ტალოფა, ჯორჯი

Samoa

გაზაფხულის მიწურულს საქართველოში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. მე კი ავიხირე, მანამდე ორგანიზატორებს მივადექი და 26 მაისს სამოელების გუნდი რომ ჩამოვიდა, აეროპორტში კუნძულელებს, როგორც მათი ლიაზონი, ისე წარვუდგინე თავი.

ხოდა წინა საღამო იყო, იქაური მოხელისგან მორიგი წერილი რომ მივიღე – მაფრთხილებდა, „გუნდის მენეჯერი პოლიტიკური ნიშნით არის დანიშნული, ერთი ვინმე ზარმაცი და უუნაროო, მაგრამ ცხვირს ნუ ჩამოუშვებ, სტაფის სხვა წევრებს ყოველივე ეს ძაან კარგად მოეხსენებათ და ეცდებიან დაგეხმარონ, მენეჯრის წილი საქმე გადაინაწილონო..“

ჰოო, დასაწყისი უკვე საინტერესო იყო – მაინტერესებდა, ასეთი ვინ ფიგურა იყო შინი, ერთ-ერთი სამოური თემის “მაღალი რანგის ბელადი (?!)“

გამთენიისას კი ლამის ელექტრონული ფოსტა ამიფეთქდა, როცა რიგი ხალხის მიმოწერაში რატომღაც მეც ჩამსვეს – ჯერ დილის ექვსი საათი იყო და ნამძინარევზე ძლივს გავიაზრე მიმოწერის შინაარსი – თურმე სათამაშო აღჭურვილობის გადაგზავნა ჩინეთიდან ზელანდიაში დროზე ვერ მოხერხდა, საიდანაც გუნდის მოგზაურობა იწყებოდა და ერთი ერთი მენეჯერი იხვეწებოდა – იქნებ პირდაპირ საქართველოში გადაამისამართოთ ტვირთიო.

აჰამ.. „ყოჩაღი ხალხი ჩანს საქმის ორგანიზებაში“ – სხვა რა შთაბეჭდილება უნდა დამრჩენოდა და სამი კვირის მერე, როცა ყველაფერმა ჩაიარა, ჩემი წინდაწინ ირონიით გამოხატული ვარაუდი დიახ რომ საოცრად ზუსტი აღმოჩნდა… პრინციპში ისედაც მაფრთხილებდნენ – კუნძულელები ფრიად უთავბოლო ხალხიაო, მაგრამ მაინც, ხო იცით?! – სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოცდი…

„ტალოფა ჯორჯი..!! „

აეროპორტში პირველი სწორედ ჩემი „ნაცნობი“ შინი გამომეცნაურა – მანამდე ხომ ცხოველი მიმოწერა მქონდა მასთან გაჩაღებული ათასნაირ კითხვაზე საპასუხოდ. ძვალმსხვილა, დიდღიპმოგდებული ორმოცდაათს მიტანებული დაბალი „პოლიტიკური ნიშნით დანიშნული“ კაცი..

გუნდის წევრები დაბნეულები დააბოტებდნენ აეროპორტში, ორდღიანი მგზავრობის შემდეგ კიდევ კარგად გამოიყურებოდნენ – საშინლად დამღლელი გზა ჰქონდათ გამოვლილი. პირველი რეაქცია მათი – ბანკს მიაწყდნენ ფულის დასაშლელად. ძლივს მოვუყარე თავი დაახლოებით ოცდაათკაციან ჯგუფს ავტობუსისკენ რომ გავძღოლოდი.

სადღაც ნახევარი საათი გზა და უკვე მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ამოვყავით თავი, სადაც გუნდი ტურნირის განმავლობაში დაბინავდა. იქაურობა ჩემთვისაც დროებით სახლად იქცა, რადგან ყოველდღე საბურთალო-მარტყოფის შორი გზის გავლას, გადავწყვიტე, ჯობდა იქვე დამედო ბინა, მითუმეტეს რომ ოთახები საკმარისზე მეტი და კომფორტული იყო ბაზაზე საცხოვრებლად მოწყობილი.

წინ მომქანცველი, მაგრამ საინტერესო სამი კვირა მელოდა..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: