ჯაბას ისტორიები

ისტორია 1

იყო ერთი ჯაბა – ჯაბა კაი კაცი იყო, ყველას ზრდილობიანად ესალმებოდა, მაგრამ ცოტა უცნაური ვინმე კი იყო ეს ჩვენი მეგობარი.

ხოდა ჩემთვის ვზივარ აივანზე, საჭმელს ვილუკმები…

აივნები კი, სამეზობლოს კი არის ერთი 4-5 მეტრში ერთმანეთისგან დაშორიშორებული…

მეზობლად ჯაბა გამოდის – ხელაწევით ღიმილიანი სახით მესალმება: “ჟორას გაუმარჯოსო”.. თან მეორეში უზარმაზარი ხანჯალი მოუხელთებია.

– “ვეჟო ეგ რაღა ხმალი გიჭირავს?!”

– “ჰარაკირი უნდა ჩავიტარო ჩემო ძმობილო – იმდენი წიგნი წავიკითხე ამ ამბავზე, სწორად თუ გააკეთებ, სიკვდილი ახლოსაც კი არ გაგეკარება!…”

მოულოდნელობისგან ჩაკბეჩილი ბუტერბროტი ლამის სასულეში გადამცდა და სანამ ხმა ამოვიღე:

– “ხომ არ გაგიჟდი, გინდა აქვე ფეხები გაფშიკოთქო?!…”

არ გაიქანა და არ იტაკა ეს ხმალი, თუ ხანჯალი ამ ჩვენმა ჯაბსონამ მუცელში და კარგა გემრიელადაც ჰორიზონტალურად გაუსვ-გამოუსვა…

მერე კი გადმოყრილ ნაწლავებზე უარესად გადმოეკარკლა თვალები და აცახცახებული და შეცბუნებული, გაკვირვებული მიყურებდა.. სისხლისგან რომ იცლებოდა და მგონი ისიც კი ჩაიხრიალა -“მიშველეო..”

აბა აწი მე მაგას რაღას ვუშველიდი.. სულ რომ ჩემი აივანი მისაზე ყოფილიყო მიტყუპებული და ერთი მესკუპა.. დიდი დიდი მკლავებს მოვხვევდი და მცირე ნუგეშითღა გავისტუმრებდი გაღმა სამყაროს..

ასე კი… იწვა მარტო საკუთარ სისხლის გუბეში და სულს ლევდა, ეს ჩვენი კეთილი მეგობარი ჯაბა..

ამბის დასასრული

ისტორია 2

კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით ჯაბაზე – ამჯერად ბავშვობაში რომ შეემთხვა.

მოკლედ ჯაბა, ჯერ კიდევ სანამ ჰარაკირით დაასრულებდა ცხოვრებას, პატარაობაში ერთი მშვიდი, წყნარი, მშობლების მოყვარული ბავშვი იყო.

მაგრამ ძმა ყავდა ოხრის ერთი – ვატო, ცელქი და მოუსვენარი.

ვატო ხშირად იწყენდა ხოლმე და გასართობად ათას ოინბაზობას მოიფიქრებდა, თავი რომ რამით შეექცია.

ხშირად ამ ოინბაზობის მსხვერპლი ბუნჩულა ჯაბა ხდებოდა.

ერთხელ, მაგალითად, მეორე სართულის აივნიდანაც კი აიძულა ესკუპა დაბლა დაყრილ ქვიშაში, “დედამ თქვა, მშიშარა შვილი არ მჭირდებაო, თუ ვუყვარვარ უნდა გადმოხტესო..”

ხოდა ამ გულუბრყვილო ჯაბსონამაც არ ისკუპა?! ისკუპა და ცუდად დახტა.. ქვიშა არასაკმარისად ბევრი იყო დაყრილი და მოკლედ ეს ყველაფერი ფეხზე თაბაშირის დადებით დასრულდა..

მოგვიანებით დედა რომ ეფერებოდა და თანაც მაინც შეაპარა:

– ” კი მაგრამ, რას ფიქრობდი, იქიდან რომ ხტებოდიო?!”

ამანაც დაამღერა, რაც მანამდე ვატოსგან მოისმინა.

“სამაგიეროდ ჩემით ხომ ამაყობ დედა?!” – სლუკუნებდა პატარა ჯაბა..

დედას კი უკვე ბრაზი ერეოდა და ვერ მიმხვდარიყო, ჯაბას გულუბრყვილობაზე უფრო მოსდიოდა გული, თუ ვატოს ონავარ ხასიათზე..

ისტორია 3

ამასობაში ჩვენი ჯაბა წამოიზარდა, და როგორც აქამდე ვახასიათებდი, წყნარი, კეთილი ბუნებით გამოირჩეოდა..

მაგრამ, როგორც ჩვენს დროში ბევრი, ვერც ჯაბა გადაურჩა ყოფით, ყოველდღიურ პრობლემებს და ერთთავად “ფულის ჩალიჩში” იყო..

და ხანაც სასოწარკვეთილი, ამ ფულის საშოვნელად ტოტალიზატორისკენ მიმავალ მოლიპულ გზას დაადგებოდა ხოლმე..

იმ საღამოსაც ჯიბეში შემორჩენილი ბოლო ოცლარიანი შეაცურა აპარატში და რამოდენიმე “ფაიზაღი კუშიც” მონიშნა

ოცნებებში წასული დასაძინებლად გაემზადა..

“ხვალ ამ ფულს მოვიგებ და მერე კი კომუნალურებსაც გადავიხდი..” ღიმილით ფიქრობდა ჯაბა..

ძილში კი უცნაური სიზმარი იხილა..

დიდი, ღრუბლებით გაფორმებული ტოტალიზატორის წინ იდგა – “ზეცა” რომ წაეწერათ, ჯიბეში ერთადერთი ვალუტა – “რწმენა” ედო..

შევიდა და პროგრამა მოითხოვა

“კუშები” უცნაური ეწერა:

– ” წმინდა ცეცხლის გადმოსვლა – 1,05 ”
– ” წმინდა მამაო სიკვდილის მერე არ გაიხრწნება – 1,1 ”
– ” მეორედ მოსვლა მალე იქნება 1,2 ”

და ა.შ. და ა.შ.

მანაც რამდენიმე ნაღდი ვარიანტი აარჩია, ამოიღო ჯიბიდან რწმენა და დამშვიდებულმა დადო..

შენობა რომ დატოვა, მერეღა დააკვირდა – ამობეჭდილ ფურცელზე შესაძლო მოგებად ისევ ის “რწმენა” ეწერა, რაც აქამდეც გააჩნდა და აწი ერთი არასწორი გათვლა და ნუთუ შეიძლება დაკარგოს?!

რაც გააჩნდა, ასე ჰოპ და ერთი ხელის მოსმით დაკარგოს..

“არა, არა ეს არ მოხდება!!!” – ფიქრობდა თავისთვის

და ამასობაში გზაზე ღმერთიც შემოხვდა, იქვე ქვაზე რომ ჩამომჯდარიყო და ისვენებდა

მაგრამ იმ წამს ჯაბსონას რწმენა უკვე ფსონად ჰქონდა დადებული და ვერც კი შეამჩნია უფალი მისი, სევდიანი თვალებით როგორ უყურებდა, ისე ჩაუარა გვერდზე…

მძიმე ემოციებით, მთლიანად ოფლში გაწურულს გამოეღვიძა ჯაბას – გულზე ხელი მიიკრო, აჩქარებულ პულსს მიაყურადა..

მობილურს გადასწვდა, გაახსენდა, ბარსელონას თამაში იმავე საღამოს რომ უნდა ყოფილიყო..

ჩახედა livescore-ს და კიდევ უფრო ცივმა ოფლმა დაასხა – მესის ავტოგოლი და ზე სენსაციაზე ზე სენსაცია – ბარსელონამ ლევანტესთან სახლში წააგო!..

მოწყვეტით ჩაემხო ისევ საწოლში ჯაბა…

ხვალინდელი პურის ფულიც კი წაეგო…

ის ღამე თეთრად გაათენა ჩვენმა კეთილმა მეგობარმა…

ისტორია 4

დრო გადიოდა, ჯაბას ფინანსურ პრობლემებს კი ბოლო არ უჩანდა..

შვება რელიგიაში ჰპოვა – დადიოდა ეკლესიაში და გრძნობდა, მის პიროვნებაში რაღაც იცვლებოდა..

აღმაფრენა იმდენად დიდი იყო, ერთ დღეს კალამსაც კი წაავლო ხელი და რაღაც ისტორიის ჯღაბნა დაიწყო..

მეორე დღეს მამაო შანშეს წააკითხა..

გულის ფანცქალით ჰკითხა – “როგორიაო?!”

– “ამაზე დიდი ყლეობა დიდი ხანია ცხოვრებაში არაფერი წამიკითხავს!..”

ჯაბას გასაკვირად ბრაზიანი სახით, ასე პირდაპირ, უხეშად მიახალა მამაომ…

შეცბა ჩვენი მეგობარი…

– “მაგრამ… ” – თან ცოტა ჩაეღიმა და ბოლოს შუბლი გაეხსნა შანშეს…
– “რაღაც ვიფიქრე – შემილია ეს შენი ისტორია სოცქსელში გამოვაქვეყნო?!”

ხო ეს ფეისბუქობანა შედარებით ახალი ხილი იყო იმ დროში..

– “კი მარა ორი წამის წინ…”

ენა ძლივს მოატრიალა პირში ჯაბამ, სიტყვები ყელში გაეჩხირა, წინადადება ვეღარ დაასრულა.

ვეღარ გაეგო ამასხარავებდნენ, თუ სერიოზულად ესაუბრებოდნენ… ერთთავად სირცხვილისგან ხურდა და პერანგიც ოფლისგან ენამებოდა..

– “ხანდახან შვილო, ასეთი ამბები საუკეთესო საკენკად შეილება გამოდგეს ჩვენი ძვირფასი და-ძმათათვის. დაე აკენკონ!!!”

საღამოს ახმაურდა კლავიატურა… სიმბოლო სიმბოლოს მიემატა, ტექსტი გამოიკვეთა – მოზრდილ აბზაცებად იქცა…

ისტორია კი ერთი ჯარისკაცის ამბავს ეხებოდა, თუ როგორ დაქოქა რიგითმა მანქანა, ვისი დამცირებაც ბოროტებით შეპყრობილ მოხელეს ჰქონდა გადაწყვეტილი… და მთელი საოცრებაც ის იყო, რომ ამ მანქანას რეალურად ძრავა არ გააჩნდა.. და რწმენით და ლოცვით გაცოცხლებულ რკინად იქცა…

იჯდა მეორე დღეს ჯაბა თავის პერსონალურ კომპიუტერთან და ათასობით ადამიანის აღმაფრენით სავსე კომენტარებს კითხულობდა მამაო შანშეს “პოსტის” ქვეშ..

ეს ხომ სინამდვილეში მისი შემოქმედების ნაყოფი იყო!!! მერე რა, რომ თავიდან “უდიდეს ყლეობადაც” კი მოიხსენიეს… ალბათ ხუმრობას ჰქონდა ადგილი… თავმდაბლობა რომ არ დაეკარგა… მიწაზე მყარად მდგარი დარჩენილიყო…

ხომ, ალბათ ასეა – ბრძენი კაცია შანშე, ზუსტად იცის როდის, სად და რა უნდა უთხრას ადამიანს..

ქართული ტრაკის თამაშები

ვახ ბჯოო.. ასეთი ამბებია..

მევიდა ვინცხა უპირო უცხო ჩემსავე ნაქირავებ ბინაში, განა რამე მკითხა?! – ჩემიდგა სტენკა… შუა ზალაში.

პირი რო დავაფჩინე, სანამ სიტყვა აღმომხთა – ქვეიდან ამომხედა, საჩვენებელი თითი ცხვირთან ამიტუზა და – “გაჩუმდი ახლა! შენ არ იცი, მე ვიცი – ასეა საჭიროო”..

კი იყო რაცხა ძაან დამაჯერებელი მის ხმაში, იმ წამს მართლა ჩევიგდე ენა მუცელში.. მაგრამ კარი რომ გეიხურა, ბრაზი მოვიდა უცაფეთათ..

ჩევედი ეზოში, გოვუკიდე სიგარეტს.. ცოტა დავფიქრდი.. “რაცხა გოუგებრობა თუ იქნებათქვა.. მოვა ახლა ბინის მეპატრონე, ვისგანაც ამ ერთი ბეწო დასარჩენს ვქირაოფ და მოჰკიდებს ამ რაცხა ჯაბახანა “სტენკას” მის მომთრევს და ასე მორჩება ეს ყოლიფერითქო..” – ისედაც ციცქნა ბინაში “კუდის მოსაქნევი” ადგილიც კი არაა, მომინდომეს აქანა რაცხა სტენკის დადგმა..

ჰოდა გევიხედე და აგერ არ მოის ქე ეს ჩემი მესაკუთრე.. წარბები შეუწკუპებია, გაბრაზებული მოუჩანს სახე – “მეთქი, ა ძმაო, ამის ყურამდეც მისულა აგი ამბავი თქვა..”

პირი გავაღე, შევაშველეფ მეთქი ჩემსაც რაცხა ორი სიტყვას-თქვა.. და ამანაც ბურთი არ ჩამჩარა ჩქარი-ჩქარ, სანამ რამე ამოვღერღე?!

“იდგეს ეგ სტენკა მაქანა, არ თქო ახლა ხელს მიშლისო?! შენ კაცო მანდანა საცეკაოდ ხომ არ ხარ შესული, თუ ღამის სათევათ?! საწოლი ხო ისევ ადგილზეა, რას შემომჩივლიო..”

დამრჩა პირი ისევ ასე ხმაომოუსვლელად დაფჩენილი.. ქე შეემატა ბრაზს ცეცხლი ისთევ..

ავედი უკან ბინაში.. გავხედე ოთახში გაჩხერილ “სტენკას” – “მგონი მართალია ეს ხალხი, რასაა რომ ვერჩი..” გოვიფიქრე გულში.. მაგრამ საცხა კიდევ უფრო ქვეით გულის-გულის სიღმრეში რაცხა მაინც მღრღნიდა – “კაცო ფულს მე ვიხთი.. ბინა ამ პატიოსანი კაცისაა და ის ვინღაა რომ მევიდა და არცერთს დაგვეკითხა, ისე დოუპატიჟებლად შემოგვიგორაა ეს რაცხა დიდი ჯაბახანა ოთახში..”

არ ვიცი..

დავწვდი ტელევიზორის პულტს იტყვიან ხო?! ხო რაცხა მაგას, მეთქი ცოტა გულს გადავაყოლებთქვა..

იქ კი?! იქ კი ვარესი ცირკი ტრიალებს, ცხვრებისთვის ჩოუცვამთ კასტიუმები.. ხო ხო არ მოგესმათ, ნამდვილ ცხვრებს ჩოოცვეს ასე – სკამი და მაგიდა მიუდგეს და მიკრაფონიც კი მოუჩოჩეს.. ოხონდა არ მკითხოთ რეიზაო.. ესენიც ზიან თუ რაცხა არიან… “მეეეეეეოოო” კიკინებენ ყურის წამღებად და ვერ გეიგეფ რა ხთება, ისეთი საგიჟეთია..

და მწყემსათ არ იკითხავთ ვინ უდგას ამ ფარას თავში?! აი დილით სტენკა რომ შემომიგორა.. ის კაცი არ ამოვიცანი ლაბადამოფარებულ ფაფახდაფარებულ სილუეტში..?! რაცხა ნამეტანი იქიდნურად კი იღიმოდა ულვაშეფში..

პირი კიდო ერთხელ დავაღე.. ოღონდ რამის სათქმელად კი არადა – გაოცებისგან..

ვიღას ახსოვდა “სტენკა”

ყველაზე მოკლე მოგზაურობა

წინა ღამენამუშევარმა რამოდენიმე საათი წავუძინე და გამთენიისას ისევ ფეხზე ვიყავი – აირზენას ეკიპაჟს ფრენაში უნდა გავყოლოდი. წელიწადში ერთხელ სამსახურიდან ასეთი ახალი ვალდებულება დაგვიწესეს პილოტების საქმის უფრო ახლოს გასაცნობად, რაც იდეაში მომავალში მუშაობაში და უკეთეს კომუნიკაციის წარმოებაში უნდა დაგვეხმაროს.

აქამდე სულ ერთხელ, ლუფთანზას ეკიპაჟმა თუ მომცა საშუალება თბილისში დაჯდომის ფაზაში პილოტთა კაბინაში შევსულიყავი და რათქმაუნდა წესით ეს მომავალი ფრენაც საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ მომენტში დაღლილობა უფრო მძლავრობდა და ინტერესს ანელებდა – დაზომბებული ავღოღდი აირზენას ემბრაერში.

მზე ამოიწვერა და მალე ჩვენც ჰაერში ავიჭერით.

აფრენა-დაჯდომის ფაზა პილოტთათვის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია, როდესაც ხომალდი ხელით იმართება და ბევრი წვრილმანი რამ ხდება – კალკულაცია, პილოტირება, ფრთების მოდიფიკაციის ცვლილება, შასის გახსნა-დახურვა და ა.შ.

დანარჩენი კი?! კრუიზის ფაზაში შეგიძლია უბრალოდ იძინო.. ნუ ხანდახან სიხშირის შესაცვლელად რომ დაგიძახებენ, პასუხი უნდა გასცე და მორჩა. ვინანე, დროის მოსაკლავად წიგნი რომ არ წავიღე. ვიჯექი გაჯგიმული არც თუ კომფორტულ jumpseat-ზე და უძილობის დაღლილობას ვუძალიანდებოდი.

თურქ კოლეგებს რადიოზე ოდესელები ჩაენაცვლენ. მერე ბუქარესტის კონტროლს ბუდაპეშტი მოჰყვა, მერე ბრატისლავა და ჩეხეთსაც ვუწიეთ.

პრაღის აეროპორტში სულ ერთი საათით შევყოვნდით. მომენტით ვისარგებლე – აეროპორტის აპრონზე (სადგომი) ცოტა ფეხი გავშალე. მერე თბილისისკენ მომავალი მგზავრიც ამოიხიკა და სამსაათიანი ფრენის შემდეგ ისევ საქართველოს ვუწიეთ.

მგზავრობის დასრულებით უბედნიერესი გამოვბობღდი ვიწრო კაბინიდან – გულში ვფიქრობდი, რამდენი უნდა გადამიხადონ, პილოტობა მომინდესთქო.. ალბათ ძაან ბევრი. ჩემთვის წამება იყო ჯამში რვა საათი ერთ ადგილზე ჯდომა – კარგი პროფესია ამირჩევიათქო..

კი, ჩემი საქმეც “მჯდომიარეა”.. მაგრამ სინამდვილეში ხშირად დავბოდიალობ – ერთი ადგილზე ჯდომისგან გაბეზრებული ე.წ. სამუშაო პულტს გარშემო წრეებს ვურტყამ. პილოტის კაბინისგან განსხვავებით, ჩემს სამუშაო დარბაზში სივრცე დიდია, გარშემო კოლეგები ბუჟღაობენ და არის ერთი გადაძახილ-გადმოძახილი.

მოგშივდება? ვინმე შეგცვლის, ცოტას “წაისაჩკავებ”, სიგარეტს გააბოლებ. იქ კი?! საჭმელსაც კი კაბინაში მოგართმევენ..

მოკლედ დღის ბოლოს ფრენამოლეული უბედნიერესი მოვაბიჯებდი ხმელეთზე..

P.S.

ეს პატარა ვიდეოები აფრენა-დაფრენის დროს გადაღებული. ბოდიში, ეკრანსს არ ვუყურებდი და თბილისში დაჯდომა ფაქტობრივად რაც საინტერესოა, ის არ გადამიღია, მხოლოდ ხომალდის ჭერი ჩანს.. მაგრამ რაცაა ესაა.
..
თბილისიდან აფრენა (31L კურსით)
თბილისზე დაჯდომა (13R კურსით)
პრაღიდან აფრენა
პრაღაში დაჯდომა

ქორწილი ყაზბეგში


სეზონი შემოტრიალდა და გეზი ისევ ყაზბეგისკენ გვაქვს – რამოდენიმე დღის წინ კაკომ მომწერა, პატარა ქორწილს ვიხდი და აბა გელოდებიო. სამსახურის გარემოთი ვისარგებლე და პარასკევს წამსვლელ ხალხს დავემგზავრე. მე, მიხო, ქეთო და სიჭინიო ვზივართ მანქანაში და რამე თუ გვაწუხებს, ცოტა მოძალებული შიმშილის გრძნობაა.

გზად რაღაც რესტორანში სხვებიც შემოგვიერთდნენ, ცოტა წავიხემსეთ და საათში უკვე დანიშნულების ადგილას ვართ.

პატარა, კომფორტულ კოტეჯებში დავბინავდით და საქორწილო დეკორაციების გაწყობას შევუდექით. ზამთარში გატარებული მშვენიერი რამოდენიმე საღამოს შემდეგ სასტუმრო ოიშეს პერსონალი მეგობრულად დაგხვდა და აგერ ერთად დავფუსფუსობთ სტუმრების მიღებისთვის ადგილის გასაწყობად.

მალე მზეც მიიმალა და ისედაც გრილი ზაფხულის ფონზე, მოსაღამოვებულზე მთის სუსხმა გვაიძულა, თუ რამე თბილი სამოსი გვქონდა წაღებული, შევფუთნულიყავით და მერე გზად წაყოლიებულ ჯინსაც ხარბად მივეძალეთ.

ალკოჰოლმა და მგზავრობამ თავისი კვალი მაინც დაგვამჩნია და შაბათს ზარმაცულად გვიანობამდე მივეცით ძილს თავი – ისევ აკაკის მოწერილმა გვაიძულა ცოტა ავჩქარებულიყავით შემორჩენილი საქმის დასასრულებლად.

თავის მხრივ ანი და აკო ათასი წვრილმანის მოსაგვარებლად დარბოდნენ – საღამოს დაგეგმვა, საჭმლის გამზადება, დეკორაციის გაწყობა, და რა გასაკვირი, ამდენ წვრილმანზე ფიქრით და ორგანიზებით ცოტა დაძაბულობა თუ ეტყობოდათ.

ხოდა თუ რამე ჩემში უჟმურობა და სიზარმაცეა, გვერდზე გადავდე. ხელის შეშლის ნაცვლად, რომ მივხმარებოდი და მოვიქოქე.. მოვიქოქე კიდევ რბილად ნათქვამია.

ნელ ნელა სხვა სტუმრებიც მოიკრიბნენ და დათქმულ დროს ელიას მონასტერში ავიხიკეთ – ერთნაირ სამოსში გამოწკეპილი რამოდენიმე ათეული კაცი კარგი სანახავები კი ვიყავით.

ჯვრისწერის ცერემონიალიც გასრულდა და იქვე ფეხით სავალზე სამოქალაქო ქორწინების რიტუალის შესასრულებლად მდელოზე სახელდახელოდ გაწყობილ ალაგსაც მივაშურეთ.

ბუნებას ლამაზად ერწყმოდა ხის მორებით შეკოწიწებული სკამები – მცირე, მაგრამ სადა დეკორაციით გაფორმებული. საჯარო მოხელემ ჩვენი დაგვიანებით ცოტა აღელვებულმა სწრაფად ჩაარაკრაკა გაზეპირებული, მრავალგზის ნათქვამი ფრაზები.

და ცოტახანში რიტუალის ოფიციალურ მხარე მოლეულებმა ისევ ოიშეს ეზოს მივაშურეთ, სადაც ასევე სადად გაფორმებული გარემო და საჭმლის პატარ-პატარა ლანგარზე გაწყობილი დოზები გველოდა.

მალე ხალხის ფუსფუსის ხმაური სოლოს (სოლომონი) გიტარის ხმამ და მაგდას მშვენიერმა ვოკალმა გადაფარა და საღამოც მოიქოქა..

მერე იყო ბევრი ცეკვა, მხიარულება და მომღიმარე სახეები.. მაიმუნობის და სიცელქის ხასიათზე მოსული მე. ამ ყველაფრის ფონზე ვერავის რომ დავაჯერებდი, სინამდვილეში ერთგვარი უხასიათო უჟმურიც რომ გახლავართ. იშტაზე მოსულმა ბოლოს მიკროფონიც რომ მოვიხელთე და სპონტანურად რაღაც მოგონილი სიმღერაც მივახურდავე სოლოს მშვენიერი რითმის ფონზე..

კვირას დილით ბორჯომჩახუტებულებს გამოგვეღვიძა – დადებითი ენერგიით დამუხტულები გამოვუყევით ტურისტებით გადატენილ თბილისისკენ მომავალ გზას..

P.S.

მადლობა ჩვენს მასპინძლებს, სასტუმრო  ოიშეს პერსონალს

ასევე ვიზუალის შექმნისთვის ქოჩოს – ამ ჩანაწერის ფოტოც რათქმაუნდა მისგან არის “მოპარული”

მუსიკალური გაფორმებისთვის სოლოს და მაგდას

და რათქმაუნდა ანის და აკოს, ამ მშვენიერი საღამოს ჩუქებისთვის.

დაცული: ამბავი ერთი ქარხნის

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

როგორი იყო მარტი..

ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაური

როდესაც სამსახურის ღამისთევები ისევ ყელში ამომივიდა, პატარა შვებულება დავწერე და მარტის თავგადასავლებიც ასე დაიწყო..

ღამენათევი პირდაპირ ქუთაისის გზას დავადექი – იმ დღეს იქით საქართველო-გერმანიის მატჩი იყო და როდის იყო სადმე წაბოდიალება დამზარებია.

დიდუბეში სოფო მელოდებოდა და გზასაც ორნი, მე და ჩემი ბიძაშვილი გავუყევით. რამოდენიმე საათი საუბარ-ძილ-ღვიძილში მალე გაილია და ქალაქის შესასვლელთან უკვე თემოც მელოდებოდა.

დრო ცოტა კიდევ გვქონდა და ჯერ შიმშილი მოვიკალით.. მაგრამ თურმე ვერ გავთვალეთ და პირველი ორი ლელოც ჩვენი სტადიონის შესასვლელის რიგში დგომისას დაიდო..

ქუთაისურ მატჩით მაინც დიდი სიამოვნება მივიღე – სავსე ტრიბუნა და თვალსასეირო ვარჯიშ-თამაში, ბორჯღალოსნების იოლი გამარჯვებით დასრულდა.

საღამოს რიონის პირას ვახშამი და სოფო თბილისის გზაზე ნოეს დავამგზავრე, მე კი თემოს მასპინძლობით ვისარგებლე და ორიოდე დღე იქაურობას შემოვრჩი.

შემდეგ დღეს რა უნდა გვეკეთებინა, მე და ჩემი ქუთაისელი კოლეგა მანქანას მივუჯექით და ასე უმიზნოდ გზას დავადექით – ჯერ ცაგერს ვუწიეთ, მერე კი იქიდან ამბროლაურში გადავედით. მიხვეულ-მოხვეულ მშვენივრად მოასფალტებულ გზას მივუყვებოდით და ბუნების სილამაზის თვალიერებით გულს ვახარებდით.

ამბროლაურში მშვენიერი რაჭული სამზარეულო დავაგემოვნეთ და ბედნიერებმა სხვა გზით ისევ ქუთაისისკენ ვქენით პირი და ასე ერთი დიდი საპატიო წრე შემოვარტყით იმერეთ-ლეჩხუმ-რაჭას.

ბარში თუ უკვე გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა, შაორი მოყინული და დათოვლილი დაგხვდა. ასე ათეულ წუთში ზამთარში ამოვყავით თავი.

მერე ისევ ბარად დავეშვით და ვერც გელათს ავუქციეთ გულგრილად გვერდი და საღამოს საკმაოდ დაღლილზე თბილისზე გაცილებით წყნარ ქუთაისურ სახურავზე წამომართულ კაფეტერიაში ვწრუპავდით ლუდს.

რაგბი ატოცში

თბილისში მობრუნებული ჯასა შემეხმიანა ნეტით – აქამდე ამ კაცს არც ვიცნობდი. იდეა გამანდო – “არ გინდა საოკუპაციო ხაზთან სოფლად რაგბის ჩვენება მოვაწყოთო.”

რუსეთთან ჯახი გვიწევდა და სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა ამ მატჩის ცხელ წერტილში მოსახლეობისთვის ჩვენებას.

თავიდან ცოტა ეჭვით ჩავფიქრდი – სულ სამი დღე გვრჩებოდა და იდეის გარდა ჯერ არაფერი არსებობდა..

ვიფიქრე და ადამიანი ასე ნდობას მიცხადებს, როგორ ვუთხრა უარი, ხომ უნდა არსებობდეს პრეცენდეტები, რომ თუნდაც აბსოლიტურად უცხო კაცს აჩვენო, რომ კარგი იდეის გარშემო გაერთიანება და მხარში დგომა შეგვიძლია.

მეორე დღეს დილაუთენია უკვე გზას ვადექით.

ჩავედით ადგილზე, იქ კიდევ ერთი ტიპი გამოგვეცხადა თანაორგანიზატორობის სურვილით. “აპარატურაზე დავრეკე და 1600 ლარს მთხოვენო..”

მშველელად ისევ კობა მომევლინა – “ბიჭებს ხელფასი მიეცით და ბენზინი ჩაუსხით, შენი არაფერი სხვა არ მინდაო”, ხარჯი სამას ლარამდე შემცირდა.

მოსახლეს მოველაპარაკეთ, აპარატურა ერთ ერთი ოჯახის ეზოში უნდა დაგვედგა.

დაიწყო ცოტა ნერვიული შემდეგი ორი დღე – გამოვა?! არ გამოვა?! არანაირი გამოცდილება რამე მსგავსის მოწყობის აქამდე არ მქონია.

თუმცა ეს ფიქრები გამგზავრების წინა დღეს სხვა გარემოში თავის ამოყოფამ ცოტახნით გამინელა – ახალი თავგადასავლის ძიებაში ბარიდან ბარში ალკოჰოლმოკიდებული რომ ვბოდიალობდი..

მეორე დღეს დილით ნაბახუსევზე ლამის კი ვინანე წინა დღის სასმელზე დახარბება – საჭეს უნდა მივჯდომოდი და აი მართვის მოწმობის ჩამორთმევა და დაგეგმილი საქმის ორგანიზებაში ახალი ხელშემშლელი ფაქტორის გაჩენა ნაღდად არ მაწყობდა..

სითხისგან გაჭყეპილი, ისედაც ვიგვიანებდით და ორ წუთსაც კი დავეშურე, გზად სადმე მიმეჩერებინა.. მძიმე საათნახევარი იყო გასაძლებლად..

მერე ატოცამდე გამართული ქართული საგუშაგოებზეც გავიარეთ პროცედურა და მატჩამდე ორი საათით ადრე აპარატურის გადმოლაგება დავიწყეთ.

ოჰ.. როგორ გამიჭირდება მოგიყვეთ, რა დაძაბული ვიყავი ის ორი საათი, როდესაც მთელი რიგი პრობლემები წარმოგვექმნა ტექნიკური და ამას საზიზღარი ამინდი, ქარი და წამოყრილი თოვლიც ზედ ემატებოდა.

“შევძლებთ?! მოვასწრებთ?! – არასასიამოვნო ფიქრები უფრო მიტრიალებდა თავში.

ჯასამ მენიუ.ჯი შეიგულა, ხალხის ტრანსპორტირება და საჭმელ-სასმელი რომ უზრუნველყო და ასამდე კაცი კი ჩამოვიდა სხვადასხვა ქალაქებიდან შეხვედრის საყურებლად.

მათ წინაშე დიდი იყო პასუხისმგებლობა, აღებული ვალდებულებისთვის თავი გაგვერთვა და რამე შეფერხებას ადგილი არ ჰქონოდა.

“აბა, გიო, დამშვიდდი, ჯერ ეს კაბელი გაჭიმე, მერე ეს დინამიკი დადგი – ჯერ რაც მაინც გასაკეთებელია, ის მოიშორე, სხვა პრობლემაზე შემდეგ იფიქრე..” და ასე ვაიძულე თავი ნაბიჯ ნაბიჯ მივყოლოდით სისტემის გაშლას.. მერე დენის პრობლემაც როგორღაც მოვაგვარეთ, სატელევიზიო სიგნალიც ავად თუ კარგად დავიჭირეთ და მატჩამდე წამებით ადრე მონიტორზე გამოსახულებაც აკიაფდა..

ნერვიულობის ერთი ტალღა ამით მორჩა… და დაიწყო შემდეგი – ქართულ-დათვური დაპირისპირების 80 წუთი.

წვიმა თამაშს დაღს ასვამდე და პირველი ტაიმის ბოლო წუთამდე შეხვედრაც თანაბარი იყო.. მიწურულს კი შერკინებით მაინც დავჯაბნეთ ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლები და გულშემატკივარიც მოხასიათდა.

მეორე ტაიმში კი წვიმაც შენელდა და ჩვენმა გუნდმაც თამაშს მოუმატა. უკვე აღანაირი კითხვა აღარ ჩნდებოდა, თუ იმ დღეს ვის დარჩებოდა მოგება და იქაურობაც გახარებულებმა დავტოვეთ.

მანამდე კი ატოცელ ბიჭუნებს რაგბის ბურთი ვუსახსოვრეთ და პატარა გაკვეთილიც ჩავუტარეთ ბურთაობის ანი-ბანის..

დასკვნებს, შეფასებებს აქ აღარ დავწერ, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა იმ ერთ დღეს ადგილობრივებისთვის და ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის, ვინც იქ შეიკრიბა, ან ასე დისტანციურად ვინც ვებსივრცეში გვადევნებდა თვალს..

საღამო მაინც ბარში დავასრულე, ლევანის მომზადებულ დიდებულ ჭაჭის კოქტეილებზე..

ჯაზანოვა

შემდეგი დღე ორშაბათი იყო, სინამდვილეში კარგი დღე და შემდეგი რამოდენიმე, არც თუ ისე კარგი..

ბარემ აქვე ვიტყვი – სახლში ლეიბი მივაგდე და ახალ გარემოში პირველი ღამეც გავათენე. ჯერ მხოლოდ მტვრის ყლაპვით გამოწვეული ხველება მახსენდება – მეორე დილით სველი ნაჭერით გამწარებულ-გაბრაზებული რომ ვწმენდდი ნარემონტალზე შერჩენილ ჭუჭყს.

და ამასობაში შაბათიც მოვიდა – დილით ელექტრიკმა სახლი მიმიშტეფსელა, განათებები მიმიმონტაჟა და სახლს შუქიც შეემატა. მერე იყო და ხალხურ სიმღერის გაკვეთილებსაც მივუსწარი და თორნიკემ გემრიელად გვამღერა. არც სპორტს და თაჩ-რაგბს გამოვაკლდი და ჩქარჩქარა დუშგადავლებულმა უკვე სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად გავწიე.

სიცარიელე განწყობაში. აი ასეთი იყო საქართველო-შვეიცარია და 0:2.

გემრიელ ლუკმად კი ჯაზანოვას კონცერტი იყო მოტოვებული მეგობრების გარემოცვაში რომ ამოვყავი თავი და კარგი ცოცხალი მუსიკაც მოვისმინე.

მერე ვერც ამჯერად ვუღალატე ტრადიციას, კონცერტმოლეულზე მუსიკოსები რომ მოვიხელთე და მეგობრული ერთი-ორი სიტყვა გავცვალეთ.

დილით კი მაღვიძარამ ისევ ადრიანად დარეკა და ბეეეევრწლიანი პაუზის შემდეგ აირსოფტის სათამაშოდ დელისისკენ გავემართე ძველი მეგობრების გარემოცვაში.

კოჯორში ციდან ფიფქები ცვიოდა და არც თუ სათამაშო ხასიათს გვიქმნიდა.

ცოტა მივითოშეთ, ცოტაც ვითამაშეთ და საღამოს უკვე შვებულებაგალეულზე სამსახურში მონიტორს ვეჯექი და აგრერიგად ნაცნობ ფრაზებით პილოტებს “ვეჭორავებოდი”..

Rugby

Georgiaხომ… ეს იყო დიდი ხნის წინ..

მერვე კლასში ვიყავი, მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, უჩა ჩვენთან კლასში რომ გადმოვიდა..

ზუსტად მახსოვს? არ მახსოვს. დაბალი, სუსტი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი დააბიჯებდა, ძირითადად თავისთვის, სკოლის ეზოში და რატომღაც მაშინვე ჩემთვის მეგობრად ვიგულე ეს ადამიანი.

მერე კი რაღაც პატარა შეხლა მოხდა, სადაც ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ხასიათი გამოვავლინე და ამ ამბის შემსწრე კიბორგმა რაგბის სათამაშოდ თავის გუნდში მიმიწვია – ჩათვალა, რომ სწორედ “სარაგბო ხასიათი” მქონდა..

არადა მერე ისე ვიარე ორი თვე ხულიგანაში, ერთი წუთით აღარ “გამოუნათებია” ჩემში იმ ხასიათს, რისთვისაც უჩამ იქ სათამაშოდ მიმიწვია…

მე ჩემი უცნაური ბუნება მაქვს, თავადაც რომ მიჭირს ახსნა, როდის მემართება კარგი გაგებით გაბრაზება და როდის ვხვდები მოტივირებული.

იმ წლებში კი რაგბი ჩემგან ისე შორის იყო… რატომ წავედი? იმიტომ რომ უჩამ შემომთავაზა და მე კი მის სიტყვას ანგარიში გავუწიე…

ზამთრის პირს ვიავადმყოფე. 90–იანები იყო, მეტროთი დელისზე მივდიოდი, მერე კი ვარჯიშზე რომ არ დამეგვიანა, სანამ ტროლეიბუსი მოვიდოდა, ფეხით მივუყვებოდი ჯერაც ბავშვი ვაკე–საბურთალოს აღმართს.

კვირაში სამი დღე ასე გრძელდებოდა და ნაავადმყოფარზე ამ რეჟიმიდან უკვე ამოვარდნილმა, მომჯობინებულზე ჩანთაში ფორმა რომ ჩავტენე და უცებ დავფიქრდი – “კი მარა, არ გეზარება იმ აღმართის ისევ ფეხით ავლა?!”.. პასუხი ცალსახად კი იყო და მასე მორჩა ჩემი “კარიერაც” – მეტი მე იქ აღარ მივსულვარ, სავარჯიშოდ მოედანზე, სადაც ისეთი საშინელი პირობები იყო, მუჭა–მუჭა ნაასფალტარის გოროხებს ააგროვებდი კაცი.

არადა სწორედ მასეთ პირობებში გაიზარდა თანაგუნდელი შკინინი, ვინც წლების მერე ნაკრების წევრიც გახდა და ირლანდიელებს ისეთი ჩაუჭრა ბურთი, რომ სალელოოდ მთელი მოედნის გარბენა მოახერხა საფრანგეთში ჩატარებულ მსოფლიო თასზე..

ეგ კადრები დიდხანს დარჩება ქართველი გულშემატკივრის მეხსიარებაში, როგორც ერთ–ერთ საუკეთესოდ გასახსენებელი..

დრო გავიდა, ჩვენს ქვეყანაში რაგბი პოპულარობას იხვეჭდა და ნაკრების თამაშების ყურებით ნელნელა ის განწყობა მოვიდა, რაც თუნდაც გუნდში ვარჯიშის დროს უზარმაზარი დოზით მაკლდა..

იპოდრომზე თამაშით დავიწყე თავის დროზე დაკლებული მუხტის ანაზღაურება.. ორი–სამი წელი ჯახითაც გული ხშირად მოვიოხეთ, მერე მომატებულმა ასაკმა თავისი ქნა, უბრალოდ გასართობ “Touch”-ზე გადავერთეთ, დღემდე აზარტით რომ დავსდევ ოვალურ ბურთს..

და თუნდაც ასე – მოყვარულ დონეზე თამაშის დროს ხშირად ვახსენებდი თავს, ჩემში მეპოვნა ის ხასიათი და მეთამაშა ისე, რომ რამოდენიმე დღეში რაგბის მორიგ მსოფლიო თასზე დიდი წვალებით მოპოვებულ ბილეთით ტრიბუნაზე მოკალათებულს სუფთა სინდისით მქონდეს მოლოდინი, ჩვენმა ნაკრებმა სისხლის ბოლო წვეთამდე იომოს კარგი თამაშის საჩვენებლად და მოსაგებად.. და არ გამიჩნდეს კითხვა – “სხვისგან რომ ვითხოვ, თავად კი დავხარჯულვარ როდესმე ასე – ბოლომდე, გინდ მოედანზე, გინდ სხვა საქმეში?!”

დავითგარეჯა და ოაზისი უდაბნოში

ტრადიციული სიტუაცია: მე და კოკამ სამუშაო საათები მოვილიეთ, დენი და ლიბანელი ჯორჯი შემოგვიერთდნენ და მანქანით გეზი გარეჯისკენ ავიღეთ.

ქალაქის გასასვლელიდან საათზე ოდნავ მეტი დაგჭირდებათ ეკოემიგრანტებით დასახლებულ სოფელ უდაბნომდე რომ ჩააღწიო – იქიდან კი ათიოდე კილომეტრი რჩება გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე.

მანამდე კი მიდიხარ მოტიტვლებულ ზეგნებზე და გარშემო სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ გხვდება. ქართულ მწვანეში ჩაფლულ ბუნებას ნაჩვევი თვალისთვის ეს ყველაფერი ძაან უცხოდ გამოიყურება და კიდევ ერთხელ ფიქრდები კაცი, მცირემიწიანობის მიუხედავად, მართლაც როგორი მრავალფეროვანი ბუნების პატრონი ხალხი ვართ ეს ქართველები..

მერე ერთი ფერდობიც გადავიარეთ და თავის უშნო ბეტონის ფილებით ნაშენი სახლებით სოფელი უდაბნოც გამოჩნდა. ერთ–ერთი ასეთი სახლი კი მცირე ხნის წინ პოლონელმა წყვილმა, ქსავერიმ და ანიამ შეისყიდა – შეალამაზა და მოგზაურთათვის მოსასვენებელი საკემპინგო ადგილი მოაწყვეს.

კოკას კი ამ ხალხთან კარგი მეგობრობა აკავშირებს და ჩვენი იქაურობის სტუმრობის მიზეზიც, გარეჯის კომპლექსის ნახვის გარდა, სწორედ მათი მონახულება იყო.

მომღიმარე სახით გამოგვეგება მასპინძელი ქსავერი. მცირე დრო თუ დაგჭირდება კაცს მის გასაცნობად, რომ მალევე მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეს. ჩამოვბარგდით, ცოტა მოვისვენეთ, ერთი კათხა ლუდი მივირთვით და სანამ მზე თვალს მიეფარებოდა, მე და კოკა დღის სინათლეს დავეშურეთ და გზა გარეჯისკენ განვაგრძეთ.

კომპლექსის ძირითადი ნაწილი იმ მთის ძირშია მოთავსებული, რომლის წვერზეც დღეს აზერბაიჯანთან გამყოფი საზღვარია. ჩემთვის ეკლესიის საერო როლი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია – სადღაც მიყრუებულ ადგილში, სადაც კაციშვილი აღარ ჭაჭანებს, ბერები მოღვაწეობენ, ქართულ კერას ინარჩუნებენ და ამით ერთგვარ განაპირა მიწების მცველის როლსაც კი ასრულებენ.

ყველას კარგად ახსოვს შარშან ზაფხულში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან წარმოქნილი პრობლემა და საკითხავია, რომ არა გარეჯში არსებული ქართული კერა და მონასტერი, იქნებ სადაოდ ტერიტორიის ბევრად ვრცელი ნაწილიც კი გამხდარიყო, ვიდრე ახლა არსებული ის მცირე ბილიკი, რომელიც სასაზღვრო ქედს იქით კლდეში ნაკვეთ ქართულ სალოცავებს ჩაუყვება.

– “ახლა აღარ უშლიან მესაზღვრეები ხალხს ის ადგილები მოინახულონ, მაგრამ ჩვენი მთავრობა იძახის, ეს ბილიკი იმათ მიწას ეკუთვნისო” – დანანებით გვითხრა იქაურმა ბერმა. არადა საუბარია ჯამში ალბათ სულ რაღაც სამას–ოთხას კვადრატულ მეტრ სადაო მონაკვეთზე.

როცა ქართულ–აზერბაიჯანულ მეგობრობაზე მიდის საუბარი, ეს შემთხვევა და მეზობელთა ჯიუტი, ხისტი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, კარგი პასუხია იმაზე, თუ სინამდვილეში რამდენად არსებობს “მეგობრობა” პოლიტიკაში.

როცა ქართველთათვის ამ ადგილებს ისტორიული დატვირთვა აქვს, ხოლო აზერბაიჯანისთვის არაფერს წარმოადგენს, თუ კეთილმეზობლობაზეა საუბარი, მარტივად შეიძლება ამ მცირე ადგილის “გაცვლა” ადეკვატურ მიწის პორციაზე.

შორს წასვლა არ გახდება საჭირო, უხეში ჩარევა რომ არ გამოვიდეს – საზღვარი აღნიშნული ბილიკის შემდეგ დაბლობზე ეშვება და იქვე ერთ კილომეტრში ორ ფერდს შორის ვაკეზე გადის. ასე უხეში მსჯელობით შესაძლებელია ქართულმა საზღვარმა ვაკიდან ფერდის წვერზე ამოიწიოს, ხოლო სანაცვლოდ სადაო ბილიკი ქართულ იურისდიქციის ქვეშ მოექცეს.. მარტივი კეთილი ნების გამოხატვაა საჭირო..

ავუყევით ფერდობს, წვერზე მოვექეცით – იქით აზერბაიჯანის მიწები გადაგვეშალა. მთის ძირშივე მათი მესაზღვრეთა პუნქტი დგას. გადავიარეთ ვირტუალური საზღვარი და მთის მეორე მხრიდან გავუყევით ბილიკს – მთელ სიგრძეზე ქრისტიანული ფრესკებით მოხატული გამოქვაბულებია. საგანგებოდ არის “ნახეხი” კედლები მათი კვალის წასაშლელად.. უამრავ ბრიყვს კი თავის “დასამკვიდრებლად” საკუთარი სახელის ამოტვიფრვა უცდია – “ვიყავი ესა და ეს ამა და ამ წელს..” – შეწუხდები კაცი, ისეთი სანახავია ეს ყველაფერი..

გავიარეთ ასიოდე მეტრი, ისევ ფერდობის წვერს ვუწიეთ – მზე ჰორიზონტზე ეშვებოდა და იქაურობაც მის მოწითლო სხივებში იყო გახვეული – კიდევ ერთხელ მოვავლეთ ხარბი მზერა თვალწინ გადაშლილ უცხო სილამაზეს და ჩვენი მიწისკენ ვიბრუნეთ პირი.. ნახევარი საათიც და ისევ ქსავერის უდაბნოში გაშენებულ კლუბ “ოაზისის” ეზოში ამოვყავით თავი..

ღია ბარი, ფართო ეზო, წამოსაკოტრიალებელი პალეტებით.. კინოს სანახავად გამზადებული უზარმაზარი პლანშეტი თავის პროექტორით.. სეანსამდე კი კარგი მუსიკა და მწვადის შეწვის სამზადისი..

ვივახშმეთ, ცოტა პოლონური სასმელით გამოვიკეთეთ გუნება, მერე ღია ცის ქვეშ სპეციალურად ამ დღისთვის წამოღებულ ფილმსაც ვუყურეთ და იმ წამს რომ ვინმეს ეკითხა – აბა რა არის ბედნიერებაო, ალბათ კმაყოფილი ჩავიცინებდი და პასუხად ხელებს მრავალმნიშვნელოვნად გავშლიდი – “სხვა რა თუ არა ეს?!”

ამასობაში სხვა სტუმრები გაიკრიფნენ, დამრჩენნი პალეტებზე გულაღმა წამოვკოტრიალდით და ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას დავუწყეთ ცქერა.. წუთი არ გავიდოდა, მეტეორი გადასერავდა ატმოსფეროს და სანამ რამეს გაიფიქრებდი, წარმოქმნილი სინათლე იქვე სწრაფად მიილეოდა.. კაცს სურვილი დაგელეოდა, იმდენი ვარსკვლავი “მოწყდა” იმ საღამოს ცას..

გარეთ სასიამოვნო სიგრილე იყო, აღარც ვისურვეთ ღამის გასათენებლად შენობაში შეყუჟვა – იქვე გავეხვიეთ საძილე ტომრებში, თან ტკბილ, საოცრად წყნარ სამოციანების ჯაზს ვუსმენდით, რომელიც ასე ჰარმონიულად ერწყმოდა იქაურ მშვიდ გარემოს..

ჯერ მზეც კი არ იყო ამოწვერილი, დილაუთენია წამოვდექით – გამოვემშვიდობეთ ჩვენ მეგობარ ქსავერის, მალე ისევ უკან მობრუნება აღვუთქვით და გზა ნაცნობ მტვრიან ქალაქისკენ ავიღეთ..

ამბავი ერთი სურათის

ერთი სურათი ეკიდა ჩვენს სამუშაო ოთახში. გულში დამუქრებულიც კი ვიყავი, როცა იქნება მე უნდა ჩამოვხსნა კედლიდანთქო. რა სასიამოვნო უნდა იყოს იმ ადამიანის სიფათის ყურება, ვის ყოველ დანახვაზეც ენის წვერზე ათასგვარი გინების ვარიაციები მადგებოდა..

მერე მოვიდა შემოდგომა და დაედო მტვერი ნელნელა ამ სურათს – საგინებელი ფრაზებიდან კი სიტყვა “დედა” ნელნელა ხმარებიდან ამოვარდა და მხოლოდ კეთილებს თუ მოვუკითხავდი აწი, ისიც ხანდახან. ხომ იცით ქართველი კაცის გული როგორია?! ბრაზი ადვილად გვინელდება…

ხოდა მაინც სახტად დავრჩი, როცა ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს შევედი ოთახში და კედლის სიცარიელე მომხვდა უცხოდ თვალში.. იმ წამს ალბათ სახეზე ირონიული ღიმილი დამთამაშებდა და გულში უკვე სურათზე ასახულ კაცის რა გითხრათ, და მის ჩამომხსნელს კი ვიხსენიებდი “ტკბილად”.. (უფრო სწორედ “დამკვეთს”)

ვერ გამეგო – ან აქამდე რა უნდოდა ამ სურათს აქ.. ან ახლა მისი იქიდან მოძრობა რაღა იყო: თუ თანამდებობით ეკუთვნოდა კედლის დამშვენება – სანამ კანონით ეკუთვნის, დაე ყოფილიყო კედელზეც ჩამოკიდული – დიდი ამბავი, აწი მაინც ყველას კიდია და კედელიც აიტანდა სამ თვეს როგორმე.

მაგრამ ალბათ შიშს დიდი თვალები აქვს.. და ჩვენებურების პოლიტიკური “გემოვნებაც” ასე ადვილად იცვლება.. გააჩნია ვინ იქნება თავში მოქცეული.. თორემ მოგწონს, არ მოგწონს, აბა პირადი შეხედულებები რა მოსატანია… სკამი იყოს თბილად..

გეცნობათ მეგობრებო ასეთი ხალხის ფენომენი?! მგონი ზედმეტად ბევრნიც კი არიან..

მერე ერთ საუბარსაც კი მოვკარი ყური, უფროსის კაბინეტიდან გამოდიოდა:
– ” დავწვა ?! ”
– ” რა უნდა დაწვა შე ცალტვინა?! რაიცი როდის დაგვჭირდება..”

პრომეთე და არამარტო

ღამის სმენიდან ლექსომ სადგურზე მიმიყვანა. ძილში გზის ხუთი საათი მატარებელში შეუმჩნევლად გაილია და პირველისკენ უკვე ბათუმში ამოვყავი თავი, სადაც კოკა და კოტე მელოდნენ. საღამო ქალაქში სეირნობაში გავლიეთ, მეორე დღეს კი გეზი ზუგდიდისკენ ავიღეთ, სადაც დადიანების სასახლეს ვესტუმრეთ.

საინტერესო კი ამის შემდეგ დაიწყო, როცა ზუგდიდიდან სენაკში გადავინაცვლეთ და ამ პაწია, კოხტა მეგრულ ქალაქში კოკას ნათესავის მაღაზიაში ამოვყავით თავი.

მაღაზიის პატრონმა საქმეს სხვა საქმეც მშვენივრად შეუფარდა და ნაყინის მაცივარზე სახელდახელო სუფრა გაგვიწყო – მთავარ ატრიბუტად კი არაყი დადო, რომლის დარიც იშვიათად თუ დამილევია რამე. მასპინძელი ტკბილად გვებაასა და თან საკმაოდ შეგვათრო, როცა ერთ დაცარიელებულ ბოთლს, მალევე მეორე – სავსე ჩაანაცვლა.

მაგრამ ბოლოს ვიყოჩაღეთ და მაღაზიიდან დროზე გავილალეთ, სანამ კიდევ სიფხიზლის მარცვალი იყო ჩვენში. ტაქსით კოკას სოფლისკენ – ლეძაძამესკენ ავიღეთ გეზი, თან გზად ციხე გოჯი დავათვალიერეთ. ისედაც ლამაზი ბუნება გრადუსშეპარულებს საერთოდ საოცრებად წარმოგვიდგა. მცირე უღელტეხილი გადავიარეთ და მალე ვაკეზე გავედით. ჩამავალი მზის სხივები მწვანედ აბიბინებულ მცირე ბორცვებს ლამაზად ეფინებოდა და თვალსა და გუნებას ახარებდა.

კოკას სახლს მივადექით, ცოტა ჩავარდნილ ადგილზე იდგა – კოტეს გადავხედე:
– წამო ავირბინოთ ბორცვზე, მზის ჩასვლას ვუყუროთ! სასმელი თავისას შვებოდა. გზა ავიარეთ, ჭიშკარს შევეჩეხეთ, რომლის იქით კოხტა ეზო იყო, მცირე შეღმართი, მერე სახლი და პერსპექტივა ჰორიზონტისთვის გვეწია თვალი. ცდუნება დიდი იყო, დაუკითხავად შევაჭერით ეზოში – ასაკიანი ბებო დაგხვდა, ბუცო, სათლი ეჭირა და ჭიდან წყლის ამოღებას ცდილობდა. ერთი კი შემოგვხედა ეჭვით, მაგრამ მალე დავამშვიდეთ და დაუპატიჟებლად შეჭრისთვის მოვუბოდიშეთ – თუ რამე ჭურჭელი იყო, სულ წყლით დავუვსეთ, თან ეზო–კარის სილამაზე ვუქეთ და ვუდიდეთ.

ქალს ეამა, დაფაცურდა, ოთახში შეგვიპატიჟა, არაყი დადო მაგიდაზე. ღვინის ჭიქა პირთამდე გაგვივსო და სრული სერიოზულობით განგვიცხადა – თუგინდათ არ მაწყენინოთ, ეს უნდა გამოცალოთო. მძიმე წამები გადავიარე, კოტესაც შევატყვე, არ ულხინდა. გარეთ გამოვილალეთ. გზად კოკა შემოგხვდა – დაგვეძებს, ეს ხალხი სად წავიდაო. მასთან შევედით, ვითომ სამწვადედ გამზადებული ხორცი ისე დარჩა – ვიღას ჰქონდა მისი გაკეთების თავი. საღამომ კი საუბარში და ბავშვობის მოგონებების გახსენებაში ჩაიარა. წლების მერე ეს დღეც დიდხანს გვექნება გასახსენებელი.

დილაუთენია ლეძაძამესაც გამოვემშვიდობეთ და უკვე კოპიტნარს ვესტუმრეთ. ლაშა მოვინახულეთ. ვახოს მხოლოდ მანქანა – თავად სად იყო, თვითონაც არ იცის. ახლადაშენებულ კოშკურაზე ფეხით ავლასლასდით – იქაურობას თვალი მოვავლეთ და შემდეგ ჰერი პრომეთეს მღვიმისკენ.

მანამდე თბილისიდან დენიელაც შემოგვიერთდა და ტრიო კვარტეტად გადავკეთდით.

პრომეთეს დასათვალიერებლად კი ვინმე თეა გაგვიძღვა – სულ დეტალურად ციფრებში აგვიღწერა, რამდენ მეტრს, რა სიღრმეზე, რა ტემპერატურაზე, რამდენ საფეხურს და ასე შემდეგ ვიზიტის დროს რამდენ კუბომეტრ ჰაერს შევისუნთქავდით. ამასობაში სადღაც ლამაზიც კი მეჩვენა ჩვენი გიდი და მე და კოტეს ბოლოს რბოლაც გვქონდა გამართული, თუ ვინ დაუმშვენებდა მას ექსკურსიის დროს გვერდს.

სინამდვილეში თეას სილამაზეს ბევრი დააყენებს ეჭვქვეშ, მაგრამ მღვიმისას რა გითხრათ – მე არ მეყოფა ნიჭი მისი ხატოვნად აღწერის, ჯობია თავად ესტუმროთ და ის 1400 მეტრი თავად გაიაროთ ფეხით, ვიდრე მხოლოდ მოყოლილს და ფოტოებს დაჯერდეთ.

პრომეთეს სათაფლიაც მივაყოლეთ – კიდევ ერთხელ გამოვცადე სიმაღლის შიში, როცა ხევზე გადაკიდებულ შუშის აივანზე დაბლა ჩავიხედე, სამახსოვროდ რამოდენიმე ფოტოს გადაღებას გავუძელი და იქიდან გავიპარე.

მოსაღამოვდა და ბედი ჩვენი რომ ქუთაისელ ერთ ერთ კუნჭულიას კოკას გაცნობა ჰქონია გულში ამოჭრილი – ერთი ჩვენი თანამშრომლის დახმარებით ეს კაცი კავშირზე გამოვიდა და მშვენიერ სუფრაზეც მიგვიპატიჟა. მასპინძელი საინტერესო ადამიანი გამოდგა, ცოტა გვარზე ზედმეტად შეყვარებულიც. გემრიელად მოვილხინეთ და კოკა–კოტეს ტანდემმა ისევ ბათუმს მიაშურა, მე და დენიმ თბილისისკენ ავიღეთ გეზი.

შემდეგი დღე უკვე სამსახურის იყო..