4 მარტი

გამთენია, სამგორის მეტროსთან ვდგავარ. რაღაც მანქანამ მომიჩერა – “ტაქსი ხომ არ გინდა”?! კი, მინდოდა, არაფერმა გამოიარა და გახარებული ჩავჯექი – დილის სიცივე ძვალ-რბილში მქონდა უკვე გამჯდარი.

11-მდე წავუძინე. მერე დავიხურე ქუდი და დიღომს ვეწვიე – კოკა მუშაობს, ვადები მხოლოდ პირობითი მცნებაა.
– “ხვალ შევღებავთ”?!
– “შევღებავთ”!

კახას ველაპარაკე – 1 საათში შევხვდეთო. გადავაწყვე გეგმები ტვინში, თან დათომ დარეკა – “ოფისში მოვალ მეცო”

მოვიდა კახა, დავგეგმეთ რაც დასაგეგმი იყო და შევრჩით მე და დათო. ემოციურობა არცერთს გვაკლია. ალბათ მეზობლები შევაწუხეთ ხმამაღალი ლაპარაკით და რატომ ყვირილითაც არა?! დავიცალეთ. ვადები, გეგმები. ფანტასტიკის სფეროს სცენარი დაიწერა. გავთიშე გონება. ცხელ გულზე აღარ დავიწყე ფიქრი.

თხუთმეტ წუთში მშვიდად მოვაბიჯებდით ქავთარაძეზე.

სახლში შევირბინე, ტელეფონი მივაერთე დასატენად – არ გაძლებდა დღის ბოლომდე. რუსთაველისკენ გავწიე.

დაივ ბარისკენ ჩავუხვიე. როდის ვიყავი აქ ბოლოს?! ალბათ ძალიან დიდი ხნის წინ. ცოტა ლუდი მოვწრუპე. კაცი-შვილი არაა, საჰირას წავეჭორავე ცოტა. კანტიკუნტად ერთი-ორი ადამიანი შემოლაგდა. უფრო სწორედ, იქვე ეზოში ჩამოჯდა. შენობაში ჯერ არ გვიშვებენ.

საათს დავხედე, უკვე გვიანია. ცოტა ფეხით გავიარე, სახლში ვაპირებ წასვლას. ხელმა მექანიკურად მაინც ამოიღო ტელეფონი, დავრეკე – “ცოცხალი ხარ”?!

მეტროს ბარათი ბოლო თვეებია უქმად მიგდია საფულეში – ბოლო 40 თეთრი ჩამოაჭრა აპარატმა. კარგია, რიგში დგომა ამცდა ამ თეთრების არსებობით.

მეტროს ხმაური – მიხრიგინობს ვაგონი. გარეთ უკვე სიბნელე ჩამოწვა. გზაზე მანქანები სახლისკენ მიიჩქარიან. რაღაც სკამზე ჩამოვჯექით. უსაგნოდ მივეცი თავი მონოლოგს, შინაგანი სიმშვიდე მომედო მთელ სხეულზე. გრძნობა, რომ ჩემს ბუნებრივ ტყავში ვარ გახვეული – არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, არაფერი ზედმეტი.

მეგობარმა მიშველა – იმ მომენტში ტაქსსაც ვეღარ დაიჭერ. გამომიარა, საბურთალოსკენ გავსრიალდით. თავი ცოტა თამაშით შევიქციე და ძილმორეულმა საწოლს მივაშურე..

ტვინი გაცოცხლდა, თუ რამე ფიქრი არსებობს, ყველაფერი ერთდროულად აინთო. ვადები, ვადები – “შეუძლებელია…” არ მჯერავს იდეალურად დაწყობილი გეგმების, კიდევ ერთხელ ვიჩხუბებთ მე და დათო.

ჩატს ჩავკარი თვალი:

– “როგორ ხარ”?
– ” საფულე ამწაპნეს სახლიდან…”

მშვენიერი, იქნებ პირიქით დამჯდარიყო და კარგი ამბავი ჰქონოდა მოსაყოლი..

მიშას დღეობა მიილია…