აღმართ–დაღმართი

ცხოვრება საინტერესო რამ არის და ვერ ვიტყვი რომ უიღბლო ადამიანი ვარ – როცა რამ დამჭირდა, ყოველთვის გამოჩნდა შანსი და მეც უბრალოდ ეს შანსი კარგად გამოვიყენე და არ გავფლანგე. პრობლემები კი, რომ იფიქრებ და გააკეთებ, პარადოქსულია და მასეთ “ნაფიქრ” ნაბიჯებს უფრო მეტი მოყვა.

ხოდა ერთ მხარეს ცხოვრებისეული იღბალი და მეორე მხარეს ვითომ რაციონალური, და სინამდვილეში უკან დამხევი ნაბიჯები, საბოლოოდ ყველაფერს აბალანსებს და არ მაძლევს საშუალებას რადიკალურ უკიდურესობებში გადავარდე. ბანალურად რომ ვთქვა, არც მშია და არც თავზე გადამდის, ხან პოზიტივი იმძლავრებს, ხან ნეგატივი.. მაგრამ ისე, მხოლოდ მცირე დროით, და მერე ყველაფერი ისევ წონასწორობაში მოდის.

ადვილი არ გამოდგა ჩემთვის გამოცდა, როცა მარტოს გიწევს დაგეგმო და გადაჭრა ყველა პრობლემა, რაც ოჯახს აწუხებს, როცა მაშველი ფაქტიურად არავინ გყავს. გამიჭირდა და ლამის მრავალჯერ გავტყდი.. მაგრამ ადამიანი რისი ადამიანია, პრობლემას საბოლოოდ დაეჩაგვრინოს და მეც ხან რა, ხან რა ხერხით თავს ვიძვრენდი მძიმე დეპრესიისგან.

ყველაზე უფრო კი ძილისწინა ფიქრებია მძიმე. როცა, მიუხედავად იმის რომ დილის შვიდიდან უკვე ფეხზე ხარ და მთელი დღე სამსახურში გაატარე, რული მაინც არ გეკარება და ამ დროს ტვინი ათასი სულელური ფიქრით იტენება.. იტენება, მძიმდება, იძაბება.. რაღას არ გადასწვდება, ლამის სამყაროს აღსასრულის სურათს რომ დახატავს და ამ დროს ცოტაც და სიმწრისგან ვიღრიალებ..

მაგრამ ცხოვრებაც რისი ცხოვრებაა – იღვიძებ მეორე დღეს და იგებ ისეთ კარგ ამბავს, ყველაფერს რომ გადაწონის..