17.02.10

ყოველ დღე დილის შვიდ საათზე ადგომა, ოთხ-ხუთ საათამდე ლექციები, მერე ხან ფეხბურთის, ხან რაგბის გუნდში ვარჯიში, ეს უკვე ჩემი ყოველდღიური აქაური ცხოვრებაა. დრო სწრაფად გადის, რადგან სულ რაღაცას აკეთებ და მოდუნების საშუალება არც გეძლევა კაცს.

იშვიათად რომ ქალაქში გავიდეთ. საღამოს კინოსეანსს თუ დავესწრებით. წინა შაბათ-კვირას ტულუზა ლიონის თამაშს დავესწარი. მოლოდინი უფრო მეტი იყო, ვიდრე ვიხილე. ისედაც პატარა სტადიონი ბოლომდე არც შეივსო, იმის ფონზე, რომ ლიონი იყო ჩამოსული, საფრანგეთის ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდი. კარების უკან ვისხედით ტულუზელ ფანების გარემოცვაში. ორასამდე გულშემატკივარს ორი კაცი მიკროფონით შეიარაღებული ხელმძღვანელობდა, თამაშს არც უყურებდნენ, 90 წუთი შეძახილებს და სიმღერას კარნახობდნენ დანარჩენებს. ისინიც ომახიანად ყვებოდნენ და მართლაც რომ ერთი წუთით არ გაჩერებულან. მაგრამ მათი ეს მუხტი საერთოდ არ მოქმედებდა დანარჩენ ხალხზე, ძირითადად ჩუმად რომ ისხდნენ და ხიფათის დროს თუ წამოიწეოდნენ სკამიდან და რაღაცას ემოციურად წამოიძახებდნენ.

ლიონმა ჩემდა გასაკვირად მთელი 90 წუთის მანძილზე ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა (არადა გუშინ აგერ რეალს მოუგო 1-0), ტულუზელები უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ. თამაში კი უგოლო ფრით დამთავრდა და შესაბამისად საკმაოდ ცუდი საყურებელი იყო. მოკლედ არ გაგვიმართლა.

სხვა რა ხდება აქ?! ისეთი არც არაფერი, მომავალ კვირიდან ტესტირებები გვეწყება და ვზივარ ვმეცადინეობ. ინგლისურად სწავლა საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის, ჯერ ისეც არ ვიცი ენა იდეალურად, მერე ათასი უცხო ტექნიკური სიტყვა გხვდება კაცს (ავიაციის სპეციფიური ტერმინები, ფიზიკის და ა.შ.) ტვინში ერთი დიდი დომხალია. კურსი საკმაოდ ბევრის მომცველია, დრო კი ცოტა და გვატენიან ყველაფერს ერთად. მერე კიდევ ფრანგულის გაკვეთილებს გვიმატებენ, დილის რვა საათზე გამოლენჩებული სიფათით ვუყურებ მასწავლებელს, რომელიც ტყუილად მეხვეწება ჩემთვის გაუგონარ ბგერების გამოთქმას.

ცოტას წვრილმანებსაც ვიტყვი: მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი ჯგუფელი კარლსრუედან არის, ხოდა ჩვენებური იაშვილი გაიხსენა – ჩვენი გუნდის კაპიტანიაო, კაი ფეხბურთელიაო, მაგრამ რათ გინდა, დანარჩენი ათი კაცი არაფრად არ ვარგა და წვალობს მარტოო. მერე კიდევ რა ამბავია, აქვე სუპაეროს ( თუ სწორად გავიგე ამათი ფრანგული აქცენტიდან) უნივერსიტეტია, თვითმფრინავების შესახებ ყველაფერი ისწავლება: ინჟინერები, პილოტები და რავი კიდევ ვინ არ ხდებიან, ვინც ამ სასწავლებელს ამთავრებს. ხოდა ერთ-ერთმა ლექტორმა მოგვიყვა MIG-15 კონსტრუქტორები მიკოიანი და გურევიჩი სწორედ ამ სუპაეროს სტუდენტები ყოფილან. მიგის სახელიც ამ ორი პირის გვარებიდან წარმოიქმნა.

კიდევ რა ხდება, გუშინ ლიგის მატჩის საყურებლად ირლანდიურ პაბში წავედით. მსგავს ატმოსფეროს თბილისში არც შევსწრებივარ. არაფერი სჯობს მასეთ გარემოში კარგი ფეხბურთის ყურებას, რა თქმა უნდა, კარგი ლუდის ფონზე. ერთი რაც არ მესიამოვნა, ეს მილანის წაგებაა. იყო გახარებული ჩვენი მანჩესტერელი ჯგუფელი თავის გუნდის გამარჯვებით, რომელიც სხვათა შორის გვარად ნიუტონია. კი, კარგი ბიჭია, მაგრამ ჭკუით და ცოდნით, არ მგონია, თავის ცნობილ მოგვარეს უტოლდებოდეს.

დანარჩენი მერე იყოს…