თუშეთისკენ

რიგი მიზეზების გამო მთელი ზაფხული თბილისში ვიყურყუტე, ხოდა ახლა მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს. თუშეთისკენ მაქვს გეზი. ცოტა ღიმილის მომგვრელი კია – კაცმა მთელი ერთი თვე სადღაც გადაკარგულ ინდოეთში ვიმოგზაურე და აგერ ქართული ერთ–ერთი ულამაზესი რეგიონის დასათვალიერებლად ახლაღა თუ მოვიცალე.

ბარგი ჩალაგებულ–გამზადებულია, ახლა ღამის სმენაში ვარ, დილით სახლში შევირბენ, წყალს უცებ გადავივლებ და მერე ჰერი მთებისკენ. შვიდი დღის გატარება გვაქვს დაგეგმილი შვიდ კაციან ჯგუფს. ცოტას თუშეთს მოვივლით, მერე 3 600 მეტრიან უღელტეხილს გადავივლით და ხევსურეთში დავეშვებით – მოკლედ რომ ვთქვა გეგმა სწორედ ასეთია.

მოლოდინი კი რაღაც იმაზე დიდია, ვიდრე ეს სადმე უცხოეთში წასვლის წინ მქონია. რაღაც დოზით საკმაო დიდი გამოცდაც არის – ფეხით ბლომად სასიარულო და მაღალი მთა თავის მკაცრი კლიმატური პირობებით – ეს რუსთაველის გამზირზე სეირნობა ნამდვილად არ არის, ნებისყოფის გამოჩენაც იქნება საჭირო და ძალაც ბლომად დაიხარჯება. მაგრამ დღეს სწორედ რომ ასე ერთგვარად სასიამოვნოდ ენერგიისგან გაცლა აკლია ამ ქალაქურ ცხოვრებაში გამოკეტილს კაცს..

ემოციურადაც განიტვირთები და დროებით ყოფით საგნებზე ფიქრის ნაცვლად საღამოობით ცეცხლის პირას არხეინად მინდორ–ველზე წამოკოტრიალებული ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის ცქერით და ოცნებითაც შეიქცევ კაცი თავს..