ჯავახეთი

    გთავაზობთ მცირე ამონაწერს ივანე ჯავახიშვილის ერთ ერთ ნაშრომიდან, სადაც მოთხრობილია 19–ე საუკუნის პერიოდში სამცხე–ჯავახეთში სომეხთა მასიური შემოდინების ისტორია.

    ინტერნეტსივრცეში ზოგ ისეთ ინფორმაციულ გვერდს ნახავს კაცი, სადაც რიგი ხალხი ამ მხარის სომხურ ისტორიულ კუთხედ წარმოჩენას ცდილობს. ისტორია კი სხვა ამბავს მოგვითხრობს და სასურველია კარგად ვიცოდეთ, თუ როგორ და როდის აიყარა ქართული ეთნიკა ამ ჩვენი ძირძველი მიწიდან და სანაცვლოდ უცხო, სომხური ტომები ჩამოსახლდა.

ივანე ჯავახიშვილი – საქართველოს საზღვრები
რუსეთის მიერ სამცხე–ჯავახეთის შემოერთება და მისი შედეგი. სომეხთა გადმოსახლება ამ კუთხეში

    “როდესაც რუსეთმა საქართველო შემოიერთა, მესხეთი, ანუ ახალციხის საფაშო, ოსმალეთს შერჩა და მხოლოდ 1828 წ.–ს დაპყრობილ იქნა ამ საფაშოს ერთი წილი. ანდრიანოპოლის ზავით რუსეთმა შემოიერთა 24–თიგან, მხოლოდ 10 სანჯაყი: ქობლიანისა, ოძრხისა (აბასთუმანისა), ახალციხისა, აწყვერისა, ასპინძისა, ხერთვისისა, ახალქალაქისა, ჯარაქისა, ფოცხოვისა და პალაკაციოსი (ჩალდირისა), რაც ძველისა სამცხეს, ჯავახეთს, პალაკაციოს და ერუშეთს უდრის. ეს მხარე რუსთა მიერ შემდეგში ახალციხისა და ახალქალაქის მაზრად და ფოცხოვის უბნად იყო წოდებული.

    რუსეთ–ოსმალეთის 1877–78 წ. ომის შემდგომ აჭარა–ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა–არტაანი და ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი, ოლთისი, აქეთგან სამი პირველი თემი, ანუ სანჯაყი ბათუმის ოლქად იქმნა წოდებული, ხოლო ერუშეთი, არტაანი და ოლთისი რუსეთის მთავრობამ ყარსის ოლქის სამზღვრებში მოაქცია, თუმცა ერუშეთი ( = ფოცხოვის უბანს) ყარსის მხარეს 7–8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია და ფოცხოვის უბნის ბოქაული ამის გამო იძულებულია ახალციხეში იცხოვროს.

    მთელ ამ კუთხეში, განსაკუთრებით ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობდნენ. რუსეთის აქ შესვლას 1828 წელს ამ მკვიდრ ქართველ მცხოვრებთა აყრა მოჰყვა შედეგად, მეტადრე ჯავახეთითგან (= ეხლანდელ ახალქალაქის მაზრას) და უფრო ნაკლებ სამცხითგან (= ახალციხის მაზრა). რუსებმა რომ ახალციხე აიღეს კავკასიის მაშინდელს მთავარმართებელს ქართველი თავადაზნაურები წარუდგნენ და საქართველოს მეფეთა წყალობის წიგნები მიუტანეს, რომლებითაც სამცხე–ჯავახეთში მათი მფლობელობითი უფლება მტკიცდებოდა, და იმ საბუთების ძალით თავიანთ უფლების აღდგენას თხოულობდნენ. მაგრამ პასკევიჩს არამც თუ ეს თხოვნა არ შეუწყნარებია, პირიქით განრისხდა კიდეც. ამავე დროს ოსმალეთითგან, ყარსისა და არზუმის საფაშოებითგან, იქაური სომხობა გამორბოდა და საქართველოში თავშესაფარს ეძებდა. რუსეთის მთავრობამ მათ მფარველობა გაუწია: თითოს 25 მან. დახმარება აღმოუჩინა და 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადასახადებისგან განათავისუფლა. ამის წყალობით 90 000 მეტი სომეხი ლტოლვილი მოაწყდა. მათ დასასახლებლად საახალშენო კომიტეტი იყო დაარსებული და ზემო მოყვანილი რიცხვითგან 30 000–მდე სომეხი დასახლებულ იქმნა ახალციხისა და განსაკუთრებით ახალქალაქის მაზრებში.

    ამ გარემოებათა წყალობით ახალციხე–ახალქალაქის მაზრების მოსახლეობის სურათი არსებითად შეიცვალა: წინათ იქ შედარებით მჭიდრო მოსახლეობა იყო, 1832 წ. აღწერამ–კი დაამტკიცა, რომ მთელს ამ ახლად შემოერთებულ ქვეყანაში 50 000 ორთავე სქესის მცხოვრებიც კი აღარ იყო. უწინ, მაგ. 1828 წ., ამოდენი ხალხი მარტო ქ. ახალციხეში ითვლებოდა. ეროვნული მდგომარეობის მხრივაც მდგომარეობა ჯავახეთში ანუ ახალქალაქის მაზრაში ძირ–ფესვიანად შეიცვალა: თუ წინათ აქ მხოლოდ ქართველობა ცხოვრობდა, 1832 წ–ლს ქართველთა მაგიერ უმრავლესობას უკვე სომხები შეადგენდენ და ქართველ მაჰმადიანებს რიცხვით მხოლოდ მეორე ადგილი–ღა ეჭირათ.

    ასე შემთხვევით და ამ გზით გაჩნდენ სომხები ჯავახეთში ქართველ კულტურის ამ ძველის ძველ კერაში.”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: