დებიუტი “დიდ” ფეხბურთში

    წინა კვირას ქავთარამ თავის სოფელში დამპატიჟა, 4-5 დღე ვიყავი. ყოველ საღამოს ხან ფეხბურთის, ხან ფრენბურთის თამაშით ვიქცევდით თავს. ხოდა რაიონის ტურნირიაო, გვითხრეს იქაურებმა, ხომ არ გამოხვალთ ჩვენთან ერთადო. დიდ, სტანდარტულ მოედანზე, ერთხელ მაქვს ცხოვრებაში ბურთი გაგორებული – ონის რაიონის ტურნირი იყო და მეორე ტაიმში შევედი მოედანზე, მახსოვს მთელი ტაიმი ისე ვირბინე, მგონი ბურთისთვის ერთხელ არ შემიხია ფეხი.
    ქავთარა სამსახურში იყო წასასვლელი, მე და ვანომ თბილისისკენ გავწიეთ. ორ დღეში 22 აგვისტოს უკან მივბრუნდით, ფეხბურთის თამაშის ხათრით. როგორია სათამაშოდ ჩახვიდე საჩხერეში, გაიარო ერთი ას კილომეტრზე მეტი, და მერე ისევ უკან რომ ხარ წამოსასვლელი.
    სოფელ სავანეს სახელით უნდა გამოვსულიყავით.

მატჩი:

    ახლა კი ცოტას გავერთობი და თითქოს დიდი მატჩი ყოფილიყოს, ასე თუ ისე წვრილად ავღწერ შეხვედრას.
    ჩვენ გუნდზე: მეკარედ ცოტა მოსუქებული სოსო გვედგა, ადრე ვარჯიშობდა და ასე თუ ისე ესმოდა მეკარეობა. დაცვის ცენტრში ვანო იდგა, ჭკვიანი, ტექნიკური მცველი, ვინც ფაქტიურად დაცვის თამაშს ალაგებდა. მარჯვნივ მანუჩარა იდგა, ჯანიანი, ასევე კაი მებრძოლი ბიჭი. მარცხნიდან ალიკა. საყრდენზე მე და ყბაჩო ვიდექით. მე ცოტა წინ ვიყავი წაწეული და ცენტრალურ ზონას ვავსებდი, ყბაჩო კი უფრო ვანოს ეხმარებოდა და ცელავდა ყველაფერს, რაც კი წინ დახვდებოდა. მარჯვენა ფლანგი კიდევ ერთ გიოს ეკავა. გამთამაშებლად გუნდის მწვრთნელ-კაპიტანი ირაკლი ერაძე იყო, ჩემი აზრით გუნდში ყველაზე სუსტი წერტილი, მაგრამ მისი ორგანიზებული იყო ბევრი რამ და ადგილიც აქედან გამომდინარე დაჯავშნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში. თავდასხმაში ქავთარა, კოტორა და თორნიკე იყვნენ. 
    დაიწყო შეხვედრა და მოწინააღმდეგეს მალევე შეეტყო დიდი ვერაფერი გუნდი რომ იყო, ბურთთან საკმაოდ მწყრალად იყვნენ და შემთხვევითობით თუ გამოუვიდოდათ რამე. სასტარტო ნერვიულობამ გაიარა ხუთიოდე წუთში და ბურთი დავიჭირეთ. თავდამსხმელები კარგად მუშაობდნენ, კოტორამ ფლანგი აიკლო. დაცვაში კი ვანო კედელივით იდგა. ცენტრში ყბაჩო არ ახარებდა არავის.
    მეც მარტივი თამაში ვარჩიე და როცა კი ბურთს მივიღებდი, შეცდომა რომ არ დამეშვა უბრალო პასს ვთამაშობდი გახსნილ კაცზე. ამით არც ბურთი იკარგებოდა და არც ზედმეტ ენერგიას ვხარჯავდი. შეტევაშიც წასვლით თავს არ ვიკლავდი, მაინც უფრო ჩაშლა მევალებოდა და ვავსებდი იმ ზონას სადაც ვიდექი, ბევრი უხეიროდ მოგერიებული ბურთი გავაჩერე და ისევ ჩვენ შეტევას გადავულოცე.
    როცა ანგარიშში დავწინაურდით, მერე კი სიფრთხილე გვერდზე გადავდე და შეტევისკენ წავიწიე, მაგრამ პასი უფრო ფლანგებისკენ კეთდებოდა და ცენტრში თავისუფალ კაცს ვერ მამჩნევდნენ. კარში სულ ერთხელ დავარტყი, საჯარიმოს ხაზთან ახლოს მეტოქეს ბურთი ავწაპნე, ბრძოლაში ცოტა ზევით ამხტარი ბურთი მიწაზე აღარ დავუშვი, ისე ამოვცხე ფეხი და კარებს გვარიანადაც ავაცილე, ერთი მეტრანახევრით გვერდზე ჩაუფრინა მეტოქის კარს.
    გაგვიმართლა, რომ მალევე მეტოქის მეკარე შეცდა, ჩაწოდებისას ბურთი ხელიდან გაუვარდა და თორნიკეს მოხვდა, ბურთი კარში შევარდა და 1-0.
    ამან კიდევ უფრო დაგვამშვიდა და დაგვარწმუნა, რომ მოგება ჩვენ დაგვრჩებოდა. მართლაც ბევრი დრო არ გასულა, გოლი გოლზე შევაგდეთ. ჯერ ქავთარამ იყოჩაღა, საჯარიმოში კარგად დატრიადა და საყვარელი ცაციით მეკარე უშანსოდ დატოვა. მერე კი კოტორას ბენეფისი დაიწყო. დაბალი, ჩამჯდარი ტიპი, იბრძოდა ბოლომდე და მეტოქის მცველებს სისხლს უშრობდა.
    ჯერ საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და სუსტად დარტყმული ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში შეაგორა, მერე კი ნაკუთხურალს მკერდი შეუშვირა, ბურთი კარგად ჩამოიღო და მიწაზე დაუშვებლად მეოთხე გოლი შეაგდო, 4-0 და ყველა კითხვა უკვე მოხსნილი იყო, თუ ვინ გაიმარჯვებდა.
    მეორე ტაიმი ფორმალურ სახეს ატარებდა უკვე. მე მალევე გამოვედი მოედნიდან, და ბოლო ნახევარ საათს უკვე გარედან ვადევნე თვალყური. რამოდენიმე კაცი კიდევ შეიცვალა და გუნდიც ცოტა აირია. გაგვიტანეს კიდეც ერთი გოლი, მაგრამ მეტი ვეღარაფერი მოახერხეს მოწინააღმდეგე გუნდის წევრებმა და აგერ პირველი ეტაპი დაძლეულია კიდეც.
    დიდი სიამოვნება მივიღე დიდ მინდორზე თამაშით, ბურთის დაკიდებები, ფლანგური გარღვევები, ვარდნები, მოკლედ ბევრად საინტერესოა, ვიდრე მინი მოედანზე ბურთის გორება. თითქმის არც დავღლილვარ, ისე გამოვედი მოედნიდან, ვთამაშობდი იმდენს, რამდენიც მეტოქის მოსარევად იყო საჭირო. ასე რომ ველი შემდეგ თამაშს.