მცირე ამონარიდი #1

    რაღა ჩემი აზრები ვწერო, ამ კატეგორიაში გაცილებით ჭკვიანი ხალხის ნაწერისგან ამონარიდებს შემოგთავაზებთ – მოკლე აბზაცები იქნებ ხელად შემოგეკითხოთ და ამის მერე თუ მოინდომებთ და მთლიანად წიგნსაც წაიკითხავთ, ხომ მთლად გადასარევი.

კინო, თეატრი
“ქართული ფილმი” 1974

    საბჭოურ დროში დისერტაციის დაცვის მანიაზე აკაკი ბაქრაძე მოგვითხრობს:

    “უძველესი წესი და კანონია: თუ ეკონომიკურად წელგამართული ხარ, საზოგადოებაშიც პატივცემული და მიღებული ხარ. იყავი თუ გინდა გალაკტიონი, თუ “კატა გიჭყავის” ჯიბეში, ზედაც არავინ შემოგხედავს. კლინიკური დეგენერატიც რომ იყო, თუ დასტა–დასტა თუმნიანები გიდევს ჯიბეში, ყველასთვის სათაყვანებელი კაცი ხარ. შენ წინაშე სულ ასფალტზე ურახუნებენ თავს. მართალია, ამხელა მატერიალურ უპირატესობას კანდიდატის ხარისხი ვერ მოგცემს, მაგრამ გარკვეული მინიმუმი გარანტირებული გაქვს.

    ამასთანავე კანდიდატის პოზიციას დოქტორობის იმედიც ამაგრებს. უფრო შორი პერსოექტივაც არსებობს – კათედრის გამგეობა, ინსტიტუტის რექტორობა, აკადემიკოსობა. არც ესენია ძნელად მისაღწევი და საოცნებო, ოღონდ კარგად უნდა იცოდე, ვის როგორ დაუკრა თავი, ტაში როდის დასცხო და, რაც მთავარია, შენზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომის ყოველი ნათქვამი ეჭვმიუტანელ სიბრძნედ უნდა მიგაჩნდეს”.

    ჩემი აზრით ამ ტექსტში აღნიშნული ხალხის სიმცირეს არც ამ ოცდამეერთე საუკუნეში განვიცდით, ან იქნებ კიდევ უფრო ჭარბად არიან ამ ტიპის ადამიანები მოზღვავებულნი.