Istanbul

DSCN1301ღამენათევი..

ჰაერში ავფრინდით თუ არა, ღრმად ჩამეძინა.
თვალი ორი საათის შემდეგღა გავახილე – გოკჩენის აეროპორტში დაჯდომისას კარგად გემრიელად რომ შეგვანჯღრია.

შემდეგ ტრანსპორტით ქალაქის ცენტრისკენ დაფარული რამოდენიმე ათეული კილომეტრი იყო.
ძილი არც ავტობუსში დამიკლია.

მეტრო, ტრამვაი – სულთან აჰმეტის გაჩერება, ათიოდე წუთით ფეხით სიარული და ჩვენს სასტუმროსაც მივადექით.
ბარგი დავტოვეთ და სანამ ოთახში შესვლის დრო მოვიდოდა, დროის მოსაკლავად მახლობელ უბნებში გავისეირნეთ.

ქალაქის ისტორიულ ნაწილში ამოვყავით თავი – ფეხით ხუთ წუთში აია სოფიის ტაძარს მიადგები კაცი.
გარშემო კი უზარმაზარ სივრცეზე გადაჭიმული პარკები და ძველებური უბნები არის გაშენებული.
ხალხი უამრავი ირევა, რა ჯურის და წამომავლობის არა.
ადგილობრივები, ნაბიჯს ვერ გადადგამ, კაფე-ბარებში შენს შეტყუებას ცდილობენ, მენიუს გაჩეჩებენ – გარწმუნებენ, მხოლოდ მათთან თუ დააგემოვნებ საუკეთესო კერძებს, და რაც მთავარია საუკეთესო ფასად.

კერძები არ ვიცი და ფასები კი მართლაც გემრიელი იყო… და როცა მივხვდით, რომ ჯიბე აშკარად ვერ გაწვდებოდა ტურისტულ ნაწილში სადილ–ვახშმობას, ჩვენთვის აგრერიგად სასურველი მცირე აღმოჩენა გავაკეთეთ:

საკმარისია მცირედით გასცდე ხალხმრავალ, ტურისტებით გადატენილ ცენტრალურ ქუჩას და უამრავ, უბრალო სასადილოს გადააწყდები, აი ისეთს, დღეს თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ შეხვდები კაცი.
სამზარეულოს გემოს ვერ დაუწუნებდი, ფასები კი, ვერც იფიქრებ, იმდენად დაბალია.

სხვა კი – დღე დილის რვა საათზე იწყებოდა – პატიოსნად ადრიანად ვდგებოდით და ჩვენ ხელთ არსებულ ხუთიოდე დღეც მაქსიმალურად გამოვიყენეთ უამრავი მუზეუმის, თუ ისტორიული შენობა–ნაგებობის დასათვალიერებლად.

DSCN1068ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ დერვიშების ცეკვაც უნდა ნახო – ორმოცი წუთი განუწყვეტელი ბზრიალი რიტუალის შემსრულებლების, აზიური ჰანგები, მისტიური გარემო – უცნაური განწყობით დამუხტული რომ გამოდიხარ ძველი, საცეკვაო დარბაზად გადაკეთებული აბანოს ნაგებობიდან.

გარეთ კი ისევ უამრავი ტურისტზე მონადირე თურქი გესევა, ბოსფორზე გემით გასეირნებას ოცდაათ ლირად გთავაზობს, ისიც ფასდაკლებით, თორემ უფრო მეტიც ღირსო.
არადა ჩახვალ თავად ბოსფორის მახლობლად და ათ ლირად უპრობლემოდ ახერხებ ბილეთის შესყიდვას.
მერე კი საათნახევარი წინ და უკან გემის ბაქნიდან ათვალიერებ სტამბოლის აზიურ თუ ევროპულ სანაპიროებს.

თავად კი, ადგილობრივებისთვის, ეჭვიც რომ არ შექონდათ, თანამემამულედ მიღებდნენ – პირველ კონტაქტზე ყველა თურქულად მიწყებდა საუბარს და ეჭვიან მზერაც არ დაახანებდა, ინგლისურად რომ ვუპასუხებდი.

გალათა ტაუერზე ასვლისას ბილეთების გამყიდველი ქალი მეჩხუბა კიდეც, როცა მის გრძელ თურქულ მონოლოგზე, თავშეუკავებელი სიცილი ამივარდა – სიტყვაც ვერ გავიგე რას მესაუბრებითქო.

ამ წოწიალ წოწიალში მოსაღამოვდებოდა კიდეც და იქვე ჩვენს სასტუმროს მახლობლად ათობით ბარიდან რომელიმეში ლუდის დალევით და ყალიონის მოწევით ვიქცევდით თავს – მომსახურე პერსონალი კონტაქტში შემოდის, გესაუბრება, ინტერესდება სადაური ხარ.
თავად ერთმა – ყარსიდან ვარო,
მე – საუკუნის წინ ჩვენი მიწა იყოთქო.
არ იწყინა – ვიციო, იქნებ ქართველიც კი ვარ წარმომავლობითო.

DSCN0920ერთ საღამოს ტაქსიმზეც გავისეირნეთ – სიტყვებით ძნელი იქნება გადმოსცე ის ქაოსი, რაც იქ ხდება.
ზღვასავით მიედინება ხალხის ნაკადი ფართო ქუჩაზე.
ათასობით მაღაზია თუ კაფე–ბარი, იქიდან გამოსული მუსიკის ხმა ქუჩის მუსიკოსების რითმებში იზილება, ყური ცალცალკე ვეღარც არჩევს მელოდიას, და ყველაფერი ეს, ერთ დიდ, ხმაურის საერთო მუსიკად გარდაიქმნება.

ამასობაში იქაური ხუთი დღეც მიილია.
აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსიდან ათვალიერებ ქალაქს – აქეთ გზაზე ხომ მკვდარივით მეძინა.
აი უკვე აზია–ევროპის შემაერთებელ ხიდზეც გადავდივართ. საღამოს ფერები ბოსფორს და აქეთ–იქით შეფენილ ქალაქს კიდევ უფრო ამშვენიერებს.

რამოდენიმე საათიც და ჩვენი თვითმფრინავი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომისას ინჯღრევა გვარიანად მოძველებულ დასაფრენი ბილიკის გადამკიდე..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: