სხვა კონტინენტზე

ასე, როგორც მახასიათებს, ერთ დღესაც ავდექი და თვითმფრინავის ბილეთები ვიყიდე – ბევრი ფიქრი-დაგეგმვის გარეშე.

კადრის დეფიციტი სამსახურში და თითქმის მთელი წელი შვებულების გარეშე. ზაფხული არ იყო იოლი – დეტალებს აღარ მოვყვები.

18 ოქტომბერს ჩემი თვითმფრინავი თბილისის ასაფრენ ბილიკს მოწყდა და მოგზაურობაც ასე დაიწყო… ტრადიციულად სადმე გადაჯდომის თანხლებით.

ამჯერად სტამბოლს მიუნხენი ჩაენაცვლა.. შემდეგ ფრენამდე მთელი ხუთი საათი რომ მქონდა. გერმანელმა მესაზღვრემ – ვიზიტის მიზანიო?

– “Just to go outside on fresh air”

– “ah.. okeiii”- ხმა გაწელა და პასპორტი უკან გამომიწოდა..

აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნას, ისევ შენობიდან გარეთ გასვლის შესაძლებლობა ვარჩიე და ასე “გადავკვეთე” ვირტუალური ევროპის საზღვარი.

და რამდენადაც მითხრეს… მაისიდან ეს ბედნიერება აღარ გვექნება – ვიზების დაბრუნებას აპირებენო.. მალე მოვა ეს დროც და გამოჩნდება, მართლაც ასე თუ მოხდა.

მანამდე კი… მანამდე ჯერაც დამღლელი გადაფრენის მოლოდინში აეროპორტის შენობასა და მის გარშემო სივრცეს შორის მოთავსებულ კარებში გავდი-გამოვდიოდი. გააჩნია, შენობაში უფრო მომბეზრდებოდა, თუ ცივ ჰაერზე, უსაგნოდ ასე ბოლთის ცემა.

მერე კი იყო ცხრასაათიანი წამება, აერობუს 340-ის ფუზელაჟში გამოკეტილი, ძილიც რომ ძნელად მეკარებოდა. იტალიელი ბავშვი მთელი გზა ყველა სხვა ჩვილის მსგავს ხმაზე ხმამაღლა ჩხაოდა და ჩაძინებულს ისევ რეალობას მაბრუნებდა… ბორტგამცილებელს მოწყენილობისგან საქმეში ჩემი მიშველება შევთავაზე – მანაც დიდსულოვნად გამომიწოდა ლანჩბოქსი – “ჯერ ეს ჭამე, მერე მელაპარაკეო..”

ისტორიაც მანდ დასრულდა… ფრენა ჯერ კიდევ არა.

გასავათებული ვიდექი საზღვრის დაგრეხილ კილომეტრიან რიგში.. გამიმართლა – მხიარული მესაზღვრე მერგო წილად. იღიმოდა და კეთილგანწყობით მისვამდა არცთუ დათვლად რაოდენობა კითხვებს.. რომ ვუთხარი – ნათესავთან ჩავდივარო, და ისიც ჩამეძია – კერძოდო.. დიდი ბებიები ვახსენე და დამცინა – ეგ რაღა ნათესავი გამოდისო. მართალიც იყო, ხო, უფრო მეგობრები გვეთქმის. მანაც კმაყოფილმა თავი დამიქნია, ჩემი პასპორტი მოიხელთა, დარჩენის ვადად 23 აპრილი 23 წლის კალმით შემოხაზა და აბა შენ იცი, ბედნიერი მოგზაურობა მისურვა.

აეროპორტი საკმაოდ მოძველებული შენობა დამხვდა. დათოს მოლოდინში სულ ერთეული სკამი თუ იდგა, ფეხზე რომ არ ვმდგარიყავი, ჩემსავე ბარგზე ჩამოვჯექი. ვიღაც ქალი მომადგა, ასე ნუ ზიხარო, სკამისკენ მიმითითა. სად არის ადგილი-თქო, გადი მაშინ აქედანო. ვეღარ გავიგე, რა უნდოდა, გავეცალე თვალთახედვიდან. გარეთ წამი გავიდოდა და მორიგ ქართველს ვეჩეხებოდი. არ ველოდი, ამდენი თანამემამულე თუ ირეაოდა ამ არეში. რუსებზე აღარცაა საუაბრი – წყვილი გოგო მომიახლოვდა, დამტვრეული ინგლისურით კითხვის დასმას ცდილობენ. გულში ჩუმად გამეცინა – მათი გემი გამახსენდა.

მგზავრს მანქანებით აკითხავდნენ და დიდი ქაოსი და ორომტრიალი იყო – თვალისთვის ეს ყველაფერი ძაან ნაცნობი – დიდად რომ არ ჩამოგვრჩებიან ტარების “კულტურაში”.

მერე დათოც მოვიდა და შევუყევით ბრუკლინს, შემდეგ ხიდიც გადავიარეთ და კუნძულზე გადავედით. უძილობას და შიმშილს შორის არჩევანი დანაყრების სასარგებლოდ გავაკეთე. შხაპი და აქაური დროით თერთმეტ საათზე თავი რომ მივდე, სამყარომ არსებობა შეწყვიტა. ისე გავახილე დილაუთენია თვალი, ვერც ვიტყოდი, მეძინა, თუ გაღმა სამყაროს ვიყავი გამგზავრებული. ვერც ვიხსენებ, ბოლოს ასეთ ღრმა ძილს როდის მივეცი თავი. არცაა გასაკვირი ოცდაოთხსაათიან გზაზე ყოფნის ფონზე.

მზე ახალი ამოწვერილი იყო, ცნობიერი დამიბრუნდა. ცოტა აქაურობა დავზვერე ფეხით, მერე დარიგებებიც მივიღე და მეტროთი, რომელიც სინამდვილეში მიწისზედაა, მანჰეტენისკენ ავიღე გეზი. არხი დიდი გემით გადავცურე და ნიუ-იორკულ ცენტრს ფეხით ავუყევი.

დღის ბოლოს თხუთმეტ კილომეტრზე მეტს აჩვენებდა ნაბიჯმთვლელი. ცაში აწოწილი შენობები, მრავალი რასის ხალხი აღრეული, აქცენტები, ფერები, შუქნიშნები, გზაჯვარედინები, სირენები, ქუჩის მუსიკოსები… ქაოსი მოქცეული თავისებურ წესრიგში… და სიმწვანე, სიმწვანე ცენტრალური პარკის…

ასე ერთი დღის შთაბეჭდილებით ნანახის აღწერას ნაკლებ მოვახერხებ, სხვა დღეებსაც დაველოდები და ამ ჩანაწერსაც მერე მოვუბრუნდები.. და კოჭლი ტექსტის რედაქტირებასაც სამერმისოდ მოვიტოვებ…