ქორწილი ყაზბეგში


სეზონი შემოტრიალდა და გეზი ისევ ყაზბეგისკენ გვაქვს – რამოდენიმე დღის წინ კაკომ მომწერა, პატარა ქორწილს ვიხდი და აბა გელოდებიო. სამსახურის გარემოთი ვისარგებლე და პარასკევს წამსვლელ ხალხს დავემგზავრე. მე, მიხო, ქეთო და სიჭინიო ვზივართ მანქანაში და რამე თუ გვაწუხებს, ცოტა მოძალებული შიმშილის გრძნობაა.

გზად რაღაც რესტორანში სხვებიც შემოგვიერთდნენ, ცოტა წავიხემსეთ და საათში უკვე დანიშნულების ადგილას ვართ.

პატარა, კომფორტულ კოტეჯებში დავბინავდით და საქორწილო დეკორაციების გაწყობას შევუდექით. ზამთარში გატარებული მშვენიერი რამოდენიმე საღამოს შემდეგ სასტუმრო ოიშეს პერსონალი მეგობრულად დაგხვდა და აგერ ერთად დავფუსფუსობთ სტუმრების მიღებისთვის ადგილის გასაწყობად.

მალე მზეც მიიმალა და ისედაც გრილი ზაფხულის ფონზე, მოსაღამოვებულზე მთის სუსხმა გვაიძულა, თუ რამე თბილი სამოსი გვქონდა წაღებული, შევფუთნულიყავით და მერე გზად წაყოლიებულ ჯინსაც ხარბად მივეძალეთ.

ალკოჰოლმა და მგზავრობამ თავისი კვალი მაინც დაგვამჩნია და შაბათს ზარმაცულად გვიანობამდე მივეცით ძილს თავი – ისევ აკაკის მოწერილმა გვაიძულა ცოტა ავჩქარებულიყავით შემორჩენილი საქმის დასასრულებლად.

თავის მხრივ ანი და აკო ათასი წვრილმანის მოსაგვარებლად დარბოდნენ – საღამოს დაგეგმვა, საჭმლის გამზადება, დეკორაციის გაწყობა, და რა გასაკვირი, ამდენ წვრილმანზე ფიქრით და ორგანიზებით ცოტა დაძაბულობა თუ ეტყობოდათ.

ხოდა თუ რამე ჩემში უჟმურობა და სიზარმაცეა, გვერდზე გადავდე. ხელის შეშლის ნაცვლად, რომ მივხმარებოდი და მოვიქოქე.. მოვიქოქე კიდევ რბილად ნათქვამია.

ნელ ნელა სხვა სტუმრებიც მოიკრიბნენ და დათქმულ დროს ელიას მონასტერში ავიხიკეთ – ერთნაირ სამოსში გამოწკეპილი რამოდენიმე ათეული კაცი კარგი სანახავები კი ვიყავით.

ჯვრისწერის ცერემონიალიც გასრულდა და იქვე ფეხით სავალზე სამოქალაქო ქორწინების რიტუალის შესასრულებლად მდელოზე სახელდახელოდ გაწყობილ ალაგსაც მივაშურეთ.

ბუნებას ლამაზად ერწყმოდა ხის მორებით შეკოწიწებული სკამები – მცირე, მაგრამ სადა დეკორაციით გაფორმებული. საჯარო მოხელემ ჩვენი დაგვიანებით ცოტა აღელვებულმა სწრაფად ჩაარაკრაკა გაზეპირებული, მრავალგზის ნათქვამი ფრაზები.

და ცოტახანში რიტუალის ოფიციალურ მხარე მოლეულებმა ისევ ოიშეს ეზოს მივაშურეთ, სადაც ასევე სადად გაფორმებული გარემო და საჭმლის პატარ-პატარა ლანგარზე გაწყობილი დოზები გველოდა.

მალე ხალხის ფუსფუსის ხმაური სოლოს (სოლომონი) გიტარის ხმამ და მაგდას მშვენიერმა ვოკალმა გადაფარა და საღამოც მოიქოქა..

მერე იყო ბევრი ცეკვა, მხიარულება და მომღიმარე სახეები.. მაიმუნობის და სიცელქის ხასიათზე მოსული მე. ამ ყველაფრის ფონზე ვერავის რომ დავაჯერებდი, სინამდვილეში ერთგვარი უხასიათო უჟმურიც რომ გახლავართ. იშტაზე მოსულმა ბოლოს მიკროფონიც რომ მოვიხელთე და სპონტანურად რაღაც მოგონილი სიმღერაც მივახურდავე სოლოს მშვენიერი რითმის ფონზე..

კვირას დილით ბორჯომჩახუტებულებს გამოგვეღვიძა – დადებითი ენერგიით დამუხტულები გამოვუყევით ტურისტებით გადატენილ თბილისისკენ მომავალ გზას..

P.S.

მადლობა ჩვენს მასპინძლებს, სასტუმრო  ოიშეს პერსონალს

ასევე ვიზუალის შექმნისთვის ქოჩოს – ამ ჩანაწერის ფოტოც რათქმაუნდა მისგან არის “მოპარული”

მუსიკალური გაფორმებისთვის სოლოს და მაგდას

და რათქმაუნდა ანის და აკოს, ამ მშვენიერი საღამოს ჩუქებისთვის.