ორიოდე სიტყვით განვლილ ორ თვეზე

აპრილში დავიყინეთ, ქარი და ცივი დღეები არ მოგვეშვა. მაისი დადგა და უკვე დახუთულ ჰაერზე ავწუწუნდით, ამინდმა ამ წლევანდელ გაზაფხულს არ გვიწყალობა.

მე კი ამასობაში 29 წელს გადავაბიჯე, არადა განწყობაში როგორ არაფერი იცვლება – მატყუარაა ეს წლების ციფერბლატი. ისე კი სანამ ნაკიანი წელი არ იქნება და სამსახურში მეორე ცვლის წევრი ვარ, ჩემი დაბადების დღე სამუშო დღეს ემთხვევა. შესაბამისად ეს 14 აპრილიც, შარშანდელივით ღამის ცვლაში გავატარე.

ერთი პოზიტივი, წასვლამდე კურსის მეგობრების მოულოდნელი სტუმრობა იყო – დავსხედით ორიოდე საათი, სტუდენტური ამბები გავიხსენეთ. რა გვეტყობოდა, რომ ლამის ათი წლის წინ დავამთავრეთ ე.წ. ‘გეპეი’. ზაზა ისევ ზაზაა, ბუზღუნა და ყველაფერზე უკმაყოფილო.. ცოტა, ცოტა მეტი ჭაღარით (წარმოგიდგენიათ ადამიანი ჩემზე უფრო ბუზღუნა?! არადა მასეა). რეზო ისევ ის რეზოა, იგივე კვატა და ალალა, ოღონდ ჭამის მადა აქვს გაზრდილი და აწი ერთ ადგილს ძლივს დაათრევს. კვაზიც სად დაკარგავს მისებურ ხასიათს და ენაკვიმატობას. მისი მოშვებული წვერი თუ აგებლანდება ცოტა თვალებში, ისე კი საკმარისია პირი გააღოს, რამეს ისეთს მოგაძახებს, მიხვდები რომ ამ წლების მანძილზე მის იუმორს საფრხე ოდნავაც არ დამუქრებია.

სხვას კი იმას მოვყვები, რომ ზოგად უხასიათობას ეს ორი თვეა აქტიური ცხოვრება დავუპირისპირე. ვცდილობ სახლში მინიმალური დრო გავატარო – რამოდენიმე კვირა არაფორმალურ განათლების ცენტრში ვიარე, მერე სტრაიკს მივუბრუნდი. ტყე–ღრეში გავდივართ ოცამდე პნევმატური იარაღით აღჭურვილი კაცი და ომის ინსცენირებას ვაწყობთ. ‘დავხოცავთ’ ერთმანეთს, დავიხარჯებით და მოვდივართ სახლში არაქათგამოცლილები.

კვირაში სამი დღე კი იპოდრომზე დავდივარ და რაგბს ვთამაშობ. წინა შაბათს ერთ სამოყვარულო გუნდთან ჯახიც გავმართეთ – წვიმიანი დღე იყო, სახლში კისრამდე ტალახში ამოგანგლული მოვბრუნდი. მერე ორგანიზმი მთელი კვირა მტკიოდა, მაგრამ სასიამოვნოდ დავიცალე თამაშისას – საკუთარ თავთან ერთგვარად ‘გამოცდა ჩავაბარე’, როცა ჩემზე ბევრად ჯანიან ბიჭებს არაფერი დავუთმე და ვინც მომხვდა ხელში, ვბოჭე და ვჟეჟე, რაც შევძელი. მომენტებში კი კარგი შეტევებიც ვაკეთეთ და ფიზიკურად ბევრად მომზადებულ მეტოქეს არაფერი დავუთმეთ.

ამის გარდა, ისევ ვებრძვი თავს და სიზარმაცეს, ცოტა წიგნიც წავიკითხო – დიდი ხანი ვუყურე შორიდან რობაქიძის ახლადშეძენილ ხუთტომეულს. ამ სისქე წიგნებზე შეჭიდება მგონი არანაკლებ ძნელია, ვიდრე რაგბის თამაში. ბოლოს ავიღე პირველი ტომი და პირდაპირ მონიტორის წინ დავიდე – რამდენი კომპიუტერთან დავჯდები, ჯერ წიგნი მეჩხირება თვალებში და დანამუსებული ვშლი და რამოდენიმე გვერდს მაინც ვკითხულობ.

ამ ტექსტის წერაში კი ეს დღეც ჩავათავე და აწი ძილისთვის გავემზადები

შვებულებაც ასეთი უნდა..

ერთი წელი მოტრიალდა და მორიგ შვებულებამ ისევ ოქტომბრის თვეში მიწია.. შარშან ამ დროს ეგზოტიკურ ინდოეთისკენ მქონდა გეზი და მოსაყოლიც ბევრად მეტი იყო. წელს კი დასვენების ათიოდე დღე უკვე მიილია და თბილისის სახლის კედლებს შორს დიდად არ გავცელილვარ – როგორი საშუელებაც არის, ისეთივე დასვენება გამომდის.

პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი დაგვიდგა, თუმცა ამ თემაზე ტელევიზორი ისეც საკმაოდ ბევრს გვიყვება და მე ჩემ აზრებს და შეხედულებებს ჩემთვისვე დავიტოვებ, აღარ ვეცდები აქ გადმოვალაგო ის ფიქრი და განცდები, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა.

სხვა კი დიდი არაფერი არ ხდება – გავიღვიძებ, ცოტას წიგნს წავიკითხავ, სულ რომ არ გამოვშტერდე. მერე საავიაციო ინგლისურს გადავხედავ, იქაც დროს რომ არ ჩამოვრჩე, ვიხსენებ სპეციფიურ სიტყვებს და ჩანაწერებს ვუსმენ, ცოტაც ფრანგული ენის შესწავლას ვუთმობ დროს და ასე დღეც ილევა.

ამასობაში კი ლამისაა სამსახური მომენატრა (მუშაობის პროცესი და არა რიგი რაღაცეები, რაც ყველას ნერვებს უშლის). მაგაში უდაოდ გამიმართლა – სანტერესო პროფესიით ვმუშაობ, როცა სივრცე ფრენებით არის გადატვირთული (რაც სამწუხაროდ დღე–ღამეში სულ ორიოდე საათს თუ გასტანს ხოლმე).

ეს არის და ეს, გონებას ვქექავ, მაგრამ არც რამე მიმზიდველი ამბავი მახსენდება, რომ მოგიყვეთ.

აქვე დაგემშვიდობებით..

თუშეთისკენ

რიგი მიზეზების გამო მთელი ზაფხული თბილისში ვიყურყუტე, ხოდა ახლა მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს. თუშეთისკენ მაქვს გეზი. ცოტა ღიმილის მომგვრელი კია – კაცმა მთელი ერთი თვე სადღაც გადაკარგულ ინდოეთში ვიმოგზაურე და აგერ ქართული ერთ–ერთი ულამაზესი რეგიონის დასათვალიერებლად ახლაღა თუ მოვიცალე.

ბარგი ჩალაგებულ–გამზადებულია, ახლა ღამის სმენაში ვარ, დილით სახლში შევირბენ, წყალს უცებ გადავივლებ და მერე ჰერი მთებისკენ. შვიდი დღის გატარება გვაქვს დაგეგმილი შვიდ კაციან ჯგუფს. ცოტას თუშეთს მოვივლით, მერე 3 600 მეტრიან უღელტეხილს გადავივლით და ხევსურეთში დავეშვებით – მოკლედ რომ ვთქვა გეგმა სწორედ ასეთია.

მოლოდინი კი რაღაც იმაზე დიდია, ვიდრე ეს სადმე უცხოეთში წასვლის წინ მქონია. რაღაც დოზით საკმაო დიდი გამოცდაც არის – ფეხით ბლომად სასიარულო და მაღალი მთა თავის მკაცრი კლიმატური პირობებით – ეს რუსთაველის გამზირზე სეირნობა ნამდვილად არ არის, ნებისყოფის გამოჩენაც იქნება საჭირო და ძალაც ბლომად დაიხარჯება. მაგრამ დღეს სწორედ რომ ასე ერთგვარად სასიამოვნოდ ენერგიისგან გაცლა აკლია ამ ქალაქურ ცხოვრებაში გამოკეტილს კაცს..

ემოციურადაც განიტვირთები და დროებით ყოფით საგნებზე ფიქრის ნაცვლად საღამოობით ცეცხლის პირას არხეინად მინდორ–ველზე წამოკოტრიალებული ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის ცქერით და ოცნებითაც შეიქცევ კაცი თავს..

ამასობაში 28

შარშან სამსახურში შევხვდი 14 აპრილს, სიმბოლურად ხაჭაპურ–ლობიანი მივიტანე სმენაში და ეგ იყო.

იმის წინ ეს დღე საფრანგეთში ყოფნას დაემთხვა და ჩემი ოთახი იმ საღამოს ალკოჰოლიზაციის ბუდედ იქცა.

იმის წინ, სამი წელი მგონი ზედიზედ, ფეხბურთის სათამაშოდ “ვეპატიჟებოდი” მეგობრებს. თამაშის შემდეგ იქვე ტრიბუნაზე ლუდს შევექცეოდით და დღეც მასე ილეოდა.

ერთხელ ჯარის სმენაშიც ავღნიშნე მგონი ფიქრიას დამცხვარ ხაჭაპურებზე,

იმის იქით აღარ მახსოვს,

კიდევ იმის იქით კი ბავშვობა და ამ თარიღის დიდი ზარზეიმით აღნიშვნა იყო.

ხოლო დღეს მარტო დავრჩები სახლში – ოჯახის წევრები სააღდგომოდ აქეთ–იქით დაიფანტა – ზოგი ქართლს, ზოგი რაჭას წავიდა.

მშვიდად გავატარებ საათებს საღამომდე, მერე სმენაში წავალ, ჩემ წილ დროს წავიმუშავებ და ასე გასრულდება ჩემთვის რიგით 28–ე 14 აპრილი.

იანვარი

რამოდენიმე დღეა თოვს ჩვენს ქალაქში. უჩვეულოდ ცივი იანვარი იწურება.

ჩემი ბავშვობის მეგობრის დედა გარდაიცვალა – კიბო ქონია ქალს და ოჯახს ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მთელი ამ წლების მანძილზე. დიდი ხანი ვერ მივეცი ანგარიში გიორგის სიტყვებს, როცა ტელეფონზე დამირეკა და მითხრა – რუსიკო დეიდა გარდაიცვალაო..

ქალაქში კი ყინავს, უჩვეულოდ ცივი დღეებია..

დიდი ხნის წყვეტის შემდეგ კვლავ მოვკიდე წიგნს ხელი და სამსახურში წავიყოლე – შესვენების დროს ან ტელევიზორთან უნდა მოვკლა თავისუფალი დრო, ან ისევ უაზროდ მრავალი წუთი გავხარჯო სხვადასხვა ვებ–გვერდის თვალიერებით.

წიგნის კითხვას გამოვუნთავისუფლე ეს დრო..

ადრეც დავწერე. თუ როგორ მოვდიოდი ერთ დღეს სახლისკენ გვარიანად ნასვამი, ჩემი ქუჩის კვეთაზე ფანჯარაჩამოწეულ მანქანაში დათო ტურაშვილს მოვკარი თვალი. ბევრი არც მიფიქრია ისე მივაჭერი, გულთბილი სალამით, მაგრამ არეულ გონებით. ორ გაცვლილ სიტყვაში შეცდომით პოეტადაც რომ მოვნათლე, წარმატება ვუსურვე და გამოვეცალე..

მერე გამახსენდა რომ სინამდვილეში დათოს სულ რამოდენიმე გვერდი მქონდა წაკითხული.. ისიც ადრე, ბავშვობაში.

სამსახურში საკითხად წასაღებ წიგნის არჩევისას ტრადიციულად აზრი დედას დავეკითხე – ტურაშვილის “გურჯი ხათუნი” წაკითხული გაქვს?!

ზამთრის სიცივით გათოშილი სხეულით მივუყვები გზას – ცივი იანვარი ნელ ნელა იწურება.. არანაკლებ ცივ თებერვალს გვპირდებიან.

დათოს “გურჯი ხათუნი” და რამოდენიმე მოთხრობა ორ–სამ სამუშაო დღეში შემომეკითხა – ბევრიც მაცინა, უფრო დამამძიმა, ჩამაფიქრა, კიდევ ერთი მეგობარი მაპოვნინა. თუ სადმე ქუჩაში გადავეყრები, უკვე ფხიზელზე უფრო მეტი სიალალით და მიზეზმოცემული გავუწოდებ ხელს ჩამოსართმევად..

გარეთ კი ისევ გაყინული მივიზლაზნები, ფეხით ნელა ვსინჯავ მოლიპულ ტროტუარს.. ხელში “გურჯი ხათუნი” მიჭირავს, სახლის თაროზე დასაბრუნებლად, სხვა მკითხველის მოლოდინში.

– რომ მცოდნოდა რუსიკო დეიდას ამბავი, ხომ ავიდოდი და მოვინახულებდი? როდის ვნახე ბოლოს, ზაფხული იყო მგონი?! მგონი..

სანამ ზამთარს გავუთოშივართ

ესეც ნოემბერი

დიდი ხანია აქ არაფერი დამიწერია – ერთ თვეზე მეტი ინდოეთში ვიხეტიალე. იქაურ ამბებს აგერ geotravellers.wordpress.com ამ ბლოგზე ვწერდით მე და ჩემი მეგობარი. მე ქართულად, კოკა ინგლისურად.

რაღაც იდეები გვაქვს და ამ მოგზაურთა ბლოგის წერის წამოწყებაც ამ იდეის ნაწილია.

ინდურ ამბებზე ვეცდები მერე ვრცლად დავწერო, იმის ფონზე რომ იქიდან ათასგვარი ემოციებით დახუნძლული დავბრუნდით. ყველაფერი ერთად აღებული იყო – ზღვის პლაჟებზე ნებივრობაც, მძიმე ზურგჩანთით წოწიალი და დაახლოებით 3000 დაფარული კილომეტრი – დელიდან ინდოეთის უკიდურეს სამხრეთამდე, ათასგვარ ჯურის ხალხთან ურთიერთობა, ძველი ძეგლების დათვალიერება, გიჟური ტემპი ქალაქებში, წყნარი განმარტოებული სოფლები.. ზღვის სანაპიროზე საღამოს ცეცხლის პირას სხვა მოგზაურებთან ერთად აკუსტიკურ გიტარის ჰანგებზე განმუხტვა, თუ გიჟურ დისკოტეკაზე დამუხტვა..

ინდური მოგზაურობიდან დაბრუნებული, ზაფხულის გარემოდან პირდაპირ ლამის ზამთრის ყინვაში ამოვყავი თავი – ჩემს დედაქალაქში უჩვეულოდ ცივი ნოემბერი დამხვდა. თუმცა განწყობა კარგია, ერთთვიან წოწიალმა აქაურობა მომანატრა და ჯერ ხალისიანად დავიარები ჩვენი ქალაქის ქუჩებში.

ახლა ათი კაცი სამსახურიდან ლიტვას მივემგზავრებით, სადაც აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან კოლეგებს მინი ფეხბურთში გავეჯიბრებით.

ეს დღეებია ვიკრიბებით, ვემზადებით. ვერ ვართ ძლიერი გუნდი. მაგრამ მაინც – ვნახოთ ერთი, საინტერესოა რა შედეგით დავბრუნდებით. დიდი ანგარიშით შევრცხვებით მეზობელ ქვეყნებთან, თუ ხასიათს გამოვავლენთ და მონდომების ხარჯზე რაღაც შედეგს დავდებთ.

მწვანე წითელზე

ბათუმში წამოხვალო? ხუმრობად მივიღე ნეტში მანჯგალას და სარალას ნაბრუტუნები, აბა ჰა ჰა სწავლას უნდა შევუდგეთ და სულ არ ვფიქრობდი ქალაქიდან გასვლა თუ მომიწევდა, მითუმეტეს სამსახურის ხელშეწყობით.

ერთ–ორ დღეში ისევ წამოტივტივდა ბათუმის თემა, პატარა შეხვედრა და მწვანეც აინთო. კი მაგრამ რა ხდება რატომ მივდივართ?! – ნუ რაღაც შეკრებააო, ბუნდოვანი პასუხი მივიღე. მერეღა დავაკავშირე მოვლენები, ცოტა დალაგებულად გიორგამ რომ ამიხსნა რაზე იყო ლაპარაკი..

ხოდა  ცოტახნით კი გავექცევით თბილისურ ზაფხულის ხვატს, მაგრამ ისე რომ თქვას კაცმა, ჩვენ რა გვინდა შეკრებაზე, სადაც დასწრების მიზეზით ჩვენი მივლინება გაფორმდა, კაცმა არ იცის

ისევ თბილისი

ჩამოვედი აქეთ, ზაფხულის დახუთულ თბილისში. არც მქონია შეგრძნება რომ ნახევარი წელი აქეთ არ ვიყავი, მომენტალურად აქაურ ტალღაზე გადმოვეწყვე. მარშუტკების მძღოლების მჟავე სიფათები, დაძაბული სახეები მტვრიან ქუჩებში, მანქანების გიჟური მოძრაობა, რიარია ყველგან.. გავეშვით.

დავდივარ ყოველდილით აეროპორტში, ექვსამდე ვყურყუტებ და მოვდივარ უკან, თერთმეტზე უკვე ძილისკენ მიმიწევს გული და ჩვევით პირველამდე ისევ კომპს ვერ ვწყდები, ვდგები შვიდზე ძილდაკლებული და იწყება ხელახალი, მსგავსი, არაფრით გამორჩეული დღე.

სანამ ასე გაჭედილი ვიქნები, არაფერი მისწორდება, მოვითმინოთ რამოდენიმე თვეც

უკრაინული უიღბლო ისტორიები :)

    ხოდა მეორე დღეა რაც დონეცკში ჩავედით, 2005 წელი იყო, თუ მეხსიერება არ მღალატობს. სასწავლებელში გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ ქალაქს მოვედეთ. ეფექტი დიდია, ორ-სამ კაციან ჯგუფებად დავიშალეთ – დავსეირნობთ ქალაქში.
    ცენტრალურ მოედანზე გავედით, მე და კვაშო ვართ. გავიხედე, ორი დაქალოშკა მოსეირნობს. ერთია, თვალები ზედ დამრჩა, ქერა, მაღალ ფეხებზე კოხტად მოპაკუნობს მოკლე ქვედაბოლოში გამოწყობილი, ზღაპრული სილამაზის პირსახის. ჩამიარეს, გამოლენჩებული სახით ვდგავარ ალბათ, სუნთქვა შემეკრა, ძლივს გამოვერკვიე. კისერი მოვაბრუნე, თვალი გამექაცა. “ასეთი ქალი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ვეღარ ნახო”, ამეკვიატა აზრი – ბექა, წამო! – აჩქარებული ნაბიჯით უკან ავედევნე.
     სუნთქვააჩქარებული ძლივს მივეწიე – უკაცრავად – გოგოებმა ნაბიჯს უკლეს – ნერვიული ტონით გრძელი მონოლოგი გამოვაცხვე – გუნებაში უკვე წარმატებულ გამოსვლას ვულოცავ თავს. ქერათმიანმა თავის დაქალს გადახედა, მერე მე შემომხედა ცოტა გაკვირვებულმა, უხერხულად გამიღიმა: – ” ბოდიში, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავიგე რა მითხარით…” – ღიმილი სახეზე შემეყინა, ერთი ღრმად ამოვისუნთქე, წარუმატებლობა არ შევიმჩნიე და ვეცადე უფრო დალაგებულ რუსულით ავმეტყველებულიყავი. :))
    რას ამბობ, შედარება არ იყო,  ფაქტიურად შემდეგ რამოდენიმე წუთს რაც მოხდა, თამამად შეიძლება დაერქვას საუბარი. რუსი აღმოჩნდა, რა გასაკვირი. სხვათაშორის ქართველი სიძე მყავსო, საქართველოშიც ნამყოფი ვარო… ეს კი აჭიკჭიკდა, მაგრამ მისი დაქალი ნამეტანი დაბღვერილი, კოპებშეყრილი მიყურებდა, ჩემი მეგობარი რუსულთან ჩემზე უფრო მწყრალად იყო და ახლადშეძენილ “მტერ” ქერათმიანის “პოდრუშკასთან” მარტოს მიწევდა გამკლავება.. 
    ბოლოს ქერათმიანმა – კარგით, წავედითო, სალაპარაკო გვაქვს მეგობრებსო.. შეხვედრაზე ჩამოვუგდე საუბარი. გამოცდებიო, სემესტრის ბოლოო, შაბათ-კვირამდე ვერ მოვიცლიო.. ორშაბათი დღე იყო არადა. 
    შაბათზე შევთანხმდით, სად? თუნდაც აქ! – კი ბატონო, დავემშვიდობე, სასტუმროსკენ გამოვწიე.

    გათენდა შაბათი დღე – გავდივარ მოედანზე – მხვდება დიდი სცენა და ხალხის უზარმაზარი მასა :D, რაღაც საქველმოქმედო კონცერტი და ბევრი ქალი, თანაც ქერათმიანი…

ეს უიღბლო ახალი წლები :)

    ორი წლის წინ იყო სამსახურში მუშტიკრივში გავატარეთ ახალი წლის ღამე, შარშან 12 მილიმეტრიანი კენჭი დამიშალეს ზედ ახალ წლის წინ 31-ში, ტკივილებისგან კედლებზე დავდიოდი. წელს ჯანმრთელად ვარ, სახლში ვხდები ახალწელს, მაგრამ უკვე სხვა ჯანდაბა პრობლემა მიწამლავს გუნებას.. მოკლედ ბოლო წლებია რაღაც არ მიმართლებს ამ “დღესასწაულზე”, თოვლის ბაბუაც რომ აღარ მოდის?! :))
    ერთი ეგ არის, მალე ჩემოდნებს ჩავალაგებ და ხუთ თვიანი თავგადასავალიც დაიწყება..