ორი დღე სამხრეთში

მიზეზის გამო სამხრეთ საქართველოს მონახულება ავიკვიატე. შუა აგვისტოა. კოკას ჩემი იდეა გავუზიარე:
– წავიდეთ! ჯერ აბასთუმანში ჩავიდეთ და მერე წალკის გზით დავბრუნდეთ თბილისში უკან – კოკამ გეგმა განავრცო.
ხოდა ბევრი აღარც გვიფიქრია, ორ დღიანი გასეირნება დავგეგმეთ. თან ბირგიტი და მარინა გავიყოლეთ. პირველი მათგანი გერმანელი მოხალისეა, ვინც უკვე წელიწადი სიღნაღში ინვალიდ ბავშვებს უვლის – კეთილი, უწყინარი გოგონა, ხოლო მეორე კოკას უკრაინელი სტუმარი.
ერთი კვირის თავზე უკვე კოკას მანქანით საქართველოს სამხედრო გზაზე მივსრიალებდით.
ახალციხეში ჩასულებმა ერთი ბულგარელი მოგზაური გოგონაც ავიყვანეთ (ელენა) და ხუთკაციანი ჯგუფი აბასთუმნისკენ მიმავალ მიხვეულ–მოხვეულ გზას შევუყევით.
გზა ისედაც ყოველთვის კარგ გუნებაზე მაყენებს და მითუმეტეს მთელი ზაფხული თბილისში ჯდომის ფონზე ეს თუნდაც ორდღიანი მოგზაურობა ხალისით მავსებდა. თვალი ლამაზ–ლამაზი ხედების ცქერით ტკბებოდა და მეგზურებიც არანაკლებ დადებით მუხტს მატებდნენ სიტუაციას.
ადგილზე ჩასულებმა მდინარის პირას მოწყობილ საკალმახეში ვივახშმეთ. უკვე წინდაწინ გული მწყდებოდა ამ მშვიდი ადგილის დატოვება სულ რაღაც ერთ დღეში რომ მომიწევდა.
მშივრები დავნაყრდით, ავლაპარაკდით – პირი დამრჩა ღია როცა ელენამ განმიცხადა – ოცდაათი წლის ვარო. ვერაფრით ვიფიქრებდი ეს კოხტა ფეხებზე შემდგარი, ბავშვური ნაკვთების და მიამიტი თვალება კიკინებიანი გოგონა სინამდვილეში კაი სამი–ათეულ წელმოყრილი ქალი თუ იქნებოდა. თან განმიცხადა – ამ ზუგრჩანთას რომ უყურებ, ჩემი სახლია შემდეგი ერთი წლის მანძილზეო. ბარსელონადან წამოსული ასე ევროპა, საქართველო, სომხეთი, ირანი, მერე შუა აზია, ჩინეთი, ოკეანეთი, ავსტრალია–ზელანდია, იქიდან სამხრეთ ამერიკა – მთელი დედამიწის მოვლა ქონდა გადაწყვეტილი.
– მეც მასწავლე ამას როგორ ახერხებ – გულწრფელად შემშურდა მისი გეგმების.. და მერე კიდევ დაუბრუნდება ერთწლიანი წოწიალის შემდეგ თავის ქალაქს და ალბათ არც უმუშევრად დარჩენის შეეშინდება..
წამოვიშალეთ, შესაფერისი მინდორი ვიპოვნეთ ბანაკის დასაცემად, ცოტა ხმელი შეშა მოვაგროვეთ ღამე ცეცხლის დასანთებად და ობსერვატორიას მივაშურეთ.
რიგში ჩამდგრებს ცხრაასმა კაცმა გადაგვისწრო ურიგოდ, როცა არც ჩხუბმა გასჭრა, ერთი შევიგინეთ – თქვენიც და თქვენი ტელესკოპისაცთქო და ისევ დაბლა ბანაკისკენ დავეშვით, სადაც მდინარეში ჩაციებული ალკოჰოლი გვიცდიდა.
მოკრძალებული კოცონი ავაგიზგიზეთ და პლასტმასის ჭიქებიც ალკოჰოლით შევავსეთ. მე ემოციურ საუბარს თავი ვერ ავარიდე, ალბათ რიგში ტყუილად დგომამ თავის კვალი დატოვა და განმუხტვის ნაცვლად ცოტა გარემო დავამძიმე, მეხერხება ხოლმე..
თემა ნაციონალურ პრობლემებს გადაწვდა – უცხოელები ზომიერ დიპლომატიურ პოზიციას იჭერდნენ, ერთი მარინა იდგა თავისთვის ხილს მიირთმევდა და დიდად გულთან არ მიქონდა წამოჭრილი საკითხები.
ელენამ დიდხანს ვერ გამიძლო – დასაძინებლად გაწია – სუბიექტური ხარო. მე ჩემი ჩავიხვიე – რასაც ახლა ვიძახი, უბრალოდ ერიდებით ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს, თორემ არანაკლებ თქვენც გაწუხებთთქო. ბოლოს ლამის აღნავლებული ბირგიტი გადმოვიბირე, ცოტა ალკოჰოლიც რომ მიეშველა და აღარც მას დაუფარავს ის პრობლემები, რაც მას აწუხებს თავის ქვეყანასთან დაკავშირებით.
მეორე დღეს ვარძიას ვესტუმრეთ. იქვე ერთ–ერთ დედათა მონასტერს, ერთი ტკბილად მოსაუბრე ბებო დიდხანს დაუზარებლად გვეჭუკჭუკა. მდინარეზე ბანაობის გეგმა უკვე მოქუფრულმა ცამ და მალე თან მოყოლილ კოკისპირულმა წვიმამ ჩაგვიშალა.
ჩამიშალა გეგმა გავჩერებულიყავი ახალქალაქში, არადა ხალხთან მსურდა კონტაქტში შესვლა, რეალურად ამიტომ ავიკვიატე აქეთ წამოსვლა – გარემო და ატმოსფერო მაინტერესებდა. ასევე უბრალოდ ჩავუარეთ ფოკას მონასტერს – წვიმა სულ უფრო მეტ ძალას იკრებდა.
როცა წალკაში მოშიებულებმა – პური სად იყიდება, ვიკითხეთ და ქართულად კაციშვილმა ვერ გვიპასუხა, მერეღა გაიკვირვა ელენამ – რა, არ ესმოდათ თქვენს ენაზე რას ეუბნებოდითო?! წინა საღამოს საუბარი გამახსენდა.. მწარედ ჩამეცინა.
გზაც მიილია, თბილისში შემოვედით, სახლთან ჩამოვხტი – ჩემი მცირე წილი ემოცია ელენამ თან ერევნისკენ გაიყოლა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: