Stand By

შემოდგომის მოგზაურობით გახალისებულ განწყობამ თვენახევარი გაძლო. მერე, მერე მოცოცდნენ წვრილმანი აქაური ამბები, ჩვეული და აგრერიგად ნაცნობი. გულმოდგინედ ვუწევდი იგნორირებას, კარგა ხანი ღიმილიანი დავიარებოდი ქუჩებში, ბოლოს სანამ მაინც არ შემოცოცდნენ ტვინში, დამგრუზეს და დამიმძიმეს ისევ ხასიათი.

ახლა პერიოდია უბრალოდ ასეთი, ბოლო ბოლო თუ ძაან დაგროვდა, დავკრავ ისევ ფეხს და სადმე გადავიკარგები ცოტახნით გარემოს გამოსაცვლელად. თუ ვწერ ამ ხაზებს, ისიც რომ ხვალ–ზეგ გუნებაგამოსწორებულზე შევედარო, როგორ ვიყავი ამ ახლად დამდგარ 2012 წლის დასაწყისში.

პირველს მეორედ ზედიზედ სმენაში შევხვდი, ხოლო ბოლო ექვს წელში უკვე მეოთხედ სამსახურის გარემოცვაში. დილით სახლში მოსულმა ცოტა გამოვიძინე და საღამოს კოკას ჰოსტელში ალკოჰოლით ლამის უგონო მდგომარეობამდე მივედი. მთელი მეორე დღე სიტყვა “ვკვდები” მიტრიალებდა პირ–ბაგეზე. აღარც გამჩენია სურვილი სადმე სტუმრად წავსულიყავი.

არ ვიცი, შეილება ისევ ძველ შეცდომებს ვუბრუნდები–ვიმეორებ, როცა გარემოს მკვეთრ გამოსწორებისკენ არ ვდგავ ნაბიჯებს. მიზეზები მსუყე და სუბიექტურად ობიექტური მომაქვს – ჩემი შრომის ანაზღაურებას ჯერაც სხვა სახსარგარეშე დარჩენილი ოჯახი ისრუტავს.

ჩემი პრობლემა ფიქრია – ყველაფერს არითმეტიკით ვუდგები, ვთვლი, ვალაგებ, ზღვარს ვიწესებ. ამ დროს ყველაფერი ყველაფერს თავისკენ ქაჩავს–იქაჩება და ირღვევა ჩემი კომაროვში ნასწავლი უზუსტესი მათემატიკა.

ხოო, არის კიდევ საკითხები, რაზეც სიამოვნებით დავწერდი, სათანადო სიტყვებ–ფრაზები რომ მომეძიებოდეს ჩირივით გამომშრალ გონებაში. ხოდა ვერ გამომიხატავს სათქმელი და გადავდოთ კიდევ რაღაც დროით, სანამ რამე მანქანებით მივაგნებ სწორ გზებს აზრების გადმოცემის.

ხოდა ცოტახნით stand by