როგორი იყო მარტი..

ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაური

როდესაც სამსახურის ღამისთევები ისევ ყელში ამომივიდა, პატარა შვებულება დავწერე და მარტის თავგადასავლებიც ასე დაიწყო..

ღამენათევი პირდაპირ ქუთაისის გზას დავადექი – იმ დღეს იქით საქართველო-გერმანიის მატჩი იყო და როდის იყო სადმე წაბოდიალება დამზარებია.

დიდუბეში სოფო მელოდებოდა და გზასაც ორნი, მე და ჩემი ბიძაშვილი გავუყევით. რამოდენიმე საათი საუბარ-ძილ-ღვიძილში მალე გაილია და ქალაქის შესასვლელთან უკვე თემოც მელოდებოდა.

დრო ცოტა კიდევ გვქონდა და ჯერ შიმშილი მოვიკალით.. მაგრამ თურმე ვერ გავთვალეთ და პირველი ორი ლელოც ჩვენი სტადიონის შესასვლელის რიგში დგომისას დაიდო..

ქუთაისურ მატჩით მაინც დიდი სიამოვნება მივიღე – სავსე ტრიბუნა და თვალსასეირო ვარჯიშ-თამაში, ბორჯღალოსნების იოლი გამარჯვებით დასრულდა.

საღამოს რიონის პირას ვახშამი და სოფო თბილისის გზაზე ნოეს დავამგზავრე, მე კი თემოს მასპინძლობით ვისარგებლე და ორიოდე დღე იქაურობას შემოვრჩი.

შემდეგ დღეს რა უნდა გვეკეთებინა, მე და ჩემი ქუთაისელი კოლეგა მანქანას მივუჯექით და ასე უმიზნოდ გზას დავადექით – ჯერ ცაგერს ვუწიეთ, მერე კი იქიდან ამბროლაურში გადავედით. მიხვეულ-მოხვეულ მშვენივრად მოასფალტებულ გზას მივუყვებოდით და ბუნების სილამაზის თვალიერებით გულს ვახარებდით.

ამბროლაურში მშვენიერი რაჭული სამზარეულო დავაგემოვნეთ და ბედნიერებმა სხვა გზით ისევ ქუთაისისკენ ვქენით პირი და ასე ერთი დიდი საპატიო წრე შემოვარტყით იმერეთ-ლეჩხუმ-რაჭას.

ბარში თუ უკვე გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა, შაორი მოყინული და დათოვლილი დაგხვდა. ასე ათეულ წუთში ზამთარში ამოვყავით თავი.

მერე ისევ ბარად დავეშვით და ვერც გელათს ავუქციეთ გულგრილად გვერდი და საღამოს საკმაოდ დაღლილზე თბილისზე გაცილებით წყნარ ქუთაისურ სახურავზე წამომართულ კაფეტერიაში ვწრუპავდით ლუდს.

რაგბი ატოცში

თბილისში მობრუნებული ჯასა შემეხმიანა ნეტით – აქამდე ამ კაცს არც ვიცნობდი. იდეა გამანდო – “არ გინდა საოკუპაციო ხაზთან სოფლად რაგბის ჩვენება მოვაწყოთო.”

რუსეთთან ჯახი გვიწევდა და სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა ამ მატჩის ცხელ წერტილში მოსახლეობისთვის ჩვენებას.

თავიდან ცოტა ეჭვით ჩავფიქრდი – სულ სამი დღე გვრჩებოდა და იდეის გარდა ჯერ არაფერი არსებობდა..

ვიფიქრე და ადამიანი ასე ნდობას მიცხადებს, როგორ ვუთხრა უარი, ხომ უნდა არსებობდეს პრეცენდეტები, რომ თუნდაც აბსოლიტურად უცხო კაცს აჩვენო, რომ კარგი იდეის გარშემო გაერთიანება და მხარში დგომა შეგვიძლია.

მეორე დღეს დილაუთენია უკვე გზას ვადექით.

ჩავედით ადგილზე, იქ კიდევ ერთი ტიპი გამოგვეცხადა თანაორგანიზატორობის სურვილით. “აპარატურაზე დავრეკე და 1600 ლარს მთხოვენო..”

მშველელად ისევ კობა მომევლინა – “ბიჭებს ხელფასი მიეცით და ბენზინი ჩაუსხით, შენი არაფერი სხვა არ მინდაო”, ხარჯი სამას ლარამდე შემცირდა.

მოსახლეს მოველაპარაკეთ, აპარატურა ერთ ერთი ოჯახის ეზოში უნდა დაგვედგა.

დაიწყო ცოტა ნერვიული შემდეგი ორი დღე – გამოვა?! არ გამოვა?! არანაირი გამოცდილება რამე მსგავსის მოწყობის აქამდე არ მქონია.

თუმცა ეს ფიქრები გამგზავრების წინა დღეს სხვა გარემოში თავის ამოყოფამ ცოტახნით გამინელა – ახალი თავგადასავლის ძიებაში ბარიდან ბარში ალკოჰოლმოკიდებული რომ ვბოდიალობდი..

მეორე დღეს დილით ნაბახუსევზე ლამის კი ვინანე წინა დღის სასმელზე დახარბება – საჭეს უნდა მივჯდომოდი და აი მართვის მოწმობის ჩამორთმევა და დაგეგმილი საქმის ორგანიზებაში ახალი ხელშემშლელი ფაქტორის გაჩენა ნაღდად არ მაწყობდა..

სითხისგან გაჭყეპილი, ისედაც ვიგვიანებდით და ორ წუთსაც კი დავეშურე, გზად სადმე მიმეჩერებინა.. მძიმე საათნახევარი იყო გასაძლებლად..

მერე ატოცამდე გამართული ქართული საგუშაგოებზეც გავიარეთ პროცედურა და მატჩამდე ორი საათით ადრე აპარატურის გადმოლაგება დავიწყეთ.

ოჰ.. როგორ გამიჭირდება მოგიყვეთ, რა დაძაბული ვიყავი ის ორი საათი, როდესაც მთელი რიგი პრობლემები წარმოგვექმნა ტექნიკური და ამას საზიზღარი ამინდი, ქარი და წამოყრილი თოვლიც ზედ ემატებოდა.

“შევძლებთ?! მოვასწრებთ?! – არასასიამოვნო ფიქრები უფრო მიტრიალებდა თავში.

ჯასამ მენიუ.ჯი შეიგულა, ხალხის ტრანსპორტირება და საჭმელ-სასმელი რომ უზრუნველყო და ასამდე კაცი კი ჩამოვიდა სხვადასხვა ქალაქებიდან შეხვედრის საყურებლად.

მათ წინაშე დიდი იყო პასუხისმგებლობა, აღებული ვალდებულებისთვის თავი გაგვერთვა და რამე შეფერხებას ადგილი არ ჰქონოდა.

“აბა, გიო, დამშვიდდი, ჯერ ეს კაბელი გაჭიმე, მერე ეს დინამიკი დადგი – ჯერ რაც მაინც გასაკეთებელია, ის მოიშორე, სხვა პრობლემაზე შემდეგ იფიქრე..” და ასე ვაიძულე თავი ნაბიჯ ნაბიჯ მივყოლოდით სისტემის გაშლას.. მერე დენის პრობლემაც როგორღაც მოვაგვარეთ, სატელევიზიო სიგნალიც ავად თუ კარგად დავიჭირეთ და მატჩამდე წამებით ადრე მონიტორზე გამოსახულებაც აკიაფდა..

ნერვიულობის ერთი ტალღა ამით მორჩა… და დაიწყო შემდეგი – ქართულ-დათვური დაპირისპირების 80 წუთი.

წვიმა თამაშს დაღს ასვამდე და პირველი ტაიმის ბოლო წუთამდე შეხვედრაც თანაბარი იყო.. მიწურულს კი შერკინებით მაინც დავჯაბნეთ ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლები და გულშემატკივარიც მოხასიათდა.

მეორე ტაიმში კი წვიმაც შენელდა და ჩვენმა გუნდმაც თამაშს მოუმატა. უკვე აღანაირი კითხვა აღარ ჩნდებოდა, თუ იმ დღეს ვის დარჩებოდა მოგება და იქაურობაც გახარებულებმა დავტოვეთ.

მანამდე კი ატოცელ ბიჭუნებს რაგბის ბურთი ვუსახსოვრეთ და პატარა გაკვეთილიც ჩავუტარეთ ბურთაობის ანი-ბანის..

დასკვნებს, შეფასებებს აქ აღარ დავწერ, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა იმ ერთ დღეს ადგილობრივებისთვის და ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის, ვინც იქ შეიკრიბა, ან ასე დისტანციურად ვინც ვებსივრცეში გვადევნებდა თვალს..

საღამო მაინც ბარში დავასრულე, ლევანის მომზადებულ დიდებულ ჭაჭის კოქტეილებზე..

ჯაზანოვა

შემდეგი დღე ორშაბათი იყო, სინამდვილეში კარგი დღე და შემდეგი რამოდენიმე, არც თუ ისე კარგი..

ბარემ აქვე ვიტყვი – სახლში ლეიბი მივაგდე და ახალ გარემოში პირველი ღამეც გავათენე. ჯერ მხოლოდ მტვრის ყლაპვით გამოწვეული ხველება მახსენდება – მეორე დილით სველი ნაჭერით გამწარებულ-გაბრაზებული რომ ვწმენდდი ნარემონტალზე შერჩენილ ჭუჭყს.

და ამასობაში შაბათიც მოვიდა – დილით ელექტრიკმა სახლი მიმიშტეფსელა, განათებები მიმიმონტაჟა და სახლს შუქიც შეემატა. მერე იყო და ხალხურ სიმღერის გაკვეთილებსაც მივუსწარი და თორნიკემ გემრიელად გვამღერა. არც სპორტს და თაჩ-რაგბს გამოვაკლდი და ჩქარჩქარა დუშგადავლებულმა უკვე სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად გავწიე.

სიცარიელე განწყობაში. აი ასეთი იყო საქართველო-შვეიცარია და 0:2.

გემრიელ ლუკმად კი ჯაზანოვას კონცერტი იყო მოტოვებული მეგობრების გარემოცვაში რომ ამოვყავი თავი და კარგი ცოცხალი მუსიკაც მოვისმინე.

მერე ვერც ამჯერად ვუღალატე ტრადიციას, კონცერტმოლეულზე მუსიკოსები რომ მოვიხელთე და მეგობრული ერთი-ორი სიტყვა გავცვალეთ.

დილით კი მაღვიძარამ ისევ ადრიანად დარეკა და ბეეეევრწლიანი პაუზის შემდეგ აირსოფტის სათამაშოდ დელისისკენ გავემართე ძველი მეგობრების გარემოცვაში.

კოჯორში ციდან ფიფქები ცვიოდა და არც თუ სათამაშო ხასიათს გვიქმნიდა.

ცოტა მივითოშეთ, ცოტაც ვითამაშეთ და საღამოს უკვე შვებულებაგალეულზე სამსახურში მონიტორს ვეჯექი და აგრერიგად ნაცნობ ფრაზებით პილოტებს “ვეჭორავებოდი”..