დიადი აღმოჩენები და ნაბიჯები

მამაჩემს ახასიათებს, არაფერს ახალს არ აღიარებს და მიყვება იმ ცხოვრების დინებას, რასაც როდესღაც შეეჩვია. ხოდა მეც გვარიანად გამომყოლია ეს თვისება…

აქ ჩამოსულს ოთახში საკმაოდ კომფორტული სამზარეულო დამხვდა. სხვა ბიჭებმა ხელად შეიძინეს ჯამ-ტაფეულობა და აქაურ უგემურ სამზარეულოში ჭამას ისევ სახლში კეთება არჩიეს.

თვეზე მეტი დამჭირდა გონებაში დამეშვა ის აზრი, რომ მოდი აბა მეც ვცადო სახლში მომზადება, ფიქრშიც კი ვიზარებდი – დადექი ახლა და ხარშე მაკარონი.. და ჯიუტად განვაგრძობდი სასადილოს უგემურ და ამავე დროს საკმაოდ ძვირ საჭმლით კვებას. დიდი ხანი ისე ავუვლიდი-ჩავუვლიდი ტაფებს და ქვაბებს უზარმაზარ სუპერმარკეტში, ბოლო-ბოლო იმდენად იაფ რიგს გადავაწყდი, ჯანდაბას ვიყიდი და თუ არ გამოვიყენებ, გადასაყრელადაც არ დამენანებათქო..

კი ეწყო ორი კვირა ოთახში ხელუხლებლად. ბოლოს საკუთარ თავთან დიდი ომის საფასურად როგორც იქნა მოვერიე თავს და უკვე პროდუქტიც შევიძინე, ნუ რა – კვერცხი, მაკარონი, პაკეტის სუპები და ათასნაირი კონსერვები.

სახლში მისულმა კმაყოფილი სიფათით დავახარისხე მაცივარ-კარადებში ნავაჭრი და რაღაც კაი განწყობით შევუდექი წყლის მოდუღებას და წვნიანის მომზადებას. ბედნიერმა დავიძინე იმ საღამოს, იმის აღმოჩენით, რომ თურმე შეიძლება სახლშიც ივახშმო-ისადილო და აცდე ყოველდღიურ დაგეგმილ ვიზიტს სამზარეულოში, გრძელ, პოდნოსით ხელში რიგს, და რაც მთავარია, საკმაოდ უგემურად მომზადებულ სადილს. ხანდახან რა ცოტა რამ გყოფნის კარგ გუნებაზე მოსასვლელად.

ამგვარადვე დიდი ხანი არ ვაღიარებდი სამრეცხაოს ფენომენს და ვიყავი ყოველდღე ჩემი მაისურ-საცვლების რეცხვაში. სანამ ერთ დღეს კარგად არ დამეზარა დახვავებული სარეცხის გავლება, მანამდე ფეხი არ შევდგი სამრეცხაოს ოთახში.

თურმე რა კაი ტიპია, ჩააგდე რამოდენიმე ხურდა, გაგირეცხავს ძვირფასი მანქანა ერთი კვირის დახვავებულ სარეცხს, ძვირფასი საშრობი ათიოდე წუთში იქვე გაგიშრობს კიდეც და ხარ ისევ ბედნიერი მორიგი აღმოჩენით. თურმე რა კარგი რამეა ცხოვრება..

ნუ ტიპიური ქართველი რომ აღმოვჩნდე, ცოლი აღარ მომიყვანია და ეგ არის – ჩემით ვიმზადებ საჭმელს, სარეცხსაც ჩემით მოვუვლი ძვირფასი მანქანის დახმარებით, დაუთავებასაც ვისწავლი მომავალ სამ თვეში მაგ ეტაპისკენაც წამიცდება ფეხი, გონებაში ცვლილებებისთვის გემოს გასინჯვის პრეცედენტი უკვე არსებობს, ხოდა ბოლო ბოლო პერანგი ძაან რომ დაიკუჭება და თავად რომ შევწუხდები, უთო აქვს გოგოს მეზობლად და ერთ დღეს მაგ გაბედულ ნაბიჯსაც გადავდგამ.. ხოდა აბა რაღა საჭიროა ცოლი, მეტი რა ფუნქცია აქვს, თან ხო ვიცი ტვინი უნდა დაჭეჭყოს 😀