პირენეის მთებში

კვირის ბოლოს ენაკის ორგანიზებით ორი დღით ექსკურსიაზე წავედით. წინდაწინ ვიტყვი გემრიელი დრო გავატარეთ. ტულუზადან რამოდენიმე საათი სამხრეთისკენ ვიარეთ და პირენეის მთებში, ესპანეთის საზღვართან ახლოს, პატარა სოფლის ციცქნა კომფორტულ სასტუმროში დავბანაკდით. გზად ერთი პატარა ქალაქი გავიარეთ, რომელიც ესპანეთს ეკუთვნის, ახლა რომ წარმოვიდგინოთ ბათუმისკენ მიმავალ გზაზე, ერთი მონაკვეთი რუსეთის ტერიტორიაზე რომ გადიოდეს და ისე შევიდეთ და გამოვიდეთ სხვა სახელმწიფოს მიწაზე, კაციშვილმა არ გაგვაჩეროს. ეს ხომ უახლოესი ბევრი ასსეული წელი არ მოხდება..

დილით ადრიანად გავიღვიძეთ, ცოტა წავიხემსეთ და სათხილამურო კურორტისკენ ავიღეთ გეზი. ოცი-ოცდაათი წუთი გზა და მალე უკვე თხილამურებზე ვიდექით, აი სრიალის კი რა გითხრათ. ცხოვრებაში პირველად ვცადე. ჩვენთან ერთად ფრანგი სტუდენტებიც იყვნენ წამოსული და ერთ–ერთ მათგანმა ამიხსნა ელემენტარული წესები. პირველი დაშვება მოლოდინისამებრ გვარიანად ვიფორთხიალე, მერე კი ნელნელა გამოვასწორე. მაგრამ მთელი ყურადღება იქით მქონდა მიმართული, არ წავქცეულიყავი და ნელნელა მოვბობღავდი ტრასაზე. 10-15 ცდის მერე ცოტა რომ მოვყოჩაღდი, გემრიელი დაშვება გამომივიდა. მერეღა დავუჭირე მუღამი სრიალს და უკვე წასასვლელად გამზადებული ერთი ხუთი ცდა კიდევ გავაკეთე, პროგრესი აშკარა იყო. მაგარი ვისიამოვნე!

თუმცა საწყისმა წარუმატებელმა ცდებმა შედეგი მაინც გამოიღო და მრავალი დაცემისგან ჯერაც გვერდები გვარიანად მტკივა :))

მერე საღამოს ღია აუზზე წავედით. მაგარი კონტრასტი იყო – მთები, თოვლი და ღია ცხელი აუზი, სამი საათი წყლიდან არ ამოვსულვართ. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელის – გრეგის დაბდღე იყო და ბიჭებმა მისალოცად ვუმღერეთ. თურმე მასე ხმაური არ შეიძლებოდა და ბასეინის დაცვა გამოხტა, სარალამ ჩვეულად იაქტიურა და ” What’s the problem-ო”, იმან რა გაიგო არ ვიცი, მაგრა კარგად კი აიჯაგრა და – ამოდი და განახებ რა პრობლემაც არისო :))) დაიძაბა სიტუაცია, გიორგამ – ამ წყლიდან არსად არ ვაპირებ ჯერ ასვლას, დამელოდე და მერე ვილაპარაკოთო. :)) ნუ არაფერი, ვიღაც ხისთავიანი იყო, მოგვარდა საუბრით, გადაგვირჩა გიო გაძუყვნას 😀 ამას რომ წაიკითხავს მერე მე კი შემომივარდება ოთახში – ამას რეებს წერო, მარა ნუ სიმართლეს ვყვები 😀

საღამოს სასტუმროში ფრანგული ცხელი ღვინით გაგვიმასპინძლდნენ, მერე არც სხვა სასმელი დავაკელით და გემრიელად მოვულხინეთ. ფრანგი კურსანტები ხასიათზე მოვიდნენ და ჯერ ჰიმნი დააგუგუნეს, მერე იშტაზე მოსულებმა სხვაც ბევრი მოაყოლეს, მხიარული ატმოსფერო შეიქმნა.

ფრანგი მასწავლებლები ალბათ საქართველოში ვიზიტის შემდეგ ჩვენი ქვეყნით ძაან მოხიბლულნი იყვნენ, ივანას ჩააცივდნენ – მიდი ქართული სადღეგრძელოები თქვიო, ამანაც მთელი თავის ნიჭი ჩადო და ისეთი სიტყვები თქვა, ქართველ გამოცდილ თამადასაც კი შეშურდებოდა. ხალხი გაფაციცებით ისმენდა და სიტყვის ბოლოს ოვაციაც დიდი იყო.

მერე სიმღერაზეც ჩაგვეძიენ, მიდით რამე თქვენებური იმღერეთო და გემრიელად კი შევრცხვით 😀 აქაოდა თავი მოვაწონოთო, შავლეგოს გადავწვდით და შუა სიმღერაში გავჩუმდით, იმდენად ცუდად გამოგვივიდა.. ოვაცია მაინც დიდი იყო 😀 გაბრაზებულზე ჰიმნი მოვცხეთ, უფრო ადვილად სამღერი და ეს კი ცოტა ნორმალურად გამოგვივიდა, მოკლედ ეფექტი მაინც იყო.

მერე გაიხსნა და გაიხსნა ხალხი, ვიდეოები კი ჩავწერე. აქ ჩვენთან ევროპელების უცნაურ, ვითომ ცივ ხასიათზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ვინმეს გუშინდელი საღამო რომ ენახა, მგონი სხვა დროს აღარაფერს იტყოდა – სიმღერაც გემრიელი მოსცხეს, იმხიარულეს, იმაიმუნეს და კარგი დროც გაატარეს.

მეორე დღეს ტულუზასკენ გამოვწიეთ, ხარაგაულის ტყეს მოგაგონებდა რა გზაც გავიარეთ – მთებში გაჭრილი ვიწრო გზა, პატარ–პატარა სოფლები, ლამაზი არქიტექტურით. სიღნაღიო, ტვინი შეგვიჭამეს აქ და საფრანგეთში ყოველი სოფელი სიღნაღივით კოხტა და ლამაზია. საშინლად მეძინებოდა, მაგრამ თვალის მოხუჭვა მენანებოდა – გზას ვათვალიერებდი.

მერე ისტორიული ციხექალაქი – კარკასონი მოვინახულეთ. შთაბეჭდილება დიდი მოახდინა, უზარმაზარი მეთერტმეტე საუკუნის ნაგებობამ..

მოკლედ ემოციებით დატვირთული მოვბრუნდი ტულუზაში, და ეს მხოლოდ დასაწყისია..