ორიოდე სიტყვით განვლილ ორ თვეზე

აპრილში დავიყინეთ, ქარი და ცივი დღეები არ მოგვეშვა. მაისი დადგა და უკვე დახუთულ ჰაერზე ავწუწუნდით, ამინდმა ამ წლევანდელ გაზაფხულს არ გვიწყალობა.

მე კი ამასობაში 29 წელს გადავაბიჯე, არადა განწყობაში როგორ არაფერი იცვლება – მატყუარაა ეს წლების ციფერბლატი. ისე კი სანამ ნაკიანი წელი არ იქნება და სამსახურში მეორე ცვლის წევრი ვარ, ჩემი დაბადების დღე სამუშო დღეს ემთხვევა. შესაბამისად ეს 14 აპრილიც, შარშანდელივით ღამის ცვლაში გავატარე.

ერთი პოზიტივი, წასვლამდე კურსის მეგობრების მოულოდნელი სტუმრობა იყო – დავსხედით ორიოდე საათი, სტუდენტური ამბები გავიხსენეთ. რა გვეტყობოდა, რომ ლამის ათი წლის წინ დავამთავრეთ ე.წ. ‘გეპეი’. ზაზა ისევ ზაზაა, ბუზღუნა და ყველაფერზე უკმაყოფილო.. ცოტა, ცოტა მეტი ჭაღარით (წარმოგიდგენიათ ადამიანი ჩემზე უფრო ბუზღუნა?! არადა მასეა). რეზო ისევ ის რეზოა, იგივე კვატა და ალალა, ოღონდ ჭამის მადა აქვს გაზრდილი და აწი ერთ ადგილს ძლივს დაათრევს. კვაზიც სად დაკარგავს მისებურ ხასიათს და ენაკვიმატობას. მისი მოშვებული წვერი თუ აგებლანდება ცოტა თვალებში, ისე კი საკმარისია პირი გააღოს, რამეს ისეთს მოგაძახებს, მიხვდები რომ ამ წლების მანძილზე მის იუმორს საფრხე ოდნავაც არ დამუქრებია.

სხვას კი იმას მოვყვები, რომ ზოგად უხასიათობას ეს ორი თვეა აქტიური ცხოვრება დავუპირისპირე. ვცდილობ სახლში მინიმალური დრო გავატარო – რამოდენიმე კვირა არაფორმალურ განათლების ცენტრში ვიარე, მერე სტრაიკს მივუბრუნდი. ტყე–ღრეში გავდივართ ოცამდე პნევმატური იარაღით აღჭურვილი კაცი და ომის ინსცენირებას ვაწყობთ. ‘დავხოცავთ’ ერთმანეთს, დავიხარჯებით და მოვდივართ სახლში არაქათგამოცლილები.

კვირაში სამი დღე კი იპოდრომზე დავდივარ და რაგბს ვთამაშობ. წინა შაბათს ერთ სამოყვარულო გუნდთან ჯახიც გავმართეთ – წვიმიანი დღე იყო, სახლში კისრამდე ტალახში ამოგანგლული მოვბრუნდი. მერე ორგანიზმი მთელი კვირა მტკიოდა, მაგრამ სასიამოვნოდ დავიცალე თამაშისას – საკუთარ თავთან ერთგვარად ‘გამოცდა ჩავაბარე’, როცა ჩემზე ბევრად ჯანიან ბიჭებს არაფერი დავუთმე და ვინც მომხვდა ხელში, ვბოჭე და ვჟეჟე, რაც შევძელი. მომენტებში კი კარგი შეტევებიც ვაკეთეთ და ფიზიკურად ბევრად მომზადებულ მეტოქეს არაფერი დავუთმეთ.

ამის გარდა, ისევ ვებრძვი თავს და სიზარმაცეს, ცოტა წიგნიც წავიკითხო – დიდი ხანი ვუყურე შორიდან რობაქიძის ახლადშეძენილ ხუთტომეულს. ამ სისქე წიგნებზე შეჭიდება მგონი არანაკლებ ძნელია, ვიდრე რაგბის თამაში. ბოლოს ავიღე პირველი ტომი და პირდაპირ მონიტორის წინ დავიდე – რამდენი კომპიუტერთან დავჯდები, ჯერ წიგნი მეჩხირება თვალებში და დანამუსებული ვშლი და რამოდენიმე გვერდს მაინც ვკითხულობ.

ამ ტექსტის წერაში კი ეს დღეც ჩავათავე და აწი ძილისთვის გავემზადები