შარშან

ექვსი აგვისტო დაღამდა, დასაძინებლად გავწიე. ორი იქნებოდა ძლივს ჩამთვლიმა. ტელეფონის ზარი, ნამძინარევმა დავხედე ეკრანს, ლობჟანიძე აწერია –  “ტფუი, ამის დედას შევეცი!”, აღარ იყო მარჩიელობა საჭირო, ვიცოდი რაზეც რეკავდა, გუნება მომეწამლა. – “განგაშია! სასწრაფოდ ნაწილში უნდა ჩამოხვიდეთ!!!”

საათს დავხედე, ოთხი ხდებოდა. მამუკასთან გადავრეკე, ერთ საათში ჩემთან ამოვიდა ოთახში. ბარგს ვკრავდი. არც ვიცოდით რა ხდებოდა, 5-6 დღის ჩამოსული ვიყავი ბათუმში დასასვენებლად, მთელი ეს დღეები ტელევიზორისთვის ერთ წუთს არ შემიხედავს.

გავედით ჩაბნელებულ, მიძინებულ ქალაქში, იქნებ რამემ გაგვიყოლოს, ვინ გაგიჩერებს, ისედაც კანტიკუნტად თუ გაივლის მანქანა. ისევ მარშუტკების გაჩერებისკენ წავედით. ღამეს იქვე ათენენ ვისაც დილის რეისი აქვს. ერთმანეთს დაერივნენ, არა ჩემი ჯერია არა ჩემიო.

– “პირველი რეისი შვიდზეა და მე უნდა გავიდე ძმაო და ჩემ წინ ვერავინ ვერ გავა!” – არადა ვიღაცა უკვე ყაბულს იყო ახლავე წავეყვანეთ. ისედაც დაძაბულებმა შევუღრინეთ, შედეგი გამოიღო, მალე უკვე გზაზე მივრიხინობდით. ჯერ რას ვიაზრებდით რა ამბები დატრიალდებოდა.

აქ რასაც ვწერ, ამით მე არ ვიძახი რომ ყველაზე დიდი სიმწარე ვნახე, ხალხი ჩაიხოცა და მე რა მაქვს სათქმელი, უბრალოდ ვყვები რა სიტუაციაშიც მოვხვდი, ისიც, რა თქმა უნდა, შემოკლებით და რიგი დეტალების გამოტოვებით.. ბევრი რამ რასაც არ ვწერ, ისედაც იციან ზემო ეშელონებში, მაგრამ თავის თავს ეგ ხალხი არ დასჯის და მხოლოდ თქმითაც საქმე არ კეთდება.

ბაზაზე ავედით, ნუ დაძაბულობაა. მე მაინც ვფიქრობდი რომ ბახ-ბუხ გაისვრიან ერთი-ორს, მოლაპარაკებები და დავიშლებით. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე ცხელ წერტილში არ ვიდექით და ბოლომდე ვერც იმას ვიაზრებდით, სინამდვილეში რა სერიოზუალად იყო საქმე.

როცა ნელნელა მოდიოდა ინფორმაცია, რა მაშტაბის ომი მიდიოდა, ჯერ ცალსახად რაღაც წინდაწინ გარიგებულ სიტუაციას მივაწერდით ჩვენი ჯარის წარმატებას. ყველას გარშემო ეს აზრი უტრიალებდა თავში – რუსეთთან პოლიტიკურად მოგვარებულია საქმე, არ ჩაერევა ომში და ეს მხოლოდ წინდაწინ დაგეგმილი სცენარის განხორციელებაა – ცხინვალი დავიბუნეთ და ეგ არის.

განწყობა სწრაფად შეიცვალა, ერთი უკიდურეს აზრს, მეორე, საპირისპირო აზრი ცვლიდა.

წერტილზე სადაც ვიყავი, ჩემი უშუალო საქმე ფაქტიურად არაფერი იყო, რაღაც მომენტში მეთაურობას მივაწოდე აზრი – წავალ, სხვა პოზიციაზე შევეშველები ბიჭებს მუშაობაში-თქო, თანხმობა მივიღე.

ცხრა აგვისტო იყო ცენტრალურ პოსტზე რომ გადავედი. უამრავი მეგობარი მეგულებოდა ადგილზე.

მათი ხილვით ცოტა განწყობა გამომიკეთდა – უმოქმედოდ ყოფნას, როცა მთელი ჯარი ომშია ჩართული, საქმის კეთება მერჩივნა – მართლაც ბიჭები, როცა სულ ერთი კაცია საჭირო ტექნიკის სამუშაოდ, ორ-ორნი მორიგეობდნენ, რამე რომ არ გამოპარვოდათ და დაძაბულ რეჟიმში მუშაობისგან გადაღლილები იყვნენ.

ყოველ თხუთმეტ წუთში ახალი მიზანი ჩნდებოდა – რადიომიმღებში ავისმომასწავებელი სუ-ს წრიპინა ხმა არ წყდებოდა. ძნელია სიტყვით გადმოსცე ის შეგრძნება, როცა დაბომბვის ერთ-ერთი სამიზნე ხარ და ამ დროს მოვალეობა და მორალური მხარეც გავალდებულებს იჯდე და იმუშავო. სადღაც ვიღაც მეორე მე გონებაში მაინც ჩაგსისინებს – “აი შეიძლება ბრახ, და აღარ ხარ!”

– რამოდენიმეჯერ მოვიდა პანიკური ინფორმაცია, ყაზარმიდან ხალხი გარეთ გაცვივდებოდა. ერთი აზრი რაც მიტრიალებდა – როცა ერთ პატარა წერტილს უმიზნებენ დასაბომბად, და შენ იქიდან გარბიხარ, დიდია ალბათობა ააცილონ და მაინც შენ არეალში მოხვდეს ბომბი. ასე რომ დიდ ჭკუას ვერ ვნახულობდი ევაკუაციაში და უხალისოდ მივიზლაზნებოდი მორიგ ცრუ განგაშზე.

ერთი-ორმა სუმ მართლაც გადაგვიფრინა თავზე, მაგრამ რომ შევემჩნიეთ დღეს ამ ბლოგს ალბათ ვერ დავწერდი, ასე რომ მაგ მხრივ საბოლოო ჯამში ხიფათში არ მოვყოლილვართ.
საერთო კაპიტულაცია რომ გამოაცხადეს, ტექნიკის გადამალვა დაგვევალა, სადღაც ტყეში შევჩურთეთ, და ორი ათეული კაცი “ვიცავდით” ათი კალაშნიკოვით. იმ დღეს რამოდენიმე სუ დაგვტრიალებდა თავზე, კიდევ კარგი ტექნიკა უკვე გარიდებული გვყავდა დისლოკაციის ადგილს.

დაიწყო ნერვების ტყვნა, არანაირი კოორდინაცია, კავშირი. დაძაბულები, დაზაფრულები. უნდა იჯდე და უყარაულო ამ ტექნიკას. თავში რა ფიქრი აღარ ტრიალებს, აგერ რუსებმა გორი დაიკავეს და გაწყვეტილია ქვეყანა შუაზე, კაცი აღმოსავლეთიდან დასავლეთში ვეღარ გადადიხარ და პირიქით.

როგორ გადმოვცე ის ბოღმა, რაც გულში მიტრიალებდა. ერთია, როცა ასე დალეგებულ განწყობაზე ფიქრობ და მეორე მაშინდელი აზრები.

ვხვდები, რომ არსებობს სიტუაცია, სადაც უბრალოდ შეეწირო და შეაკვდე, უფრო კარგ გამოსავლად გეჩვენება, ვიდრე ის უმოქმედობა, როდესაც ადამიანი უბრალოდ ზიხარ, გარშემო საძულველი თესლის ტომი დაპატრონებია ქვეყანას და ვერაფერს აკეთებ, ვერაფერს – უსუსური და ბოღმა გულში ჩახვეული, დაზაფრული.

ბრაზი გახრჩობს… კიდევ უფრო უარესი ისაა, როდესაც იაზრებ, რომ პრობლემა მარტო მტრის რაოდენობაში არაა, არამედ ბრალის დიდი წილი გარშემო მყოფ ჩვენ “მამულიშვილებს” მიუძღვით. თავისი ნაკეთები საქმის გამო, გულგრილობის, უვიცობის, ყლეზემკიდიაობის გადამკიდე. და ვიმკით მერე ამ შედეგებს, ვიმკით და თან ძალიან მწარედ.

და სად გარბოდა ერთი ხალხი?! ვის უტოვებდა ამ ქვეყანას ერთი?!!?! კახეთის გზა მანქანებით იყოო გაჭედილიო. ტფუი და ამათ გამო ომობდა ჯარი?!?!?! თუ ყველას ერთად, ერთი ტკივილი და საწუხარი უნდა გვქონდეს?

არ გვაქვს და ასეთ ხალხს ვერც გვექნება ერთი ფიქრი… დედას შევეცი ყველა იმ კაცის, ვინც ჭიქით იძახის ქვეყნის სადღეგრძელოს და როცა მას უჭირს, სადღაც დედიმისის მუტელში გარბის საკუთარ 40 ათასიან ჯიპს მომხტარი.

მთელი აგვისტო ტყეში ვეგდეთ, საკუთარი ფიქრი გვგრუზავდა. პირველი სექტემბერი იყო, რამოდენიმე დღის წინ დავაბრუნეთ ტექნიკა დისლოკაციის ადგილს,  წამოსვლის საშუალება რომ მომეცა… ნახევარკაცი დავბრუნდი სახლში..

2 Responses to შარშან

  1. ბოლოში ნათავამზე რომ არ დაგეთანხმო არ შემიძლია. ასეთი ფეხზე-მკიდია-ყველაფერი ხალხი საიდან მოდიან?! მართლა არაფერი ანაღვლებთ?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: