წვრილმანები და ქორწილი ანაკლიაში

ხომ..

რა ამბები მოვქექო ტვინში, რა ხდება ამ პერიოდში?!

სიტყვაზე, ის, რომ სირბილი ამეკრძალა (ყოველი ექიმთან ვიზიტი რამე მსგავსი აკრძალვით მთავრდება) და მაინც რომ მომენატრება, ხან თაჩრაგბს ვითამაშებ, ხან აგერ სამოყვარულო ლიგა გაკეთდა ფეხბურთის და იქ კვირაში ერთხელ 11/11-ზე გავაგორებთ ხოლმე ბურთს. წესით სულ 10-15 წუთი თუ ვაპირებდი თამაშს – სად მაქვს ჯანი ასმეტრიან მოედანზე ვირბინო, ამას წინათ წავაგეთ კიდეც 11:0, ლამის ყველა გუნდელი ჩემნაირ ფიზიკურ კონდიციაში რომაა. დიდის ამბით შედგენილ გრძელ სიიდან ხალხი არ დადის და ძლივს შეკოწიწებული თერთმეტი კაცი მთელი ორი ტაიმი სარბენად ვართ განწირულები.

თაჩრაგბზე კი, ოქტომბრის ერთ შაბათ დღეს ვცადე სოფლად გამეტანა თამაში და ქალაქგარეთ პიკნიკი მოვაწყვე. მინდა ვთქვა, რომ მშვენიერი დღე გამოვიდა. ერთადერთი მინუსი ის იყო, რომ ნაცვლად ხალხის დიდი ჯგუფისა, სულ ათი-თორმეტი კაცი თუ შევიკრიბეთ და ხალხის სიცოტავემ სიტუაცია ცოტა გააუფერულა.

დღის პირველ ნახევარში ენერგია მოედანზე ბურთაობას შევალიეთ, შემდეგ კი ჩემი სახლის ეზოში გადავინაცვლეთ და მწვადით და ლუდით დახარჯული კალორიები ზედმეტობითაც კი შევივსეთ.

ხო, ასე… ამ სოფლად გასვლის არ იყოს, მომივლის ხოლმე სურვილი, ვუთავებ რამე ღონისძიებას, ცოტა გამოვანათებ, ხალხთან ურთიერთობის იშტაზემოსული და მერე დროის დიდი წილი ისევ ჩემს ნაჭუჭში შევიკეტები და დროს პასიურად ვატარებ ხოლმე – სოცქსელის ანგარიშმიუცემელ სქროლვაში, ან უკეთეს შემთხვევაში გიტარას მოვიმარჯვებ, ცოტას დავუკრავ, ან კიდევ უფრო უკეთესი – წიგნს თუ მივუჩოჩდები. ისე წასაკითხად ბოლოს ფოლკნერი შემრჩა ხელში და აგერ ორი კვირაა დღეში 1-2 გვერდის გადაფურცვლასაც კი მძიმედ ვახერხებ. მწერალს შევაწმინდე ხელები – ძნელად იკითხებათქო. არადა მანამდე მთელი რვაასფურცლიანი ქვოს ისტორიები როგორ ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე..

ხო ხო.. ამოტივტივდა გონებაში ამასობაში ამბები. კლასის მცირე სამეგობროს, ვინც აქამდე შემოვრჩით, ყოველთვის თბილად ვიხსენებ და მიყვარს მათ გარემოცვაში ყოფნა. ხოდა პირველ რიგში ბაკურის ქორწილი მინდა გავიხსენო.. იფ როგორი გემრიელი დრო რომ გავატარეთ. ჯვარი ქუთაისში დაიწერეს, ანაკლიამ კი დანარჩენ მხიარულებას უმასპინძლა.

უკვე პარასკევს გავუყევით გზას სიჭის მანქანით და სამი სრული საოცარი დღეც გავატარეთ. ნუ თავი და თავი ის იყო, რომ ეს ხალხი ყველა ერთად შეკრებას და მითუმეტეს რამოდენიმე დღის გატარებას, ხშირად ვერ ვახერხებთ. ხოდა შევირგეთ.

ამინდი კარგი დაგვემთხვა, თბილი, წვიმის გარეშე. ანაკლიაში ძველი ციხის გალავნის ეზოში გაწყობილი მაგიდა დაგვხვდა, ას მეტრში ზღვის სანაპირო, ზღვის სასიამოვნო ბრიზით და ჩემდასაბედნიეროდ ცოცხალი მუსიკა გემოვნებიანი ქავერებით. ხოდა კი დავხტოდი და დავცანცარებდი სასმელით და მუსიკით იშვიათ მუხტზე მოსული.

კვირა დღეს შეთხელებული სტუმრები კიდევ ერთხელ მივუჯექით სუფრას. შემდეგ სანაპიროზე ვიტანტალე, მზე ზღვას მივაბარე და უკანა გზას დავადექით. აქ კი რა გითხრათ – დათოს ერთკაციანი სპექტაკლი გაიმართა, მთელი გზა რომ არ შეწყვეტილა და არც კი ვეცდები ავღწერო, რომ არ გავაფუჭო ეს შესანიშნავი დადგმა.. გვარიანად შეზარხოშებული სიჭის სოლო გამოსვლა მართლაც რომ საოცრად შთამბეჭდავი იყო, ამ ტექსტის წაკითხვით იმ საღამოს გახსენებაც კი ხანგრძლივი ღიმილის მომგვრელი იქნება იმ სამიოდე ადამიანსთვის, ვინც ამ ყველაფერს შეესწრო.

ხომ.. იმ კვირეულის გახსენებამ სასიამოვნო ფიქრებში გამრია.. ბარემ ასეც დავასრულებ დღევანდელ ჩანაწერს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: