ინდოეთი?! რატომაც არა!

    ღამის სმენა. სამუშაო ზალში ვსხედვართ; კოკამ:
    – “ინდოეთში წავიდეთ?!”
    – “ინდოეთში?! რატომაც არა!”
    დაახლოებით ასე გაჩნდა ახალი იდეა.

    მანამდე მთელი ნახევარი წელი მე და კოკა ევროპაში მოგზაურობას ვგეგმავდით, მაგრამ ყოველივე ეს იმდენად ძვირი გვიჯდებოდა, ბოლოს დავფრთხით და საწყისი გეგმა ახალი აზიური ტურნეთი ერთხმად მარტივად ჩავანაცვლეთ.

    სექტემბერი იდგა, ვიზის ასაღებად ერევნისკენ ავიღეთ გეზი. იქ საინტერესო სამი დღე გავატარეთ. ამაზე ვრცლად მერე, სხვა დროს დავწერ. მოკლედ კი – ვიზა ჩაგვირტყეს, თბილისში მობრუნებულებმა პრევენციის მიზნით რამოდენიმე აცრა ჩავიტარეთ, სამგზავრო ბილეთიც დავჯავშნეთ და მოცდის მეტი აღარაფერი დაგვრჩენოდა.

    ერთი თვეც მიილია და 2011 წლის 8 ოქტომბერს ღამე ნამუშევრებმა პირდაპირ აეროპორტს მივაშურეთ.

    ჰარი – ალმაატის გავლით მიმავლებს გადაჯდომისას ეს ინდუსი კაცი ქართულად გამოგვეცნაურა – ოთხი წელია თბილისში (თუ რუსთავში?) ვცხოვრობო და რომ მოაღო პირი, აღარ გაჩუმებულა. მისი ჩიქორთული ქართული, ჩვენთვის დამახასიათებელი ჟარგონებით გაჯერებული, კაი სასაცილოდ ჟღერდა – დელისკენ მიმავალ რეისის მოლოდინში ის ერთი–ორი საათი მის სმენაში მალე მიილია.

    რას აღარ გადაწვდა – ინდურ–ქართული ისტორიები ერთმანეთს ენაცვლებოდა. საკითხავიც კია, რა უფრო საინტერესოდ მოსასმენი იყო – ინდუსის აზრი იდოეთზე, სადაც თვეზე მეტი უნდა გაგვეტარებინა, თუ საქართველოში მის თავზე გარდამხდარი ამბები. ბოლოს:

    – ” იცით? აი თბილისში უამრავი პიდარასტი ცხოვრობს, გატენილია ღამით ბარები.. ინდოეთში კი ერთს ვერ შეხვდებითო!” – სიამაყით ესეც კი განგვიცხადა. მე და კოკამ ერთმანეთს ღიმილით გადავხედეთ და მოგვინაებით კიდევ უფრო გვამხიარულებდა ჰარის “მიამიტური” სიტყვების გახსენება, როცა ინდურ გზამკლევში სხვა უამრავ ინფორმაციასთან ერთად ერთი ასეთი ფრაზაც ამოვიკითხეთ: – ქვეყანაში დაახლოებით 130 მილიონი ჰომოსექსუალიაო.

    დელის აეროპორტში ბარგს ლამის საათი ველოდეთ. მერე ჩვენ ახლადგამომცხვარ ინდოელ “ძმაკაცს” დავემშვიდოებთ – ნომერი ჩაგვაწერინა, თუ რამე დაგჭირდეთ, დარეკვა არ მოგერიდოთო (და ერთ მომენტში მისი თავი მართლაც გამოგვადგა), ქართულ ყაიდზე გადაგვკოცნა და თავის გზაზე წავიდა.

    ჩვენც ბარგი ავისხით, გასასვლელისკენ გავწიეთ. აეროპორტის შენობიდან ნაბიჯი გადავდგით. პირველი რასაც შეიგრძნობ ეს არის სიცხე.. სიცხე და ჩახუთული, საშინელად ტენიანი ჰაერი…

    გარეთ სახელებწაწერილი აბრით ჩვენი მძღოლი გველოდა..