კოლორადოს მთებში 2

ფერმაში სამი მექსიკელი ფუსფუსებს, საქმეებს მაიკი ზედამხედველობს – სამოცწელს მიტანებული კეთილგანწყობილი ამერიკელი. მექსიკელები დილით სახლში გამზადებული ბურიტოებს გვიზიარებენ – მშრომელი ბიჭები, მხიარული ხასიათით – მოიმარჯვებენ ინსტრუმენტებს და ესპანურ ჰანგებზე უბერავენ საქმეს.

სანამ მზე კარგად არ ამოიწვერება, გვარიანად სუსხია. ამას თუ ცოტა ნიავიც წაემატა, მთლად ძვლებამდე ატანს ყინვა. მაგრამ საკმარისია მზემ გამოანათოს, ჰაერი უცებ თბება და უკვე პირიქით, სიცხისგან იხდი და იხდი სამოსს, ლამის უბრალო მაისურით რომ რჩები და მასე თუ შერჩი, მალე რუჯის მიღებასაც დაიწყებ.

წვირლმანი საქმეები მოვითავეთ და დროის მოსაკლავად იარაღს მოვუსინჯეთ კბილი. ვერ ვყოფილვარ კაი მსროლელი, სამი მჭიდი დავაცალე და ორმოცდათიოდე მეტრიდან სამიზნეს სულ რამდენიმე ტყვია თუ გავარტყი, წყლით სავსე პატარა ბოთლს. ერთი ეგეცაა – სანამ იარაღს ალღოს აუღებ, ცოტა მეტი პრაქტიკა გჭირდება. ჯარში ყოფნისას მახსოვს რუსულ აკ-ს საკმაოდ კარგად ვისროდი და ასი მეტრიდან სამშენებლო ბლოკს ნაკუწებად ვშლიდი, ტყვიას არ ვაცელდი.

გიო ცოტას იქაურობაზე მიყვებოდა.. ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა აზიდული ზეგნები, რომელიც მრავალი ათეული საუკუნის წინ ტბით იყო დაფარული (დღემდე დაიკვირვება მთის ძირებში ქვიშის “სანაპიროები”)… მოგვიანებით კი ინდიელების სავაჭრო ზონა იყო. შეთანხმებით იმ არეში ომი აკრძალული იყო და მხოლოდ პროდუქტების გასაცვლელად სამშვიდობოდ იყრიდნენ თავს კონტინენტის უძველესი ბინადრები.

გარშემო მრავლად არის თერმული წყლები და საღამოს ერთ-ერთ მასეთ ადგილსაც მივაშურეთ. ღია სივრცეში გაკეთებული ბასეინი, ვიტყოდი, ზედმეტად ცხელი წყლითაც კი. და ამ დროს ჰაერი მინუს ტემპერატურაზე. თუმცა იმდენად ხურდები, ბოლოს სანახევროდ ტანით ზევით იზიდები, ოღონდ სიცივეს ვეღარც გრძნობ..

მოვდუნდით, მოვითენთეთ..

ხალხი მოდის, ყველა კეთილგანწყობილი – გესაუბრებიან აქეთურ-იქითურს.. ეს ეთიკეტის დაცვა ჯერ აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდება, მინიმუმ მისალმება, ზრდილობიანად ერთი-ორი სიტყვის გაცვლა ჩვეულებრივი ამბავია.

საღამოს ბრაიანმა ჩამოგვაკითხა. ცეცხლი ისევ აგიზგიზდა და გრილზე კიდევ ვახშამი.. ვისკის ბოთლს სახურავი გაძვრა, ცას კი, ამას როგორც ჩვენ დავარქმევდით, ვარსკვლავები მოწყდა..

ჩაფუთნულები შევძვერით ჩვენ-ჩვენ საძილე ტომარებში.. გიო ჯერ კიდევ რაღაცას მესაუბრებოდა, მე ამ დროს კი უკვე ღრმა ძილში მშვიდად ვფშვინავდი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: