ჯაბას ისტორიები

ისტორია 1

იყო ერთი ჯაბა – ჯაბა კაი კაცი იყო, ყველას ზრდილობიანად ესალმებოდა, მაგრამ ცოტა უცნაური ვინმე კი იყო ეს ჩვენი მეგობარი.

ხოდა ჩემთვის ვზივარ აივანზე, საჭმელს ვილუკმები…

აივნები კი, სამეზობლოს კი არის ერთი 4-5 მეტრში ერთმანეთისგან დაშორიშორებული…

მეზობლად ჯაბა გამოდის – ხელაწევით ღიმილიანი სახით მესალმება: “ჟორას გაუმარჯოსო”.. თან მეორეში უზარმაზარი ხანჯალი მოუხელთებია.

– “ვეჟო ეგ რაღა ხმალი გიჭირავს?!”

– “ჰარაკირი უნდა ჩავიტარო ჩემო ძმობილო – იმდენი წიგნი წავიკითხე ამ ამბავზე, სწორად თუ გააკეთებ, სიკვდილი ახლოსაც კი არ გაგეკარება!…”

მოულოდნელობისგან ჩაკბეჩილი ბუტერბროტი ლამის სასულეში გადამცდა და სანამ ხმა ამოვიღე:

– “ხომ არ გაგიჟდი, გინდა აქვე ფეხები გაფშიკოთქო?!…”

არ გაიქანა და არ იტაკა ეს ხმალი, თუ ხანჯალი ამ ჩვენმა ჯაბსონამ მუცელში და კარგა გემრიელადაც ჰორიზონტალურად გაუსვ-გამოუსვა…

მერე კი გადმოყრილ ნაწლავებზე უარესად გადმოეკარკლა თვალები და აცახცახებული და შეცბუნებული, გაკვირვებული მიყურებდა.. სისხლისგან რომ იცლებოდა და მგონი ისიც კი ჩაიხრიალა -“მიშველეო..”

აბა აწი მე მაგას რაღას ვუშველიდი.. სულ რომ ჩემი აივანი მისაზე ყოფილიყო მიტყუპებული და ერთი მესკუპა.. დიდი დიდი მკლავებს მოვხვევდი და მცირე ნუგეშითღა გავისტუმრებდი გაღმა სამყაროს..

ასე კი… იწვა მარტო საკუთარ სისხლის გუბეში და სულს ლევდა, ეს ჩვენი კეთილი მეგობარი ჯაბა..

ამბის დასასრული

ისტორია 2

კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით ჯაბაზე – ამჯერად ბავშვობაში რომ შეემთხვა.

მოკლედ ჯაბა, ჯერ კიდევ სანამ ჰარაკირით დაასრულებდა ცხოვრებას, პატარაობაში ერთი მშვიდი, წყნარი, მშობლების მოყვარული ბავშვი იყო.

მაგრამ ძმა ყავდა ოხრის ერთი – ვატო, ცელქი და მოუსვენარი.

ვატო ხშირად იწყენდა ხოლმე და გასართობად ათას ოინბაზობას მოიფიქრებდა, თავი რომ რამით შეექცია.

ხშირად ამ ოინბაზობის მსხვერპლი ბუნჩულა ჯაბა ხდებოდა.

ერთხელ, მაგალითად, მეორე სართულის აივნიდანაც კი აიძულა ესკუპა დაბლა დაყრილ ქვიშაში, “დედამ თქვა, მშიშარა შვილი არ მჭირდებაო, თუ ვუყვარვარ უნდა გადმოხტესო..”

ხოდა ამ გულუბრყვილო ჯაბსონამაც არ ისკუპა?! ისკუპა და ცუდად დახტა.. ქვიშა არასაკმარისად ბევრი იყო დაყრილი და მოკლედ ეს ყველაფერი ფეხზე თაბაშირის დადებით დასრულდა..

მოგვიანებით დედა რომ ეფერებოდა და თანაც მაინც შეაპარა:

– ” კი მაგრამ, რას ფიქრობდი, იქიდან რომ ხტებოდიო?!”

ამანაც დაამღერა, რაც მანამდე ვატოსგან მოისმინა.

“სამაგიეროდ ჩემით ხომ ამაყობ დედა?!” – სლუკუნებდა პატარა ჯაბა..

დედას კი უკვე ბრაზი ერეოდა და ვერ მიმხვდარიყო, ჯაბას გულუბრყვილობაზე უფრო მოსდიოდა გული, თუ ვატოს ონავარ ხასიათზე..

ისტორია 3

ამასობაში ჩვენი ჯაბა წამოიზარდა, და როგორც აქამდე ვახასიათებდი, წყნარი, კეთილი ბუნებით გამოირჩეოდა..

მაგრამ, როგორც ჩვენს დროში ბევრი, ვერც ჯაბა გადაურჩა ყოფით, ყოველდღიურ პრობლემებს და ერთთავად “ფულის ჩალიჩში” იყო..

და ხანაც სასოწარკვეთილი, ამ ფულის საშოვნელად ტოტალიზატორისკენ მიმავალ მოლიპულ გზას დაადგებოდა ხოლმე..

იმ საღამოსაც ჯიბეში შემორჩენილი ბოლო ოცლარიანი შეაცურა აპარატში და რამოდენიმე “ფაიზაღი კუშიც” მონიშნა

ოცნებებში წასული დასაძინებლად გაემზადა..

“ხვალ ამ ფულს მოვიგებ და მერე კი კომუნალურებსაც გადავიხდი..” ღიმილით ფიქრობდა ჯაბა..

ძილში კი უცნაური სიზმარი იხილა..

დიდი, ღრუბლებით გაფორმებული ტოტალიზატორის წინ იდგა – “ზეცა” რომ წაეწერათ, ჯიბეში ერთადერთი ვალუტა – “რწმენა” ედო..

შევიდა და პროგრამა მოითხოვა

“კუშები” უცნაური ეწერა:

– ” წმინდა ცეცხლის გადმოსვლა – 1,05 ”
– ” წმინდა მამაო სიკვდილის მერე არ გაიხრწნება – 1,1 ”
– ” მეორედ მოსვლა მალე იქნება 1,2 ”

და ა.შ. და ა.შ.

მანაც რამდენიმე ნაღდი ვარიანტი აარჩია, ამოიღო ჯიბიდან რწმენა და დამშვიდებულმა დადო..

შენობა რომ დატოვა, მერეღა დააკვირდა – ამობეჭდილ ფურცელზე შესაძლო მოგებად ისევ ის “რწმენა” ეწერა, რაც აქამდეც გააჩნდა და აწი ერთი არასწორი გათვლა და ნუთუ შეიძლება დაკარგოს?!

რაც გააჩნდა, ასე ჰოპ და ერთი ხელის მოსმით დაკარგოს..

“არა, არა ეს არ მოხდება!!!” – ფიქრობდა თავისთვის

და ამასობაში გზაზე ღმერთიც შემოხვდა, იქვე ქვაზე რომ ჩამომჯდარიყო და ისვენებდა

მაგრამ იმ წამს ჯაბსონას რწმენა უკვე ფსონად ჰქონდა დადებული და ვერც კი შეამჩნია უფალი მისი, სევდიანი თვალებით როგორ უყურებდა, ისე ჩაუარა გვერდზე…

მძიმე ემოციებით, მთლიანად ოფლში გაწურულს გამოეღვიძა ჯაბას – გულზე ხელი მიიკრო, აჩქარებულ პულსს მიაყურადა..

მობილურს გადასწვდა, გაახსენდა, ბარსელონას თამაში იმავე საღამოს რომ უნდა ყოფილიყო..

ჩახედა livescore-ს და კიდევ უფრო ცივმა ოფლმა დაასხა – მესის ავტოგოლი და ზე სენსაციაზე ზე სენსაცია – ბარსელონამ ლევანტესთან სახლში წააგო!..

მოწყვეტით ჩაემხო ისევ საწოლში ჯაბა…

ხვალინდელი პურის ფულიც კი წაეგო…

ის ღამე თეთრად გაათენა ჩვენმა კეთილმა მეგობარმა…

ისტორია 4

დრო გადიოდა, ჯაბას ფინანსურ პრობლემებს კი ბოლო არ უჩანდა..

შვება რელიგიაში ჰპოვა – დადიოდა ეკლესიაში და გრძნობდა, მის პიროვნებაში რაღაც იცვლებოდა..

აღმაფრენა იმდენად დიდი იყო, ერთ დღეს კალამსაც კი წაავლო ხელი და რაღაც ისტორიის ჯღაბნა დაიწყო..

მეორე დღეს მამაო შანშეს წააკითხა..

გულის ფანცქალით ჰკითხა – “როგორიაო?!”

– “ამაზე დიდი ყლეობა დიდი ხანია ცხოვრებაში არაფერი წამიკითხავს!..”

ჯაბას გასაკვირად ბრაზიანი სახით, ასე პირდაპირ, უხეშად მიახალა მამაომ…

შეცბა ჩვენი მეგობარი…

– “მაგრამ… ” – თან ცოტა ჩაეღიმა და ბოლოს შუბლი გაეხსნა შანშეს…
– “რაღაც ვიფიქრე – შემილია ეს შენი ისტორია სოცქსელში გამოვაქვეყნო?!”

ხო ეს ფეისბუქობანა შედარებით ახალი ხილი იყო იმ დროში..

– “კი მარა ორი წამის წინ…”

ენა ძლივს მოატრიალა პირში ჯაბამ, სიტყვები ყელში გაეჩხირა, წინადადება ვეღარ დაასრულა.

ვეღარ გაეგო ამასხარავებდნენ, თუ სერიოზულად ესაუბრებოდნენ… ერთთავად სირცხვილისგან ხურდა და პერანგიც ოფლისგან ენამებოდა..

– “ხანდახან შვილო, ასეთი ამბები საუკეთესო საკენკად შეილება გამოდგეს ჩვენი ძვირფასი და-ძმათათვის. დაე აკენკონ!!!”

საღამოს ახმაურდა კლავიატურა… სიმბოლო სიმბოლოს მიემატა, ტექსტი გამოიკვეთა – მოზრდილ აბზაცებად იქცა…

ისტორია კი ერთი ჯარისკაცის ამბავს ეხებოდა, თუ როგორ დაქოქა რიგითმა მანქანა, ვისი დამცირებაც ბოროტებით შეპყრობილ მოხელეს ჰქონდა გადაწყვეტილი… და მთელი საოცრებაც ის იყო, რომ ამ მანქანას რეალურად ძრავა არ გააჩნდა.. და რწმენით და ლოცვით გაცოცხლებულ რკინად იქცა…

იჯდა მეორე დღეს ჯაბა თავის პერსონალურ კომპიუტერთან და ათასობით ადამიანის აღმაფრენით სავსე კომენტარებს კითხულობდა მამაო შანშეს “პოსტის” ქვეშ..

ეს ხომ სინამდვილეში მისი შემოქმედების ნაყოფი იყო!!! მერე რა, რომ თავიდან “უდიდეს ყლეობადაც” კი მოიხსენიეს… ალბათ ხუმრობას ჰქონდა ადგილი… თავმდაბლობა რომ არ დაეკარგა… მიწაზე მყარად მდგარი დარჩენილიყო…

ხომ, ალბათ ასეა – ბრძენი კაცია შანშე, ზუსტად იცის როდის, სად და რა უნდა უთხრას ადამიანს..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: