პრომეთე და არამარტო

ღამის სმენიდან ლექსომ სადგურზე მიმიყვანა. ძილში გზის ხუთი საათი მატარებელში შეუმჩნევლად გაილია და პირველისკენ უკვე ბათუმში ამოვყავი თავი, სადაც კოკა და კოტე მელოდნენ. საღამო ქალაქში სეირნობაში გავლიეთ, მეორე დღეს კი გეზი ზუგდიდისკენ ავიღეთ, სადაც დადიანების სასახლეს ვესტუმრეთ.

საინტერესო კი ამის შემდეგ დაიწყო, როცა ზუგდიდიდან სენაკში გადავინაცვლეთ და ამ პაწია, კოხტა მეგრულ ქალაქში კოკას ნათესავის მაღაზიაში ამოვყავით თავი.

მაღაზიის პატრონმა საქმეს სხვა საქმეც მშვენივრად შეუფარდა და ნაყინის მაცივარზე სახელდახელო სუფრა გაგვიწყო – მთავარ ატრიბუტად კი არაყი დადო, რომლის დარიც იშვიათად თუ დამილევია რამე. მასპინძელი ტკბილად გვებაასა და თან საკმაოდ შეგვათრო, როცა ერთ დაცარიელებულ ბოთლს, მალევე მეორე – სავსე ჩაანაცვლა.

მაგრამ ბოლოს ვიყოჩაღეთ და მაღაზიიდან დროზე გავილალეთ, სანამ კიდევ სიფხიზლის მარცვალი იყო ჩვენში. ტაქსით კოკას სოფლისკენ – ლეძაძამესკენ ავიღეთ გეზი, თან გზად ციხე გოჯი დავათვალიერეთ. ისედაც ლამაზი ბუნება გრადუსშეპარულებს საერთოდ საოცრებად წარმოგვიდგა. მცირე უღელტეხილი გადავიარეთ და მალე ვაკეზე გავედით. ჩამავალი მზის სხივები მწვანედ აბიბინებულ მცირე ბორცვებს ლამაზად ეფინებოდა და თვალსა და გუნებას ახარებდა.

კოკას სახლს მივადექით, ცოტა ჩავარდნილ ადგილზე იდგა – კოტეს გადავხედე:
– წამო ავირბინოთ ბორცვზე, მზის ჩასვლას ვუყუროთ! სასმელი თავისას შვებოდა. გზა ავიარეთ, ჭიშკარს შევეჩეხეთ, რომლის იქით კოხტა ეზო იყო, მცირე შეღმართი, მერე სახლი და პერსპექტივა ჰორიზონტისთვის გვეწია თვალი. ცდუნება დიდი იყო, დაუკითხავად შევაჭერით ეზოში – ასაკიანი ბებო დაგხვდა, ბუცო, სათლი ეჭირა და ჭიდან წყლის ამოღებას ცდილობდა. ერთი კი შემოგვხედა ეჭვით, მაგრამ მალე დავამშვიდეთ და დაუპატიჟებლად შეჭრისთვის მოვუბოდიშეთ – თუ რამე ჭურჭელი იყო, სულ წყლით დავუვსეთ, თან ეზო–კარის სილამაზე ვუქეთ და ვუდიდეთ.

ქალს ეამა, დაფაცურდა, ოთახში შეგვიპატიჟა, არაყი დადო მაგიდაზე. ღვინის ჭიქა პირთამდე გაგვივსო და სრული სერიოზულობით განგვიცხადა – თუგინდათ არ მაწყენინოთ, ეს უნდა გამოცალოთო. მძიმე წამები გადავიარე, კოტესაც შევატყვე, არ ულხინდა. გარეთ გამოვილალეთ. გზად კოკა შემოგხვდა – დაგვეძებს, ეს ხალხი სად წავიდაო. მასთან შევედით, ვითომ სამწვადედ გამზადებული ხორცი ისე დარჩა – ვიღას ჰქონდა მისი გაკეთების თავი. საღამომ კი საუბარში და ბავშვობის მოგონებების გახსენებაში ჩაიარა. წლების მერე ეს დღეც დიდხანს გვექნება გასახსენებელი.

დილაუთენია ლეძაძამესაც გამოვემშვიდობეთ და უკვე კოპიტნარს ვესტუმრეთ. ლაშა მოვინახულეთ. ვახოს მხოლოდ მანქანა – თავად სად იყო, თვითონაც არ იცის. ახლადაშენებულ კოშკურაზე ფეხით ავლასლასდით – იქაურობას თვალი მოვავლეთ და შემდეგ ჰერი პრომეთეს მღვიმისკენ.

მანამდე თბილისიდან დენიელაც შემოგვიერთდა და ტრიო კვარტეტად გადავკეთდით.

პრომეთეს დასათვალიერებლად კი ვინმე თეა გაგვიძღვა – სულ დეტალურად ციფრებში აგვიღწერა, რამდენ მეტრს, რა სიღრმეზე, რა ტემპერატურაზე, რამდენ საფეხურს და ასე შემდეგ ვიზიტის დროს რამდენ კუბომეტრ ჰაერს შევისუნთქავდით. ამასობაში სადღაც ლამაზიც კი მეჩვენა ჩვენი გიდი და მე და კოტეს ბოლოს რბოლაც გვქონდა გამართული, თუ ვინ დაუმშვენებდა მას ექსკურსიის დროს გვერდს.

სინამდვილეში თეას სილამაზეს ბევრი დააყენებს ეჭვქვეშ, მაგრამ მღვიმისას რა გითხრათ – მე არ მეყოფა ნიჭი მისი ხატოვნად აღწერის, ჯობია თავად ესტუმროთ და ის 1400 მეტრი თავად გაიაროთ ფეხით, ვიდრე მხოლოდ მოყოლილს და ფოტოებს დაჯერდეთ.

პრომეთეს სათაფლიაც მივაყოლეთ – კიდევ ერთხელ გამოვცადე სიმაღლის შიში, როცა ხევზე გადაკიდებულ შუშის აივანზე დაბლა ჩავიხედე, სამახსოვროდ რამოდენიმე ფოტოს გადაღებას გავუძელი და იქიდან გავიპარე.

მოსაღამოვდა და ბედი ჩვენი რომ ქუთაისელ ერთ ერთ კუნჭულიას კოკას გაცნობა ჰქონია გულში ამოჭრილი – ერთი ჩვენი თანამშრომლის დახმარებით ეს კაცი კავშირზე გამოვიდა და მშვენიერ სუფრაზეც მიგვიპატიჟა. მასპინძელი საინტერესო ადამიანი გამოდგა, ცოტა გვარზე ზედმეტად შეყვარებულიც. გემრიელად მოვილხინეთ და კოკა–კოტეს ტანდემმა ისევ ბათუმს მიაშურა, მე და დენიმ თბილისისკენ ავიღეთ გეზი.

შემდეგი დღე უკვე სამსახურის იყო..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: