უცნობი ქარჩხაძე


ერთი ჩვეული დღე იყო, ბახტრიონზე მივსეირნობდი, წიგნების მაღაზიაში შევეხეტე.

დავუყევი დახლებს და ნაცნობი მწერლებს დავუწყე თვალით ძებნა. ქართველ მწერლების რიგს შევყევი, ქარჩხაძის წიგნებს გულგრილმა ვერ ჩავუარე და… ნაბიჯი უკან – რაღაც ახალი გამეჩხირა თვალში – “უცნობი ქარჩხაძე”. გადავფურცლე, 2020 წლის გამოცემა იყო, აქამდე გამოუქვეყნებელი მოთხრობები, ზოგიც დასრულებული და ზოგიც დაუსრულებელი..

მწერალი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, არცთუ შორეულ 1998 წელს. პირველი ნაშრომი 26 წლისამ თუ გამოაქვეყნა. არასრულ ოთხ ათეულ წელში კი რაც მოასწრო, გულში მხოლოდ სინანულს იწვევს, გრძნობას, რომ ბევრად მეტის თქმა და მოყოლა შეეძლო ამ ადამიანს. დარჩა კიდეც რამოდენიმე ნაშრომი დაუსრულებელი. პირველ რიგში “განზომილება” და დანარჩენი კი ახლადნაყიდ მოთხრობების კრებულში აღმოვაჩინე.

თხრობას ცალკე არსებულ წიგნზე – “განზომილებით” დავიწყებ, რადგან ახლადაღმოჩენილ კრებულში შეტანილი მოთხრობები სწორედ ამ ნაშრომს ეხმიანება.

სიუჟეტი უცანური ზარით იწყება, მთავარ გმირს იაკობს ვინმე უცნობი დათიკო ურეკავს და სოფელ ეწერში ეკლესიის გაქრობას აუწყებს. იქვე ბიძის, იონას დეპეშა მოსდის და სასწრაფოდ სანაკლიოში ჩასასვლელად იხმობს.

გზად შემოდის სალომეს პერსონა, მისი გაფუჭებული მანქანა და დამთხვევა, რომ მასაც გზა სანაკლიოსკენ ჰქონდა, რიკოთის გვირაბი და იქ დატრიალებული უცნაური ამბები. მისი გავლისას აღრეული განზომილება და დროის და სივრცის გამრუდება.

საფიქრალ ტექსტს, როგორც მწერალს ახასიათებს, ალაგ მკითხველს “ამოსუნთქვის” საშუალებას მსუბუქი იუმორის შემოტანით აძლევს. აბზაცებს ამარტივებს, კომიკურ ხასიათს სძენს ზოგ მონაკვეთს – სალომეს მამიდები და პრომეთეუს დიდებულიძის გატაცების ამბავი..

ბოლოს სცენაზე სწორედ პრომეთეუსი გამოდის. მწერალი ამ პერსონის გარშემო თხრობას ძალიან შორიდან, მისი ბავშვობიდან იწყებს. დიდებულიძე მოაზროვნე ადამიანია, მისი პირით აზრები იწყებს დენას, მთელი მოვლენების შეფასება, ერთგვარი იარაღი მწერლის ხელში, სინამდვილეში მთელი თავის ნააზრევი რომ გამოაშკარავოს და მკითხველს პატარ-პატარა ლუკმებად, შედარებით იოლად მოსანელებლად დაუდოს.

სახელი პრომეთეუსი სიმბოლურია, მაგრამ ქარჩხაძე ამ სახელს მოყოლილ ყოფით უხერხულობებზეც არ იზარებს თხრობას. სოფელში გაზრდილი ბიჭუნა ხშირად სწორედ ამის გამო დაცინვის ობიექტად რომ იქცეოდა ხოლმე.

თუმცა, დროთა მსვლელობაში პრომეთეუსი სახელზე უფრო, თავის უცნაური გამონათქვამების გამო დაიწყებს თანასოფლელი ბიჭუნების ყურადღების მიქცევას.

და კვანძის გამონასკვნას რომ იწყებს მწერალი, სამწუხაროდ თხრობაც სწორედ აქვე წყდება..

ახლადნაყიდ კრებულში “სახელი მისი იაკობი” მოთხრობას ვფურცლავ, ასევე დაუსრულებელს, და სიუჟეტი ოდნავ გადასხვანაირებული, მაგრამ ძირითადი ხაზი იგივე. აქაც ზარი, ვინმე დათიკო ყურმილსიქით და უცნაური შეტყობინება: “ეწერში ეკლესია გახსოვს?! – გაქრა”!

და მერე კი სამსახურში უფროსი იბარებს ამ მოთხრობის გმირს იაკობს, და რახან იაკობი ეწერელია, იქ წასვლას და “ამ ამბავში გარკვევას და ხალხის დაშოშმინებას” სთხოვს..

ვფურცლავ შემდეგ გვერდებს და კიდევ ერთი დაუსრულებელი ტექსტი – “სამყაროს კონცეფცია”, ალბათ განზომილებისთვის განკუთვნილი მონაკვეთი. ისევ პრომეთეუს დიდებულიძე და “მისი” დაკვირვებები..

მწერალს უკვე ფიზიკის, მათემათიკის კანონზომიერებები გამოაქვს სცენაზე და სამყაროს არსის ახსნას იწყებს ნაბიჯ-ნაბიჯ.. და აქაც მხოლოდ ნაგლეჯს თუ ვაწყდებით იმ აზრების, რისი გადმოცემაც საბოლოოდ ქარჩხაძეს ჩაფიქრებული ჰქონდა..

ერთგვარ ბაბილონის გოდოლის შენებას იყო შეჭიდებული სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალი.. ღმერთმა თავიდან ალბათ გაიცინა კიდეც და შემდეგ მტკიცედ ამოყვანილ კედლებს რომ ჰკიდა თვალი, ალბათ შეცბუნებული დაფაცურდა კიდეც და თავისთან გაიხმო ეს კაცი… “შენი ყოფნა დედამიწაზე უკვე სახიფათო ხდებაო”.

ასე, ერთი და იგივე თემატიკის გარშემო წამოწყებული რომანი და რამოდენიმე მოთხრობა მიგვანიშნებს, რომ მწერალი ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო, ბევრი მონახაზით, თუ საბოლოოდ რა ფორმით შეკრებდა სათქმელს და გულისწყვეტის მეტი არაფერი რჩება, რომ ამ ყველაფრის დასრულება ვერ მოასწრო..

და ბოლოს, კიდევ ერთი დაუსრულებელ მოთხრობა კრებულიდან: “ელემინები”, სადაც ელემენტარულ ნაწილაკებზეა თხრობა, მათ სამყაროს აღქმის უნარზე, მათ სიმართლეზე, რომ მხოლოდ ორი განზომილება არსებობს, რადგან არ აქვთ უნარი ფიზიკურად მესამე განზომილებას და შესაბამისად სივრცეს აღიქვამდნენ და ერთი “რჩეული” ელემინი, რომელიც ქადაგად დგება და უზიარებს მის უცნაურ გამოცდილებას “მოძმეებს”, როგორ აღმოაჩინა მესამე განზომილება..

პარალელები.. იქნებ მწერალი მიგვანიშნებს ეს ელემინებზე კი ვწერ, მაგრამ ადამიანებს გეხებათ, რომლებიც მხოლოდ სივრცეს და დროს აღიქვამთ და იმის მიღმა სხვას ვეღარაფერს, რადგან ამის უნარი არ გაგვაჩნია..

და არც აქ ვიცით როგორ “მოაკვარახჭინებდა” მწერალი საბოლოო სათქმელს..

თუმცა ეს დაუსრულებელი ნაშრომებიც საკმაოდ საფიქრელს და სააზროვნოს ტოვებს, გავცდეთ ჩვენი აღქმის ჩარჩოებს და განზომილებებს…

იმედია ჯემალს სადმე გაღმა მაინც შევხვდები და გავიცნობ.. ერთს გადავეხვევი და მერე დაგროვილი კითხვებით ცოტა თავსაც შევაბეზრებ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: