ყაზბეგისკენ

დათქმულ დროზე მისვლა არავის მოგვსვლია აზრად, ერთი ნახევარი საათიც და დავიძარით. გზად მაღაზიაში ჩვენი ჭკუით ორი საღამოსთვის საკმარისი ალკოჰოლი გამოვზიდეთ – ვერ გავთვალეთ.

ჯერ რა გვიჭირს, არხეინად ვართ – გზა ასე თუ ისე თავისუფალია. მერე უკვე გუდაურისკენ მძღოლმა ისეთები ჩაატარა, “სვაიაკის” პასუხების გამოცნობის რა გითხრათ, თვალებდაქაჩული ნერვიულად გზას კი მივჩერებოდი – ერთ მოსახვევში ლამის პატრულის მანქანა შემხვედრზე რომ გავიტანეთ.

ბედად სიკვდილი იმ დღეს არ გვეწერა. საბოლოოდ მშვიდობით ჩავაღწიეთ ყაზბეგს და Oishe ჰოსტელის კარებს მივადექით. სასიამოვნო ხალხი დაგვხვდა მასპინძლად. თუმცა მათთვის რამდენად ასევე სასიამოვნო იყო ჩვენი სტუმრიანობა, ცოტას კითხვის ნიშანს დავსვამდი.. არა, ისეთი არაფერი გვჭირდა, უბრალოდ გამთენიამდე სახლი აკლებული იყო და ფარატინა კედლებს არ მგონია მასპინძელთა ტკბილი ძილი ჩვენი ხმაურისგან დაეცვა.

მას შემდეგ რაც შიმშილს მოვერიეთ, ხელად ნაირნაირი სამაგიდო თამაშები გაიშალა. თუმცა “სპლენდორის” ოთხეული სკამის დასაკავებლად თავიდანვე რიგები შეინიშნებოდა.. სიჭინავას აზარტი ყველაფერზე მაღლა იდგა და მის წუწუნს როგორც წესი თან გამარჯვებაც მოჰყვებოდა და ატკაცუნებდა მერე კმაყოფილი თითებს და სახეზეც ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.

მე კი უაზარტობას ტონიკში გაზავებული ჯინით ვუტევდი და საკმაოდ წარმატებულადაც, როდესაც მეორე ჭიქაზე ჩემს თავთან იმის აღიარებაც მომიწია, რომ კაი გვარიანად შეზარხოშებული ვიყავი..

ამ დროს საპიკნიკე ვარიანტ დინამიკიდან ნაირნაირი სტილის მუსიკა იღვრებოდა.. გააჩნია ვისი მობილური იყო მიბლუთუზებული და რიტმას აყოლილი ჯინიანჭიქაჩაბღუჯული ვირწეოდი და სახლიც ირწეოდა..

სიზმარშიც ჩავიძირე, თუმცა გონების ჯერ კიდევ ფხიზლად დარჩენილი მცირე ცნობიერი ნაწილი პუხლიკას თეატრალურ გამოსვლას და აღფრთოვანებული პუბლიკის ხორხოცს აღიქვამდა და იყო ერთი დომხალი გონებაში.. და იმ ღამეს გარეთ ქარიც მაგრად მძვინვარებდა და მგონი ეგეც კი მედარდებოდა – სახურავი თუ წამოგვხადათქო..

რა გასაკვირი დაღლილმა თუ გავიღვიძე.. დილით, ნუ ხო კაი თითქმის დილით… ორ საათზე ანუ.

მისწრება იყო ცოტა გასეირნება.. მითუმეტეს ქარიც მიწყნარდა და მზე დაგვნათოდა.

ელიას მთა არც თუ მთა აღმოჩნდა, რომ ფეხით ასვლა გაგვჭირვებოდა. თუმცა თვალი გვატყუებდა, ლამის გერგეთის სწორზე გვეგონა ვიყავით.

მზე გადაიწვერა, დაბლა დავეშვით. ბავშვურ ამჩატებას ვერ მოვერიეთ და ჭიდაობამ მალე თოვლში ამოგვგანგლა მე და ლაშა.. მთელი ორგანიზმი მაგრძნობინა კისერში ჩაყრილი გამდნარი თოვლისგან დაგორებულმა წვეთმა.. სახლში დროზე მივასწარი, სანამ სველი ტანსაცმელი მიმეყინებოდა.

ცხელი შხაპი, ორგანიზმი გაცოცხლდა..

მერე მოსაღამოვდა კიდეც და რომელიღაცა კალენდრით მორიგი ახალიწლის შესახვედრად სავახშმოდ სუფრას მოვუსხედით. პუხლიკა ალაგ-ალაგ გიტარას მოიმარჯვებდა და სპონტანური ლირიკით გვახალისებდა. ხანაც კორო რამე ცნობილ კომპოზიციას ააჟღერებდა და ჩვენი სიმღერით მასპინძელთა ხვედრს ალბათ კიდევ უფრო მძიმედ ასატანს ვხდიდით.

დილის ექვსი საათი მალე მოიპარა..

და თვალისდახამხამება და ისევ იმ “მარშრუტკაში” იგივე მძღოლს ვეჯექით, აქეთობისას ლამის საიქიომდეც რომ მიგვაცილა..

უნდა ითქვას, ამჯერად აღარ ეჩქარებოდა და უკუგზაც უფრო მშვიდობიანი გამოდგა..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: