What did you say..?! (Part II)

კომპლექსური საჰაერო სივრცე და მოძველებული პროცედურები

კიდევ ერთი ჩადებული ნაღმი დაუხვეწელ პროცედურებშია – როდესაც რიგი მათგანის ჩამოყალიბება ხდებოდა, მაშინ საჰაერო ნაკადი და გამოწვევები სულ სხვა იყო და შესაბამისად ესა თუ ის პროცედურა ამ რეალობაზე იყო მორგებული.

გარემო კი სწრაფად იცვლება და მოთხოვნებიც იზრდება. სიტყვაზე ქართულ მაგალითს თუ ავიღებთ, ბოლო წლებში დაახლოებით ერთ დღე-ღამეში საშუალოდ 300-მდე საჰაერო ხომალდს ვემსახურებოდით, წლევანდელი სტატისტიკით კი ზაფხულის პერიოდში ეს ციფრი ხანდახან 450-მდეც იზრდება.

პროცედურების დახვეწა და განვითარება კი იმავე ტემპში ვერ ხორციელდება, სწრაფადვე რომ უპასუხოს უკვე ახალ რეალობაში არსებულ მოთხოვნებს. პროცედურის (წესების) დაუხვეწელობა კი იძლევა საშუალებას ინდივიდმა შენი შეხედულებით იმოქმედო და ყოველივე ეს შეცდომის დაშვების რისკს ზრდის. იზრდება მისკომუნიკაციის ალბათობაც შენ გვერდით მჯდომ პარტნიორთან, თუ მეზობელ ქვეყნის ოპერატორთან.

მაგალითისთვის რომ მოვყვე, რას ვგულისხმობ, ავიღოთ ანკარის ზონიდან მომფრენი ჩვენთვის ასე საყვარელი ვიზეარი. ქუთაისში დაჯდომა რომ მოასწროს, უკვე თურქეთის ზონიდან იწყებს ხომალდი დაშვებას და რადგან სტანდარტული პროცედურა არაა გაწერილი, თუ რა სიმაღლეზე შეუძლია თურქ მეთვალყურეს ამ ბორტის ჩვენს კონტროლზე გადმოცემა, იწყება ზარების მთელი ჯაჭვი და გრძელი ვერბალური კოორდინაცია.. ჩვენი ოპერატორი მიღებულ ინფორმაციას მერე მეთვალყურეს გადმოგვძახებს – “ანკარამ დარეკა, რა სიმაღლეზე დაუშვას ვიზეარი..” პეტრეს 210 მოწონს, მე 230 გადავძახებ, ვიღაცა 250.. “ორასორმოცდაათი, გავიგე!” და უკუჯაჭვი და კიდევ ერთი რისკი, არასწორად გაიგოს რომელიმემ მეორეს ნათქვამი – “ჰო გავიგე”, “Ok Sir two four zero” ყურმილის იქიდან პასუხი და ბრახ სადღაც ვიღაცამ რაღაც არასწორად გაიგო. შეცდომაც ნელნელა თუხთუხს იწყებს.. მოკლედ მისკომუნიკაცია!

ზედმეტი ხმაური, იკარგება დრო, იფანტება ყურადღება და ვაი თუ დაემთხვა და ისედაც დაძაბულ სამუშაო პროცესისას მოხდა ყოველივე ეს და ამ ერთმა კიდევ ზედმეტმა გადაძახილ-გადმოძახილმა საბოლოოდ ამოაგდო რიტმიდან ისეც დაძაბული მეთვალყურე?! როდესაც შეიძლება წინდაწინ დაჯდე და გაწერო საერთო შეთანხმებაში – “ბლა ბლა ბლა, ქუთაისზე მომფრენი ბორტი როდესაც არის, არ მირეკავ, არამედ უშვებ სტანდარტულად 210 სიმაღლეზე და გადმომცემ მე კონტროლზე..” და მორჩა! რომ ზიხარ და მუშაობ, იცი, რომ ეს ჯანდაბა რკინა 210 სიმაღლეზე შემოვა შენს ზონაში და აღარ გიწევს ტვინის ზედმეტი ჭყლეტვა, “პეტრემ იქ 230 ხომ არ შეათანხმა ამასობაშიო”.

ხოლო თუ დრო გაქვს და არხეინად ხარ, ან უბრალოდ მოგეხუშტურა და რამე სხვანაირად გინდა, ყოველთვის არის ტელეფონთან წვდომა და სცენარის სხვანაირად გადალაგების საშუალება და Go Ahead!

ერთი ერთში ნუ მიიღებთ ამ სცენარს, ყველაფერს ვერ ავღწერ ზუსტ დეტალებში..

გადავერთოთ კომპლექსურ სივრცეზე

სამზოლიან მაგისტრალზე როდესაც მისრიალებთ, დამეთანხმებით ერთ-ორ კილომეტრში ჩალაგებული ასი მანქანა ერთი მიმართულებით მიმავალი საცობის წარმოქმნის მიზეზი ვერ იქნება და სწრაფ ზოლში 130 კმ/სთ-ით მშვიდად შეგეძლებათ გადაადგილება (ხო ნუ კაი, საქართველოში მაინც არ გამოვა მასე, მაგრამ სიტყვაზე ბრიტანეთში ხართ). მაგრამ წარმოიდგინეთ უშუქნიშნო გზაჯვარედინი, დიაგონალზე კიდევ მიერთებული მეორადი გზები და ყოველგვარი წესის და რიგის გარეშე იგივე სიჩქარით მოძრავი ავტომობილები. ალბათ შეძრწუნებულები თვალებსაც დახუჭავთ, ისეთ საშინელ კადრებს დახატავს გონება – ცოტახანში ერთმანეთში აზელილი რკინის ხროვა, უკვე გამოუსადეგარი ჯართი და ფატალური შემთხვევების მთელი კასკადი.

ჰოდა იმის თქმა მინდა, საჰაერო სივრცე კომპლექსური რომ არ იყოს და მთელი ტრაფიკის ნაკადი ერთი მიმართულებით მოძრაობდეს, დამეთანხმებით მათი გამართვა იოლზე იოლი საქმე იქნებოდა. მაგრამ ისევ საკუთარ ქვეყნის მაგალითზე რომ მოვყვე, დაახლოებით 500 და 200 კმ სიგრძე-სიგანის კვადრატს დამატებული სიმაღლეების შრეებად (120 დან 430 ათიან ბიჯს თუ დავთვლით 30 მდე ასეთი შრე გამოვა დაახლოებით*) სივრცე გვაქს სადაც ფრენების მიმართულება მრავალმხრივია, უამრავი საჰაერო “გზაჯვარედინებით”. და თანაც, რათქმაუნდა, რიგ ხომალდებს უბრალოდ ერთი სიმაღლე არ უჭირავთ და საქართველოს თუ მის გარშემო არსებულ აეროპორტებიდან ახდენენ მიფრენ-მოფრენას.

არ დამეზარება და ჩამოვთვლი კიდეც ქალაქებს, რომლის მიმფრენ-მომფრენი (ინგლისურად რა იოლად ჟღერს არადა: Departing and Arrival Traffic) ხომალდებსაც ჩვენ ვემსახურებით ისე, რომ ჩვენს ზონაში უწევთ დაშვების თუ სიმაღლის აკრეფვის ფაზები: სოჭი, ტრაბიზონი, გუმრი, ერევანი (ყველაზე ინტენსიური), განჯა, ნაწილობრივ ბაქო, მახაჩკალა, კისლოვოდსკი.. ამას დამატებული ჩვენი თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.

და წარმოიდგინეთ დატვირთული საათი.. თვალი, როგორც რადარი ისე სკანირებს მონიტორზე გეოგრაფიული წერტილების გარშემო, სადაც პოტენციური კონფლიქტებია მოსალოდნელი და თუ მიქარე და სანამ გარემო საშუალებას გაძლევს, წინდაწინ სწორი პლანირება არ მოახდინე, დამიჯერეთ ტრაკში ხარ.

ვთქვათ და დროზე არ დაუშვი თბილისის ხომალდი და ისე მოუახლოვდა ბორტი ჩვენ დედაქალაქს, ჯერაც კრუიზის ფაზის სიმაღლე უჭირავს. ამ დროს მის ქვეევით კი ზოლად არის ჩალაგებული შემხვედრი ნაკადი და ნემსის გასაძვრენი ადგილიც კი არაა.. კი ნამდვილად ტრაკში ხარ.. ბოდიში, ვუტტრირებ ისევ. გაწევ ხო მარცხნივ-მარჯვნივ, არც მასე დრამატულადაა საქმე… მაგრამ დრო ხომ გეკარგება ძვირფასი.

დატვირთულ გარემოში ამ ყველაფრის მართვა რაღაც ჟონგლიორობას ემგვანება და დამეთანხმებით, რისკი, რომ რამე არასწორად გააკეთო, დიახაც რომ არის. პროცენტს გააჩნია, რამდენი.. მთავარია შენი პროფესიონალიზმით ეს რიცხვი რაც შეიძლება დაბალ ნიშნულამდე დაწიო..

აბა ცადეთ ორივე ხელით სხვადასხვა რამე დაწერეთ დაფაზე პარალელურად, თან ამ დროს ცალი ფეხით კიდევ ბურთი აკენწლეთ..

რატომ ვხატავ ასეთ რთულ სურათს?! კი, რადგან დატვირთულ დროს ჩვენი გონება დაახლოებით ასეთივე დავალების შესრულებას ცდილობს. ცოტა წრეზე ვტრიალებ, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის ახსნა. ისევ ვიძახი შაბლონური სიტუაციის დამუშავება იოლია, როცა ერთ მიმართულებით ფრენა ვახსენე და სიტყვაზე სიჩქარეც ყველას ერთნაირი აქვს.. მაგისტრალზე დიდი დიდი 50 კმ/სთ-ის სხვაობით მოძრაობდნენ მანქანები..

თვითმფრინავები კი სიმაღლის და ფრენის სხვადასხვა ფაზაში საგრძნობლად განსხვავებულ სიჩქარით ოპერირებენ.. 200 დან 500 კვანძამდე რომ იცვლება ციფრები (500 კმ/სთ სხვაობა.. ხუმრობაა არა?!). უყურებ ბრტყელ ეკრანს, სამუშაოს გააზრება კი 3D სივრცეშია საჭირო, სადაც განსაზღვრულ სიმაღლის შრეებში კონფლიქტის გადაჭრის საშუალება და სამუშაოს სპეციფიკა იცვლება და ამ განსხვავებული მიდგომის ერთდროულად, დროის მყისიერ მომენტში გამოყენება არც თუ ისე იოლი მომენტია. დაუმატეთ სხვადასხვა დეტალები, ხმელეთის ლანდშაფტი გათვალისწინება, დამშვები ხომალდების სიმაღლე რომ აკონტროლი, მეზობლებთან ტელეფონზე კორდინირება, ნაკადის ეფექტური მართვა-დაგეგმარება, მეტეოროლოგიური მოვლენებით შეტანილი უნებური კორექციები და მივიღებთ ერთ დიდ აჯაბსანდალს.

ეუფ, დავიძაბე.. :))) არა არა, ისევ ვამლაშებ ცოტას.. მაგრამ იგრძნობა არა როგორ მოცოცავს ალბათობა, არასასურველი?!

მოკლედ წავედი აწი ისევ ჯობია ბურთი ავკენწლო ცოტა..

(მეორე ნაწილის დასასრული)

* 120 პირობითი ციფრია და 12 000 ფუტს ნიშნავს