თურქულ მიწაზე
ივლისი 29, 2009 დატოვე კომენტარი
7 ივლისს როგორც იქნა ყველანაირი ფორმალობა მოვაგვარეთ და გიოს მანქანით ბათუმს გავწიეთ. ორი დღე იქ შევყოვნდით, შავ ზღვაზე გავიბანავეთ და 9 თენდებოდა თურქეთისკენ რომ ავიბარგეთ. საშინელმა სიცხემ და მოგზაურობის მოლოდინმა თვალი არ მომახუჭინა. ღამე ორიოდე საათი თუ მოვახერხე წათვლემა – საშინლად მეძინებოდა.
საზღვარი გადავკვეთეთ.. იქვე ავტობუსის მძღოლს ტრაბიზონამდე წაყვანაზე მოვეთათბირეთ – 25 დოლარიდან ხელად 15-ზე ჩამოიყვანა ფასი, როცა ცოტა დავიჯღანეთ და მალე კომფორტულად მოწყობილ ავტობანზე მივსრიალებდით.
სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ ტრაბზონს ჩავაღწიეთ – სერვისის ავტობუსით ცენტრში გავედით. იქ ერთ-ერთ ავიაკომპანიის სერვისცენტრში მათ კლიენტებად გავასაღეთ თავი, ბარგი შევაჩეჩეთ და ქალაქში გასასეირნებლად გავედით – ფრენამდე 2-3 საათი თავისუფალი დრო გვქონდა.
ერთი-ორი თურქული ნასწავლი სიტყვით, ხელების ქნევით ხალხთან კონტაქტში შევდიოდით. პატარა წახემსების შემდეგ დიდი მყიდველებივით მაღაზიებს მივაშურეთ. სიტყვა – “ძვირია” გვეკერა პირზე და რათქმაუნდა რამის შეძენის გარეშე ვტოვებდით იქაურობას.
აეროპორტში წამსვლელი იაფი ტრანსპორტი გავარკვიეთ და ბედნიერებმა ჩვენ ბარგს მივაკითხეთ.
ერთმა საათმა აეროპორტში ყურყუტში ჩაიარა და ბოლოს გაუგებარ ენაზე ჩვენი რეისიც გამოაცხადეს – “ადანა” ერთი ეს სიტყვა რომ გავიგეთ.
უსიამო აფრენის პროცედურა – ყურების დაგუბება, ერთი დიდი საპატიო წრე – შავზღვას ხელი დავუქნიეთ, ლამაზ სტუარდესას თვალი გავაყოლეთ, ფარდა რომ ჩამოაფარა, მერეღა რომ გამოვერკვიეთ და გეზი ხმელთაშუაზღვისკენ ავიღეთ.
სამსკამიან რიგში ერთი თურქი გვეჯდა, საბედნიეროდ აღმოჩნდა რომ ინგლისური ესმოდა, სარალიძე პოლემიკაში ჩაერთო. მიმოვიხილეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, ის ფიქრიც კი დამავიწყდა, რაღაც ჯანდაბა ფრთების და გამართულ ძრავის იმედზე რომ ვეკიდეთ ამსმაღლეზე სადღაც ცაში და ერთსაათიან მგზავრობის შემდეგ ადანას აეროპორტში დავეშვით.
ჩვენმა ახლადშეძენილმა მეგობარმა პატივი გვცა და მამამისის კომფორტული მანქანით ქალაქის ცენტრამდე გაგვიყვანა:
– “ადანა! ერთი დიდი სოფელიო.. “ხუმრობის ხასიათზე იყო მამამისი, პროფესიით პილოტი კაცი. მადლიერების გრძნობა ხევსურული ქუდის ჩუქებით გამოვხატეთ, თურქულად ორჯერ გადავკოცნეთ ჩვენი მეგობარი კოჰრანი (მგონი ასე ერქვა) და რათქმაუნდა იაფი ტრანსპორტის მოსაძიებლად გავწიეთ.
ერთმა თურქმა მიგვასწავლა სად უნდა დავლოდებოდით ტრანსპორტს, ბოლოს გაკვირვებულმა გვკითხა – კი მაგრამ აქ რატომ ჩამოხვედითო?!
დიდხანს ვიჯაყჯაყეთ ავტობუსით.
დიდი არაფერი ქალაქი ჩანდა ადანა. გლდანის უკეთესი ვარიანტი – კორპუსები, კორპუსები და არანაირი თვალსასეირო არქიტეკტურა. რომ ეთქვათ აქ უნდა იცხოვრო რაღაც პერიოდიო, ნამდვილად დეპრესიაში ჩავარდებოდი. სიცხე ცალკე თემაა.. თუმც ერთი ეგაა, ქართულისგან გასხვავებით არ გთენთავდა ეს სიცხე.
ჩუკუროვას უნივერსიტეტისკენ გვქონდა გეზი – სადღაც ქალაქგარეთ გავედით, ცოტა გამოკეთდა გუნება. მერე ფეხით ვიარეთ კონკრეტული ადგილის ძიებაში და ბოლოს არბენს დავუკავშირდით. ცოტახანში ვიღაც თურქმა მოგვაკითხა – მეო ორგანიზატორი ვარო და მანქანით სადღაც წაგვაჩანჩალა – სადღაც რესტორანში შეგვიძღვა, ორმოცი ევროპული სახე გვიღიმოდა..
კომენტები