ენაკური ამბები

აგერ სამ თვეზე მეტი მიილია შუაგულ ევროპაში დავაბიჯებ. თბილისიდან ხალხი რომ მეკითხება, ჰა მოყევი აბა რა ხდებაო, პასუხი ერთია ხოლმე – დიდი არც არაფერი. ბევრი არაფერია მოსაყოლი.

გადავქექოთ ტვინი აბა ერთი რამე თუ ამოტივტივდება..

გრძელდება ჩემი ტანჯვა  კვირის დღეებში – დილის რვა საათზე ლექციების დაწყების გადამკიდე, სადილის ერთსაათიან შესვენებისას  რამის ჭამის ნაცვლად სასწრაფოდ ოთახში გავრბივარ და ტკბილ ძილს ვაცხობ, მერე ისევ მობილზე დაყენებული მაღვიძარას უკვე შეზიზღებული ხმა მაღვიძებს და დაპროგრამებული მივუყვები B07 ოთახის გზას..

ერთი ათზე მეტი საგანი მოვიშორე, რამოდენიმეღა დარჩა ჩასაბარებელი და ეგ არის. მაგრამ ყველაზე მთავარი გამოცდა მაინც წინ გვაქვს – სიმულატორები. ხოდა კი ვზივართ ახლა და გავდივართ ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს. მოსაბეზრებელ ავიაციის კანონების სმენას კი ჯობია – დღეში განკუთვნილი ორი საათი უცებ მიილევა ხოლმე.

ფაქტიურად კომპიუტერული თამაშივითაა – დაფრინავს ბევრი თვითმფრინავი, ზიხარ უყურებ “რადარის” ეკრანზე, მოშორებით “პილოტები” არხეინად ყავას მიირთმევენ, შიგადაშიგ შენთან კავშირზე გამოდიან, ჭირვეულობენ – ამა და ამ სიმაღლეზე მინდა “ავფრინდეო”. მერე ზიხარ და ნერვიულად ფრჩხილებს იჭამ, თვალებაჭრელებული სტრიპებს ჩასცქერი, სადმე რამე კონფლიქტური სიტუაცია ხო არ იქმნება…

” – Airfrance 123, climb flight level 320 ” – ბოლოს სიხშირეზე პილოტს დასტურს ვეუბნები,

“ქლაიმინ ფლაით ლეველ ტღი თუ ზეღო” – ისმენ პილოტის ფრანგულ აქცენტით უკუპასუხს.. უკვე შევეჩვიე..  და რა მაქვს სათქმელი, აქედან არც მე ვაკლებ – ფსევდოპილოტებს ჩემებურ ქართულ კილოზე მოდულირებულ ინგლისურს ვთავაზობ და ხანდახან გაგიკვირდება კიდეც კაცს, ყველაფერი მშვიდობით რომ ჩაივლის – ანუ არცერთი შეჯახება 😀

მერე ინსტრუქტორის დრო დგება, დიდ თაბახის ფურცელს გადმოიღებს და სადმე რამე შეცდომა თუ დავუშვი, ყველაფერი ჩამოწერილი აქვს – აქ ბორტის სხვა სექტორის სიხშირეზე გადაგზავნა დაგავიწყდა, იქ ჯობდა მარჯვნივ მოხვევა ოცი გრადუსით მეტი მიგეთითებინა, ეს თვითფრინავი მილანში მიფრინავდა დროზე უნდა დაგეწია დაბლა…

ვუუუ.. პატივცემულო ინსტრუქტორო ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახალბედობის გადამკიდე სანამ დინჯად ყველაფერს კარგად არ გავიაზრებ, არ ვიძლევი მითითებებს და დიდი ამბავი მილანში მიმავალ თვითმფრინავს დროზე თუ არ დავწევ დაბლა – დაფრინდეს ათენში, დიდი სხვაობა ახლა ათენი, მილანი..

ხოდა ასეა საქმე, რჩება ბოლოს ლექციები და გიჟებივით გავრბივართ სათამაშო მოედნისკენ – Foooootball time!!!

ფესვები გავიდგით ხელოვნურსაფარიან მოედანზე. დიდი ფეხბურთისთვის ხალხი თუ არ გვყოფნის, ირვინის დამკვიდრებულ თამაშს ვთამაშობთ – ერთი კარში და დანარჩენები გარკვეული წესების დაცვით საჯარიმოს გარედან ცდილობენ გოლის გატანას.

ბურთი მიწაზე დაუშვებლად უნდა მიიღო პარტნიორისგან და ორ შეხებაში კარში დაარტყა, თუ გაიტანე მეკარეს ქულა აკლდება, თუ ააცილე, კარში შენ დგები. გრძელდება თამაში სანამ ვინმეს ქულები ნოლზე არ დაუვა. ხოდა საწყალი ის ვინც მაგ უბედურებაში გაყოფს თავს – წაგებული კარში მოკუზული დგება და თავის ძვირფას საჯდომზე იღებს დანარჩენი მოთამაშეების დარტყმას..

რაც გამოთბა, ახლა ჩოგბურთი შემოვიდა მოდაში – ნუ თავიდან სანამ შევეჩვეოდით ძირითადად ღობის გადაღმა გაგზავნილ ბურთების მოტანით ვიყავით დაკავებულები.. მაგრამ ნელნელა ისეთ ფორმაში შევდივართ, უკვე ვფიქრობ, ბარემ აქ ვარ და რამე დიდი სლემის ტურნირზე ხო არ მიმეღო მონაწილეობა..

ამასობაში შაბათ-კვირა მოდის და მთელი კვირის დაკლებული ძილის გადამკიდე გვძინავს მთელი დღე და ღამე. ნუ ხანდახან სხვა რამეც ხდება – წინა შაბათს თორნიკეს ინიციატივით (მანქანა შეიძინა და ცოტა ხელფეხი გაგვეხსნა) პატარა ტური მოვაწყვეთ. ნაცნობი კარკასონი დავათვალიერეთ, ამჯერად გაზაფხულის ფონზე. მერე გზა განვაგრძეთ და რაღაც სოფელი მოვინახულეთ. ბოლოს გემრიელად ბუნებაში ვივახშმეთ. მენიუში “კარფურის” ორცხობილების გარდა, ანას და ლეკას ნახელავი ბუტერბროტ-წიწილისმაგვარი რაღაცეები და ცოტა ალკოჰოლი გვქონდა და კი მოვედით ხასიათზე..

 ხასიათზე ხვალე არ ვიქნები.. დილით შვიდზე მაღვიძარა რომ დარეკავს ისევ :))