ნამდვილი ევროპელი,

    ქალის და მამაკაცის თანასწორობა ხო წარმოგიდგენიათ რა აქტუალური თემაა ამ შუაგულ ევროპაში – ტრანსპორტში რომ ზიხარ, ოთხმოცი წლის ბებო თუ შემოგხედავს მადლიანი თვალებით, ადგილი რომ დაუთმო, თორემ სხვა შემთხვევაში რომ წამოდგე, სულელურ მდგომარეობაში უნდა ჩაიგდო თავი და მეტი არც არაფერი.

    დათმობილ ადგილისკენ გოგო არც კი გაიხედავს; არ ელის და არც სურს ვინმემ ანგარიში გაუწიოს მის “სუსტ” სქესს. დარჩება სკამი ცარიელი, სანამ შემდეგ გაჩერებაზე ამოსული ვინმე არაბი მამრი არხეინად არ დაისაკუთრებს გოგოსთვის “სულგრძელობით” გათავისუფლებულ ადგილს. შენ იდგები ისე…

    კარებში გატარება, ბარგის გამორთმევა – ზედმეტ მოძრაობად ჩანს აქ ეს ყველაფერი.. ეჩვევი ნელ ნელა.

    ხოდა ესეთი ამბავია და ვზივართ ლექციაზე, რაღაც ნავიგაციის გაკვეთილი გვაქვს, ყოფილი ბოინგის პილოტი გვესწრება და შიგადაშიგ რაღაც ზოგად ამბებს გვიყვება – ერთი დღეაო, საშინელი გვერდითი ქარიაო, საერთოდ რომ აკრძალულია მასეთ დროს თვითმფრინავის აეროპორტში დაჯდომა და ერთმა ქალმა პილოტმა მაინც ჯიუტად გარისკაო, კი დასვა ის თვითმფრინავი, ( ერთ მომენტში ფრთითაც კი შეეხო ასაფრენ ბილიკს, იმდენად გადაყირავდა ქარისგან, youtube-ზე ნახავთ მაგ კადრებს ) მაგრამ მადლობის ნაცვლად არასწორი გადაწყვეტილების გამო წითელიც აუნთესო…

    გვარს აღარ დავასახელებ, ერთი ჩემი მოსახელე გიორგია – საფეთქელზე მიდებული თითი მაღლა აწია, ჰაერში ნახევარწრე შემოხაზა, გაკვირვება-აღშფოთებისგან ტუჩები წინ გადმობურცა და – ” უამრავი საქმეა რაც ქალმა უნდა აკეთოს, წავიდნენ რა მიხედონ.. საერთოდ არ მესმის პილოტობას, ასეთ საპასუხისმგებლო რამეს ქალს როგორ ანდობენ. ეგ კი არა, მანქანასაც კი ვერ ატარებენ წესიერად… ”

    ერთი რა სიტყვებით უნდა ავღწერო იმ წამის სახეები, ჩვენ გერმანელ ჯგუფელ გოგოებს რომ ჰქონდათ. არ მეგონა მათ რისხვას ცოცხალი თუ გადაურჩებოდა.. საღამოს კორიდორში ფრთხილად გამოვყოფდი ხოლმე თავს, მაინტერესებდა, ხომ მშვიდობა იყო ჩვენი გრუზინის კარებთან..