოს რაღაც მათემატიკური ამოცანაც კი ამომახსნევინა..
რაო?!
ხო რავი, ეგ მეც ცოტა უცნაურად მეჩვენა, მარა..
ხოო.. დიდი ხნის უნახავი მეგობრებივით გისაუბრიათ – მეც მასე ყრმობის ძმაკაცს რომ შევხვდები, პირველი ჯერ ერთ რამე კაი განტოლებას დავუსვამ, და თუ ამოხსნა, მერე სხვას რამეს ვკითხავ..
ხოო?!
რა ხო ბიჭო.. ხაარ ამ ქვეყნის საერთოდ? მერე რაო ამოცანები რომ გამოიცალა?
რაღა უნდა ყოფილიყო? დავემშვიდობე..
სხვა მხარეს გქონდა გზა?
რავი სად მახსოვს..
მე მახსოვს..
ვა?
მერე?
მერე დაიკარგა, ქუჩაზე რამდენი არ ვისეირნე, დაიკარგა..
ვახ, აბა ასე მორჩა ამბავი. და ამას მიყვებოდი ამდენხანს?
ხო რავი.. იმ დღეს დამესიზმრა უბრალოდ და გამახსენდა

ვიჯექი უზარმაზარ დარბაზში, უამრავი ხალხი ირეოდა.. ბუნდოვნად ვხედავდი სახეს, ხალხის მასა მეფარებოდა თვალზე.. მერე შემოტრილდა, ხალხი სადღაც გაქრა, სახეს უკვე მკვეთრად ვარჩევდი, მოციმციმე თვალებს, ლამაზ ნაკვთებს, დამაკვირდა, დამაკვირდა და ბოლოს გამიცინა.. მე კი ვიდექი ბედნიერი..

ცოტა რამ ლიტვურ სტუმრობაზე

    ამას წინათ ჩვენთან სტუმრად მყოფი ერთი ლიტველი კოლეგა მეკითხება:
    – “აი დავდივართ ქალაქში და სადაც კი გაიგებენ რომ ლიტველი ვარ, ყველა თბილად მხვდებაო, რატომ ვუყვარვართ ქართველებს ასე ძლიერო?!”

    რაც პირველი მომადგა ენაზე, ის ვუპასუხე – მეზობლები არ ვართ და ალბათ მაგიტომ–თქო.

    მთელი 21 კაცი (აქედან ნახევარი ქალი, ან თითქმის ნახევარი) გვესტუმრა თბილისს სამი დღით ლიტვიდან. გაგვიკვირდა რომ გავიგეთ, მხოლოდ ორი მათგანი არ იყო უშუალოდ ნავიგაციის მოხელე:
– იქ ვინღა დატოვეთ სამუშაოდ? – პირველი ეს კითხვა დაგვებადა.

    თავიდან კი აეროპორტში მომლოდინეს თვალში ბარგის კალათში მოთავსებული გალეწილი ლეონიდი მომხვდა, სეროგამ მხიარულად რომ გამოაგორა.

    მერე ბოლოს კიდევ ცოტა არ იყოს ჩვენ სტუმრებზე არანაკლებ მიკვირდა, ასეთი რა სიყვარული დაიბადა ერთად გატარებულ რამოდენიმე ათეულ საათში, უკვე უკანა გზაზე აბარგებულ ლიტველებს ლამის ცრემლიანი თვალებით რომ ვაცილებდით.

    ისე გამოსამშვიდობებელ ბანკეტზე გვარიანად შეზარხოშებული კი ვუმტკიცებდი ერთ–ერთ გოგონას, ამ ქართველებმა ყველაფერი არანორმალური ვიცით–თქო. ის არ ვიცი რამდენად დამიჯერა – აქაურებზე შეყვარებული აქტიურად რაღაც საწინააღმდეგოს კი მიმტკიცებდა.

    მანამდე მცხეთისკენ მიმავალთ საუბრისას, ამჯერად ფხიზელს, ორჯონიკიძე ამომიტივტივდა გონებაში, როცა რაღაც სტალინზე მკითხეს და ჩვენი დარიგებული ტერიტორიები სულ კვადრატულ მეტრების სიზუსტით მოვახსენე გულმოსულმა.

    ყველაზე ბედნიერი კი ტიმოფეი, როგორც მე გამეცნო – თეიმურაზი იყო. ლიტვაში ქართველი მამაოს მრევლი, მუდამ პირგაბადრული კაციშვილმა რომ არ იცოდა დღის განმავლობაში სად დაიარებოდა – მერე მომიყვა – თუ რამე ეკლესია იყო თბილისში, ყველა მათგანი რომ მოეარა.

    მცხეთაში ქალაქის დათვალიერების შემდეგ შიმშილს სალობიეში შევუტიეთ და ქართულ საჭმლით მადააღძრულმა და ღვინით შეზარხოშებულმა გაიმ ჩვენებურ ხასიათის შესაქებად ებრაელების სიძუნწე მოიყვანა მაგალითად..

    ლეონიდის სახე არ დამავიწყდება:
    – ხო იცი ჩემი ნათესაური კავშირი მაგ ერთან?! – ღვინით საღერღელაშლილ ჩერჩეტ მოხუცს შეუტია – რა გინდა ახლა, მაგ სიტყვებით მე შეურაცხმყოფ, თუ გინდა მაწყენინო?!

    გაშრა გაი, ბოდიშებად დაიღვარა. მერე მეც ვისარგებლე მომენტით და ცალკე მოვუბოდიშე ლეონიდს.
– “კი მარა შენ რა შუაში ხარო?!” – დამამშვიდა.
– მე ხომ ამ ყველაფერს მშვიდად ვუსმენდი?!

    ჩუმად ხარ – ისმენ, ხოდა ვისმენთ, მერე ვიჯერებთ, მერე ვივიწყებთ და მერე აღარ მოვყვები რა ხდება.

    მერე მეტი რაღა მოგიყვეთ?! ეგ ხომ ისედაც იცით მანდილოსნების, დედმამიშვილების და ასე შემდეგ სადღეგრძელო რომელ ჯერზე ისმევა, სიჩუმის მოთხოვნით, ხმაურის ფონზე!

    ბოლოს იყო პახმელია..

ზამთრის მიწურული და ყაზბეგი

ორსაათიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მგზავრმოგროვებული “მარშუტკა” ყაზბეგისკენ დაიძრა. გზაში სანახევროდ მეძინა, შეუმჩნევლად ჩაიარა ორიოდე საათზე ცოტა მეტმა.

მოშიებულზე სასადილოს მივადექით და ცოტა ხინკლით შიმშილ–გუნებას ვუმკურნალეთ. საათი ორის ნახევარს უჩვენებდა და ერთხელ კიდევ დაეჭვებულმა ავხედე გერგეთის სამებას და გადათეთრებულ მთებს.
– “ავალთ და ჩამოვალთ კი სამიოდე საათში იქ?!” – ხუთ საათის მერე ტრანსპორტი თბილისისკენ აღარ მიდიოდა.

მანამდე ადგილობრივმა დარიალის ხეობის დათვალიერება შემოგვთავაზა ზომიერ თანხის სანაცვლოდ. სტუმარს კიდევ ერთხელ ჩამოვუგდე საუბარი – მინდოდა გამეგო რამდენად დაწყდებოდა გული აქ ჩამოსულები მთის წვეროზე თუ არ ავცოცდებოდით მაინცდამაინც. იმედიანად არ ვიყავი განწყობილი.

შეეტყო, კვდებოდა ისე სურდა ფოტოებზე ასე ლამაზად მომზირალი ტაძრის ახლოდან ნახვა. გოგოს ქალაქის პირობებში სასიარულო შარვალ–ფეხსაცმელს კიდევ ერთხელ შევხედე ეჭვის თვალით, ბოლოს ლოგიკური გონება გავთიშე და
– “კაი დავიძარით..”

