ცოტა რამ ლიტვურ სტუმრობაზე

    ამას წინათ ჩვენთან სტუმრად მყოფი ერთი ლიტველი კოლეგა მეკითხება:
    – “აი დავდივართ ქალაქში და სადაც კი გაიგებენ რომ ლიტველი ვარ, ყველა თბილად მხვდებაო, რატომ ვუყვარვართ ქართველებს ასე ძლიერო?!”

    რაც პირველი მომადგა ენაზე, ის ვუპასუხე – მეზობლები არ ვართ და ალბათ მაგიტომ–თქო.

    მთელი 21 კაცი (აქედან ნახევარი ქალი, ან თითქმის ნახევარი) გვესტუმრა თბილისს სამი დღით ლიტვიდან. გაგვიკვირდა რომ გავიგეთ, მხოლოდ ორი მათგანი არ იყო უშუალოდ ნავიგაციის მოხელე:
– იქ ვინღა დატოვეთ სამუშაოდ? – პირველი ეს კითხვა დაგვებადა.

    თავიდან კი აეროპორტში მომლოდინეს თვალში ბარგის კალათში მოთავსებული გალეწილი ლეონიდი მომხვდა, სეროგამ მხიარულად რომ გამოაგორა.

    მერე ბოლოს კიდევ ცოტა არ იყოს ჩვენ სტუმრებზე არანაკლებ მიკვირდა, ასეთი რა სიყვარული დაიბადა ერთად გატარებულ რამოდენიმე ათეულ საათში, უკვე უკანა გზაზე აბარგებულ ლიტველებს ლამის ცრემლიანი თვალებით რომ ვაცილებდით.

    ისე გამოსამშვიდობებელ ბანკეტზე გვარიანად შეზარხოშებული კი ვუმტკიცებდი ერთ–ერთ გოგონას, ამ ქართველებმა ყველაფერი არანორმალური ვიცით–თქო. ის არ ვიცი რამდენად დამიჯერა – აქაურებზე შეყვარებული აქტიურად რაღაც საწინააღმდეგოს კი მიმტკიცებდა.

    მანამდე მცხეთისკენ მიმავალთ საუბრისას, ამჯერად ფხიზელს, ორჯონიკიძე ამომიტივტივდა გონებაში, როცა რაღაც სტალინზე მკითხეს და ჩვენი დარიგებული ტერიტორიები სულ კვადრატულ მეტრების სიზუსტით მოვახსენე გულმოსულმა.

    ყველაზე ბედნიერი კი ტიმოფეი, როგორც მე გამეცნო – თეიმურაზი იყო. ლიტვაში ქართველი მამაოს მრევლი, მუდამ პირგაბადრული კაციშვილმა რომ არ იცოდა დღის განმავლობაში სად დაიარებოდა – მერე მომიყვა – თუ რამე ეკლესია იყო თბილისში, ყველა მათგანი რომ მოეარა.

    მცხეთაში ქალაქის დათვალიერების შემდეგ შიმშილს სალობიეში შევუტიეთ და ქართულ საჭმლით მადააღძრულმა და ღვინით შეზარხოშებულმა გაიმ ჩვენებურ ხასიათის შესაქებად ებრაელების სიძუნწე მოიყვანა მაგალითად..

    ლეონიდის სახე არ დამავიწყდება:
    – ხო იცი ჩემი ნათესაური კავშირი მაგ ერთან?! – ღვინით საღერღელაშლილ ჩერჩეტ მოხუცს შეუტია – რა გინდა ახლა, მაგ სიტყვებით მე შეურაცხმყოფ, თუ გინდა მაწყენინო?!

    გაშრა გაი, ბოდიშებად დაიღვარა. მერე მეც ვისარგებლე მომენტით და ცალკე მოვუბოდიშე ლეონიდს.
– “კი მარა შენ რა შუაში ხარო?!” – დამამშვიდა.
– მე ხომ ამ ყველაფერს მშვიდად ვუსმენდი?!

    ჩუმად ხარ – ისმენ, ხოდა ვისმენთ, მერე ვიჯერებთ, მერე ვივიწყებთ და მერე აღარ მოვყვები რა ხდება.

    მერე მეტი რაღა მოგიყვეთ?! ეგ ხომ ისედაც იცით მანდილოსნების, დედმამიშვილების და ასე შემდეგ სადღეგრძელო რომელ ჯერზე ისმევა, სიჩუმის მოთხოვნით, ხმაურის ფონზე!

    ბოლოს იყო პახმელია..