ყაზბეგისკენ

დათქმულ დროზე მისვლა არავის მოგვსვლია აზრად, ერთი ნახევარი საათიც და დავიძარით. გზად მაღაზიაში ჩვენი ჭკუით ორი საღამოსთვის საკმარისი ალკოჰოლი გამოვზიდეთ – ვერ გავთვალეთ.

ჯერ რა გვიჭირს, არხეინად ვართ – გზა ასე თუ ისე თავისუფალია. მერე უკვე გუდაურისკენ მძღოლმა ისეთები ჩაატარა, “სვაიაკის” პასუხების გამოცნობის რა გითხრათ, თვალებდაქაჩული ნერვიულად გზას კი მივჩერებოდი – ერთ მოსახვევში ლამის პატრულის მანქანა შემხვედრზე რომ გავიტანეთ.

ბედად სიკვდილი იმ დღეს არ გვეწერა. საბოლოოდ მშვიდობით ჩავაღწიეთ ყაზბეგს და Oishe ჰოსტელის კარებს მივადექით. სასიამოვნო ხალხი დაგვხვდა მასპინძლად. თუმცა მათთვის რამდენად ასევე სასიამოვნო იყო ჩვენი სტუმრიანობა, ცოტას კითხვის ნიშანს დავსვამდი.. არა, ისეთი არაფერი გვჭირდა, უბრალოდ გამთენიამდე სახლი აკლებული იყო და ფარატინა კედლებს არ მგონია მასპინძელთა ტკბილი ძილი ჩვენი ხმაურისგან დაეცვა.

მას შემდეგ რაც შიმშილს მოვერიეთ, ხელად ნაირნაირი სამაგიდო თამაშები გაიშალა. თუმცა “სპლენდორის” ოთხეული სკამის დასაკავებლად თავიდანვე რიგები შეინიშნებოდა.. სიჭინავას აზარტი ყველაფერზე მაღლა იდგა და მის წუწუნს როგორც წესი თან გამარჯვებაც მოჰყვებოდა და ატკაცუნებდა მერე კმაყოფილი თითებს და სახეზეც ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.

მე კი უაზარტობას ტონიკში გაზავებული ჯინით ვუტევდი და საკმაოდ წარმატებულადაც, როდესაც მეორე ჭიქაზე ჩემს თავთან იმის აღიარებაც მომიწია, რომ კაი გვარიანად შეზარხოშებული ვიყავი..

ამ დროს საპიკნიკე ვარიანტ დინამიკიდან ნაირნაირი სტილის მუსიკა იღვრებოდა.. გააჩნია ვისი მობილური იყო მიბლუთუზებული და რიტმას აყოლილი ჯინიანჭიქაჩაბღუჯული ვირწეოდი და სახლიც ირწეოდა..

სიზმარშიც ჩავიძირე, თუმცა გონების ჯერ კიდევ ფხიზლად დარჩენილი მცირე ცნობიერი ნაწილი პუხლიკას თეატრალურ გამოსვლას და აღფრთოვანებული პუბლიკის ხორხოცს აღიქვამდა და იყო ერთი დომხალი გონებაში.. და იმ ღამეს გარეთ ქარიც მაგრად მძვინვარებდა და მგონი ეგეც კი მედარდებოდა – სახურავი თუ წამოგვხადათქო..

რა გასაკვირი დაღლილმა თუ გავიღვიძე.. დილით, ნუ ხო კაი თითქმის დილით… ორ საათზე ანუ.

მისწრება იყო ცოტა გასეირნება.. მითუმეტეს ქარიც მიწყნარდა და მზე დაგვნათოდა.

ელიას მთა არც თუ მთა აღმოჩნდა, რომ ფეხით ასვლა გაგვჭირვებოდა. თუმცა თვალი გვატყუებდა, ლამის გერგეთის სწორზე გვეგონა ვიყავით.

მზე გადაიწვერა, დაბლა დავეშვით. ბავშვურ ამჩატებას ვერ მოვერიეთ და ჭიდაობამ მალე თოვლში ამოგვგანგლა მე და ლაშა.. მთელი ორგანიზმი მაგრძნობინა კისერში ჩაყრილი გამდნარი თოვლისგან დაგორებულმა წვეთმა.. სახლში დროზე მივასწარი, სანამ სველი ტანსაცმელი მიმეყინებოდა.

ცხელი შხაპი, ორგანიზმი გაცოცხლდა..

მერე მოსაღამოვდა კიდეც და რომელიღაცა კალენდრით მორიგი ახალიწლის შესახვედრად სავახშმოდ სუფრას მოვუსხედით. პუხლიკა ალაგ-ალაგ გიტარას მოიმარჯვებდა და სპონტანური ლირიკით გვახალისებდა. ხანაც კორო რამე ცნობილ კომპოზიციას ააჟღერებდა და ჩვენი სიმღერით მასპინძელთა ხვედრს ალბათ კიდევ უფრო მძიმედ ასატანს ვხდიდით.

დილის ექვსი საათი მალე მოიპარა..

და თვალისდახამხამება და ისევ იმ “მარშრუტკაში” იგივე მძღოლს ვეჯექით, აქეთობისას ლამის საიქიომდეც რომ მიგვაცილა..

უნდა ითქვას, ამჯერად აღარ ეჩქარებოდა და უკუგზაც უფრო მშვიდობიანი გამოდგა..

ჰობები და მერფები

უჟმურობის აღზევების ხანაა 😀

ხოდა რა მშველის ამ დროს – სიტყვაზე ვზივარ და The Wire ვუყურებ.. ზამთარი იყო სიჭიმ და სანდრომ რომ დაიწყეს ბაკურიანში ამ სერიალზე ლაპარაკი, მთელი საღამო აღარ მორჩნენ – კარგი მახსოვრობა რომ მქონდეს, აზრი დაეკარგებოდა ყურებას.. მაგრამ მხოლოდ მათი საუბრის აღფრთოვანებული ტონი ჩამრჩა მეხსიერებაში და როცა ბოლო ბოლო მოვაბი თავი და პირველი სერია ჩავრთე.. არა პირველივე სერიაზე არა, მაგრამ მგონი მეოთხედან მეც შევჯექი ბალტიმორის პოლიციის და ნიგერი ნარკობარიგების ისტორიებზე..

მერე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი ინგლისურის ცოდნა ძალიან ზერელეა, ძნელად თუ მესმის ეს ამერიკული აქცენტები, აფროების ჩახუჭუჭებულზე რომ არაფერი ვთქვა და სუბტიტრები თუ მაქვს მშველელად..

სიჭის გავუხურე, ჩატში ემოციებს რომ ვუზიარებ.. აბა 2008 წლის სერიალია და ამ მომენტში კაციშვილი აღარ უყურებს და ასე მარტო ვიჯდე და ვკაიფობდე ნანახით, მთლად ბოლომდე კაიფი ვეღარ გამოდის :))

მეორე რაც მშველის წიგნის კითხვაა და აქაც ინგლისურენოვანი ნაწერი შემეჩეჩა ხელში და მგონი მარტინის Song of Ice and Fire-ის პირველი ორი წიგნის წაკითხვას ჯამში ნახევარ წელზე მეტი მოვანდომე.. არა ისიცაა, რომ პარალელურად სხვა ქართულად ნათარგმნ წიგენებსაც ვუზივარ.. მათ შორის, ბოლოს რაც წავიკითხე, პოლ ოსტერსის “ილუზიების წიგნი” რამოდენიმე დღეში რომ შემომეკითხა – მშვენიერზე მშვენიერი.

მარტინი კი, როგორც ავღნიშნე, ნახევარი წელია ლაიტმოტივად გასდევს ჩემს ცხოვრებას – ვზივარ და ვტკბები ტირიონის გონებამახვილობით და სხვა? ხო არა, ტირიონის ისტორიები ყველაზე სახალისოა ჯერჯერობით… ზოგადად ძალიან მაგარია ეს ჩვენი ჯორჯი და სერიალთან შედარებით წიგნი ბევრად საინტერესოდ წარმოაჩენს ისტორიას და სიუჟეტის გმირებს..

შემდეგ სამ წიგნსაც ბოლო სეზონის გამოსვლამდე თუ მივახრჩობ, მთლა ოქრო ვიქნები.. ასეთი ტემპებით? ცოტა გაჭირდება..

..

სეირნობა.. ხო, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო საღამოთი 4-5 კმ მაინც დავბორიალობ საბურთალოს მიდამოებში, ვუსმენ მუსიკას ყურსასმენებში და ვარ ბედნიერი.. აქვეა ვარჯიში და თაჩრაგბის თამაში..

მაგრამ ზამთრიდან ნორმალურად ვეღარ მივარჯიშია – მხარზე რაღაც ტრავმა მაქვს და რომ მგონია დავასევენე, მოვირჩინე, პატარა სიმძიმის აწევაზეც ხელახლა წამოყოფს ტკივილი თავს..

ტკივილმა კი ტვინი გაღუნა..

სამსახური.. ჰეჰ, ასეც ხდება – აი ცოტა უძილობა და ღამისტეხვა ტეხავს, მაგრამ თავად საქმის კეთების ხალისი, აგერ მერვე წელია არ გამნელებია და სამსახურიც ერთგვარ ჰობად მაქვს ქცეული – ხელფასი ამ ლარის კრიზისის ფონზე ისეთია, სწორედ რომ ჰობს დაემსგავსა.. ვერ იტყვი ხელფასის გამო ვშრომობო 😀 კაი ვაზვიადებ ახლა ცოტას..

და ამის გადამკიდე, მოვხვდი “ბიზნესში”. აი ეს ბიზნესი კი ხასიათს ვერანაირად მიკეთებს, მხოლოდ ნერვების შლაა და არც მოყოლა მინდა რამის – ერთ-ორ წელში, თუ მიზანს მივაღწიეთ, მერე მოგიყვებით, როგორ ვიშოვე პიველი მილიონი.. ჰო კაი ასი ათასი.. კაი ათი.. ნუ.. ნუ.. ხო კაი, რაც იქნება.. მანამდე კი უბრალოდ ნერვების შლაა :))

და მოგზაურობა.. იფ კი, კარგია. ხოდა რა მოხდა ახლა, დედამოტყნულმა პიტბულმა ჩემს მეგობარს ხელები დაულეწა და 5 ივლისს ინგლისში რომ მივფრინავდით და სილვერსტოუნის გრანპრიზე დასწრებას ვაპირებდით, დაგვრჩა გეგმა გაღმა – ჯერ ერთი, მარტო წასვლა მეზარება, მეორეც საქმე გველის წინ და მე გასართობად წავიდე და საქმე ამ დაჩეხილ მეგობარს შევაჩეჩო, არ გამოვა. ხოდა აღარც მე მივდივარ.

არ გამოვიდა ჰეფიენდი დასასრულს.. ჯანდაბას, მოგზაურობას სხვა დროსაც მოვასწრებ.

მუსიკა გამომრჩა.. ვერ წარმოიდგენთ რამდენ დროს ვხარჯავ ახალი მუსიკის აღმოსაჩენად და ჩემს კოლექციის გადასახალისებლად.. საჭმელივით მჭირდება საარსებოდ მუდმივად ახალ ახალი კარგი კომპოზიციები..

მუსიკის მხრივ სხვა რა? როგორც იცით ამ დღეებში Open Air-იც იყო..

ამ ფესტივალზე გარემო ტრადიციულად მშვენიერია, ღია სივრცე, მეგობრების ნახვა, განმუხტვა..

მაგრამ მთავარი – აი წელს არ იყო ის მუსიკა, რაზეც ვკაიფობ.. ტომ ოდელზე საერთოდ გულის ზიდვის შეგრძნება მქონდა.. თუ ვინმე კარგი იყო, ისევ როშინი, მაგრამ არც ისეთი კარგი, მოლოკოს რეპერტუარის მოსმენის შემთხვევაში რომ ვიტყოდი..

დიდად ბევრი ადამიანი არ მეგულება, ვის სურათსაც და ავტოგრაფს გამოვეკიდები, მაგრამ ნუ როშინი არის ქალი, ტიპაჟი, რომელიც მევასება..

დავადე თავი მაგ დღეს და აეროპორტში წავედი. ათი წლის წინ იყო მერფი თბილისში და მაშინ მის “კლავიშნიკთან” ერთად ბარში ბლომად ლუდი ვსვი.. ხოდა 37 ავტობუსიდან ჩამოსულს პირდაპირ ედი შემეჩეხა – “რავა ხარ ძმობილო”, კი დაიბნა რომ გადავეხვიე, მაგრამ მერე გემრიელი მუსაიფი გავაბით..

ბევრი წლის წინ რომ ვკითხე, თავისუფალ დროს რას აკეთებ-თქო, “მუსიკა! ვუკრავ, ვარჯიშობ სულ, ჩემი ჰობიც და სამსახურიც ეგ არის, ჩემს პროექტებს ვაკეთებო”. ხოდა იმ საღამოსაც რომ მოვიკითხე, აბა რას შვება ეგ შენი პირადი პროექტი-თქო, დაიჭყანა – “იცი? უკვე ორი შვილი მყავს, და რა ჩემი პროექტი?! ბავშვების მოვლა ეგ ყველაზე ოვერტაიმ სამსახურიაო..”

და დარჩა ერთი როშას, მისივე სიტყვებით, “too electric” ჟღერადობის მუსიკის ანაბარა.. ერთად დანანებით რომ ავღნიშნავდით, არადა Moloko რა კარგი იყოო..

როშინა რომ მოვიკითხე, ეგ ხვალე მოფრინავსო.. ხოდა იოლი მისახვედრი იყო, რა რეისით მოუწევდა წასვლა და მეორე დღეს, სანამ სასტუმროს დატოვებდა, დავადე თავი და ენკორში ავისეირნე.. გამიმართლა – თავი ფოიეში შევყავი და მენეჯერთან ერთად საჭმელს მიირთმევდა გოგო.

ცოტა შესაფერისი დრო ვიხელთე და საუბრის დაწყების გასაიოლებლად ისევ ათი წლის წინანდელი მასთან გადაღებული ფოტო მოვიშველიე.. სადაც მე, ახლანდელთან შედარებით, გაცილებით ახალგაზრდულად გამოვიყურებოდი.. როშა კი? როზინა ზუსტად ისეთი იყო.. კი ხუმრობდა – “ათი წელი?! შემდეგზე რომ მნახავ, ალბათ უკვე ყავარჯენით დაგხვდებიო..”

ყავარჯენის რა გითხრა და უკეთესი მუსიკის წერას თუ ისევ დაუბრუნდები, კი გაასწორებდა.. მაგრამ ნუ Moloko-ში წამყვანი ძალა და მთელი იდეების ავტორი მარკი იყო და ფაფუ, აღარაა მარკი. როშინი კი… ჯანდაბას, მუსიკის გარეშეც მევასება ეგ ტიპი..

ხოდა ეს ბოლო ამბები რაღას მოვყევი?! რავი აბა.. შევყევი წერას..
აქვე დაგემშვიდობებით

ხოდა ასეა საქმე.. ტრაკულად..

არა, დიდად ტრაკულად კი არაა, უბრალოდ, ისე სხვა სიტყვა რომ არ გაგახსენდება, ე.ი. ცოტა მაინც ტრაკულად..

წერის ხასიათზე ვარ მოსული, სულ კურტის ბრალი იქნება… მაგრამ რაზე დავწერ ჯერ მეც არ ვიცი – უფრო განწყობის ხროვა იქნება, ან არ იქნება.. ვთქვი უკვე – არ ვიცი თქო..

და სანამ არ ვიცი რაზე დავწერ, აი რა მახსენდება – ჯარი.

ხო, ჯარი და იქაური ოთხი წელი… ხშირად ვფიქრობ, ის, უკვე კარგა ხნის წინ ჩავლილი პერიოდი, ბევრად მკვეთრად მახსოვს, მოვლენებით დატვირთული, ვიდრე შემდგომი რვა წელი რომ გავიხსენო..

“ახალ” სამსახურში ყოფნისას ეს რვა წელი რაში შემომადნა?! კარგი იქნება, დაფიქრების გარეშე ტვინის ხვეულებში ერთ-ორ აღსანიშნავ ფაქტს მაინც მოვიქექავდე..

გვერდიდან, არადა რა საინტერესოდ შეიძლება იქნებადა ჩანდეს, არა?! – “რამდენს დამოგზაურობო” – ხშირად უთქვამთ, აღუნიშნავთ. მაგრამ ერთხელ, იმის არ იყოს, სხვას რომ იქით შევუტიე -“რეალობას გაურბიხარ მაგ შენი წანწალითთქო”, მასე მემართება ახლა მეც.

მუხტი, მუხტი.. სად ჯანდაბაშია ეს მუხტი – ჯარულმა სტრესულმა გარემომ ჩაიარა.. მოვეშვი, დავწყნარდი… მგონი ზედმეტადაც დავწყნარდი 😀

დავწყნარი რა.. სინამდვილეში ემოციური ხასიათი არსად გამქრალა და იქვეა საშინელი ინდეფერენტულობაც.. ასეა – არაა ლოგიკა.

როგორ მიყვარს ჩემს ოთახში განმარტოვება და ამ დროს ხშირად მეგობრული ხმაურიანი თავყრილობის მოთავედ და ორგანიზატორადაც გევლინებით.. აქაც ორი უკიდურესობა ხასიათის..

ხოდა, ხედავთ ისე მივადექით ჩანაწერის დასასრულს, საინტერესო არაფერი მოვყევი. ხოდა ასე…

ე. ი. არც არაფერი იყო მოსაყოლად ღირებული და ისევ კურტს დავაბრალებ, რომ შემიჩიჩხინა და ორი სტრიქონი აბდა-უბდა დამაწერინა..

საინტერესო, როგორც ვთქვი, მოჩვენებითი მერე იქნება – ისევ მოგზაურობას რომ შევეტენები ზაფხულში. ჯერ სილვერსტოუნი, მერე სპა და მონცა და “აჰჰჰჰჰ, რა მაგარია” იმიჯით დავწერ რაღაცეებს.. ან ვერ დავწერ.. რაიცი სადამდე ვცოცხლობ.

მოკლედ ასეა საქმეები…

პ. ს. თამარა გილოცავ დღეობას, ისე არ ჩამოუშვა ცხვირი, ხელახლა საოპერაციო გაგიხდეს 😛

წვრილმან-წვრილმანი ამბები

რახან წერის ხასიათზე არ მოვდივარ, ისე მშრალი ამბების ქრონოლოგია მაინც იყოს 😀

მაისის ბოლოს რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იყო და სამ კვირაზე მეტი სამოელების დევნაში მარტყოფში ვიცხოვრე.. ეს ამბები ვითომ მინდოდა დამეწერა და ვერა და ვერ მოვედი იშტაზე.. გადავდოთ მერისთვის – არადა საინტერესო ბევრი იყო წვრილმანები..

კუნძულელები გავისტუმრე და მერე თავად წავედი კუნძულზე ჩემს ხუთ კოლეგასთან ერთად – ვინც წლების წინ ერთად ვსწავლობდით საფრანგეთში. საინტერესო ამ ამბავში ის იყო, რომ კიდევ ერთმა ჯგუფელმა ფაბიომ, ასე ყველა ერთად რომ გვიხილა სოცქსელში სურათებზე კვიპროსის მზეს მიფიცხებულები, დაკრა ფეხი და ოთხსაათიან ფრენას არ შეუშინდა, ბელგიიდან დაგვადგა და მეშვიდე კაცად შემოგვიერთდა. დარტყმული იტალიელი, ვერაფერს იტყვი.

მერე იყო სამსახური. მაგრამ სამიოდე კვირა ჩემს ჩვეულ რეჟიმის ნაცვლად, ინდრას პროექტს მიგვაწეპეს – სისტემის ადგილზე მიღება-შემოწმება. იყო ბევრი ბლა ბლა ბლა. აგვისტოში კი ისევ სმენას მივუბდრუნდი.

ივნისის შვებულება, როგორც ვთქვი, სამოელების გარემოცვაში გავატარე და კვიპროსზე კი სულ ოთხი დღე დავყავი – ცოტა, საშინლად ცოტა. შესაბამისად სექტემბერი ისე მოვიდა, დიდად არ მქონდა იმის განცდა, რომ ზაფხულში განვიმუხტე და დავისვენე.. ხოდა ზიანის ანაზღაურება სხვა მხრივ ვცადე. ძველ იპოდრომთან მიგდებულ ანგარში Jan Blomqvist-ს, იმავე ფესტივალის ფარგლებში Stephan Bodzin-ც მივაყოლე, საოცრად რომ მოგვქოქა თავის ენერგიული მუსიკით. მანამდე კი Nicolas Jaar იყო, დინამო არენის ჯურღმულები – უჰაერობა და სიგარეტის ბოლივით ბლანტი მელოდიები.

ჯაარზე ბილეთი მეგდო ზედმეტად და ნატალია მივიპატიჟე. მან კი სტენლი კლარკის მაგიურ საღამოზე დამპატიჟა. ხო დიდად არ ვარ ჩვეული საჩუქრებს და ვიყავი უხერხულად. მაგრამ მერე დავფიქრდი, რომ მაგასაც სწავლა უნდა – ადამიანის მიმართ იყო მადლობელი და ხანდახან საჩუქარიც შეირგო – პირველი ცდა მაინც უხერხულობის თანხლებით იყო..

სახლში მგონი დღემდე ახსოვთ, რამეს რომ მიყიდიდნენ, ჩემი უკმაყოფილო აფეთქებები – “რათ გინდოდათ?!”.. რა მჭირდა?! რავიცი

და როგორი იყო Björk? ჰო ჰო.. გაიღიმეთ, მაგრამ ფაქტია – ლოყებზე ღარები გამიჩნდა, ისე მოგორავდა ცრემლები თვალებიდან. დიდად სენტიმენტალურობა არ მახასიათებს, მაგრამ ალბათ მთელი ბავშვობიდან მოყოლებული ამ ქალბატონის საოცარი ვოკალი ყურში რომ მაქვს გამჯდარი, და უცებ სცენაზე ხედავ ოც მეტრში ცოცხლად დგას და გიმღერის… ბრრრრრრრრრ… ძაან ძლიერი იყო ემოცია… ცოცხლად უსმენდე Björk-ს..

ხო, ის დამავიწყდა მეთქვა, მთელი ეს პერიოდი როგორ პატიოსნად კვირაში სამი დღე დარბაზში ვეგდე სავარჯიშოდ და საკმაოდ ფორმაშიც მოვედი. ალბათ ერთი-ორ სურათსაც კი დავაგდებდი სამარიაჟოდ, მაგრამ რავი, გადავწყვიტე არ ავყოლოდი ცდუნებას და “აი კი ვარ კარგ ფორმაში, მაგრამ კაი ტიპი ვიქნები და მოდი არ ვიმარიაჟებ…” ფიქრებით გადავაგორე ეს პერიოდი.. მოკლედ მაინც ნაგავი გამოვდივარ და მთლად გულახდილი თუ ვიქნები, არც ისე მაგარ ფორმაში ვიყავი – ნაყინი და შოკოლადის სიყვარულს ვერ შეველიე და როდის იყო ცარიელი ვარჯიში შველოდეს ზედმეტ ცხიმებს…

ნოემბერიც მოვიდა და ხომალდი ზაგრებში დაეშვა.

ცივა, საშინლად ცივა.

ზორანა კი ისევ ისეთ შინაურულ განწყობას ტოვებს, რვა წელი მხოლოდ სტატისტიკა რომ არის.

საღამოს მეგობრების გარემოცვაში ვატარებთ.

დილით კი ქალაქში დავბოდიალობ, ცოტას სურათებს ვიღებ და სადილისას ერთ დინამო ზაგრების რადიკალ ფანთან საუბარში ვკლავ დროს – მიმტანია და რახან დროის მაგ მონაკვეთში ჩემ გარდა რესტორანში არავინ ზის (გვიან სადილობენ უფრო ადგილობრივები?! ტურისტები კი ასეთ დროს სად არიან), ისიც დგას და პოლიტიკაზე ხალისიანად მესაუბრება -“you know what i mean?!” ყოველ მეორე სიტყვაში მიმოწმებს და ხან სერბებს აგინებს, ხან მგონი რუსებსაც.. მოკლედ ცოტა ბევრს მიედ-მოედებოდა და ბოლომდე ვერ გავიგე ვისკენ იყო.

საშინელი დაბალბიუჯეტური ავიახაზებით ისევ ცაში ვარ. Eurowings, აი ის ავიაკომპანია, ამას წინათ გერმანელმა დეპრესიაში ჩავარდნილმა პილოტმა მთას რომ მიუშვირა ხომალდი და საიქიოს გაისტუმრა ყველა.

ბარგი მქონდა და ცალკე თანხა ამის გამო გადავიხადე და შესაბამისად “პრივილეგირებულ” მგზავრთა სიაში მოვხვდი.

დაგორავენ ბორტგამცილებლები და დიდი სია უჭირავთ – ჩემნაირ ბილეთის პატრონებს უგემურ სენდვიჩით უმასპინძლდებიან. სურვილიც არ გამიჩნდა მესარგებლა ამ “პრივილეგიით”, ძილს მივეცი თავი.

გუნებაგამოკეთებულმა გავიღვიძე – სარკმლიდან მზე ანათებდა, როცა მანამდე ოთხი დღე მოჟამულ ამინდში დავაბიჯებდი, და ეს მცირე დეტალიც კი სიცოცხლის ხალისით მავსებდა.

შტუდგარტის აეროპორტი.

მესაზღვრემ პირი რომ გააღო, მივხვდი, ყველაფერს გამომკითხავდა – გადაჯდომამდე კი სულ 40 წუთი. აღარ ვაცადე – გამზადებული ფურცლები შევუჩურთე სარკმელში. ყველაფერი გულდასმით ჩაათვალიერა -გამიშვა.

ვაგზლის განწყობა. საკმარის სკამებს ვინ ჩივის, გეიტთან დასადგომი სივრცეც კი ჭირს, მუდმივად ხალხის ნაკადი მაიძულებს პოზიცია შევიცვალო.

ერთი საათიც და ბერლინში დავეშვი – ჩემ დას და მის მეგობრებს შევუერთდი.

მეორე დღეს კი კიდევ ერთ ზღაპრულ კონცერტს დავესწარი Gorillaz-ის შესრულებით და მგონი იქაც მეტირებოდა 😀 უბრალოდ ისე იყო გაბოლილი დარბაზი, ამჯერად მაგის ბრალი იქნებოდა (ხო, ხო – მასე იყო ზუსტად).

შაბათი გათენდა, გიოს შევხვდი და ბარში უელსთან თამაშზე ვინერვიულეთ, შემდეგ კი ნორას გავუარე. ლუდის დასალევად დავსხედით და ბევრი ვილააპრაკეთ. რაღაცაზე, უცნაური იყო ჩემთვის და კომპლიმენტი მითხრა, და კიდევ უფრო უცნაური ის იყო, რომ დავფიქრდი, სინამდვილეში გულის სიღრმეში სასიამოვნოც კი რომ იყო ამ ყველაფრის მოსმენა. მერე გამახსენდა, როგორი ხისტი ხასიათი მაქვს და რა იშვიათად მაფიქრდება, თავად ვუთხრა ვინმეს მსგავსი თბილი სიტყვები..

ხომ, ბევრ რამეს შეცვლიდა კაცი ჩემს ხასიათში, დრო თუ მაქვს დარჩენილი :))) წვრილმანები, მაგრამ ვინ თქვა რომ მსხვილმანები ამის გარეშე არსებობს.

ბოლო მოგონება ბერლინის მაინც უსიამოვნო იყო – კერძოდ რწყილები. რავი, მკითხავ სად გაჩითეო, მაგრამ ფაქტია, ისეთი დამგლიჯეს, თბილისში ჩამოსული ოთხი ღამე უძილობას ვუჩიოდი.

ამასობაში სამსახურში სამედიცინო შემოწმებაც წამომეწია (ოთხ წელში ერთხელ გავდივარ), თავის უსიამოვნო მოლოდინებით, რომ “არ დამბრაკონ” და რომ მოვიშორე, მაინც სიმშვიდე მოდის – ოთხი წელი კიდევ ბეჭედი ჩარტყმული მაქვს, რომ ვმუშაობ.

ფული კიდევ ვინ იტყვის არ არის მნიშვნელოვანიო, მაგრამ მე მაინც დავძენ, რომ ჩემთვის ძაან მნიშვნელოვანია :))) უბრალოდ ბავშვობაში ერთი ლარით გატარებული სტუდენტობა მახსენდება და ალბათ იქიდან გადმოყოლილი კომპლექსი არ მასვენებს.

ამ აბდაუბდა ნაწერსაც აქვე მოვრჩები.

ბევრიც სხვა ამბები ხდებოდა, მაგრამ რავი, რაც გამახსენდა, ეს არის

ესეც 33

მიყვარს ეს დღე, 14 აპრილი. როგორც წესი ამ პერიოდში გაზაფხულის სითბო საბოლოოდ იკრებს ძალას და უსიამო ცივი დღეები უკან არის მოტოვებული..

წელს ისევ ღამის სმენაში შევხვდი ამ დღეს, მორიგ ორი წელსაც რომ მასე იქნება, სანამ ნაკიანი წელი არ “ჩააჩოჩებს” ერთი დღით სამუშაო ცვლას.

მძიმე ღამე გამოდგა – სიმაღლე არ იყო, ყველა პილოტი წუწუნებდა – “მაგრად გვანჯღრევსო”.. მეც დაღლილი – “რა გიშველოთ აბა, მთელი სივრცეში ასეთი პირობებიათქო” და ბოლოს გვარიანად ვიღრინებოდი ალბათ უკვე რადიოსიხშირეზე, სულ უფრო მოკლე მოკლე ფრაზებს რომ ვახმიანებდი ქვეტექსტით – “I’m busy, leave me alone” და მათაც ბოლოს თავი გამანებეს – უბრალოდ შეეგუვნენ რომ მშვიდი ფრენა იმ გამთენიისას არ ელოდათ..

დაღლილი წამოვჩანჩალდი სახლში..

დილის ექვს საათზე ნამდვილად სიამოვნებაა მანქანის ტარება, ქალაქის ქუჩებში კინკილა მანქანაც რომ არ შეგხვდება.. გიორგას ნათხოვარ სუბარუს აზარტიანად მივაგორებდი, წამიერად დაღლილობის შეგრძნებაც რომ გამიქრა..

პირველს უკაკუნებდა, თავი საწოლიდან მძიმედ წამოვწიე. ცოტა მოვფხიზლდი, ჩავლაგდი და იპოდრომზე სათამაშოდ ჩავედი – სადაა სახლში დღეობის აღნიშვნის სიტუაცია.. თამაშში გადავაგორე დღე. ჩვეული ჟინიანი ბურთაობა გაჩაღდა, ალაგ ნერვიული – ემოციური ხალხი ვართ, გვიძნელდება თავის მოთოკვა – ყოველი ბურთის დაკარგვას მტკივნეულად აღვიქვამდით და ბევრი იყო გადაძახილ-გადმოძახილი..

ამინდმა მაინც არ გვაცალა – უცებ ისეთი დასცხო, სისველემ საცვლამდე გაატარა – წამოღებულ ადიალებს შევეხიზნეთ, არაყი და ლუდი ჩამოვასხით, წვიმას მოყოლილ სიცივეს ალკოჰოლით შევებრძოლეთ.. დაგეგმილი პიკნიკიც აქვე ადრიანად დასრულდა..

ხოდა ესეც 33.. რომ გითხრათ ბევრი რამე მაქვს მოსაყოლი, რაში გაილია ეს ამდენი წლები, მოგატყუებთ. დღევანდელ დღეზე კი ორი სიტყვით უკვე დავწერე და ამ მოკლე ჩანახატის დასრულების მაუწყებელ წერტილსაც აქვე დავსვამ.

წვრილმანები და ქორწილი ანაკლიაში

ხომ..

რა ამბები მოვქექო ტვინში, რა ხდება ამ პერიოდში?!

სიტყვაზე, ის, რომ სირბილი ამეკრძალა (ყოველი ექიმთან ვიზიტი რამე მსგავსი აკრძალვით მთავრდება) და მაინც რომ მომენატრება, ხან თაჩრაგბს ვითამაშებ, ხან აგერ სამოყვარულო ლიგა გაკეთდა ფეხბურთის და იქ კვირაში ერთხელ 11/11-ზე გავაგორებთ ხოლმე ბურთს. წესით სულ 10-15 წუთი თუ ვაპირებდი თამაშს – სად მაქვს ჯანი ასმეტრიან მოედანზე ვირბინო, ამას წინათ წავაგეთ კიდეც 11:0, ლამის ყველა გუნდელი ჩემნაირ ფიზიკურ კონდიციაში რომაა. დიდის ამბით შედგენილ გრძელ სიიდან ხალხი არ დადის და ძლივს შეკოწიწებული თერთმეტი კაცი მთელი ორი ტაიმი სარბენად ვართ განწირულები.

თაჩრაგბზე კი, ოქტომბრის ერთ შაბათ დღეს ვცადე სოფლად გამეტანა თამაში და ქალაქგარეთ პიკნიკი მოვაწყვე. მინდა ვთქვა, რომ მშვენიერი დღე გამოვიდა. ერთადერთი მინუსი ის იყო, რომ ნაცვლად ხალხის დიდი ჯგუფისა, სულ ათი-თორმეტი კაცი თუ შევიკრიბეთ და ხალხის სიცოტავემ სიტუაცია ცოტა გააუფერულა.

დღის პირველ ნახევარში ენერგია მოედანზე ბურთაობას შევალიეთ, შემდეგ კი ჩემი სახლის ეზოში გადავინაცვლეთ და მწვადით და ლუდით დახარჯული კალორიები ზედმეტობითაც კი შევივსეთ.

ხო, ასე… ამ სოფლად გასვლის არ იყოს, მომივლის ხოლმე სურვილი, ვუთავებ რამე ღონისძიებას, ცოტა გამოვანათებ, ხალხთან ურთიერთობის იშტაზემოსული და მერე დროის დიდი წილი ისევ ჩემს ნაჭუჭში შევიკეტები და დროს პასიურად ვატარებ ხოლმე – სოცქსელის ანგარიშმიუცემელ სქროლვაში, ან უკეთეს შემთხვევაში გიტარას მოვიმარჯვებ, ცოტას დავუკრავ, ან კიდევ უფრო უკეთესი – წიგნს თუ მივუჩოჩდები. ისე წასაკითხად ბოლოს ფოლკნერი შემრჩა ხელში და აგერ ორი კვირაა დღეში 1-2 გვერდის გადაფურცვლასაც კი მძიმედ ვახერხებ. მწერალს შევაწმინდე ხელები – ძნელად იკითხებათქო. არადა მანამდე მთელი რვაასფურცლიანი ქვოს ისტორიები როგორ ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე..

ხო ხო.. ამოტივტივდა გონებაში ამასობაში ამბები. კლასის მცირე სამეგობროს, ვინც აქამდე შემოვრჩით, ყოველთვის თბილად ვიხსენებ და მიყვარს მათ გარემოცვაში ყოფნა. ხოდა პირველ რიგში ბაკურის ქორწილი მინდა გავიხსენო.. იფ როგორი გემრიელი დრო რომ გავატარეთ. ჯვარი ქუთაისში დაიწერეს, ანაკლიამ კი დანარჩენ მხიარულებას უმასპინძლა.

უკვე პარასკევს გავუყევით გზას სიჭის მანქანით და სამი სრული საოცარი დღეც გავატარეთ. ნუ თავი და თავი ის იყო, რომ ეს ხალხი ყველა ერთად შეკრებას და მითუმეტეს რამოდენიმე დღის გატარებას, ხშირად ვერ ვახერხებთ. ხოდა შევირგეთ.

ამინდი კარგი დაგვემთხვა, თბილი, წვიმის გარეშე. ანაკლიაში ძველი ციხის გალავნის ეზოში გაწყობილი მაგიდა დაგვხვდა, ას მეტრში ზღვის სანაპირო, ზღვის სასიამოვნო ბრიზით და ჩემდასაბედნიეროდ ცოცხალი მუსიკა გემოვნებიანი ქავერებით. ხოდა კი დავხტოდი და დავცანცარებდი სასმელით და მუსიკით იშვიათ მუხტზე მოსული.

კვირა დღეს შეთხელებული სტუმრები კიდევ ერთხელ მივუჯექით სუფრას. შემდეგ სანაპიროზე ვიტანტალე, მზე ზღვას მივაბარე და უკანა გზას დავადექით. აქ კი რა გითხრათ – დათოს ერთკაციანი სპექტაკლი გაიმართა, მთელი გზა რომ არ შეწყვეტილა და არც კი ვეცდები ავღწერო, რომ არ გავაფუჭო ეს შესანიშნავი დადგმა.. გვარიანად შეზარხოშებული სიჭის სოლო გამოსვლა მართლაც რომ საოცრად შთამბეჭდავი იყო, ამ ტექსტის წაკითხვით იმ საღამოს გახსენებაც კი ხანგრძლივი ღიმილის მომგვრელი იქნება იმ სამიოდე ადამიანსთვის, ვინც ამ ყველაფერს შეესწრო.

ხომ.. იმ კვირეულის გახსენებამ სასიამოვნო ფიქრებში გამრია.. ბარემ ასეც დავასრულებ დღევანდელ ჩანაწერს.

რა ხდება ამასობაში

ხოდა პაუზაა დიდი დიდი..
და რა ხდება ამასობაში – რომ მკითხონ, “არც არაფერი”, მარტივი პასუხი მომადგება ენაზე.

ბრიტანული მოგზაურობის შემდეგ თბილისში გამოვიკეტე, სამსახური-სახლის გარემოს სურათი თვალის ერთ დახამხამებაშე ენაცვლება ერთიმეორეს… რუტინა, რუტინა და ვერ ვიტყვი რომ ამას ტრადიციულ უკმაყოფილო ტონით ვიძახი.. არა, უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ.

სამსახურში ისეთი კრიზისია კადრის, თითოეულ ადამიანს სულს უნდა უბერავდნენ, რამე არ დაემართოს.. არადა ისეთი საქმეა, ორ დღეში ახალ ადამიანს ვერ მოაცუნცულებ – მინიმუმ წელნახევარი გავა, სანამ ახალ კადრს აღზრდი.

ამ კრიზისის ფონზე ბოლო თვეა შვებულებას უშედეგოდ ვიხვეწებოდი. ყელში იყო ამოსული ბევრ წვრილმანთან ერთად ღამის ტეხვა განსაკუთრებით.

ხოდა როგორც იქნა ვზივარ სახლში და ვისვენებ – არც მახსენდება შვებულება ასე ბოლოს როდის გავატარე – სულ სადღაც გავრბოდი. ახლა კი ვცდილობ ეს ორი კვირა მაინც ბუნებრივ რეჟიმში ვიცხოვრო, დროზე დავიძინო, დროზე ავდგე ფეხზე.

წიგნთან ვმეგობრობ, მურაკამის ნორვეგიული ტყეს დღეს საღამოს ალბათ ბოლოს მოვუღებ.. ცოტას ვმეცადინეობ, მერე იპოდრომზე ჩავდივარ და დავრბივარ – ორგანიზმიც ტონუსში მინდა მოვიყვანო..

გუშინ რაგბის გუნდ დევებთან ერთად წავედი სავარჯიშოდ. გახურების შემდეგ ჯახზეც გადავედით. ჰაჰა სულ რამოდენიმე ათეულ შემთხვევაში თუ მითამაშეა რაგბი მასე, ბოჭვებით და გადაყრით. იპოდრომზე ჩასული, მხოლოდ მსუბუქ, პასაობით თუ შემოვიფარგლებით.

ხოდა ნუ გამოცდა იყო ჩემთვის – დევები იგივე მოყვარულთა გუნდია მხოლოდ, მაგრამ მაინც, სტაბილურად კვირაში ორჯერ-სამჯერ ვარჯიშობენ და წლებია ქართულ პირველ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ..

ძნელია გადმოცე ის ემოცია, თუ კაცს თავად არ გაქვს გამოცდილი, რაც თამაშის დროს გეუფლება – ბურთი ხაზზე ჩამოთამაშდა და შენ წინ მდგომმა მოიხელთა, სიჩქარეაკრეფილი გიტევს.. წამი იწელება და სანამ რამეს გაიაზრებ, უკვე ჰაერში ერთს ისკუპებ და მეტოქეს ბოჭავ.

ძირსგართხმული წამიერად ზედახორის ქვეშ ხარ მოკუნტული, მერე წამოხტები და მორიგ “მსხვერპლს” გავეშებული ელოდები, რომ ან ბურთი წაღლიტო, ან სულ მცირე გაქცევის საშუალება არ მისცე.

ან ის მომენტი რად ღირდა – ზურამ კარგად შეუტია, სამი კაცი ჩაითრია და წაქცევისას კარგი “ოფლოუდიც” გაახერხა.. წამის მეათედი ლამის გადავიფიქრე მიყოლა, კიდევ ხომ მაინც აიყოლია ფეხებმა ზარმაცი ტრაკი და ზედახორიდან გამოფრენილი ბურთი გემრიელ ლუკმად პირდაპირ ხელებში ჩამივარდა.. ერთი მცირე სირბილის მიმართულების ცვლა და მეტოქის მთელი ხაზი ზურგსუკან დავიგულე..

დაღლილზე თამაშის შემდეგ ლუდიც ხარბად მოვსვით და დღეს კი მტკივა მთელი ორგანიზმი, მაგრამ უფრო სასიამოვნო დაღლილობას რომ დაარქმევ ამ ყველაფერს..

და ამ რამოდენიმე აბზაცის ჩაკითხვის შემდეგ, კიდევ თუ გამიმეორებთ კითხვას, თუ რა ხდება ამასობაში.. კი, პასუხი თითქოს იგივეა, რომ “არც არაფერი”.. მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრი წვრილმანი “არაფრები” – წიგნის კითხვა, სწავლისგან მიღებული სიამოვნება, სირბილი, თამაში, მეგობართან ორი კათხა ლუდის დალევა, თუნდაც უბრალოდ კარგი ცხელი ჩაის და სხვა კიდევ ათასი წვრილმანი რამ ავსებს ცხოვრებას და მოწყენისთვის დროს არ ტოვებს..

მოკლედ მადლობა მოკითხვისთვის, მე კარგად ვარ

ხუთი წელი, პახმელია, გზა და ქელეხი ახალციხეში

ხუთი წელი გავიდა..

რა გასაკვირი ის ექვსეული გამოვარჩიო, ვისთანაც ერთად ნახევარი წელი ტულუზაში ვისწავლე. მერე ეს ხალხი სამსახურში სხვადასხვა სმენებში დავიქსაქსეთ და სამუშაოს სპეციფიკის გადამკიდე, იშვიათად თუ ვახერხებთ სრული შემადგენლობით შეკრებას.

ამას წინათ კი ისევ დარიუსამ იყოჩაღა – “ხუთი წელი გვისრულდება და არ ავღნიშნოთო..” ხოდა აღნიშვნაც ასეთი უნდა, როგორიც მერე მოვაწყვეთ..

საღამო შედგა! ლაღი, მხიარული, ნაღდი…

გამთენიისკენ ტაქსიდან ფეხარეული გადმოვედი და სახლში საწოლზე მძიმედ დავებერტყე.

დილის რვაზე კი რეზომ დამირეკა – და ეს ზარი სამყაროს აღსასრულის მანიშნებელზე არანაკლებ მძიმედ მოსასმენი იყო..

გონება აშკარად დაბინდული მქონდა – სხვა ნებისმიერი საღად მოფიქრალი, მერე რა რომ წინა დღეს სიტყვა მივეცი, მყისიერად მოუსვლელში გაისტუმრებდა ჩემს კურსის ძმაკაცს და ტკბილად ძილს შეიბრუნებდა, ვიდრე ახალციხეში გაყოლაზე დათანხმდებოდა…

ცხრაზე უკვე დაბლა ჩავბენტერდი და დაჯღანული სახით რეზიკოს მანქანის კარი გამოვაღე… კაპანაძის პაპის გასვენებაში უნდა წავსულიყავით..

საზურგე ბოლომდე გადავწიე, გადავწექი და სანამ ქალაქის დანჯღრეულ ქუჩებს გავცდით, მე ჩემი დამემართა.. გორის ტრასას კიდევ არაუშავდა.. აი ხაშური კი…

მოკლედ, სანამ ახალციხეს ჩავაღწიეთ, ლამის მერაბას პაპას მივეწიე საიქიოს.. ძლივს გადმოვბორდღდი მანქანიდან – საპატიო წრე დავარტყი..

ქელეხიდან მალე გამოვიძურწეთ და აი გზად ნელნელა ადამიანს დავემსგავსე, შეგრძნებებიც გამოცოცხლდნენ – მივხვდი რომ მაგარი მშიოდა და გზად საჭმელად გადავუხვიეთ..

მერე კი რაც მოხდა, ეს უბრალო დამთხვევაც აღარ არის – ერთი მეორეზე გაჩერდნენ კაპანაძეებით დახუნძული ქელეხიდან წამოსული მანქანები. მადა მაინცდამაინც ყველას ერთსადაიმავე ალაგს ეწვია…

ჯერ ერთი მაგიდა შევაერთეთ.. ბოლოს კი იმდენი შინაური შემოლაგდა, მივადგით და მივაერთეთ, თუ რამე იდგა გარშემო.. ნეტავ მასე გაერთიანებული საქართველო მანახა..

თბილისში რომ შემოვედი, უკვე მხიარულად ვჭიკჭიკებდი..

კოენი და მისი ბენდი თბილისში

ეს არ იყო უბრალოდ კონცერტი.. რომ დაესწრები.. მოისმენ, გაერთობი.. დაიხურავ ქუდს და წამოხვალ…

ლამის კვირა გავიდა და სცენის კადრები, მელოდიები გონებაში ირევა და ჯერ კიდევ ის ემოცია მომყვება, მომენტებში თვალებიც რომ ამიწყლიანა..

მუხტი ხალხისგანაც მოდიოდა, ბისზე რამოდენიმეჯერ გამოვიდა კოენი – მერე ბოლო აკორდიც და მსმენელმა დაშლა დაიწყო..

არც ვიცი დაცვა თუ იდგა ვინმე, სცენაზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვისკუპე და ინსტუმენტების ასალაგებლად უკან გამობრუნებულ მუსიკოსებს დრო ვიხელთე და გამოვესაუბრე.

უბრალოება – თუ დახასიათება გინდა მათი, პირველი ეს სიტყვა ამოტივტივდება გონებაში. ნიტაი, პიანისტი მოვიხელთე – მადლობა გადავუხადე დაუვიწყარ კონცერტისთვის. პასუხად ასევე მადლობა მივიღე, საოცარი მუხტი მოდიოდა პუბლიკისგანო.

შემდეგ დრამერ ოფრისთანაც სამახსოვრო ფოტო გადავიღე – მომავალ ბაქოურ კონცერტზე ჩამოვუგდე სიტყვა,

– მე არ ვიქნები, ჯარი მიწევსო.. კი გამიკვირდა, აბა ამ კაცის წაყვანა იქნება ჯარშითქო.. მაგრამ ასეა საქმე ებრაელების აწყობილი.

კოენი კი იქ აღარ იყო. ნიტაიმ ხვალ მივფრინავთ დილით ბაქოშიო. მეორე დღეს სამსახურში მიწევდა მაინც ყოფნა – აეროპორტში გადასეირნება ათი წუთის საქმე იყო..

ამასობაში უზარმაზარ შკაფივით მოხეულ დაცვის მზერაც დავლანდე – თავიდან ჩემმა უტიფარ ქცევამ ალბათ ცოტა რომ დააბნია და “შინაურადაც” კი მიმიჩნია, მაგრამ მისი მიამიტობის მანდატი აშკარად იწურებოდა და ჩემით ვარჩიე გასასვლელ კარს მიმემართა, სანამ ძალით მიმაბრძანებდნენ..

დილა.. სამსახურში ორი წუთით “დავასტუკე” და ტერმინალის შენობას მივაშურე. ხალხი კანტიკუნტად, ძირითადად თურქები თუ ტრიალებდნენ სტამბოლისკენ მიმავალ რეისზე. მერე კი ბაქოს სარეგისტრაციო გაიხსნა და მალე მთელი ბენდიც შემოლაგდა გასაფრენად გამზადებული.

ისევ ბევრი მადლობა, სამახსოვრო სურათები..
რეგისტრაციას დრო უნდოდა, მე არსად მეჩქარებოდა. მუსიკოსებიც მხიარულად მემუსაიფებოდნენ – ერთი მენეჯერი მიყურებდა ავი თვალით, ყველა საორგანიზაციო საქმე მის კისერზე იყო და არხეინ მუსიკოსების ბარგის დაბინავებას თუ პასპორტების მოკრებას ვერ აუდიოდა და მე როგორც ამ პროცესის ხელისშემშლელს, მოსისხლე მტერივით მიცქერდა..

ვინ აქცევდა ყურადღებას საწყალ მენეჯერს.. მხიარულად განვაგრძობდი მუსიკოსებთან მასლათს – თვალი კი მალი–მალ მშვენიერ ჩელოისტ აელისკენ გამირბოდა, შორიახლოს ტრიალებდა, მორცხვი ბავშვივით ოდნავ თავჩახრილი ქვევიდან იმზირებოდა და იღიმოდა..

– უსმენენ კოენს საქართველოში?.. ბილეთი რა ღირდა კონცერტზე.. გემრიელი საჭმელები გქონიათ.. ძირითადად ღვინოს სვამთ ქართველები?.. თბილისის გარდა სხვა რა დიდი ქალაქები გაქვთ.. რა პერიოდში ღირს ჩამოსვლა ქვეყნის დასათვალიერებლად?.. თბილისი ჩინებული ქალაქი ჩანს.. საინტერესოა.. ალბათ მეტი უნდა წავიკითხო აქაურობაზე.. – უამრავი სხვადასხვა თემა და კითხვა აირია ერთმანეთში..

– ოფრი მართლა ჯარში წაიყვანეს?!
– კი მასეა, მეც მაგალითად ჯარში სამი წელი ვიმსახურე..
– მერე ბაქოს კონცერტი?
– მოწვეული მუსიკოსი დაუკრავს..
– რეპეტიცია?!
– არა, არ მოხერხდა. დისკით გავუგზავნეთ.. პროფესიონალია, გაარჩევდა. შეიძლება ამ კონცერტზე ისე არ გავართულოთ მელოდია.. შედარებით მარტივად..
– ისე დაღლილები კი ჩანხართ..
– იცი?! ეს ჩვენთვის ისეთივე სამსახურია როგორც შენ მაგალითად შენს ოფისში მიდიხარ სამუშაოდ.. უამრავი წვრილმანია გასაკეთებელი, გასათვალისწინებელი, შესათანხმებელი.. ძაან რთულია..
მაგრამ მაინც.. ძაან საინტერესოა, ამდენი მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის ნახვა, განსხვავებული კულტურის გაცნობა..
– იმედია გვესტუმრებით კიდევ..
– აუცილებლად!

გაფრენის დრო ახლოვდებოდა. დავემშვიდობე ბენდის წევრებს, გრძნობა მქონდა თითქოს უახლოეს ადამიანებს ვაცილებდი გზაზე.. სამსახურში გამოვბრუნდი.. ყურში ისევ წინა საღამოს ნასმენი მელოდიები ჟღერდა..

აღმართ–დაღმართი

ცხოვრება საინტერესო რამ არის და ვერ ვიტყვი რომ უიღბლო ადამიანი ვარ – როცა რამ დამჭირდა, ყოველთვის გამოჩნდა შანსი და მეც უბრალოდ ეს შანსი კარგად გამოვიყენე და არ გავფლანგე. პრობლემები კი, რომ იფიქრებ და გააკეთებ, პარადოქსულია და მასეთ “ნაფიქრ” ნაბიჯებს უფრო მეტი მოყვა.

ხოდა ერთ მხარეს ცხოვრებისეული იღბალი და მეორე მხარეს ვითომ რაციონალური, და სინამდვილეში უკან დამხევი ნაბიჯები, საბოლოოდ ყველაფერს აბალანსებს და არ მაძლევს საშუალებას რადიკალურ უკიდურესობებში გადავარდე. ბანალურად რომ ვთქვა, არც მშია და არც თავზე გადამდის, ხან პოზიტივი იმძლავრებს, ხან ნეგატივი.. მაგრამ ისე, მხოლოდ მცირე დროით, და მერე ყველაფერი ისევ წონასწორობაში მოდის.

ადვილი არ გამოდგა ჩემთვის გამოცდა, როცა მარტოს გიწევს დაგეგმო და გადაჭრა ყველა პრობლემა, რაც ოჯახს აწუხებს, როცა მაშველი ფაქტიურად არავინ გყავს. გამიჭირდა და ლამის მრავალჯერ გავტყდი.. მაგრამ ადამიანი რისი ადამიანია, პრობლემას საბოლოოდ დაეჩაგვრინოს და მეც ხან რა, ხან რა ხერხით თავს ვიძვრენდი მძიმე დეპრესიისგან.

ყველაზე უფრო კი ძილისწინა ფიქრებია მძიმე. როცა, მიუხედავად იმის რომ დილის შვიდიდან უკვე ფეხზე ხარ და მთელი დღე სამსახურში გაატარე, რული მაინც არ გეკარება და ამ დროს ტვინი ათასი სულელური ფიქრით იტენება.. იტენება, მძიმდება, იძაბება.. რაღას არ გადასწვდება, ლამის სამყაროს აღსასრულის სურათს რომ დახატავს და ამ დროს ცოტაც და სიმწრისგან ვიღრიალებ..

მაგრამ ცხოვრებაც რისი ცხოვრებაა – იღვიძებ მეორე დღეს და იგებ ისეთ კარგ ამბავს, ყველაფერს რომ გადაწონის..