დიდ წრეზე წასულები გაკვალულ თოვლში მივდიოდით, მაინც ჭირდა სიარული. დროს დავხედე – ძაან ვაგვიანებდით ასეთ ტემპებით თუ ვივლიდით. სამანქანო გზას მივადექით, სადაც სოფელი რჩება და მთის საკმაოდ დაქანებული ფერდობი იწყება.

გავამხნევე სტუმარი, პირდაპირ ციცაბო ფერდისკენ მივუთითე. აღმართზე ასვლა ერთი იყო და ამას თან ხშირად მუხლზემოთ თოვლში ჩაფლობა ემატებოდა. მუდმივად გვიწევდა სულის მოსათქმელად პაუზის გაკეთება.

ადრეულ ასაკში ხშირად მომსვლია სიძნელეს წუწუნით, უკმაყოფილო სახით და ვაი–ვიშვიშით შევხვედრივარ. ისეთ ხალხის გვერდითაც მივლია მთა–მთა ვინც წარბს არ შეიხრიდა, ისე დაძლევდა სირთულეს. მე საპირისპირო ტიპაჟების ბანაკის წარმომადგენელი ვიყავი.

მაგის შემდეგ ბევრი მიფიქრია და რიგ სიტუაციაში საპირისპირო თვისებებიც გამომიქექავს ჩემი ხასიათის. მახსოვს ომის დროს როცა ჩვენი ნაწილის დაბომბვის რეალური საშიშროება იყო, ემოცია გათიშული, აბსოლიტურად მშვიდი რომ ვიჯექი სამუშაო მანქანაში და ჩემს საქმის კეთებას განვაგრძობდი.

ჩემი თავის გამოცდის სურვილიც მერეც არაერთხელ მქონია, შედეგი ხან როგორია, ხან როგორი – როცა გონებას არ ვახმარ ემოციას, ისევ ბუზღუნა ხასიათი მოდის წინა პლანზე და პირიქით.

როცა ყველაზე ციცაბო და ძნელად დასაძლევ ადგილს მივადექით, სადაც ალაგ შიშველი მიწა ჩანდა და ალაგ მასზე შეყინული თოვლი, ფეხის მოკიდება ძაან გაძნელდა. მაშინ კი დამჭირდა თავის ხელში აყვანა, ნერვიულობა სახეზე რომ არ ამსახვოდა – ცივი ხმით ვკარნახობდი გოგოს, როგორ გაეგრძელებინა სვლა – ისიც საკმაოდ ყოჩაღობდა.

ორი საათზე მეტი შევალიეთ ასვლას – სტუმარი ბედნიერი გადაყურებდა თეთრში ჩაფლულ არეს. ზაფხულისგან განსხვავებით, გარშემო ბუზებივით ტურისტები არ ირეოდნენ და ყველაფერი საოცრად ჩუმი და მშვიდი იყო. მხოლოდ ერთი მღვდელი გამოძვრა ბოლოს სენაკიდან, ეკლესიაში შეგვიშვა.

საათს დავხედე კიდევ ერთხელ – ოთხი იყო, ერთი საათიღა გვქონდა დრო. ბოლო ამოვლილი ციცაბოს დაბლა ჩასვლა უტოპიად მოჩანდა – დაშვებისას ტანის ინერცია ქვევით გექაჩება და თავის შემაგრება მოყინულზე შეუძლებელი იქნებოდა. მღვდელს მოსავლელი გზით წასვლაზე დავეკითხე – გაუკვალავია იქით გზაო, ვერ მოახერხებ ჩასვლას, ისევ ასე უნდა დაეშვაო.

“შანსი არაა..” – ტვინში ეს ფიქრი ტრიალებდა. ფერდობს გადავხედე, მცირედით მოვლა გადავწყვიტე, ისეთი ადგილი მოვძებნეთ სადაც მიწას შეყინული თოვლი არ მოჩანდა, გოგოს ხელები მხრებზე დავაწყობინე – “უბრალოდ მომყევი!”

დამრეცზე ტანი თავისით მითრევდა წინ, გაუკვალავი თოვლში ჩაფლობა კი ზედმეტი სიჩქარის აკრეფვისგან და დაგორებისგან მიცავდა. მშრალზე ვერ დაეშვებოდა კაცი ასეთი სისწრაფით. ნახევარ საათში პირდაპირი ზოლით ჩავჭერით მთელი მთა – ბოლოს ლამის წელამდე თოვლში მოვხტუნაობდით. ბოლოს ტრანსპორტს მივუსწარით.

სამიოდე საათში თბილისსაც მივადექით.

Stand By

შემოდგომის მოგზაურობით გახალისებულ განწყობამ თვენახევარი გაძლო. მერე, მერე მოცოცდნენ წვრილმანი აქაური ამბები, ჩვეული და აგრერიგად ნაცნობი. გულმოდგინედ ვუწევდი იგნორირებას, კარგა ხანი ღიმილიანი დავიარებოდი ქუჩებში, ბოლოს სანამ მაინც არ შემოცოცდნენ ტვინში, დამგრუზეს და დამიმძიმეს ისევ ხასიათი.

ახლა პერიოდია უბრალოდ ასეთი, ბოლო ბოლო თუ ძაან დაგროვდა, დავკრავ ისევ ფეხს და სადმე გადავიკარგები ცოტახნით გარემოს გამოსაცვლელად. თუ ვწერ ამ ხაზებს, ისიც რომ ხვალ–ზეგ გუნებაგამოსწორებულზე შევედარო, როგორ ვიყავი ამ ახლად დამდგარ 2012 წლის დასაწყისში.

პირველს მეორედ ზედიზედ სმენაში შევხვდი, ხოლო ბოლო ექვს წელში უკვე მეოთხედ სამსახურის გარემოცვაში. დილით სახლში მოსულმა ცოტა გამოვიძინე და საღამოს კოკას ჰოსტელში ალკოჰოლით ლამის უგონო მდგომარეობამდე მივედი. მთელი მეორე დღე სიტყვა “ვკვდები” მიტრიალებდა პირ–ბაგეზე. აღარც გამჩენია სურვილი სადმე სტუმრად წავსულიყავი.

არ ვიცი, შეილება ისევ ძველ შეცდომებს ვუბრუნდები–ვიმეორებ, როცა გარემოს მკვეთრ გამოსწორებისკენ არ ვდგავ ნაბიჯებს. მიზეზები მსუყე და სუბიექტურად ობიექტური მომაქვს – ჩემი შრომის ანაზღაურებას ჯერაც სხვა სახსარგარეშე დარჩენილი ოჯახი ისრუტავს.

ჩემი პრობლემა ფიქრია – ყველაფერს არითმეტიკით ვუდგები, ვთვლი, ვალაგებ, ზღვარს ვიწესებ. ამ დროს ყველაფერი ყველაფერს თავისკენ ქაჩავს–იქაჩება და ირღვევა ჩემი კომაროვში ნასწავლი უზუსტესი მათემატიკა.

ხოო, არის კიდევ საკითხები, რაზეც სიამოვნებით დავწერდი, სათანადო სიტყვებ–ფრაზები რომ მომეძიებოდეს ჩირივით გამომშრალ გონებაში. ხოდა ვერ გამომიხატავს სათქმელი და გადავდოთ კიდევ რაღაც დროით, სანამ რამე მანქანებით მივაგნებ სწორ გზებს აზრების გადმოცემის.

ხოდა ცოტახნით stand by

ორი დღე სამხრეთში

მიზეზის გამო სამხრეთ საქართველოს მონახულება ავიკვიატე. შუა აგვისტოა. კოკას ჩემი იდეა გავუზიარე:
– წავიდეთ! ჯერ აბასთუმანში ჩავიდეთ და მერე წალკის გზით დავბრუნდეთ თბილისში უკან – კოკამ გეგმა განავრცო.
ხოდა ბევრი აღარც გვიფიქრია, ორ დღიანი გასეირნება დავგეგმეთ. თან ბირგიტი და მარინა გავიყოლეთ. პირველი მათგანი გერმანელი მოხალისეა, ვინც უკვე წელიწადი სიღნაღში ინვალიდ ბავშვებს უვლის – კეთილი, უწყინარი გოგონა, ხოლო მეორე კოკას უკრაინელი სტუმარი.
ერთი კვირის თავზე უკვე კოკას მანქანით საქართველოს სამხედრო გზაზე მივსრიალებდით.
ახალციხეში ჩასულებმა ერთი ბულგარელი მოგზაური გოგონაც ავიყვანეთ (ელენა) და ხუთკაციანი ჯგუფი აბასთუმნისკენ მიმავალ მიხვეულ–მოხვეულ გზას შევუყევით.
გზა ისედაც ყოველთვის კარგ გუნებაზე მაყენებს და მითუმეტეს მთელი ზაფხული თბილისში ჯდომის ფონზე ეს თუნდაც ორდღიანი მოგზაურობა ხალისით მავსებდა. თვალი ლამაზ–ლამაზი ხედების ცქერით ტკბებოდა და მეგზურებიც არანაკლებ დადებით მუხტს მატებდნენ სიტუაციას.
ადგილზე ჩასულებმა მდინარის პირას მოწყობილ საკალმახეში ვივახშმეთ. უკვე წინდაწინ გული მწყდებოდა ამ მშვიდი ადგილის დატოვება სულ რაღაც ერთ დღეში რომ მომიწევდა.
მშივრები დავნაყრდით, ავლაპარაკდით – პირი დამრჩა ღია როცა ელენამ განმიცხადა – ოცდაათი წლის ვარო. ვერაფრით ვიფიქრებდი ეს კოხტა ფეხებზე შემდგარი, ბავშვური ნაკვთების და მიამიტი თვალება კიკინებიანი გოგონა სინამდვილეში კაი სამი–ათეულ წელმოყრილი ქალი თუ იქნებოდა. თან განმიცხადა – ამ ზუგრჩანთას რომ უყურებ, ჩემი სახლია შემდეგი ერთი წლის მანძილზეო. ბარსელონადან წამოსული ასე ევროპა, საქართველო, სომხეთი, ირანი, მერე შუა აზია, ჩინეთი, ოკეანეთი, ავსტრალია–ზელანდია, იქიდან სამხრეთ ამერიკა – მთელი დედამიწის მოვლა ქონდა გადაწყვეტილი.
– მეც მასწავლე ამას როგორ ახერხებ – გულწრფელად შემშურდა მისი გეგმების.. და მერე კიდევ დაუბრუნდება ერთწლიანი წოწიალის შემდეგ თავის ქალაქს და ალბათ არც უმუშევრად დარჩენის შეეშინდება..
წამოვიშალეთ, შესაფერისი მინდორი ვიპოვნეთ ბანაკის დასაცემად, ცოტა ხმელი შეშა მოვაგროვეთ ღამე ცეცხლის დასანთებად და ობსერვატორიას მივაშურეთ.
რიგში ჩამდგრებს ცხრაასმა კაცმა გადაგვისწრო ურიგოდ, როცა არც ჩხუბმა გასჭრა, ერთი შევიგინეთ – თქვენიც და თქვენი ტელესკოპისაცთქო და ისევ დაბლა ბანაკისკენ დავეშვით, სადაც მდინარეში ჩაციებული ალკოჰოლი გვიცდიდა.
მოკრძალებული კოცონი ავაგიზგიზეთ და პლასტმასის ჭიქებიც ალკოჰოლით შევავსეთ. მე ემოციურ საუბარს თავი ვერ ავარიდე, ალბათ რიგში ტყუილად დგომამ თავის კვალი დატოვა და განმუხტვის ნაცვლად ცოტა გარემო დავამძიმე, მეხერხება ხოლმე..
თემა ნაციონალურ პრობლემებს გადაწვდა – უცხოელები ზომიერ დიპლომატიურ პოზიციას იჭერდნენ, ერთი მარინა იდგა თავისთვის ხილს მიირთმევდა და დიდად გულთან არ მიქონდა წამოჭრილი საკითხები.
ელენამ დიდხანს ვერ გამიძლო – დასაძინებლად გაწია – სუბიექტური ხარო. მე ჩემი ჩავიხვიე – რასაც ახლა ვიძახი, უბრალოდ ერიდებით ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს, თორემ არანაკლებ თქვენც გაწუხებთთქო. ბოლოს ლამის აღნავლებული ბირგიტი გადმოვიბირე, ცოტა ალკოჰოლიც რომ მიეშველა და აღარც მას დაუფარავს ის პრობლემები, რაც მას აწუხებს თავის ქვეყანასთან დაკავშირებით.
მეორე დღეს ვარძიას ვესტუმრეთ. იქვე ერთ–ერთ დედათა მონასტერს, ერთი ტკბილად მოსაუბრე ბებო დიდხანს დაუზარებლად გვეჭუკჭუკა. მდინარეზე ბანაობის გეგმა უკვე მოქუფრულმა ცამ და მალე თან მოყოლილ კოკისპირულმა წვიმამ ჩაგვიშალა.
ჩამიშალა გეგმა გავჩერებულიყავი ახალქალაქში, არადა ხალხთან მსურდა კონტაქტში შესვლა, რეალურად ამიტომ ავიკვიატე აქეთ წამოსვლა – გარემო და ატმოსფერო მაინტერესებდა. ასევე უბრალოდ ჩავუარეთ ფოკას მონასტერს – წვიმა სულ უფრო მეტ ძალას იკრებდა.
როცა წალკაში მოშიებულებმა – პური სად იყიდება, ვიკითხეთ და ქართულად კაციშვილმა ვერ გვიპასუხა, მერეღა გაიკვირვა ელენამ – რა, არ ესმოდათ თქვენს ენაზე რას ეუბნებოდითო?! წინა საღამოს საუბარი გამახსენდა.. მწარედ ჩამეცინა.
გზაც მიილია, თბილისში შემოვედით, სახლთან ჩამოვხტი – ჩემი მცირე წილი ემოცია ელენამ თან ერევნისკენ გაიყოლა.

მოგონილი ამბავი

სამსახურიდან მოვდივარ.
– დიახ?! – ტელეფონია.
– აბა სად ხარ?!
– მოვსეირნობ, როგორ ვქნა, ფეხს ავუჩქარო თუ განვაგრძო ნება–ნება სეირნობა?
– არა რა ნება–ნება, მე უკვე მოვრჩი ჩემს საქმეს, აგერ გელოდები!
– მაშინ ცოტას ავჩქარდები, აქვე ვარ მეც.
ცოტახანში უკვე დათქმულ ბარში შევიჭყიტე – კუთხის მაგიდასთან იჯდა კოხტა, თხელი ტანის გოგო.

უხერხული, სულელური მისალმების შემდეგ სკამზე არხეინად მოვკალათდი. მენიუში ორიოდე წამით ფორმალობისთვის ცხვირი ჩავრგე – მგონი უკუღმაც კი მეჭირა, თვალი აზრდაუტანებლად ნაწერს მხოლოდ ბუნდოვნად ხედავდა და კმაყოფილმა, რომ გონებამ ზეპირად ისედაც მშვენიერი აზრი მომაწოდა, ოფიციანტს პირდაპირ დესერტის მოტანა მოვთხოვე.

– მაშ ავიადისპეჩერი?!
– დიახ, დიახ – ასეა საქმე – ბევრი ბევრი წერტილები დაფრინავენ და მთელი ჩემი საქმე რომელიმე ორი მათგანის ზომაზე მეტად ერთმანეთთან არ მიახლოებაა..
– საპასუხისმგებლო საქმე გქონია..
– ნამეტანი, სამსახურის მერეც ეს წერტილები მელანდება ხოლმე, სიზმარში ვნახულობ და რაიცი რამდენ წელ სიცოცხლეს ვკარგავ, როცა მათი შეჯახებისგან გულგახეთქილი უცებ გამოვიღვიძებ და მერეღა ვიაზრებ რომ ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო და მეტი არც არაფერი – მოვისაწყლე თავი..

ხოდა მერე ასეთ წვრილმან საუბარს ბევრიც სხვა მოყვა. გგონიათ დეტალურად მახსენდება ყველაფერი?! აქაც ვიგონებ რაღაცას. ისე საუბარში რამდენი რამ უსაგნო სიტყვა სიტყვას მივაყოლე, უაზრო აზრები ვკერე და დრო ვფლანგე, სანამ უცხოობის გადამკიდე აბლანდული სასაუბრო ძაფები ცოტა არ დავალაგე..

არადა რომ არა ძვირფასი ობიექტური ხელის შემშლელი ფაქტორები, საუბარს ხომ პირდაპირ წამის დაუკარგავად ყოვლად საჭირბოროტო საკითხებზე მივმართავდი – მაგალითად ჩრდილო პოლუსის გადაადგილების შესახებ, რომელიც ნელნელა ეკვადორისკენ მიცოცავს და რაიცი, როცა ჩრდილოეთი თუ სამხრეთი უკვე იქ აღარ იქნება, როგორც მესამე თუ მეოთხე კლასსში (ანაც ცოტა მერე) გეოგრაფიის მასწავლებელი გვასწავლიდა.. მერე აღარც მე რომ ვიქნები, აღარც შენ და აღარც ის წერტილები, რომლებიც კი დაფრინავენ თავისუფლად, მაგრამ ჩემნაირი არამკითხე ბიძიები ხელს რომ უშლიან ზომაზე ახლოს მიუახლოვდნენ ერთმანეთს..

თუმცა, მგონი გადავამლაშე – საუბარს ჯამში მაინც საკმაოდ ხალისიანი და ლაღი ერქვა, ვიდრე ეს წინარე აბზაცებში დავსახე და ჩავამუქე. თან ჩემი შეკვეთილი ნაყინი მშვენივრად აგრილებდა პირთან ერთად გონებას და მგონი არც მოსაუბრის ნამცხვარი უჩიოდა უგემურობას – თუ რამ უხერხული პაუზა მაინც შემოგვიტევდა, მისი დამკვეთი სუფთა სინდისით დროებით ყურადღებას სწორედ მასზე გადაიტანდა და ამის შემხედვარე ერთი მომენტი ვინანე კიდეც, რომ მის რჩევას არ დავყევი, როცა ტკბილეულის გასინჯვა მეც შემომთავაზა..

დრო მალე გაილია და სასეირნოდ გამოსულები მალე აღმართს შევუყევით.

მე კი ჩემი პროფესია ლამის სულ მთლად გადამავიწყდა, როცა რამოდენიმე დღე მიილია და კვლავ სამსახურიდან, ოღონდ ამჯერად სახლისკენ მომავალს, ერთ ქუჩის გადასწორ მიმავალ გოგოზე შემრჩა თვალები.

ერთი გაუგებრად ამოვიოხრე და თავი გავატრიალე. მალე უკან მოვატრიალე და კოხტა, მოკლე შორტებში გამოწყობილ გოგონას, რომელისაც გზა ქონდა უკვე გადმოკვეთილი, გაკვირვებით მივაშტერდი – საიდანღაც მეცნობა–თქო, წამის მეათედიც და უკვე საკუთარ თავზე ცოტა გაბრაზებულმა (ჰმ, გეცნობა არა?!) მასში ჩემი ამასწინდელი თანამოსაუბრე ამოვიცანი..

ვისღას ახსოვდა წერტილები…