დავითგარეჯა და ოაზისი უდაბნოში

ტრადიციული სიტუაცია: მე და კოკამ სამუშაო საათები მოვილიეთ, დენი და ლიბანელი ჯორჯი შემოგვიერთდნენ და მანქანით გეზი გარეჯისკენ ავიღეთ.

ქალაქის გასასვლელიდან საათზე ოდნავ მეტი დაგჭირდებათ ეკოემიგრანტებით დასახლებულ სოფელ უდაბნომდე რომ ჩააღწიო – იქიდან კი ათიოდე კილომეტრი რჩება გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე.

მანამდე კი მიდიხარ მოტიტვლებულ ზეგნებზე და გარშემო სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ გხვდება. ქართულ მწვანეში ჩაფლულ ბუნებას ნაჩვევი თვალისთვის ეს ყველაფერი ძაან უცხოდ გამოიყურება და კიდევ ერთხელ ფიქრდები კაცი, მცირემიწიანობის მიუხედავად, მართლაც როგორი მრავალფეროვანი ბუნების პატრონი ხალხი ვართ ეს ქართველები..

მერე ერთი ფერდობიც გადავიარეთ და თავის უშნო ბეტონის ფილებით ნაშენი სახლებით სოფელი უდაბნოც გამოჩნდა. ერთ–ერთი ასეთი სახლი კი მცირე ხნის წინ პოლონელმა წყვილმა, ქსავერიმ და ანიამ შეისყიდა – შეალამაზა და მოგზაურთათვის მოსასვენებელი საკემპინგო ადგილი მოაწყვეს.

კოკას კი ამ ხალხთან კარგი მეგობრობა აკავშირებს და ჩვენი იქაურობის სტუმრობის მიზეზიც, გარეჯის კომპლექსის ნახვის გარდა, სწორედ მათი მონახულება იყო.

მომღიმარე სახით გამოგვეგება მასპინძელი ქსავერი. მცირე დრო თუ დაგჭირდება კაცს მის გასაცნობად, რომ მალევე მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეს. ჩამოვბარგდით, ცოტა მოვისვენეთ, ერთი კათხა ლუდი მივირთვით და სანამ მზე თვალს მიეფარებოდა, მე და კოკა დღის სინათლეს დავეშურეთ და გზა გარეჯისკენ განვაგრძეთ.

კომპლექსის ძირითადი ნაწილი იმ მთის ძირშია მოთავსებული, რომლის წვერზეც დღეს აზერბაიჯანთან გამყოფი საზღვარია. ჩემთვის ეკლესიის საერო როლი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია – სადღაც მიყრუებულ ადგილში, სადაც კაციშვილი აღარ ჭაჭანებს, ბერები მოღვაწეობენ, ქართულ კერას ინარჩუნებენ და ამით ერთგვარ განაპირა მიწების მცველის როლსაც კი ასრულებენ.

ყველას კარგად ახსოვს შარშან ზაფხულში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან წარმოქნილი პრობლემა და საკითხავია, რომ არა გარეჯში არსებული ქართული კერა და მონასტერი, იქნებ სადაოდ ტერიტორიის ბევრად ვრცელი ნაწილიც კი გამხდარიყო, ვიდრე ახლა არსებული ის მცირე ბილიკი, რომელიც სასაზღვრო ქედს იქით კლდეში ნაკვეთ ქართულ სალოცავებს ჩაუყვება.

– “ახლა აღარ უშლიან მესაზღვრეები ხალხს ის ადგილები მოინახულონ, მაგრამ ჩვენი მთავრობა იძახის, ეს ბილიკი იმათ მიწას ეკუთვნისო” – დანანებით გვითხრა იქაურმა ბერმა. არადა საუბარია ჯამში ალბათ სულ რაღაც სამას–ოთხას კვადრატულ მეტრ სადაო მონაკვეთზე.

როცა ქართულ–აზერბაიჯანულ მეგობრობაზე მიდის საუბარი, ეს შემთხვევა და მეზობელთა ჯიუტი, ხისტი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, კარგი პასუხია იმაზე, თუ სინამდვილეში რამდენად არსებობს “მეგობრობა” პოლიტიკაში.

როცა ქართველთათვის ამ ადგილებს ისტორიული დატვირთვა აქვს, ხოლო აზერბაიჯანისთვის არაფერს წარმოადგენს, თუ კეთილმეზობლობაზეა საუბარი, მარტივად შეიძლება ამ მცირე ადგილის “გაცვლა” ადეკვატურ მიწის პორციაზე.

შორს წასვლა არ გახდება საჭირო, უხეში ჩარევა რომ არ გამოვიდეს – საზღვარი აღნიშნული ბილიკის შემდეგ დაბლობზე ეშვება და იქვე ერთ კილომეტრში ორ ფერდს შორის ვაკეზე გადის. ასე უხეში მსჯელობით შესაძლებელია ქართულმა საზღვარმა ვაკიდან ფერდის წვერზე ამოიწიოს, ხოლო სანაცვლოდ სადაო ბილიკი ქართულ იურისდიქციის ქვეშ მოექცეს.. მარტივი კეთილი ნების გამოხატვაა საჭირო..

ავუყევით ფერდობს, წვერზე მოვექეცით – იქით აზერბაიჯანის მიწები გადაგვეშალა. მთის ძირშივე მათი მესაზღვრეთა პუნქტი დგას. გადავიარეთ ვირტუალური საზღვარი და მთის მეორე მხრიდან გავუყევით ბილიკს – მთელ სიგრძეზე ქრისტიანული ფრესკებით მოხატული გამოქვაბულებია. საგანგებოდ არის “ნახეხი” კედლები მათი კვალის წასაშლელად.. უამრავ ბრიყვს კი თავის “დასამკვიდრებლად” საკუთარი სახელის ამოტვიფრვა უცდია – “ვიყავი ესა და ეს ამა და ამ წელს..” – შეწუხდები კაცი, ისეთი სანახავია ეს ყველაფერი..

გავიარეთ ასიოდე მეტრი, ისევ ფერდობის წვერს ვუწიეთ – მზე ჰორიზონტზე ეშვებოდა და იქაურობაც მის მოწითლო სხივებში იყო გახვეული – კიდევ ერთხელ მოვავლეთ ხარბი მზერა თვალწინ გადაშლილ უცხო სილამაზეს და ჩვენი მიწისკენ ვიბრუნეთ პირი.. ნახევარი საათიც და ისევ ქსავერის უდაბნოში გაშენებულ კლუბ “ოაზისის” ეზოში ამოვყავით თავი..

ღია ბარი, ფართო ეზო, წამოსაკოტრიალებელი პალეტებით.. კინოს სანახავად გამზადებული უზარმაზარი პლანშეტი თავის პროექტორით.. სეანსამდე კი კარგი მუსიკა და მწვადის შეწვის სამზადისი..

ვივახშმეთ, ცოტა პოლონური სასმელით გამოვიკეთეთ გუნება, მერე ღია ცის ქვეშ სპეციალურად ამ დღისთვის წამოღებულ ფილმსაც ვუყურეთ და იმ წამს რომ ვინმეს ეკითხა – აბა რა არის ბედნიერებაო, ალბათ კმაყოფილი ჩავიცინებდი და პასუხად ხელებს მრავალმნიშვნელოვნად გავშლიდი – “სხვა რა თუ არა ეს?!”

ამასობაში სხვა სტუმრები გაიკრიფნენ, დამრჩენნი პალეტებზე გულაღმა წამოვკოტრიალდით და ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას დავუწყეთ ცქერა.. წუთი არ გავიდოდა, მეტეორი გადასერავდა ატმოსფეროს და სანამ რამეს გაიფიქრებდი, წარმოქმნილი სინათლე იქვე სწრაფად მიილეოდა.. კაცს სურვილი დაგელეოდა, იმდენი ვარსკვლავი “მოწყდა” იმ საღამოს ცას..

გარეთ სასიამოვნო სიგრილე იყო, აღარც ვისურვეთ ღამის გასათენებლად შენობაში შეყუჟვა – იქვე გავეხვიეთ საძილე ტომრებში, თან ტკბილ, საოცრად წყნარ სამოციანების ჯაზს ვუსმენდით, რომელიც ასე ჰარმონიულად ერწყმოდა იქაურ მშვიდ გარემოს..

ჯერ მზეც კი არ იყო ამოწვერილი, დილაუთენია წამოვდექით – გამოვემშვიდობეთ ჩვენ მეგობარ ქსავერის, მალე ისევ უკან მობრუნება აღვუთქვით და გზა ნაცნობ მტვრიან ქალაქისკენ ავიღეთ..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: