“ახალ” ჭერქვეშ

შემოდგომა დაიწყო და მთელი ჩემი დრო სამსახურის გარემომ “შეჭამა”

მთელ შემადგენლობას ჯგუფებად ერთკვირიან კურსის გავლა უწევს. რამოდენიმე დღე თეორიული “სწავლება” და მერე სიმულაციურ გარემოში პრაქტიკული ვარჯიში.

ორივე ტიპის “დაშვებას” ვფლობ, როგორც თეორიის, ისე პრაქტიკული ინსტრუქტორის და ასეთი ტიპის კადრის დეფიციტის გამო ძირითადი საქმის კეთების გარდა – ვიარო სმენაში დღე-ღამის რეჟიმში, დასვენების დღეებშიც სამსახურში ვზივარ და ხან თეორიას ვკითხულობ, ხანაც პრაქტიკულ საწაფზე ვუზივარ კოლეგებს.

ეს პროცესი საინტერესოა, სხვისი არ ვიცი და თავად ბევრ რამეს ვსწავლობ – დაორგანიზება, ცოდნის ქონის გარდა, ელემენტარული აუდიტორიის წინ საათობით მეტყველებაც საქმეა, საწაფზე დინამიკის პულსაციის შეგრძნება – უკვე ათმა ჯგუფმა გაიარა ჩვენს ხელში და ეს პრაქტიკა უდაოდ დიდია თუ დღის ბოლოს დაუკვირდები, იფიქრებ, რა შეგეძლო უკეთ გაგეკეთებინა, გადახედავ, ჩაასწორებ – ეს უკვე უეჭველი გზაა განვითარებისკენ..

ერთი ეგ არის – ხშირად შაბათ-კვირასაც სამსახურის რეჟიმი, ცოტაც და გადავიწვები. მაგრამ არაუშავს – გავდივართ ნელ-ნელა ფინიშისკენ.

ამასობაში კი თვეა საწოლიც დავიდგი ჩემს “ახალ” სახლში და ღამის სათევად მაინც აწი იქით მივდივარ. ერთი ეგ არის – უამრავი რამ აკლია ჯერაც ამ სახლს და დავბორიალობ ცარიელ კედლებს შორის. არც იქიდან სიარულია იოლი აეროპორტის ტერიტორიისკენ. ტაქსით მივდივარ რომელიმე თანამშრომლამდე, და დამატარებენ ჩემოდანივით წინ და უკან. მანქანის ქონის აუცილებლობა დადგა.

აი ეს სკამ-მაგიდის ყიდვის პროცესი კი მხოლოდ ნერვების შლაა ჩემთვის. არ ვარ ის ტიპაჟი, ამ პროცესისგან სიამოვნება რომ მივიღო. არც ჩემოდნით დევს ფული – ხელფასიდან ხელფასს ელოდები რიგი დავალებების ჩასაქრობად. თუმცა გავივლი ამ პერიოდსაც და ტვინს ეს დავალებები რომ გამოუნთავისუფლდება, ბევრად უკეთესადაც ვიგრძნობ მერე თავს.

ვატყობ, დამცინებთ და მაინც უნდა ვაღიარო – მაქვს სიტყვაზე თანხა X და ვიმტვრევ ტვინს, რა საკითხის პრიორიტიზირება მოვახდინო?! – სანათი, კარადა, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაგიდა თუ რომელი ერთი სხვა.. ტვინი მებურდება. ხან დღე გავა და ვერც ვერაფერს მოვაბამ ხოლმე თავს, ყოყმანს აყოლილი.

ამიტომაც მიყვარს ის ძირითადი საქმე, რასაც სამსახურში ვაკეთებ – იქ ძაან კონკრეტული “დავალებით” მივდივარ, კონკრეტული დროის მონაკვეთში. ვჯდები სამუშაო პულტთან და ზუსტად ვიცი, რატომ ვზივარ იქ. დღემდე პროცესისგან სიამოვნებას რომ ვიღებ და ამიტომაც ვარ თორმეტწლიანი სტაჟით უკვე.

სივრცე, გეგმარება, შესრულება. მგზავრი აზრზე არაა, მისი მოგზაურობის პროცესში ამ დროს ადამიანის გონება რომ დგას უკან, გარდა მისი ბორტის კაბინაში მჯდომი პირის პილოტირებისა. გამოვსულვარ გამთენიისას ტრასაზე უმანქანო, ტაქსის მოლოდინში და ჩამიშხუილებენ ხოლმე მანქანებით ის ხალხი, რამოდენიმე წუთის წინ მათ სერვისზე რომ ვზრუნავდი და გულში ვფიქრობ – “აბა ერთი მაინც თუ შეანელებს.. წამიყოლებს”, მაგრამ ან რატომ უნდა მქონდეს ასეთი მოლოდინი – მათ ხომ თვითმფრინავის ბილეთში ფული უკვე გადაიხადეს და ამით დაგენერირებული ჩემი ხელფასი არის კიდეც ამ სერვისისთვის საფასური.

გამოვდივარ “გარეთ” და ცხოვრებაში ეს კონკრეტიკა არ არსებობს – რისთვის დავბორიალობ ხოლმე ქუჩაში, ჩაფიქრებული, ყურებში მუსიკაგარჭობილი. თან მითუმეტეს ზამთარი რომ დადგება და სიცივის დისკომფორტი ძვლებამდე ატანს..

ვერაფერს ვიტყვი.. მივადგები ხვალ ისევ მაღაზიებს, ვიყიდი სკამ-მაგიდას, არა უფრო იმიტომ, რომ ამით ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდება, არამედ იმისთვის, რომ ეს “დავალებაც” ჩავუქრო ტვინს და როცა წამოვკოტრიალდები, ასეთი დეტალებზე აღარ მქონდეს საფიქრი.

მერე კი მიქსერის ღილაკს ხელს ავკრავ, სივრცე მუსიკით აივსება, სიცარიელეს განდევნის და მორიგი დღეც ასე მიილევა.

მაისი..

11
ტრასა ცარიელი, ავტოპილოტს სტაბილური სიჩქარე უჭირავს. ოთხი საათი გავიდა ბათუმს რომ ვუწიეთ. ოთახში შევლაგდით, დაღლილებს მიგვეძინა. ქალაქი ცოცხალია, თბილისს ვერც შეადარებ, ნაკლებ გაგეჩხირება თვალებში ის რეალობა, რასაც თბილისში ასე შევეჩვიეთ (ან ვერ შევეჩვიეთ).

ვერ გაიგებ – თან ეს საოცრად გჭირდება, ცოტა გონება გამოიბერტყო ამ ბოლო პერიოდის სტრესისგან, თან, რისთვის არის ყოველივე ეს?! თუ არ დავიცავით, ვახანგრძლივებთ კიდევ ასეთ რეჟიმს. ფაქტი კი ფაქტია. ბათუმი ბევრად მოშვებულია. ტურისტიც ირევა ასე თუ ისე, რიგი თავზეხელაღებული ზღვისაც უბედავს და არცთუ თბილ ამინდში რუჯის მოკიდებას ცდილობს.

მეორე დღეს – “ავიდეთ ჯაბნიძეებში?!”, სხვა რა საქმე გვქონდა – დავადექით მაღალმთიან აჭარის გზას. ბუნება სწრაფად იცვლება, ზღვას მთა ენაცვლება.

ბოლო რამდენიმე კილომეტრი მობეტონებულ ბილიკზე მივღოღავთ, ალაგ უბრალო გრუნტის გზაც გამოერია. სახლი სადღაც სამყაროს კიდეში, მთის კენწეროზეა წამომართული, ზევიდან დაყურებ არემარეს. კაშკაშა მზეს მალე ღრუბელი ენაცვლება, როგორც ეს მთას სჩვევია და ჭექა-ქუხილის ყრუ, გრუხუნა ხმა არღვევს იქაურობის სიმშვიდეს.

ოთახში მივწექით, მივიძინეთ. სხვანაირად ტკბილი ძილი მოცოცავს უბრალო ხის სახლში, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე. ღია კარებში გრილი, სასიამოვნო ნიავი უბერავს.

სანამ ისევ დაბლობში დავეშვით, სახელდახელოდ დაბზრიალდა მეზობლად მასპინძელი – იქაურობას ადამიანი იშვიათად სტუმრობს, უცხო სახის ხილვას დანატრებულია ადგილობრივი ასაკშეპარული მკვიდრი.

მძიმე ალკოჰოლი მომენტალურად მოქმედებს, ვეღარ იტყვი – ფხიზლად ვარო. თითოეული კერძი კი უსაზღვროდ გემრიელია. წამი ჩერდება, ბედნიერებაც იქვე ახლოში მიდი-მოდის. როგორი გაძარცვულია ამ ადამიანების სიალალისგან ის სამყარო, სადაც ვცხოვრობთ – მოასფალტებულ გზებსა და ბეტონის კედლებში. მაინც დავუყევით დაღმართს და ისევ ნაცნობ მტვრიან ქალაქს შევერიეთ.

კიდევ ერთი დღე მიილია და უკვე უკუგზა თბილისისკენ. ისევ მოცოცდა წვრილმანები..

ფეხით გავისეირნე, ნაცნობ იპოდრომს ვეწვევითქო. წამი მაინც გაოგნებული ვიყურებოდი, თითქოს ადამიანი კი არა მოჩვენება მოდიოდა.

ცოტა ფეხით ჩავისეირნეთ. სიცივე.

მაინც ჩავედი იპოდრომზე – პინკი გადამეყარა, საუკუნე არ მინახავს, ან ვნახე, მაგრამ წამიერად. პინკი კიდევ მთელი სამყაროა, ასე უცებ გაგიჭირდება მისი შეცნობა. ლუდს ხასიათი მოყვა, სახლში ამიპატიჟა.

სასმელთან ერთად მისი ენერგია გადმოიღვარა, წამი არ იყო სიტყვის გარეშე, თრობა ნელნელა მიწას მაცლიდა, მაინც ავიჩემე – სახლში უნდა წავიდეთქო. არადა გონივრული იყო მის შემოთავაზებას დავთანხმებულიყავი და იქვე ცარიელ ოთხაში გაშლილ (ანაც გაუშლელ) საწოლზე თუ დივანზე წამოვკოტრიალებულიყავი.

გზა იყო გრძელი და ფეხი არეული, არაერთხელ ვუთხარი თავს – რას აიჩემე წასვლათქო. ბოლოს მაინც გაილია ეს გზა და მეძინა ღრმად და ყოველგვარი შეგრძნების გარეშე..

ისევ ამოიწვერა მზე – ვერ ვიტყვი რომ რაიმე განსაკუთრებული განწყობით ვეგებები დილას, ან არცთუ დილას – ჩემი გაღვიძება ცოტა აგვიანებს ხოლმე…

4 მარტი

გამთენია, სამგორის მეტროსთან ვდგავარ. რაღაც მანქანამ მომიჩერა – “ტაქსი ხომ არ გინდა”?! კი, მინდოდა, არაფერმა გამოიარა და გახარებული ჩავჯექი – დილის სიცივე ძვალ-რბილში მქონდა უკვე გამჯდარი.

11-მდე წავუძინე. მერე დავიხურე ქუდი და დიღომს ვეწვიე – კოკა მუშაობს, ვადები მხოლოდ პირობითი მცნებაა.
– “ხვალ შევღებავთ”?!
– “შევღებავთ”!

კახას ველაპარაკე – 1 საათში შევხვდეთო. გადავაწყვე გეგმები ტვინში, თან დათომ დარეკა – “ოფისში მოვალ მეცო”

მოვიდა კახა, დავგეგმეთ რაც დასაგეგმი იყო და შევრჩით მე და დათო. ემოციურობა არცერთს გვაკლია. ალბათ მეზობლები შევაწუხეთ ხმამაღალი ლაპარაკით და რატომ ყვირილითაც არა?! დავიცალეთ. ვადები, გეგმები. ფანტასტიკის სფეროს სცენარი დაიწერა. გავთიშე გონება. ცხელ გულზე აღარ დავიწყე ფიქრი.

თხუთმეტ წუთში მშვიდად მოვაბიჯებდით ქავთარაძეზე.

სახლში შევირბინე, ტელეფონი მივაერთე დასატენად – არ გაძლებდა დღის ბოლომდე. რუსთაველისკენ გავწიე.

დაივ ბარისკენ ჩავუხვიე. როდის ვიყავი აქ ბოლოს?! ალბათ ძალიან დიდი ხნის წინ. ცოტა ლუდი მოვწრუპე. კაცი-შვილი არაა, საჰირას წავეჭორავე ცოტა. კანტიკუნტად ერთი-ორი ადამიანი შემოლაგდა. უფრო სწორედ, იქვე ეზოში ჩამოჯდა. შენობაში ჯერ არ გვიშვებენ.

საათს დავხედე, უკვე გვიანია. ცოტა ფეხით გავიარე, სახლში ვაპირებ წასვლას. ხელმა მექანიკურად მაინც ამოიღო ტელეფონი, დავრეკე – “ცოცხალი ხარ”?!

მეტროს ბარათი ბოლო თვეებია უქმად მიგდია საფულეში – ბოლო 40 თეთრი ჩამოაჭრა აპარატმა. კარგია, რიგში დგომა ამცდა ამ თეთრების არსებობით.

მეტროს ხმაური – მიხრიგინობს ვაგონი. გარეთ უკვე სიბნელე ჩამოწვა. გზაზე მანქანები სახლისკენ მიიჩქარიან. რაღაც სკამზე ჩამოვჯექით. უსაგნოდ მივეცი თავი მონოლოგს, შინაგანი სიმშვიდე მომედო მთელ სხეულზე. გრძნობა, რომ ჩემს ბუნებრივ ტყავში ვარ გახვეული – არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, არაფერი ზედმეტი.

მეგობარმა მიშველა – იმ მომენტში ტაქსსაც ვეღარ დაიჭერ. გამომიარა, საბურთალოსკენ გავსრიალდით. თავი ცოტა თამაშით შევიქციე და ძილმორეულმა საწოლს მივაშურე..

ტვინი გაცოცხლდა, თუ რამე ფიქრი არსებობს, ყველაფერი ერთდროულად აინთო. ვადები, ვადები – “შეუძლებელია…” არ მჯერავს იდეალურად დაწყობილი გეგმების, კიდევ ერთხელ ვიჩხუბებთ მე და დათო.

ჩატს ჩავკარი თვალი:

– “როგორ ხარ”?
– ” საფულე ამწაპნეს სახლიდან…”

მშვენიერი, იქნებ პირიქით დამჯდარიყო და კარგი ამბავი ჰქონოდა მოსაყოლი..

მიშას დღეობა მიილია…

საით

A

ოცი წლის ვიყავი, უნივერსიტეტს ვრჩებოდი და ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება.

მას მერე, რატომღაც იღბლიანი გამოვდექი “სამსახურის შოვნაში” და ქართული მაშტაბით აგერ დღემდე საკმაოდ სოლიდურ ხელფასზე ვმუშაობ. ჯერ ჯარის გარემოში, შემდეგ სამოქალაქო ავიაციის სექტორში. და მას შემდეგ ილუზია დამყვება მუდმივად – “აი ცოტაც და ყოფით პრობლემებს დავეხსნები”.

აქაური მაშტაბით ალბათ მართლაც ბევრი რამ შევძელი, ვიდრე იგივე ბევრი ჩემი თანატოლის მაგალითს თუ ავიღებთ. მაგრამ…

მაგრამ მუდმივად მაქვს გრძნობა, ვერ ვახერხებ ბალანსის დაცვას რა “უნდა” გავაკეთო და ამის ფონზე რა “მინდა” სინამდვილეში.

რომ ჩამოვთვალო ეს “უნდა”, ბევრი ვინმე კვერსაც დამიკრავს – “მასეც უნდა გექნა…” მაგრამ ადამიანები განსხვავდებით და ერთია, საზოგადოების დიდი წილისთვის რაა ნორმა და მეორე – თუ კონკრეტულ ინდივიდისთვის რას მოაქვს ბედნიერება.

მე კი ეს ანთებული “დავალებები”, რომელიც მუდმივად “რაღაცის მოკლებასთან” ასოცირდება მომავალში მისაღები სიკეთეების ხათრით, უბრალოდ მღლის..

ეს თვეები გადავდე თანხა. ერთ დილასაც ავდექი, ხელოსანს შევხვდი და ბინის ავეჯის დაკვეთა მივეცი. მაგრამ მივდიოდი შესახვედრად და ვგრძნობდი, როგორ მესიკვდილებოდა სინამდვილეში ყოველივე ეს…

“ყელში ამოვიდა ასე ჯდომა, წამო რა სადმე გავგაზეთ” – მეგობარმა მომწერა და ზაფხულში ევროპული გრანპრიების კალენდარი ჩამიგდო სკრინად. გონებაში ეგრევე “სასიამოვნო მოლოდინების” ნათურა აინთო… ხო რა, რა დიდი ხანია სადმე არ წავსულვარ – წელი?! თუმცა თუ რამ საჩუქარს საკუთარ თავს ვუკეთებ, ეს ქვეყნის მიღმა მოგზაურობაა და ამის ფონზე წელიც დიდ დროდ გადაიქცა.

კი, აქვე ვაღიარებ, გაქცევაა ყოველივე ეს იმ რეალობისგან, რაშიც ცხოვრება მიწევს – “უნდა” პრობლემების მოგვარების გადავადება. მაგრამ თუ ეს “მინდასთან” და სასიამოვნო ამბავთან ასოცირდება, განა არ ღირს?! იქნებ სულაც ფეხებზე უნდა დამეკიდებინა აქამდეც ეს “უნდა” ჩამონათვალი.

ხვალ, ზეგ, კაცმა რომ არ იცის, ზუსტად როდის, მაინც გადავტრიალდები, მოვკვდები.

მიყვარს თვალისთვის უცხო გარემოში თავის ამოყოფა, ფეხით სეირნობა, ქალაქის ვიწრო ქუჩებში ჩაკარგვა, ბარში ლუდის მოწრუპვა და უცხო ადამიანებთან უსაგნო გადაძახილ-გადმოძახილი.

რომ დავთვალე, ლამის სამ ათეულ ქვეყანას ითვლის ჩემი სამოგზაურო ჩემოდანი.. ხშირად არატურისტულ ადგილებზე რომ ამომიყვია თავი, შოტლანდიურ ფერმაში, ან აგრას მტვრიან გზებზე, სან-სებასტიანის ყურეში და არკაშონის ქვიშიან სანაპიროზე…

2020 წელი, როდესაც არანაირი მიზანი არ არსებობდა, დღე მეორე დღის ტყუპისცალი იყო – ნაცრისფერი, კონტურების გარეშე, დადებითი მოლოდინებისგან დაცლილი..

მოლოდინი კი ერთი ისეთი მძლავრი ანკესთაგანია, რასაც ცხვირწინ ადამიანს ცხოვრება გვითამაშებს და მოძრაობის სურვილს გვიღვივებს.. იქნებ არც თუ ისე მოსაწონია ყოველივე ეს, მაგრამ არ გავკარი სხვა რამ “მოსაწონს”, თუ საბოლოო ჯამში დადებით ემოციას მაინც არ იწვევს.

მე კი ვარ და აწი რავი რა შემცვლის, ასეთი სპონტანური, დღევანდელი დღის სიამოვნების მიღებით ბედნიერი ადამიანი, უცებ რომ მომეხასიათება, დავკრავ ფეხს და რუკაზეც რომ არ ვიცოდი მანამდე, ისეთ ადგილას ამოვყოფ თავს და ხვალ რომ ფეხებს გავფშიკავ, იმაზე მაინც არ მექნება გულისწყვეტა – ეს გასული წლები სიხარულისგან დაცლილმა გავლიეთქო…

ფსკერი

დღე დღეს მისდევს..

განწყობის სინუსოიდა კი ჯიუტად რაღაც ძალიან დიდი ხანია მიმართული გამყოფი ხაზის ნეგატიურ მხარეს და ჯერ პირი არც უჩანს, როდის დაიწყებს ამოყვინთვას..

არადა ცხოვრებამ ასე “დაგვაპროგრამა” – მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს და უწყვეტი ცვალებადობა გარდაუვალი პროცესია – უარყოფით ამბებს და განწყობებს აუცილებლად ენაცვლება მეტ-ნაკლებობით დადებითი და როდესაც კარგი არაფერი ხდება, განწყობა მაინც არის უკეთესის მოლოდინში და როგორც ხავს, ამ “მოლოდინს” ვებღაუჭებით.

ოცი-ოცმა კი მოახერხა, რომ უკვე ადამიანები ისტერიკამდე არიან მისულები, იმდენად “ჩავყვინთეთ”, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, ჯანმრთელობა, თუ ბევრი წვრილმანი სხვა რამ.

და როდის დავკრავთ ფსკერს ფეხს, რომ ბიძგმა ზევით აგვისროლოს და უჟანგბადობით ლამის გაგუდვამდე მისულებმა სასიცოცხლო ჰაერის ჩასასუნთქად ისევ ზევით ამოვყვინთოთ, უკვე აღარავინ იცის.

და როდესაც ასეთი ფიქრებით იწყებს ტვინი გამოტენვას, რა გასაკვირი ინსტიქტურად მაინც გადარჩენას თუ ცდილობს ადამიანი და მრავალ წვრილმან საქმეს მივყავი ხელი – ფიზიკურ შრომაში ტვინს ფიქრის წნეხი მაინც ეხსნება..

ასე მოვკიდე ხელი მეგობრების ოფისის რემონტის საქმეს, დავიხურე ქუდი და შაბათ-კვირას სოფელში მიწაზე ვმუშაობ, ბევრს დავსეირნობ, ვკითხულობ, ვუკრავ და დილა რომ თენდება, მართალია დადებითი განწყობის კვალიც არა ჩანს, მაგრამ დღე ამ წვრილმანებში მაინც მალე ილევა და რომელიღაცა თვის კიდევ ერთ რიცხვს საზეიმოდ ვხაზავ…

“გაზაფხულამდე…” თუმცა ეს გაზაფხული შეილება სულაც არ დაემთხვეს კალენდარულ გაზაფხულს.

იყო ამბავი, რომელსაც ზღვისგან დაბერილი ბრიზივით შემოჰქონდა ბედნიერების სურნელი.. მაგრამ მგონი ჩემი ცხოვრება ქვეცნობიერად სხვანაირად დავაპროგრამე.

როგორც სიზმარი ქრება თვალის გახელისთანავე, რაც არ უნდა სასიამოვნო ყოფილიყოს, მყისიერად იაზრებ მის ნულოვან კავშირს რეალობასთან და ვერც შემდეგ ჩაძინებისას “დაუკვეთავ” ამ ხილვის უკან დაბრუნებას.

მაგრამ… შეილება ამაზე გაგეცინოთ კიდეც – მაგრამ ბუნებით მაინც ოპტიმისტი ვარ და მჯერავს იმ დროის, როდესაც ამ ნაწერს წავიკითხავ და აღარც გამახსენდება, როგორ დაიწყო ყოველივე ეს. იმ წამს მთავარი იქნება, რომ დასრულდა და ისევ ქარისგან აზვირთებულ ტალღის ქიმზე მოქცეული მზის სხივებს მივუშვერ გასათბობად სახეს..



ზამთრის მიწურულს

ზამთარია, ასე თუ ისე მაინც სიცივე და ტრადიციულად სიზარმაცის პერიოდი. ბევრი თითქოს არც არაფერი ხდება გარშემო და მაინც მივუჯექი აქაურობას, მოვყვე ამბები, რაც ეს თვეები ხდებოდა.

სექტემბრის დასაწყისში თამარას პატარა შეეძინა და ჩემი უმცროსი დაც ახალი, დედის სტატუსით წარგვიდგა. სამსახურიდან პირდაპირ სამშობიაროში რომ წავედი, სადაც ოჯახის წევრები და გიოს მეგობრები მოყრილიყვნენ.

ანუშკი, რომელიც თათას პატარაობის სურათებს თუ ავიღებთ, ჩემთვის ძალიან ჰგავს ჩემს უმცროს დაიკოს. ერთი ჭკუამხიარული ვინმე მოგვევლინა ქვეყანაზე – საკმარისია ცოტა გაეთამაშო, ყურებამდე პირგახეული რომ გიცინის და რეაგირებს სხვების მიმიკებზე და ხმაზე.. მეც ხუმრობით პატარა თათუშკის ვეძახი და ცოტა დაბნეული ვუყურებ ამ ჩემს უმცროს დას ახალროლმორგებული რომ ეფერება და ეთამაშება თავის პატარას – ვისი გამოისობითაც მისი იაპონიაში მოგზაურობა გვერდზე გაჩოჩდა და ნაცვლად პამპერსების გამოცვლაში გაატარა შემდგომი თვეები..

მე კი ამომავალ მზის ქვეყანას მივაშურე და იქიდან მობრუნებულსაც არაერთხელ მომიწია მეპასუხა კითხვაზე – “აბა როგორი იყო იქაურობაო?!”

ზეპირი თხრობა აშკარად არ მეხერხება და ხშირად არ ვიცოდი რა მეპასუხა ხალხისთვის, ვინც მოლოდინში იყო, თუ ახლა როგორი აღფრთოვანებული მოვყვებოდი ჩვენგან ასე შორიელ ქვეყნის ამბებს.. სიმართლე ვთქვა, მერჩივნა, საერთოდ არაფერს თუ მკითხავდნენ..

და ხშირად უბრალო ბრტყელი ფრაზებით შემოვიფარგლებოდი, რადგან მეთვითონ მიჭირდა გამეაზრებინა, “როგორი იყო იქაურობა…” და მერე მერე, მძიმედ, ნელ-ნელა ამოვდღლეზდი საკუთარ თავს ამბის მოსაყოლად ერთ-ორ სიტყვას..

თუ როგორ ვერ შევიცანი იქაური გარემო ენის ბარიერის გადამკიდე, კაციშვილი ინგლისურად რომ არ ლაპარაკობდა.. იქაც ჩემი ცოდნის (ანუ უცოდინრობის) პრობლემასაც ვახსენებდი, რაიმე შინაარსი შეეძინა იქაურობას.. ალბათ მეტი ინფორმაცია უნდა მიმეღო წასვლამდე და ცოტა მეტი წიგნიც წამეკითხა იაპონურ რეალობაზეთქო.

წესრიგი და პროგრესი?! კი, მშვენიერი იყო, მაგრამ ისედაც შინაგანად წესრიგის მოყვარული კაცი ვარ და ეს უბრალოდ ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო და არა რამე აღტაცების მომგვრელი.. ემოცია და შოკი ინდოეთში უნდა გენახათ, როგორი მივიღეთქო.. როდესაც მართლაც ჩვენი რეალობისგან აბსოლიტურად განსხვავებულ სამყაროში ამოვყავი თავი – ქაოტურ, მრავალფეროვან, ღარიბ, მაგრამ მაინც – ბედნიერი ხალხის გარემოში.. იაპონია კი თავის ჩაბეტონებული მეგაპოლისებით და შრომისგან გადაქანცული ხალხით ცოტა დეპრესიული მეჩვენა..

სხვა რა ხდებოდა, უკვე თბილისში რომ მოვბრუნდი?! სამსახურში განათლების კუთხით შემოთავაზება მივიღე და ცხოვრებამ რამე თუ მასწავლა, ეს გაჩენილი შანსის გამოყენებაა და მეც დავთანხმდი – პერსონალისთვის რიგი კურსების დაგეგმვა, თეორიული მასალის შედგენა და ამ კურსის გაძღოლა-ჩატარება, რაღაც ასეთი დამევალება.

მანამდე კი თავად ვისწავლი, ყოველივე ეს სწორად როგორ მოვახერხო, როცა მარტის დასაწყისში ლუქსემბურგში წავალ. შემდეგ იქნება აპრილი და ხერესი, ესპანეთის სამხრეთი.

ძირითადი საქმე ისევ ფრენების კონტროლი იქნება – საქმე, რომელსაც აგერ ათი წელია უკვე ვაკეთებ და ჯერაც არ მომბეზრებია, ერთგვარი ჰობის ელფერი რომ გასდევს. სივრცე, ბევრი მფრინავი ელემენტი და შენი გონება, როგორ გაანაწილებ ამ “წერტილებს” დროში და სივრცეში, ისე, რომ არავინ არავის უშლიდეს.. რაც უფრო შეუმჩნეველი რჩები, მით უკეთ რომ გიკეთებია ე.ი. საქმე.

მერე ვდგები სამუშაო პულტიდან და მთელი დარჩენილი დროც უკვე შენვე გეკუთვნის. რაშიც გინდა, იმაში რომ გახარჯავ.. ვერაფერს იტყვი – საკმაოდ დიდი ფუფუნებაა..

მაგრამ ამავე დროს, ვერ ვიტყვი, რომ რამე პროდუქტიულის კეთებაში “ვხარჯავ” ამ დროს – ყოველივე ამას მაინც აქვს თავის “ფასი” და ღამის თენების შემდეგ არეული დღის რეჟიმი არის ის საფასური, რისი “გადახდაც” მუდმივად მიწევს.

დღე-ღამე კი ბოლო თვეებია გემრიელად ამერია, თავისუფალ დროსაც გვიანდაძინებული შუადღეგადაცილებულზე რომ ვიღვიძებ – დღე რომ ლამის უკვე ჩავლილია და ძილისგან გაბრუებული არც თუ ისე ეფექტური ვარ.

ერთი ეს არის, ისევ აქტიურად ვკითხულობ ლიტერატურას და ვიძირები სხვის თავგადასავლებში. თავად კი დიდი არაფერი მოლოდინები მაქვს და გარემოსგან მხოლოდ იმას ვიღებ, რასაც “ლანგარზე” გამზადებულს ცხოვრება ისედაც მომართმევს.

რადგან ასეთი განწყობის გამომუშავებას თავადაც შევუწყე ხელი, დიდად აღარც ის მადარდებს, რამე თუ “ისე არ ხდება”, როგორც, ოდესღაც რომ ვოცნებობდი, მინდოდა ყოფილიყო.

ხოდა ვარ ასე, მექანიკურ ორგანიზმად გადაქცეული, რომლის მართვაშიც ემოციები ნაკლებად იღებს მონაწილეობას, არ ვცდილობ რამე ან ვინმე “გადავაკეთო”. ვიღვიძებ, როდესაც საქმე მაქვს. მძინავს, თუ ბუნებრივი მოტივაცია არაა გაღვიძების. ვმუშაობ, იმიტომ რომ ფინანსური რესურსი შევინარჩუნო. ვთამაშობ რაგბს, ვკითხულობ წიგნს, ხანდახან ხალხურ სიმღერაზეც გუნდთან ერთად ვმღერი და დიდი ემოციური რყევების გარეშე დღე დღეს მისდევს.

ქარავანი

აღარც მახსოვს, სად ამოვიკითხე – თითოეული წიგნის წაკითხვა კიდევ ერთი დამატებითი ცხოვრების გავლააო, რაღაც ასეთს წერდა ავტორი. და მართლაც, ზიხარ, ფურცლავ გვერდებს და ავტორის მთელი ცხოვრების ნააზრევს რამოდენიმე დღეში გადაიკითხავ და მთელ მის გამოცდილებას წამებში ისრუტავ – მოკლედ კიდევ ერთი ადამინის ცხოვებით იცხოვებ.

კარგი წიგნის მთავარი გმირი კი ხშირად მთელ რიგ წინააღმდეგობებს აწყდება – სათქმელი, რა თქმა უნდა, გამძაფრებულია – სწორედ რომ ამითაა საინტერესო, თორემ ყოველდღიურობა და უინტერესო წვრილმანები არც ჩვენს ცხოვრებას აკლია, კიდევ წიგნში რომ არ იკითხო. და ზიხარ და ფიქრობ ამ წინააღმდეგობებზე.

ბევრი რამ თან უაღრესად ახლოსაა შენს სულთან და თან წიგნის გმირის ბოლომდე მაინც არ გესმის – რატომ უძნელდება ამა თუ იმ სიტუაციაში არჩევნის გაკეთება და ადამიანად ყოფნის მსუბუქი სევდა და ხანაც უარესი – საშინელი უსასოობის კედელი იწყებს აგურ აგურ დაუძლეველ ბარიერად ამოშენებას..

მე კი.. ალბათ რომელიღაცა ამ გმირის ტყავში გახვეული, საკუთარი წიგნის მონაწილედ ქცეული, ადრე თუ გვერდიდან ვგულშემატკივრობდი და სადღაც გულის სიღმრეში ბოლომდე მაინც არ მესმოდა წაკითხული წიგნის პერსონაჟის, თავად ვხდები რაღაც მსგავსი ისტორიების მონაწილე და ცუდი ის არის, რომ ეს ის შემთხვევა არაა, როცა სწრაფად, რამოდენიმე დღეში გადაფურცლავ და ჩაიკითხავ პასუხების ძიებაში შინაარსს და ამ “წიგნის” სიუჟეტიც სწორედ იმდენხანს გრძელდება, რამდენი წელი სიცოცხლეც ადამიანს დაგრჩენია და გაჩენილ კითხვებზეც ბოლო ფურცლებს რომ ჩაამთავრებ, ანუ სიკვდილკარზემოკაკუნებულსღა გეცოდინება პასუხები..

ალბათ… ძალიან გვიან…

დღის მიწურულს

საჩუქარს, რასაც ჩემი თავისთვის ვაკეთებ, წელიწადში ერთხელ მაინც სადმე მოგზაურობაში წასვლაა.

ერთი დღეც და ამოვყოფ ხოლმე სადმე უცხო ალაგს თავს და ვერ ვიტყვი რომ იქ ჩასვლამდე ბევრი რამ ვიცოდი იქაურობაზე – ალბათ სათანადო განათლების არქონას მივაწერდი ამას, ან არასაკმარის ინტერესს, მომეძია საინტერესო ამბები და ისტორიები იქაურობაზე და ვარ მერე ცოცხალი ემოციის ამარა, რომელიც იქ სეირნობისას დაგეუფლება კაცს და მერე მერე ეს ყველაფერი სადღაც მეხსიერების ჯურღმულში ილექება..

წელიწადია სასექტემბროდ იაპონიაში საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობის მზადებაში ვარ, სადაც ბევრი გადაადგილება და ბევრი ადგილების მონახულება მელოდება და აგერ ისე მიიწურა აგვისტო, ტექნიკური დეტალები კი მოვაგვარე – ფრენა, დასარჩენი ადგილების დაჯავშვნა, მიმოსვლის დაგეგმვა, მაგრამ იქ ისე მიწევს წასვლა, თავად ქვეყანაზე ჯერაც ბევრი არაფერი ვიცი, გარდა ზოგადი ცნობებისა, რაც ნამოგზაურევ ხალხთან საუბრისას მოვიძიე.

ხოდა მეთქი, ასე არ შეიძლება, მანამდე წელიწადზე მეტი მარტინის ცნობილ “song ice and fire”-ის ხუთი უზარმაზარი წიგნის კითხვას შევალიე და დრო რომ გამომინთავისუფლდა, აწი მოდი იაპონელ მწერლებისთვის მოვიცლითქო. ლიტერატურაში ხშირად ერის ხასიათი ჩანს, იქაურ კულტურას ეცნობი, სამომავლოდ ადგილობრივებთან სასაუბრო თემას იჩენ და ა.შ.

რჩევის მოსაცემად მეგობარს გავესაუბრე, მურაკამის და მიშიმას შემოქმედებას ადრე ვარ გაცნობილი, სხვა მწერლებზე დავეკითხე.

მაღაზიაში მისულს კი მისი რჩევა მაინც გადამავიწყდა – “იშიგუროც კარგია, მაგრამ ეგ უფრო ბრიტანელ მწერლად ითვლება, იქ გაზრდილი კაციაო” – სწორედ კაზუოს წიგნამოჩრილი დავბრუნდი სახლში.

გადავფურცლე და მართლაც – შემრჩა ინგლისელი ბატლერის ისტორია, წმინდა ბრიტანულ რეალობაზე დაწერილი, არაფერი იაპონური იქ ნახსენები რომ არ იყო.

გამეცინა, ჩემი გეგმა ასე უცებ რომ ჩაფლავდა, დაწყებული წიგნის მიტოვებაც დამენანა – კითხვას შევყევი.

და იქნებ ძაან საჭიროდ წასაკითხ თემასაც გადავაწყდი, აი ასე, “შემთხვევით”, ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს კაცს, უკან მიგახედებს და მომავალშიც რაღაცეების გადაფასებისკენ გიბიძგებს..

მანამდე კი, კიდევ ერთხელ შევკრავ ჩემს ბარგი-ბარხანას, აქაურ რეალობის გაქცევის კიდევ ერთ უშედეგო ცდაში. ცოტახანი ბედნიერი ვიხეტიალებ სრულიად უცხო გარემოში და მერე…

მერე კიდევ ერთხელ მომიწევს დაფიქრება.

ზაფხულიც

უცნაური ზაფხული გვიდგას – ხშირად წვიმიანი და გრილი საღამოებით.. გაგვიმართლა თბილისში ჩარჩენილებს, ძილის დროს რომ არ ვიხარშებით..

მაგრამ ამინდის სიგრილეს, პოლიტიკური გარემოს პიკურ ტემპერატურაზე დუღული არ გვარგებს – ყველა მხრივ რომ იღვრება ჩვენს ცხოვრებაში და გემოს უფუჭებს ყველაფერს.

რუსთაველი და იქ აქციაზე დგომა ამ ქვეყანაში მგონი არასდროს დაკარგავს აქტუალურობას – ყველა მთავრობა “გვაძლევს” ამის მიზეზს, ვიდგეთ იქ მოთხოვნებით დახუნძლულები.

მაგრამ მთავრობის სიყეყეჩეს ვინ ჩივის, კიდევ უფრო დიდი დოზით სოც-გარემოს ათვისება და იქიდან ბოტ-დაზომბირებული “საზაოგადოების წარმომადგენელთა” მიერ რეალობის გადაკეთების და სხვანაირად მოწოდების მუდმივი ცდაა გამაღიზიანებელი.

იყო რვა ივლისი, როდესაც ავტობუსებით დაგვაშორიშორეს ზომბილენდის წარმომადგენლებს დანარჩენი საზოგადოება. წინა ღამით ნამუშევარი, გამოუძინებელი მივედი ოთხისკენ ადგილზე. რა მეგონა, გამთენიამდე თუ მომიწევდა იქ დგომა.. – თამაშში, აბა ვის უფრო მაგარი ნერვები აღმოაჩნდებოდა, მართლა იდეის ქვეშ გაერთიანებულ ხალხის ჯგუფს, თუ… ორკებად მონათლულ ჩვენს “ძმებს”..

არა, ვერ ჩავუღრმავდები ყველაფერს, სინამდვილეში ყველაფერი ეს რა დიდი დოზით იჭრება ნეგატიურად ჩვენს ცხოვრებაში.. ვერ მოვყვები ყველა დეტალს.. უბრალოდ აღარ მინდა აქ ამოვთხარო და კიდევ უფრო დავიმძიმო განწყობა.

ხოდა სხვა ყველაფერი წვრილმანზე წვრილმანად მოჩანს.. მოვყვე კი?! ვიზა რომ ავიღე და ჩემოდნებს შევკრავ მალე? აი ასე – სიტყვაც კი კმარა ამაზე. იქ სხვა ამბები?!.. სულაც სიცარიელე იყოს.

მაისიც

ცხოვრების ერთი თვეც მიილია და ბევრი არაფერი ახალიც არ მაქვს მოსაყოლი..

ჩემთვის დავაბიჯებ, ხანდახან ხალხსაც კი ვესაუბრები ხოლმე და ტვინი ფიქრებით მაქვს გამოტენილი.

ამდენი წლის მერე როგორ მოვედი ამ წერტილამდე?! წარმოდგენა არ მაქვს, პასუხებიც მითუმეტეს..

ან რა იქნება შემდეგი “წერტილი?!”

დღეს ნაყიდი წიგნი საწყობში ისე დამრჩა, ტრანსპორტშიღა აღმოვაჩინე, რომ რაღაც მაკლდა.. იდება იქ 2-3 თვე…

საოცარი მუსიკის მოყვარული, მაგრამ კონტრაბასს თუ მომაჩეჩებთ, ერთ ნოტსაც რომ ვერ გამოვცემ ისეთს, რის გამოც ეს მუსიკა მიყვარს მე..

ბევრ საინტერესო ამბავთავსგადახდენილი, მაგრამ იმაშიც კი ეჭვს რომ შევიტან, რეალურად კი, მართლა მე ვიყავი ამ ყველაფრის მონაწილე?!

ყოველი ლეგოს კუბიკი მიყოლებით, ლოგიკურად სწორად დალაგებული… მაგრამ ორი ნაბიჯი უკან და რაღაც ისე ვერ არის მთლიან სურათში.. უფერულად გამოიყურება… კი მაგრამ რა?!

და უბრალოდ დღეს ვასრულებ.. და მერე ვიღვიძებ, რადგან აღმოსავლეთის ჰორიზონტზე მზე ისევ ამოიწვერება და ილუზიების ნისლი სქლად ჩამოწოლილი სანამ აორთქლებულა, დილა გრილი და მშვენიერია.