თურქეთის გრანპრი

შუაღამეს გადაცილებული იყო, ბიძაშვილმა რომ მომწერა – “არ გინდა თურქეთში წამოსვლა?”

რატომღაც აქამდე მეგონა რომ ფორმულა ერთის კვირა ჩვენებურ არჩევნებს ემთხვეოდა და წასვლა არც მიფიქრია. თურმე თარიღები ამრევია.

დათოს მივწერე – “წავიდეთ!”

ნახევარ საათში თვითმფრინავის ბილეთი და სასტუმროს ჯავშანი უკვე ჯიბეში მედო.

მერე იყო ორკვირიანი მომქანცველი პერიოდი სამსახურში, სადაც დღე არ დამისვენია – ან სმენაში ვიყავი და ანაც სწავლებაზე. და ამის ფონზე ისე მოვიდა გაფრენის დღე, დიდად ფიქრი მოგზაურობაზე არც კი მიტრიალებდა ტვინში.

უცებ ჩავალაგე პატარა ჩემოდანი და აეროპორტში წასვლამდე საჩუქარიც გავაკეთე – მაგრამ ცდა ჩაფლავდა და ადრესატამდე არც მიაღწია. თუმცა მე უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი. უსაფრთხოების ღვედი გადავიკარი პეგასის არცთუ კომფორტულ ბორტზე და მალე ამწე ძალამ ჰაერშიც აგვაგდო – ბოლოს წელიწადნახევრის წინ ვიმოგზაურე.

გამთენიას უკვე საბიჰა გოკჩენში ვიჯექით. საზღვარზე არც დაუხედავთ ჩემი კოვიდპასპორტისთვის. ტაქსი, ერთი საათი საცობში და სასტუმროში შევლაგდით. ღამენათევზე პირველი რაც ვქენით, რა გასაკვირი, ძილი იყო.

შუადღეს გადაცდა – ცივი, უჟმური, მოღრუბლული ამინდია. გემრიელი სტეიკით გამოვიკეთეთ გუნება. მერე ფეხით ჩავისეირნეთ სულთან აჰმეტის უბნის ქუჩებში და ბოსფორზე ნავის ორსაათიან ტურზე წავედით. ის დღე ასეც მიილია.

გათენდა შაბათი და რისთვისაც ჩამოვედით, ფორმულა ერთის გრანპრი იყო, ერთი 60 კილომეტრის მოშორებით რომ არის ჩვენი უბნიდან ეს ტრეკი. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, იმის დროც არ მქონდა წინდაწინ დამეგეგმა იქ როგორ მოვხვდებოდით – თურმე მწარედ სანანებელი გამიხდებოდა ეს ამბავი.

“ტაქსიმზე მიხვალთ, იქიდან შატლს ნახავთ იქ წამსვლელს.” – არასწორად მიგვასწავლეს გზა. დავდივართ ცარიელ ტაქსიმზე, ცრის. ხალხის სიხალვათე ეგრევე ნიშანია, რომ არასწორ ადგილზე მოვხვდით. ინგლისურად კაციშვილი ვერ გვპასუხობს – ფორმულა ერთზე ყველა მხრებს იჩეჩავს.

ვეძებთ შატლები საიდან გადიან. შორია – ერთი 20 კმ უნდა იქამდე მისვლას, დრო უკვე წნეხს ახდენს. პერიოდულად ტაქსის გაჩერებას ვცდილობთ. რუკაზე შეხედავენ სად არის ტრეკი, ყველა უარს გვეუბნება. განწირულები ვეძებთ შატლამდე მისასვლელ გზას. ეგეც გაუგებარია – ხან საით გაგვიშვეს, ხან საით. დრო უაზროდ დაიკარგა.

სამი საათიღა გვრჩება, არცთუ ბევრი.

გალუმპულები უაზროდ მივუყვებით გუგლით ნაჩვენებ გზას – ვიპოვოთ მეტროს ხაზი, რომელიც შატლებამდე მიგვიყვანს. “ბოლო ცდა” – მორიგ ტაქს გავუქნიე ხელი. მობილურით რუკას ვანახებ. სახე დაემანჭა მძღოლს. საფულედან კუპიურებს აძრობს – “შორია, ამიტომ…” 200 ლირას მაჩვენებს. აქამდე კითხვა-კითხვით 1000 ლირასაც კი ითხოვენო, ასე ვიცით. მშვენიერი წინადადებაა!

– “თამამ”! ბედნიერმა დავუქნიე თავი, მაგრამ ავიხედე და სად არიან ჩემი მეგობრები?! – ტანში გამცრა. არ შემოუხედავთ, ალბათ მექანიკურად გააგრძელეს ფეხით გზა და სადღაც ქუჩის კუთხეს მოეფარნენ. სიმწრით დაჭერილი ტაქსი შეიძლება გამექცეს. ბედი ინტერნეტი გვქონდა და სასწრაფოდ მივწერე – “დაბრუნდით”! წუთი და გამოყვეს ქუჩის ბოლოდან თავი – “გვეშველა, წავედით!!”

მძღოლი, არც ის საუბრობს ინგლისურად, რუკას უყურებს. მე მისი თურქული არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, ვსაუბრობთ. ვიგებთ, რისი თქმა გვინდა:

– “შორია, მე ევროპულ მხარეს ვმუშაობ. 2 ზე უნდა ვიყო აქ და ვერ მოვასწრებ. მაგრამ სხვა ტაქსთან მიგიყვანთ, რომელიც იქ წაგიყვანთ…”

რა არჩევანი გვაქვს?! ოკეი. 50-იან კუპიურას მაჩვენებს, “ამას მე მომცემ, 150-ს იმას” – all good, ვანიშნე.

სადღაც მივღოღავთ საცობებში. მიუჩერა ვიღაც ტაქსს – “არკადაშები არიანო” მეორე მძღოლი ფასზე რომ დაიჭყანა. მაინც დაითანხმა.

გადავლაგდით მეორე ტაქსში. არც იმას ესმის ინგლისური. დაყურებს ნავიგაციას – სამი არჩევანია. მივუხვდი ფიქრს – სწრაფ მარშრუტზე ვუთითებ. “კი მარა აქ თოლები არისო.. დამატებითი გადასახადი..”

შენ დროზე მიგვიყვანე, არაა პრობლემათქო.

ტაქსომეტრზე მითითებს – “მაშინ ამით გადაიხდი” – ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ დროზე მივიდეთ. ისევ კომუნიკაცია გაუჩერებელი, მიუხედავად ენის ბარიერისა – ფაქტია, ვიგებთ რა გვინდა.

ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რა გვიჭირდა, მივქრივართ. მაგრამ აი ბოლო ხუთი კილომეტრი და გაწითლდა ნავიგატორი. პრინციპში რათ გვინდა ნავიგატორს შევხედოთ – ასი მეტრიც და დავდექით. კუს ნაბიჯებით დავიწყეთ წინ გადაღოღება.

დავაგვიანებდით, ვანიშნეთ, ფეხით წავალთთქო. ტაქსომეტრმაც პატიოსნად წინდაწინ შეთანხმებული 150 ლირა დაწერა. დავუტოვე ცოტაც საჩუქრად – ისიც ბედნიერი დარჩა.

ერთ საათიანი ფეხით მარში და ტრეკიც გამოჩნდა. ჩეკპოინტიც გავიარეთ და ამოვისუნთქე, რეზერვად ნახევარი საათიც გვრჩებოდა. ჭამა, ყავა. ტრიბუნაზე ავედით. ცხოვრებაში პირველად, თავს პატივი ვეცით და გრანდსტენდზე ავიღეთ ადგილები – საუკეთესო ხედით სტარტ/ფინიშის და პიტსტოპის ბოქსების, ყველაფერს რომ დაჰყურებ, რაც რამე ხდება მნიშვნელოვანი, შენ ცხვირწინ ვითარდება.

ნახევრად სველ ტრასაზე პილოტები მაინც სლიკებით გამოდიან და პირველსავე მოსახვევში, სადაც ჯერაც წყალი დგას, მანქანის მორჯულებას ცდილობენ – 200 კმ/საათით რომ გადიან და სველზე საჭეც გემრიელად უთამაშებთ.

მერსების ტემპს ვერავინ მიყვა. ლუისმა საუკეთესო დრო დადო, მაგრამ ჯარიმით მე-11 დადგება. ბოტასი და ვერსტაფენი კი სასტარტო გრიდს გაიყოფენ.

ბედნიერები წამოვედით პირველი დღით და თურმე ჯერ სად ხარ. მოსვლა ერთი და უკან წამოსვლა?

შატლებში იმდენი ხალხი ეტენება, კორონა კი არა, თუ რამე დაავადება არსებობს, ყველაფერს აიკიდებ. ჩვენ იქ ამსვლელები არ ვიყავით.

ტაქსი?! ჰა ჰა 1-2 გამოივლის და მიდი თუ ბიჭი ხარ დაასწარი ხალხის იმ ზღვას, სასოწარკვეთილი რომ ჩამწკრივებულა ჩქაროსნულ ტრასის გასწვრივ. პირდაპირ ომია – ვინ დაასწრებს.

საათი ასე ვიდექით უიმედოდ და არ ვიცოდით იქიდან როგორ გამოგვეღწია…

ბოლოს ცა გაიხსნა და სამი ცარიელი ავტობუსი ჩამოდგა – ადამიანურად ავედით, დავსხედით.. ღვთის წყალობამ სახლამდე 20 კმ-ში ჩამოგვიყვანა. მერე იყო ის მატარებელი, რომელსაც დილით ბატებივით ვეძებდით, ცოტაც ფეხით და გრძელი დღის დაღლილობა ჯერ სასტუმროს საუნაში მოვიშუშეთ და მერე ბარი და 1-2 კათხა ლუდიც მივაყოლეთ.

კვირა დღეს კი უკან ისევ ეს დამქანცველი გზა – მაგრამ ერთი ის კი იყო, უკვე ვიცოდით როგორ გვემოქმედა. ფეხით სიარული მაინც არ აგვცდა. საცობში დგომას ისევ ასე ჯობდა.

მერე კი ტრიბუნა, სამი საათი და ოცი ჩამწკრივებული მანქანა – ძრავები აბღუვლდა, ხუთი წითელი შუქნიშანი ჩაქვრა და ზე-ბოლიდები გავეშებულები მიაწყდნენ მცირე სწორი მონაკვეთის შემდეგ პირველსავე მოსახვევს..

ბოლოს კი იყო ბოტასის ზეობა და მაქსის მეორე ადგილი, მაგრამ უჟმური სახე..

ქართველების კამპანიაში ვიმგზავრეთ უკუგზა, და მოგზაურობის დასრულებაც სადღაც იქაურ დაივბარის ნაირ ადგილზე ავღნიშნეთ ბევრი ლუდის აკომპანიმენტით.

ეს ორი-სამი დღე ფიზიკურად საოცრად დამღლელ რეჟიმში ვიცხოვრეთ, იმდენი ვიარეთ ფეხით და იმდენად სხვანაირად გადავიღალეთ, გრძნობა მქონდა, ორი კვირით გავედი ქვეყნიდან. მაგრამ ეს დაღლა სასიამოვნო დაღლილობა იყო.

ტვინდამშვიდებული და ბედნიერი მოვბრუნდი ქვეყანაში.

თბილისური მოძრაობა და საცობები კი პირდაპირ სამოთხეა სტამბოლთან შედარებით..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: