მაიდერ

    გადავახვიოთ ორიოდე საათით უკან რა ხდებოდა, სანამ პარიზს დავტოვებდით.

    ხოდა ვზივართ მე და გიორგა მეტროში, მჟავეს მეგობრებთან შესახვედრად მივდივართ. ვაგონი ხალხით ისეა გადაჭედილი – გაჩერებისას გამსვლელების ნაკადმა შეიძლება შენი სურვილისგან დამოუკიდებლად გარეთ გაგისროლოს.

    ორი მეტრის მანძილზე ისეთი გოგო დგას, კაცს გონებას რომ დაგაკარგვინებს – კოხტა, ქერა, ცისფერთვალება ლამაზმანი. უბრალოდ გამოწყობილი, მაგრამ ეს უბრალოება, პირიქით კიდევ უფრო რომ უხდება და ალამაზებს. ცოტა მორცხვად მომზირალი, ბავშვური სახის ნაკვთებით.

    სარალამ რა გასაკვირი, ჩემი მზერა დაიჭირა, გოგოს როგორ დაჟინებული ვუცქერდი:
    – გიო, ნახე ბიჭო რა გოგოა, მიდი გამოელაპარაკე – დაიწყო ტვინის ჭეჭყვა, როგორც ახასიათებს ხოლმე, თავის ცინიკური, იქიდნური ღიმილით. მე ამ დროს ჩემს ფიქრებში ვარ, მინდა ახლა სარალას რჩევები..

    გოგოს სილამაზე თან მიზიდავდა, თან მაფრთხობდა კიდეც –  უნდა ახლა ასეთ ქალს ჩემი მომღიმარი სიფათის ყურება?! სიმხნევე ისევ გოგოს შემხვედრზე დაჭერილმა მზერამ მომაკრებინა, ცოტა დაბნეული, ნერვიულად რომ ამომხედავდა და მერე ისევ დახრიდა მომაჯადოებელ სილამაზის თვალებს.

    ამ დროს მატარებელიც გაჩერებაზე შეჩერდა და გამსვლელი ხალხის ნაკადმა მორიგი წყობა დაამყარა შიგნით ვაგონის ტერიტორიაზე – ქერათმიანი გოგონა ახლოს მომიჩოჩდა, ხელი ლამის მხრარზე გადამხვია, ძლივს შესწვდა სახელურს, რომ არ წაქცეულიყო..

    ასე რომ ორი მეტრის გასაკვლევად ხალხის ნაკადის გარღვევაც რომ აღარ დამჭირდა,  თვალებგაბრწყინებული და ღიმილმოგვრილი მივესალმე მაიდერს ( მგონი ასე ერქვა, ან რამე არასწორედ გავიგე, რა გასაკვირი.. არსებობს საერთოდ ეს სახელი?! )

    გოგოს სახე გაებადრა, გამიღიმა, მშვენიერი ინგლისურით მიპასუხა – მე კიდევ უფრო გამიხარდა, ხელში მორიგი არაინგლისურად მოსაუბრე ფრანგი რომ არ შემრჩა.

    ბევრი ძალისხმევის გარეშეც გოგო გაიხსნა, სულ არ გვიშლიდა ხელს არც თუ სასურველი მეტროს ვაგონის გარემო – სულ ოცი წლის აღმოჩნდა, ლიტერატურათმცოდნეობაზე ვსწავლობ, დოსტოევსკი მიყვარს ძალიანო – მე ვიცრუე, რუსულს კარგად ვფლობ და მწერლის ენაზე წამიკითხავს მისი ნაწარმოებებითქო..

    გონებაში უკვე ვფიქრობდი დაგეგმილი შეხვედრა გადამედო და პარიზში დარჩენილი ორი საათი ამ ლამაზ ქალბატონისთვის დამეთმო, მაგრამ ტვინის სადღაც დარჩენილ პატარა ნაწილში, პრაგმატულად მოაზროვნე გიორგი თავისას ახურებდა და ქცევაში ყოყმანს აჩენდა – “ორ საათში აქაურობას მაინც დატოვებ, თან ისე, რომ აქეთ არც კი მობრუნდები..”

    ამ ხაზზე სადგურის სახელს ხმოვანი საშუალებებით მატარებელში არ გატყობინებდნენ – თუ გარემოს არ იცნობდი, სხვა გზა არ იყო, გაჩერების სახელი ფანჯრიდან თავად სადგურის კედელზე უნდა ამოგეკითხა, რომ გაგეგო სად იყავი.

    ხოდა საუბარ–საუბარში შვიდი–რვა სადგური რომ გავიარეთ, ტვინში მაინც ამოტივტივდა კითხვა – ამა და ამ გაჩერებაზე ხო არ ვართ ახლათქო – გოგო საუბრიდან გამოერკვა, თავი ოდნავ დახარა, ფანჯრიდან რომ გაეხედა და წაეკითხა.

    ისევ დაბნევა დაეტყო, საუბარში გართულს თავადაც არ ახსოვდა ჩასვლა რომ უწევდა, უცებ საკუთარი სადგურის სახელი რომ ამოიკითხა – ერთი ნაბიჯი კარისკენ გადადგა, მერე უკვე ხალხის ნაკადიც მიაწვა, გაითრია – შორიდან:  Good bye-იო მომაძახა – “მაინც ორ საათში აქედან შორს მიდიხარ, აღარც რომ მობრუნდები” – ტვინში პრაგმატი გიო მძლავრობდა – შორიდან დავუქნიე ხელი..

    მატარებლით ტულუზისკენ მომავალმა ტელეფონით პატარა წერილი გავუგზავნე – იმ მომენტშიღა აღმოვაჩინე ნომერიც არასწორი რომ შემრჩა, რატომ ღელავდა ქერათმიანი გოგონა ასე არ ვიცი, მაგრამ როცა ტელეფონი გავუწოდე – შეგეხმიანებითქო, ერთხელ აკრეფილი ნომერი წაეშალა, მერე მეორეჯერ აკრიფა, რაღაც ნერვიულად გამომიწოდა უკან – არც ვიფიქრე ცამეტციფრა ნომერი, ასე დაბნეულს, დიდი რომ იყო შანსი არასწორედ დაეწერა.

    თუმცა ასე რომ არ იყოს, ეს მერე ჩემი ისტორია აღარც იქნებოდა – უკვე ვინმე სხვა დაწერდა სხვანაირად  – სადგურში როგორ გაარღვევდა გასასვლელში ათეულ გაჩხერილ კაცს, გაეკიდებოდა მაიდერს, მუხლებზე დავარდნილი აუხსნიდა, რომ მთელი ცხოვრება თუ ვინმეს ეძებდა, სწორედ ეს ქერათმიანი, ცოტა მორცხვი, თვალებმოციმციმე, იმედიანად მომღიმარე მშვენიერი ქალბატონი იყო..

3 Responses to მაიდერ

  1. Cyborg says:

    კარგია რო აანალიზებ იმას რო იმ მომენტში შენსა და შენს შორის გზები გაიყო, ანუ რო მიხვდი რო ეგ გარდამტეხი მომენტი იყო, საერთოდ ყველა მომენტი იასნია გარდამტეხია, სუ რაღაც მიკრო არჩევანს აკეთებ რომელსაც მიკრო შედეგები და ჯამში მაკრო ცხოვრება მოსდევს მაგრამ ეგ ის მომენტი იყო – როცა მაკრო არჩევანით მთელი მაკრო ცხოვრების 1 ხელის მოსმით შეცვლა… შენ გგონია დავწერ შეიძლებოდა თქო? – არა, შეცვლა მოხდა, შენ 2 თანაბარ არჩევანს შორის, აირჩიე პრაგმატული – შენ 1 ხელის მოსმით შეცვალე შენი ცხოვრების კალაპოტი, მანდ აღარ იყო 1 დინება და იქედან გადახვევა, მანდ მდინარე 2-ად იყოფოდა და შენ ერთ-ერთს უნდა დადგომოდი…

    კაი ისტორიაა მოკლედ

  2. shore says:

    gio martalia araswor misamartze gagigzavnia werili, magram mainc sainteresoa “shinaarsi” ratom ar dawere ra miwere:)))))))) :(((((

  3. ramaz razmazishvili says:

    ნუ ეს სარალიძე ყოველთვის შესანიშნავად ითავსებს უარყოფითი პერსონაჟის როლს,შენს ნებისმიერ ’’ნაწარმოებში”))))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: