ჯარისკაც(ებ)ის მამა

ვზივარ და ვიხსნებე ძველ ამბებს.. სანამ მახსოვრობიდან წაშლილა და აგერ ცოტას “ფურცელზეც” გადმოვიტან..

2008 წელი დადგა, ჯარში ვარ. მორიგი წყება სავალდებულოს ბიჭები ამოიყვანეს ნაწილში.. აქამდე თუ შემადგენლობა იმერული იყო, აწ უკვე მეგრელი ბიჭები აჭიკჭიკდნენ ყაზარმაში..

რამდენჯერ იყო დილის ტკბილი ძილი (ხო ხო, მეძინა ხოლმე, არ გაიკვირვოთ) მათმა ხმამაღალ ტონში გადასულმა მეგრულმა რომ დამირღვია..

რა გასაკვირი – ემოციური ხალხი იყო. აქედან ორნი ზუგდიდელი ძმები: გოგა და გოჩა, ხალისიანი, კარგი სამეგობრო ბიჭები. ასაკით მცირე, ჭკუამხიარული, მაგრამ სანდო ადამიანები.

მამამისიც, დავითიც გავიცანით, ასევე კარგი ადამიანი, ერთი-ორჯერ ბიჭები რომ მოინახულა – გვესტუმრა. არ ვიყავით ჩაკეტილ მკაცრ რეჟიმში, ვინმესთვის შვილების მონახულება დაგვეშალა.

საღამოობით ეს ხალხი თავისუფალ დროს მთის წვერზე ალაგ მოსწორებულ ადგილზე ფრენბურთის თამაშით თუ ვიქცევდით თავს. სხვა რა უნდა გვეკეთებინა – გარშემო ტყე იყო, დასახლებული პუნქტი რამოდენიმე კილომეტრით შორს და ისიც ჩასვლისას დაღმართს რა უჭრის, ამოსვლისას სული რომ გაგძვრებოდა. მოკლედ თუ რამე საქმე არ იყო, სადმე “გასვლა” კაცს გვარიანად დაგეზარებოდა.

მაგრამ მაინც არა გვიჭირდა რა.. ეგ ის იშვიათი მონაკვეთი იყო, არასასურველი ხალხი რომ ჩამოვიცილეთ და უფროს-უმცროსიანად ყველა ურთიერთპატივისცემით და მეგობრულად ვიყავით განწყობილი. ეს დამოკიდებულება იქაურ ერთფეროვნებას გაძლებადს ხდიდა.

მერე კი.. აგვისტო და ის ავადსახსენებელი პერიოდიც დადგა.

ვიღას ახსოვდა “ფრენბურთი”..

ომის დროს რამოდენიმე დღე საბრძოლო პოზიციაზე ვრჩებოდით. მერე კი ევაკუაცია დაგვევალა და ჩვენი აპარატურა სადღაც ტყეში შევრჩუთეთ. დაიწყო ის აუტანელი უსასრულოდ გაწელილი უმოქმედობის პერიოდი..

ერთმანეთს სიტყვასაც კი ძნელად ვეუბნებოდით, აღარც ხუმრობის ხალისი იყო.. აღარც მეგრული ჟღურტული. შევყურებდით ავტომატჩახუტებულები მოსასვლელ გზას. ყარაულობის მეტი სხვა არც არაფერი ფუნქცია აღარ გვქონდა.

ერთ დღესაც ეს ჩვენი ძმები ცოტახნით დაგვეთხოვნენ – “ახლავე მოვბრუნდებითო”

სად “გაიქცეოდნენ”?! – არ მივაქციეთ ყურადღება.

მართლაც გადის მომენტი და უკანვე მოშრაშუნობენ ფოთლებით დაფარულ ბილიკზე…

მაგრამ ორის ნაცვლად, მესამე სილუეტიც დავლანდეთ. გავხედეთ და დავითა – ძმების მამა.

“ორი ბიჭი მყავს სულ (აქ მეგრული კილო უნდა წარმოიდგინოთ), ომია! ესენი აქ არიან, მე იქ სახლში რა მინდა?!”

ასეთი კაცი იყო დავითა – მთელი ის პერიოდი ჩვენ გვერდზე გაატარა. ჩვენსავით ფხიზლობდა ყარაულის დროს და დარდებსაც საერთოს იზიარებდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: