იწამე გადარჩენა

    ვფიქრობ შემდეგი მცირე ამონარიდიც აქტუალურია დღევანდელ ყოფაში. პარალელების გავლება ადამიანს არ გაუჭირდება, თუ რა გარემოში ვიცხოვრეთ და ვცხოვრობთ, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ.

    უშუალოდ ჩემთვის კი ორმაგად საინტერესოა ეს ტექსტი, რადგან ცხოვრებაში დაშვებული ბევრი შეცდომა სწორედ ამ ნაწერში მოყვანილ დამოკიდებულებიდან – “მოლოდინიდან” მომდინარეობს.

აკაკი ბაქრაძე
კინო, თეატრი
“იწამე გადარჩენა” 1985 წ.
ფილმზე – “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, რეჟსორი გიორგი შენგელაია, ეკრანიზაცია ოთარ ჩხეიძის რომანის “ბორიაყი”

    “… სხვაგვარად გაიგო ეს სიტყვები შალვა ეთერელმა: თბილისში უნდა იყოსო… მან დედაქალაქში საიდუმლო მიხმობად ჩათვალა. აღელდა, აცეტდა, აფუსფუსდა ძველი ოფიცერი. მოსვენება დაკარგა. ღამით ჩუმად ადგა, თავლიდან ცხენი გამოიყვანა და თბილისისკენ გამოეშურა. დილით კი მკვდარი მოასვენეს შინ. ასე საბედისწეროდ დამთავრდა შალვა ხეთერელისთვის გმირის, წინამძღოლის მოლოდინი. უსასრულო მოლოდინმა საღი განსჯის უნარი დააკარგვინა, გარემოების ფხიზლად შეფასების ნიჭი წაართვა, არარსებული არსებულად მოაჩვენა, სუსტი მუსიკოსი ბიჭი დიდი საიდუმლოს მფლობელად და გმირად წარმოადგენინა.

    შალვა ხეთერელის ბედი არ არის ოდენ პიროვნების ბედი. უსასრულო მოლოდინის შედეგად ასე შეიძლება დაემართოს მთელ ხალხსაც. ხალხსაც შეიძლება აერიოს თავგზა და ის მოეჩვენოს, რაც არ არსებობს. გმირად და წინამძღოლად ის იწამოს, ვინც საამისოდ არ გამოდგება. იმას ენდოს, ვინც მოატყუებს და უფსკნულში გადაჩეხავს. როცა არსებობს სურვილი, ნატვრა, მოლოდინი გმირისა და წმინდანისა, ნამდვილი კი არ ჩანს მის ადგილს ცრუგმირი და ცრუწმინდანი იკავებს. თან სრულიად დასაშვებია, რომ ეს ცრუგმირი და ცრუწმინდანი სულაც არ იყოს თაღლითი, ცრუპენტელა, ყალთაბანდი, შეგნებულად ავისმოქმედი, არამედ იყოს უბრალო, გონებასუსტი, მალემრწმენი კაცი. ის პიროვნება იყოს, ვინც რუასის (გონება) სიდუხჭირის გამო იოლად იჯერებს, რომ მასაც შეუძლია დიადი მისიის შესრულება. ასეთ ადამიანებს, ნებით თუ უნებლიეთ, დიდი უბედურება მოაქვთ..”

    იქვე რამოდენიმე აბზაცის შემდეგ:

    “.. ვერ იხსნა ისინი კარჩაკეტილობამ, დუმილმა, მყუდროებამ. როცა ბოროტი და კეთილი იბრძვის, არჩევანი თავად უნდა გააკეთოს კაცმა, თორემ ძალით გაგაკეთებინებენ და არა კეთილის სასარგებლოდ”

    განა განმარტება უნდა ამ აბზაცს? ყველა ვინც ხმას არ ამოიღებს იმაზე, რაც მიუღებელია, ქცევით არ გამოხატავს თავის პოზიციას, სიმართლეს არ გამოესარჩლება სადაც საჭიროა, ნებით თუ უნებლიედ ბოროტის სამსახურში დგება.

    და ბოლოს აკაკი ბაქრაძე ამ ჩანაწერს თავად რომან “ბორიაყიდან” ამოღებული ციტატით ასრულებს :

    “… და მიდიან ისინი – კეთილშობილნი, ჭკვიანნი, მშრომელნი, ჯიში და ლაზათი ერისა, მაგრამ უღონონი და უძლურნი – მზით გადამწვარ–გადახრუკულ ხრიოკზე და უდაბნოს მდუმარებას არ არღვევს ჩქამიც კი, ოღონდ ყურში წივის სიტყვები: ნუ მიენდობი სიმუხთლეს ბედისა, განსჭვრიტე ჭეშმარიტი, იწამე გადარჩენა, გადარჩენა იწამე, გადარჩენა იწამე, გადარჩენა იწამე. გაჰფანტე აღრევანი გონებისა, სულმოკლეობა მორჩილებისა, აღამაღლე სული უძველესი ხალხისა, სული უკვდავებისა, სული უკვდავებისა…”